საკონტრაქტო პატრიოტიზმი





პოეზია

საკონტრაქტო პატრიოტიზმი




მე ქართველი კონტრაქტორი ჯარისკაცი ვარ.
ჯერ არ დაღვრილა ჩემი სისხლი ქართულ მიწაზე.

მე ავღანეთში ვიბრძვი,
მე ერაყში ვიბრძვი,
მაგრამ ეს საკმარისი არ არის
პატრიოტიზმის დასამტკიცებლად!

დიადო ამერიკავ!
მოგვეცი უფლება ვიბრძოლოთ ეგვიპტეში,
ვიბრძოლოთ სირიაში,
ვიბრძოლოთ პალესტინაში
ებრაელთა მხრდამხარ
და ნუღარ აყოვნებ,
გამოუცხადე ომი ირანსაც,
გამოუცხადე ომი კორეას!

ჩვენი დედები ამ ყველაფერს
გაგებით ეკიდებიან
იმიტომ, რომ მათ შიათ,
მათ სცივათ,
იმიტომ, რომ მათ ეშინიათ.

და როცა ერაყელი მოჯაჰედის
თვითნაკეთ ბომბზე ავფეთქდები,
როცა ორივე ფეხს დავკარგავ
და ვეღარასდროს შევძლებ სიარულს,
ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში
მომინახულებს ბარაკ ობამა
და მე ვიქნები ბედნიერი
მისი ჰოლივუდური
თეთრი ღიმილით, მისი შეხებით.

დღეს პატრიოტიზმის
ფასი საქართველოში
700-დან 1000 ლარამდე მერყეობს.

მე ამაყი ქართველი ჯარისკაცი ვარ,
ჩემი ადგილი სამშობლოს სადარაჯოზეა,
უცხო მიწაზე.
ხალხს შია!
ჩემს ოჯახს ჭირდება
ჩემი სიკვდილი გადარჩენისთვის.
მე თვითმკვლელი ვარ შიმშილის ომში!


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.