• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მექანიკური რეზინა

×
ავტორის გვერდი გიორგი კობახიძე 00 , 0000 1702

 

მექანიკური რეზინა 
 
მე მაქვს დაცული ტერიტორია, 
ჩემი სახლი ჩემი სარკოფაგია, 
როგორც ჩემი ქვეყანა. 
მე ყოველ დილით ვდგები 
სასაფალოს სასთუმალიდან 
და ვიწყებ მექანიკურ მოძრაობას 
ჩემს ორბიტაზე, 
რომელიც არის 
ძალიან პატარა 
და ძალიან კერძო 
და უპრინციპო 
და დრეკადი, 
როგორც რეზინა. 
ის იწელება 
და იღებს ნებისმიერ ფორმას 
და მთავაზობს 
ნებისმიერ ტრაექტორიას 
და ის მატარებს თავისი გზებით, 
რომელიც პრინციპში არის გზა ერთი 
ზომიერად კანონზომიერი, 
როგორც ულუფა განსაზღვრული 
ჯარში და ციხეში 
და მე მეტი აღარ მეკუთვნის, 
როგორც მე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, 
როგორც გმირი, 
რომელმაც საბაზრო ფასში გაყიდა თავი, 
და მთელი ფული გადაურიცხა 
უპატრონო ბავშვთა პანსიონატს და ინვალიდებს, 
რომლებსაც პირადად მიაკითხა სახლში, 
გადასცა საკრედიტო ბარათები 
და დაუდგა ბანკომატი სადარბაზოში 
ჩემი რეზინა გადაიქცა 
,,ამერიკულ გორებად“ 
და დღეს სამსახურში პირდაპირ ატრაქციონით 
მოვედი, 
მაგრამ ეს არავის შეუმჩნევია. 
ჩემი ბედი ჩემი მეგობარია 
და ის მეხმარება მოვიტყუო თავი 
ყოველ ძილის წინ და ყოველი გაღვიძებისას, 
რათა დღემ ჩაიაროს მშვიდად და უშფოთვლად, 
რათა არ ახდეს ჩემი შიშები, 
როგოროც სიზმარი, 
რომეთლაც მხოლოდ მაშინ ვერ ვხედავ, 
როდესაც მძინავს. 
ჩემ ბედი არის განსაზღვრული 
და ის სიგრძეში არ იმატებს 
და არც მოკლდება, 
მას უბრალოდ შეუძლია 
ფორმა იცვალოს, 
რათა დროებით დივიწყოს, 
როგორიც არის. 
,,ყველაფერი მექანიკაა“, 
მექანიკური ცოლი, 
მექანიკური ოჯახი, 
მექანიკური ბავშვი 
მექანიკური სადღეღრძელო 
მექანიკური ტრადიცია 
მექანიკური მეზობელი 
მექანიკური დედა და მამა 
და დედმამიშვილი 
მექანიკური სამსახური 
მექანიკური პრინციპები 
მექანიკური რწმენა 
მექნიკური მეგობრები 
მექანიკური წიგნი 
მექანიკური სკოლის შემდეგ უნივერსიტეტი 
მექანიკური კარის გაღება 
მექანიკური და ა.შ. 
მექანიკური სად ხარ 
მექანიკური პური წამოიღე 
მექანიკური დღეს არაფერი გიჭამია 
მექანიკური რას შვები 
მექანიკური კიტრი და პომიდორი 
მექანიური დასვენება 
მექანიკური ზღვა 
მექანიკური სად ვარ 
მექანიკური მექანიკა 
მექანიკური იმედი 
მექანიკუი ღმერთი. 
 
 
 
 
 
 
***
დაწერე, 
რადგან ვერაფერს გრძნობ 
და არაფერს ფიქრობ, 
რადგან არც კარგად ხარ 
და არც ცუდად 
და ნურაფერს მომწერ ცხელი გულით 
ან ცივი გონებით - 
ეს არაა არჩევანი, 
ეს უბრალოდ პოეზიაა, 
მას შეუძლია იყოს უფრო დაბალი, 
ვიდრე ჭიანჭველა, 
ვიდრე ყველაზე პატარა 
და შეუმჩნეველი ბაქტერია 
შენს ორგქნიზმში, 
მას შეუძლია არ არსებობდეს, 
აი, ნამდვილი თავისუფლება. 
დაწერე, როცა მიხვდები, 
რომ აღარ არსებობ, 
როცა მიხვდები, 
რომ ყველა სიტყვა ანონიმურია, 
როგორც ღმერთი, 
როგორც ბრჭყვიალა ყუთში 
სავაჭრო ცენტრის შუაგულში 
დატოვებული 
ლამაზი ბანტით შეფუთული 
საჩუქარი, 
სადაც შეიძლება აღმოჩნდეს ბომბი 
ან X-box 360.
 
 
 
ღმერთი 
 
ერთ დღეს, როდესაც კინო 
იქცევა რეალობად 
და რეალობა იქცევა კინოდ, 
და აღარ იქნება საჭირო 
პროფესია რეჟისორის 
და ღმერთიც აღარ იქნება ამ პროფესიის, 
და არც DJ, 
არც მწერალი, 
არც მენეჯერი 
არც პრეზიდენტი 
და არავინ აღარ იქნება 
და ჩვენც ამდენს აღარ ვილაპარაკებთ მასზე 
და უფრო სასიკეთო საქმეებით დავკავდებით 
 
ღმერთი უბრალოდ გახდება ღმერთი - 
ექვსასოანი სიტყვა. 
და სიტყვა დაბრუნდება ღმერთთან, 
როგორც ფული ბანკში,საიდანაც ჩვენ ის 
კრედიტით  გამოვიტანეთ. 
 
 
 
 
 
კარადა 
 
აი,ცარიელი კარადა, 
როგორც უსულო გვამი, 
ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ შიგნით 
და ამით არაფერი შეიცვლება. 
სხვადასხვა სამოსი, 
საკიდებზე თავს რომ იხრჩობდნენ, 
აღარა გვაქვს და შიშვლები ვართ, 
სამაგიეროდ გვაქვს ეს სივრცე, 
რომელშიც ისინი რიგრიგობით ინახებოდნენ, 
ჩვენ შეგვიძლია მათ მაგივრად შევიდეთ შიგნით, 
როცა გაგვდევნის საკუთარი წესწყობილება 
და უბრალოდ დავლიოთ ყავა, 
იყოს სიბნელე, 
ვერ ვხედავდეთ ერთმანეთს 
და ვილაპარაკოთ. 
 
ოთახი ოთახში. 
როგორც შტაბი ბავშვობაში რომ ვაშენებდით, 
სინამდვილეში რომ არავის ვემალებოდით, 
უბრალოდ გვქონდა მცდელობა, 
რომ მარტო გვეცხოვრა . 
ახლა შეგვიძლია ავიხდინოთ ჩვენი ოცნება, 
მე და შენ ჩვენთვის სიბნელეში გავუჩინარდეთ. 
სიბნელე,რომლისაც არასოდეს შეგვეშინდება, 
რადგან იქნება ჩვენ ნებით ამორჩეული, 
სადაც საბოლოოდ ეკარგებათ სარკეებს აზრი 
და მხოლოს ის ვართ რასაც ამბობს ჩვენივე ხმა
 
 
 
ჩაიდანი 
 
საათი, კედელი, 
განივთებული მარტოობა სიცარიელედ, 
ისრები ფრთხილად ეფლობიან ტვინის ნაოჭებში 
და შესრუტული დრო 
არასდროს არაა საკმარისი, 
მიუსწრო სივრცეს, რომელიმეს, 
კარის მოჯახუნებამდე. 
უსულო ყუთში გამომწყვდეულ ანიმაციას 
რატომ... 
არ ყოფნის ძალა, გაფართოვდეს უფორმობამდე? 
და არც დუღილი აღარაა საკმარისი,   
მხოლოდ ჩაიდანს შიგნით 
განწირული ჩაშრობისათვის. 
და ბუხარზე შემომდგარი უნდა აორთქლდე, 
გაიპარო საკვამურიდან. 
 
გააღე კარი და გამოდი ჩვეულებრივად, 
როდესაც გრძნობ, რომ გაიზარდე ?–მდე.
 
 
 
ჰაიკუ
 
*** 
ცარიელდება შენობა. 
უფრო და უფრო მკვეთრად ისმის 
ნაბიჯების ხმა
 
*** 
იმაზე ვფიქრობ, 
სადაც ქარი საბოლოდ 
წაიღებს ფოთოლს
 
*** 
კითხვით გართული 
ვერაფრით ვეღარ ვიხსენებ 
მოთხრობის სათაურს
 
*** 
დაღმართი იხედება 
სარკეში და ხედავს 
აღმართს
 
*** 
ფინჯანი ყავა დილით. 
ღია ფანჯარაში ერთდროულად 
ვეწევით მე და ჩაიდანი
 
*** 
მოჭრილ ხეზე 
ისევ 
ჩიტები
 
*** 
მახსოვს ეს კაცი, 
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 
კბილებს იხეხდა
 
*** 
თოვა გრძელდება. 
ყველაფერი თეთრად იფარება 
ჩრდილების გარდა
 
*** 
მწვანე ასფალტი, 
თუ ნაცრისფერი ბალახი? - 
ბრძოლა გრძელდება
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული