• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ინტერვიუ

×
ავტორის გვერდი გედალია ტაზარტესი 11 დეკემბერი, 2020 2172

როგორ დაიწყე სიმღერა?



ბებიაჩემი რომ მოკვდა, ტყეში წავედი და ავმღერდი. ვმღეროდი ჩემთვის, ღმერთისთვის. არ ვიყავი ძალიან კეთილი მასთან. ის წმინდანი იყო, სანამ მე, ყმაწვილკაცი, პატარა ეშმაკი ვიყავი. როცა მოკვდა, მივხვდი, აღარასდროს მექნებოდა შანსი, მის მიმართ კეთილი ვყოფილიყავი. ამ შინაგანმა მღელვარებამ მიბიძგა სიმღერისკენ.



შენი წინაპრები ლადინოს[1] თემიდან იყვნენ. მოახდინა ამ განსხვავებულმა ენობრივმა მემკვიდრეობამ გავლენა?



უთუოდ, მაგრამ საპირისპირო გზით. ბებიაჩემი თითქმის მარტო ლადინურად და იუდეო-ესპანურად ლაპარაკობდა. ლადინო განსხვავებულია, რელიგიური ენაა, ივრითზე დაწერილი. ბებიაჩემი საუბრობდა უფრო გავრცელებულ ენაზე, — ებრაულად. ოღონდ არ სურდა, ჩემთან ელაპარაკა, არ უნდოდა, ებრაელი ვყოფილიყავი, მას მერე, რაც მისი ვაჟი აუშვიცში იყო. მან თქვა: „ბიჭი არაა ებრაელი“, რომ გადავერჩინე. ამიტომ არ ვლაპარაკობ ესპანურად და ვისწავლე იტალიური. მაგრამ პირველად საკუთარი ენა გამოვიგონე. მას თავისი ენა ჰქონდა, მე ჩემი.



გაინტერესებს ებრაული მისტიკური ტრადიცია?



კი, ძალიან, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცი. მე არ ვეკუთვნი ებრაულ ტრადიციას, თვითონ ვარ ებრაელი. ებრაელი აგნოსტიკოსი, აგნოსტიკოსი ებრაელი. მაშინ ჩემი მშობლები მართლა თანამედროვეები იყვნენ. ბიბოპი უყვარდათ. მამაჩემი ზაზუში[2] იყო.



ამბობენ, შენი მუსიკა სიურრეალისტურია, დაეთანხმებოდი?



კი, ქათინაურად ვიღებ. მაგრამ ვიტყოდი, რომ დადა უფრო ვარ, ვიდრე სიურრეალისტი. ეს არ არის შეგნებული გადაწყვეტილება. თვითონ ვერ გადაწყვეტ, პოეტი ან მხატვარი გახდე, ცხოვრება ჩაგრთავს რომელიმეში. პიანინოს სწავლის გადაწყვეტა შეგიძლია, მაგრამ მუსიკის შექმნა ან იმპროვიზება არ არის არჩევანი, უმწეობაა.



როგორ გამოიხატება ეს საჭიროება?



ჩემი თავის ანალიზი არ შემიძლია. საკუთარი თავი არ არის ჩემი თემა: „რა დაგემართა. აჰ, დღეს მე თავად კარგად გახლავთ, მაგრამ მე კარგად არ არის“. ერთხელ, კონცერტის მერე, ერთმა რუსმა ბიჭმა მითხრა: „ფანტასტიკური გენეტიკური მეხსიერება გაქვს“.



შენ დაწერე მუსიკა 1920 წლის საკულტო ფილმისთვის Häxan, რომელიც ალქაჯობის ისტორიაზეა, და ცოცხლად შეასრულე ის პრაღაში. რატომ აირჩიე ეს კონკრეტული ფილმი შენი მუსიკისთვის?



ნამდვილად კარგად წავიდა ჩემს რაღაცებთან. ჩემმა აგენტმა შემომთავაზა ამის გაკეთება. ფილმი რომ ვნახე, შოკში ჩავვარდი, მშვენიერი იყო. შემეძლო, ნებისმიერი ჩემი მუსიკა მეცადა და მუშაობდა.



პირქუშია ეს ფილმი, შეგაკრთო?



ძირითადად ეს ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური მოტივაციებისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ნიშნავს, ქალების ბედს უბრუნდება. ფილმი რაღაც ნამდვილად ძლიერს ამბობს იმის შესახებ, როგორ ხედავს ქალს საზოგადოება. 1922-შია გადაღებული და შუა საუკუნეებზეა, მაგრამ მართლა იმას მეტყველებს, რა ხდება სამყაროში დღეს.



აგრეთვე იყენებ ვერლენის და რემბოს ლექსებს საკუთარ სიმღერებში, ერთგვარი ბგერითი პოეზია. რატომ აირჩიე კონკრეტულად ეს ფრანგი პოეტები?



ძალიან მიყვარს ისინი. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ბევრს ვკითხულობდი რემბოს, შეგიძლია, ასჯერ წაიკითხო და რაღაც ყოველთვის იპოვო იქ. მერე მივხვდი, ეს ლექსები უკვე ნამღერი იყო რამდენადმე სერიოზულად მანამდეც. არასდროს მომისმენია რემბოს სიტყვებით როკენროლი. საერთოდ, ღარიბია სიტყვები როკენროლში.



როგორ მოახერხე ამ ლექსების გასიმღერება?



არ ვიცი, მუსიკის გაკეთებამდე გეგმები არ მაქვს. ვაკეთებ და თუ კარგია, ვტოვებ,
თუ არა და — არა. ჩემი მუშაობის გზა ემპირიულია.



შეიცვალა ეს წლების განმავლობაში?



არ ვარ დარწმუნებული. მართლა არ ვიცი.



ისევ ის გრძნობაა?



კი. ადრე ვფიქრობდი, „აჰ, უკეთესი ვარ, ვიდრე ვიყავი, როცა დავიწყე“. ეხლა კიდევ ვაცნობიერებ, ყოველთვის ერთი და იგივე ვიყავი. არ მჯერა წინსვლის ხელოვნებაში. არ მგონია, დღეს უკეთესები იყვნენ მხატვრები, ვიდრე ადრე. არ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში — რაკი ტექნიკოსი არ ვარ — ნივთის ტექნიკურად გაუმჯობესება შეგიძლია. მეეჭვება, როგორც ხელოვანი, ამჟამად უფრო წინ ვიყო, ვიდრე უწინ ვიყავი. შეიძლება კარგია ეს, შეიძლება ცუდია.



შენი სახლი პარიზში სკულპტურებითაა სავსე.



ძალიან მიყვარს ხელოვნება. მაგრამ ხელოვნება ძვირია, ამიტომ ჩემით მიწევს კეთება. ფული რომ მქონდა, მეგობრების ნახატები შევიძინე. მარტო ვცხოვრობ, რამდენიმე მეგობარი და ორი შვილი მყავს. თავიდან ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობდი, ეხლა ოცდაშვიდისა არის, მერე ვაჟთან ვიცხოვრე. არცერთ მოძრაობაში, კამპანიაში ან რელიგიაში არ ვარ. ეს არ არის მარტო არჩევანი, ჩემი ბუნებაა. ძალიან მორცხვი ვარ.



ჩიტებიც გყავს.



მტრედები მყავდა, მათი შეკედლება არ გჭირდება, თავისუფლები არიან, მოვიდნენ და წავიდნენ, როცა უნდათ. მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, მე ჩემი. საბოლოოდ გავჩერდი, რადგან ძნელია. ჯერ ერთი, მეფის კანონის მიხედვით, აკრძალულია პარიზში მტრედების ყოლა. ვგლოვობდი მათ. მოგვიანებით კანარის ჩიტები ვიყიდე და რაღაც მოხდა. აკრძალული, მართალია, არ იყო, მაგრამ ცხოველები ხომ მრავლდებიან კარგ პირობებში ყოფნისას, ჰოდა უბრალოდ ძალიან მომრავლდნენ. მერე ამასაც შევეშვი.



შეგიძლია, აღწერო მუსიკის კეთების პროცესი?



სტუდიაში ვცხოვრობ. გარეთა ხმებსაც ვიწერ. მუსიკის კეთება რეგულარული იყო ხოლმე, ეხლა — ნაკლებად. თავს არ ვეუბნები, რომ მუსიკა უნდა ვაკეთო რვიდან თორმეტამდე.



შენი ხმა, მისი შეფერილობა, არის ეს რაღაც, რაც უბრალოდ ბუნებრივად მოდის?



ჩემი ხმა ეს არ არის, ეს ღმერთის ხმაა. იესოს ხმა, თუ ოდნავ პრეტენზიული ვიქნები.



რაც იმპრომუზის შენს კონცეპტს შეეხება?



მე არ მისწავლია მუსიკა. თავიდან მართლა მეპრეტენზიულებოდა იმის თქმა, რომ მუსიკოსი ვარ. შეიძლება ეს პასუხისმგებლობაც კი იყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ, უარყონ, რომ რასაც მე ვაკეთებ, მუსიკაა. ვეთანხმები. შეიძლება მუსიკა არაა, მაგრამ რაღაც ხომ არის. უნდა ვიპოვო სახელი იმისთვის, რას ვაკეთებ, — იმპროვიზებული მუსიკა.



ახალგაზრდა მუსიკოსებთან დღეს სხვანაირადაა. მათ ძალიან უნდა შეუწყონ ხელი თავიანთ თავს.



დღეს ყველასთვის იოლია მუსიკის კეთება კომპიუტერით, სწავლის გარეშე. მაგრამ იგივეა, ზოგი მუსიკა კარგია, ზოგი ცუდია. შეიძლება ირგვლივ ძალიან ბევრი მუსიკაა. ზოგჯერ ტელევიზორს ვრთავ, ვუყურებ რეპორტაჟს, შინაარსი მაინტერესებს და არ მესმის, ყოველთვის რატომ უნდა იყოს იქ მუსიკა. შეიძლება მართლა მუსიკით დანაგვიანებულ სამყაროში ვცხოვრობთ.

 


იქნებ იმიტომ, რომ ადამიანებს ეშინიათ სიჩუმის, იქნებ სიჩუმის არარსებობის გამო.



მღერი, რადგან გეშინია. როცა ტყეში ხარ ღამე, იმღერებ, რომ ნაკლებად შეგეშინდეს. ეს არის, ასევე, რატომ ვმღერი, მეშინია.



რის?



სიცოცხლის, სიკვდილის.



შიში გიბიძგებს კეთებისკენ.



შიში მარტო უარყოფითი არ არის.

 

 

 


[1] ლადინო (სეფარდული, ჯუდეკო, სპანიოლი, ჟუდეზმო, ხებრონეო) — ესპანელ ებრაელთა ენა; მიეკუთვნება რომანული ენების იბერო-რომანულ ქვეჯგუფს.

[2] ზაზუ (Zazou) — მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში წარმოქმნილი სუბკულტურა.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული