ტერმინატორი – რკინის ტექნოფალოსი (I ნაწილი)





ფილოსოფია

ტერმინატორი – რკინის ტექნოფალოსი (I ნაწილი)




(ამონარიდი წიგნიდან „გაქცევის სისწრაფე“)

თარგმანი: პაატა შამუგია
 
„ტერმინატორი“ (მით უმეტეს, „ტერმინატორი 2“) წარმოგვიდგენს დუალიზმის დუელს – ფილოსოფიურ ბრძოლას, მიმართულს სხეულისა და გენდერული საზღვრების წინააღმდეგ.
 
ტერმინატორი შვარცნეგერი თავისი მონოტონური საუბრით, აუმღვრეველი სიმშვიდით, დაბურული სათვალით, უხეში ტყავის სამოსით, „ჰარლი დევიდსონით“ და გიგანტური იარაღით – ჰიპერმასკულინურობის არქეტიპული სახეა, თავისებური ფაშისტი – რკინის ხასიათით.  Т-800 – ეს ტექნოფალოსია, რომლის რობოპათიული აუტიზმი და „მუდამ მზად“ განწყობა გვიჩვენებს, ვინ არის აქ მთავარი. 
 
ფილმში Т-800 ასრულებს ჭეშმარიტ რიტუალურ აქტს: ის ითვისებს ჩვენი საზოგადოების ერთ–ერთ ყველაზე მყარ მასკულინურ სიმბოლოს: სვირინგებით დაფარულ, სიგარიან ბაიკერს ართმევს იარაღს, ტყავის ტანსაცმელს და რაც მთავარია, ხმაურიან, კვამლისმფრქვეველ მოტოციკლს. ტერმინატორი შვარცნეგერი მიაქროლებს თავის უზარმაზარ მანქანას ჯორჯ ტორეგუდის „Bad То The Bone“–ის თანხლებით, სიმღერა მაგარი ტიპის ბაქიაობაზეა (ბო დიდლის სტილში), რომელიც ამბობს, რომ თვალდახუჭულიც მოახვედრებს „წერტილ G”-ში. 
 
თუ ჰანტერ ტომპსონს დავუჯერებთ, მოტოციკლი –  ერთდროულად არის სექს-სიმბოლოც და ბაიკერის სასქესო ორგანოს ბუნებრივი გაგრძელებაც. მოტოციკლი „მოძრავი ფალიკური სიმბოლოა, სხეულის გაგრძელება, ძალა ფეხებს შორის.“ 
ბაიკერისგან „ჰარლი დევიდსონის“  მოპარვა – ეს მისი მამაკაცობის დასაწყისია. Т-800 მეტაფორულად ასაჭურისებს ამ მაჩოს, რათა ყველას უჩვენოს, რომ მხოლოდ ის არის მასკულინურობის  განსახიერება, ბილწი „ჩონჩხის ტვინით“. ყველა ამერიკელმა, ვინც მოზრდილთა სპორტდარბაზში ნამყოფია, იცის, რომ „ჩონჩხის ტვინი“ – არის ერექცია.
 
რაც შეეხება Т-1000–ს. ის, პირიქით, უჩონჩხოა (მოქნილი). ის ასახიერებს „ქალურ“ საწყისს, რომლისაც ასე ეშინიათ და რომელსაც ასე ვერ იტანენ კაცები: სირბილე, მოწყვლადობა, ნოტიოობა.  
 
პოლიმორფული, მოუხელთებელი Т-1000 – ეს არის ქალი ღამეული კოშმარიდან, რომელიც მოქნილ ფორმას იღებს. მთლიანად გადაცხრილული Т-1000 აშინებს Т-800–ს თავისი „ქალური“ გარდასახვით, ცვალებადობით. მისი ჭრილობები თანდათან ვიწროვდება, მცირდება და ქრება. 
 
ფილმის კულმინაციაა, როცა ტერმინატორ–შვარცნეგერი ნახევრად მეტალის ანდროიდს თავში უზარმაზარ მუშტს უთავაზებს, მაგრამ მუშტი თხევად რკინაში ეფლობა – აი ეს წარმოადგენს ძველი ფროიდისტული ფობიის სამეცნიერო–ფანტასტიკურ ვერსიას: შიშს ყოველისშთანმთქმელი ვაგინისა, რომლიდანაც არცერთი მამაკაცური ასო მთელი და შეუბილწავი არ გამოდის. 
 
ცვალებადობა, ორმაგობა, უფორმობა – ეს ის თვისებებია, რომლებიც, ტრადიციული გაგებით, „ქალურად“ მიიჩნევა.
უნარი, ქამელეონივით შეერწყა გარემოს და ამდენად, შეინარჩუნო ყველაზე ფარული, იდუმალი, აზრები და გრძნობები –სუსტების გადარჩენის სტრატეგიაა, რომელიც ისტორიულად არ სჭირდებოდათ დასავლური პატრიარქალური კულტურის მამაკაცებს. 
 
ფემინისტი ჯინ ბეიკერ მილერის მტკიცებით, „ქალის ცხოვრების არსი ისაა, რომ საკუთარი თავიდან გამოძერწოს ადამიანი, რომელიც სხვებს სიკეთეს მოუტანს. ამის გამო ქალებს განუვითარდათ ფსიქიკური კონდიცია, რომლის აღსანიშნავად აღარ კმარა ტრადიციული ტერმინი „ეგო“. თუ მილერის ლოგიკას ვერწმუნებით, ყველა ქალი შექმნილია მიმიკრიული მატრიცით.
 
ქრომირებული ზედაპირის და მოქნილობის გამო Т-1000 მოგვაგონებს ვერცხლისწყალს, რომელსაც ადამიანის ფორმა მიუღია. ალქიმიკოსები და იუნგის მიმდევრები ვერცხლისწყალს მთვარის ელემენტად მიიჩნევენ, რომელიც დაკავშირებულია ქალურ საწყისთან, უფრო სწორად კი, ანდროგინებისა და ჰერმაფროდიტების ფენომენთან. ყოველ შემთხვევაში, თხევადმეტალურ რობოტს სქესი არ აქვს. გარეგნული მონაცემებით, მამაკაცია, რომელიც ძალიან ჰგავს „ოსკარის“ სტატუეტს, ანდაც პერსონიფიცირებულ რკინის დენის (ფალოიმიტატორი „შიშველი საუზმიდან“). 
ნებისმიერ შემთხვევაში, Т-1000 შეიცავს არც ისე ფარულ მინიშნებას ჰომოსექსუალობაზე: ტანმორჩილი, ცოტათი ქალური პოლიციელი გესლიანი ღიმილით, რომლის საყვარელი საქმიანობაა მსხვერპლით თავის შექცევა, ვთქვათ, რამე მყარ ნივთის სახეში შეთხრა. 
 
ფილმის ფინალში ორივე ტერმინატორი მდუღარე რკინით სავსე ცისტერნაში იღუპება. და ამ ეპიზოდში ჩნდება ორივე რობოტის მთავარი შტრიხი. 
 
ტექნოტრონული ტევტონი შვარცნეგერი პირდაპირ ეფლობა მდუღარე მასაში, ბოლოში კი ნიშნის მოგებით აღმართავს ცერა თითს – ვაგნერის გმირის ღირსეული ჟესტი.  Т-1000 კი იკრუნჩხება და კივის, როგორც ედვარდ მუნკის ცნობილი პერსონაჟი. სიკვდილის წინ მისი სხეულიდან გამოდის ყველა მისი მსხვერპლი (პოლიციელი, ჯონის დედა, სანიტარი და ა.შ.) და ის კვდება ბოროტი გინგემას სიკვდილით (ფილმიდან „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი“), რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, ნორმალური, ადამიანური სიკვდილი არ ღირსებია.
 
–––––––––––––––––––––––––––––––––
 
თარგმანის გაგრძელება იქნება
 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.