• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

კლასიკის გასამართლება

×
ავტორის გვერდი სემ ზაკსი 12 იანვარი, 2022 3049

თარგმანი: პაატა შამუგია

––––––––––––––––––––––

ჟურნალ[1] „კრიტიკის“ 1933 წლის გამოცემაში კრიტიკოსი ფ.რ. ლივესი[2] გამანადგურებლად გაუსწორდა „ერთ საწყალ, წარუმატებელ“ პოეტს:

"როცა ერთმანეთისგან გამოვყოფთ ჭკვიანურს და სახასიათოს, ამ პოეტის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი გვაფიქრდება. ეს არის მისი ძლიერი მხარე, რომელიც ფუჭია (შეზღუდულია). დიახ, ის „სახასიათოა“, მას აქვს მორალური სიღრმე, მორალური ძალა, მაგრამ, შედეგიდან გამომდინარე, კატასტროფულად პრიმიტიული და სწორხაზოვანია.“

ასეთი უხეშობა კრიტიკოსებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია, რაც ზოგჯერ რაციონალურიცაა. კრიტიკოსები თავს გიდებად წარმოისახავენ ლიტერატურული თაობების წინაშე, ამიტომაც უღირსი კანდიდატები თუ გამოჩნდებიან, მათ იმედები გარეთ უნდა დატოვონ. მაგრამ არის რაღაც უცნაურად პროვოკაციული ზემოთ მოტანილ ციტატაში: ეს იყო კრიტიკა ჯონ მილტონის შესახებ.  

მილტონი ყველა ბიბლიოთეკაშია დაცული. მას, ტრადიციულად, ჰომეროსის და ვირგილიუსის გვერდით მოისხენებენ. აქვე ჩნდება კითხვა: მას შემდეგ, რაც ავტორი შეაბიჯებს კანონიზაციის ელიზეუმში, აქვს რამე აზრი კრიტიკოსის იერიშს და აქედან მწერლის გამოძევებას? რაკი ავტორი კლასიკოსია, შესაძლოა თუ არა, მისი სტატუსი გადაისინჯოს?

ეს თითქმის დაუძლეველია, მაგრამ არის რაღაც რიტუალური წმინდა ძროხების შებრაწვაში. მარტინ ემისი[3] ასე განიხილავს სერვანტესს: „დონ კიხოტის“ კითხვა ყველაზე აუტანელ, ხნიერ ნათესავთან სტუმრობას ჰგავს: თავისი ცელქობით, დაუსრულებელი მოგონებებით და უსაზიზღრესი ერთგული მეგობრებით.“

ენტონი ბერჯესი ღიად გამოხატავდა ზიზღს „საბრალონი“–სადმი.

წლების განმავლობაში, ჯონათან იარდლი სასტიკად უსწორდებოდა „მოხუცი და ზღვა“–ს და „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“–ს. იარდლის თქმით, ორივე ამ ტექსტთაგანი ამერიკაში ყველაზე მყარი და დაფასებული წიგნია. და, ნებისმიერი კეთილგონივრული კრიტიკული სტანდარტის თანახმად, ყველაზე უარესიც.“

დევიდ შილდსმა ახლახანს განაცხადა, რომ „ჰამლეტი“ მოსაწყენი ეჩვენება.

გასულ წელს კი ვიხილეთ ადელ უოლდმენის მძაფრი ანალიზი ჯეინ ოსტინის „მრწამსის“ შესახებ („დიდაქტიკური და მოუმწიფებელი, გადამლაშებული აღწერებით.“).

რას ამბობდა ტედ გოია (Ted Gioia) ჯონ დოს პასოსის „USA“–ს შესახებ:
„რაც ამ რომანში ხდება, ყველაფერი ყალბად და ბურჟუაზიულად მოჩანს.“

ან კეტრინ შულცის „რატომ მძულს „დიდი გეტსბი“ რად ღირს... („ესთეტიკურად ჩამოფასებული, ფსიქოლოგიურად გამოფიტული, და მორალურად – თვითკმაყოფილი.“).

შულცის ესეს გამო ატეხილი ხმაურით თუ იხალისეთ (მე – კი), მაშინ შულცისადმი ოუტსის ოლიპიური სიმაღლეებიდან  გამოხმაურების კითხვისას შესაძლოა, უხერხულად გეგრძნოთ თავი. ოუტსის თქმით, „არის რაღაც მდაბიური, როცა კრიტიკოსები თავს ესხმიან კლასიკას. ეს ფილისტინიზმია, რომელსაც ამაყად უწოდებენ ინტერპრეტაციას.“

აქ მთავარი კითხვა, შესაძლოა, იყოს, თუ რას ვგულისხმობთ, როცა ვიყენებთ სიტყვა „კლასიკას“ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის. ბევრი მცდელობა ყოფილა, განემარტათ ამ სიტყვის მნიშვნელობა. ჩარლ აუგუსტინ სენტ–ბოვიმ (რომელიც თანამედროვე კრიტიკოსთა  წინაპრად მოიხსენიება) 1850 წელს დაწერილ ესეში შემოგვთავაზა ეს ამაღლებული, შემაჯამებელი განსაზღვრება:

„ჭეშმარიტი კლასიკოსი, როგორც მე წარმომიდგენია, არის ავტორი, ვინც გაამდიდრა კაცობრიობის აზროვნება, შესძინა განძი და პროგრესის სტიმულად იქცა; ვინც აღმოაჩინა რაიმე მორალური და არა ეკივოკური ჭეშმარიტება, ან გამოავლინა რაღაც მარადიული გრძნობა, რომელიც თითქოს ყველამ იცოდა; ვინც გამოხატა აზრი, დაკვირვება, ან გამოგონება, ნებისმიერი ფორმით, ოღონდაც იმ პირობით, რომ მოიცავს ფართოს და დიადს, ნატიფსა და გრძნობიერს, საღსა და მშვენიერს“.

თითქმის საუკუნის შემდეგ, ტ.ს. ელიოტმა „კლასიკოსობა“ განსაზღვრა, როგორც „აზრის სრულყოფა, მანერის სრულყოფა, ენის სრულყოფა და სტილის ჩამოყალიბება“ (გამიზნული ტავტოლოგია ელიოტისაა – პ.შ.)

იოლი შესამჩნევია, რომ არც ერთი ამ განსაზღვრებათაგანი არ პასუხობს „კლასიკის“ და „კლასიკოსის“ თანამედროვე გაგებას. ელიოტი მიიჩნევდა, რომ კლასიკა, ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით,  იყო ნაშრომი, რომელიც ცივილიზაციას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანდა. ელიოტისთვის ასეთ პედანტურ სტანდარტებს მხოლოდ ვირგილიუსი აკმაყოფილებდა. მისთვის ჩოსერი და შექსპირი მეტად ტლანქები იყვნენ, გოეთე – მეტად პროვინციული, პოუპი – მეტად მანერული. ჰენრი ჯეიმსისადმი მცირე მინიშნებას თუ არ ჩავთვლით, ამერიკული ლიტერატურა არც კი უხსენებია.

სენტ ბოვი უფრო მოქნილი და მეტის მომცველია. მაგრამ, მისი აზრით, კლასიკა მხოლოდ ისაა, რასაც მკითხველი განსაკუთრებით გამოარჩევს, რომლის მსგავსის მოძიებასაც შესაძლოა მთელი ცხოვრება მოანდომოს და რომლის გამოც თავი ბიბლიოთეკას უნდა შესწიროს.  

რაკი ელიოტი იმპერიალისტი იყო და სენტ ბოვი – არისტოკრატი, გვჭირდება იდეა, თუ რა არის „კლასიკა“ დემოკრატიაში. ამისათვის სენტ ბოვის თანამედროვე ალექსის დე ტოკვილს უნდა მივმართოთ. წერილში „დემოკრატია ამერიკაში“ ტოკვილი აღმოაჩენს, რომ ამერიკელები ხელოვნებას და მეცნიერებას უფრო პრაქტიკული გამოყენების გამო აფასებენ, ვიდრე – მათი აბსტრაქტული დანიშნულებისა. აქედან მოდის გაზეთების, რელიგიური ტრაქტატებისა და „თვითმასწავლებლების“ პოპულარობა. კითხვა თავისთავად არ შექმნილა როგორც რაღაც აკვიატებული თეორიული მიზანი, როგორიცაა სულის გამდიდრება. გვჭირდება რამე ხელშესახები ფუნქცია, რომელიც იმუშავებს აქ და ახლა.

გადახედეთ წიგნის მაღაზიების კლასიკის განყოფილებას – ამერიკაში ან ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში – და უმალ დარწმუნდებით ტოკვილის ინტუიციაში. მრავალფეროვანი შემოთავაზებაა, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მხატვრული სიკაშკაშე აღარ არის აუცილებელი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ წიგნი კლასიკად ჩაითვალოს. დღეს რაც კლასიკას აქცევს კლასიკად, ეს არის მისი კულტურული მნიშვნელო(ვნე)ბა. ავტორები კლასიკოსებად ირაცხებიან არა იმიტომ, რომ ისინი დიადები არიან (თუმცა, ზოგი დიადიაცაა), არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან საჭირონი.

სხვა სიტყვებით, კლასიკის დღევანდელი კრიტერიუმი უფრო სოციოლოგიის სფეროა, ვიდრე ესთეტიკის. ამიტომაც ჯორჯ ორუელი და ოლდოს ჰაქსლი საიმედოდ არიან შერაცხილ–დაცულნი, როცა – ფრენკ ო’კონორი და აიდორა უელთი – იოლად შეიძლება მოშორდნენ კლასიკოსთა ბანაკს. „1984“ და „ახალი მამაცი სამყარო“ საფუძვლიანად არის ჩანერგილი ენასა და ისტორიაში, მაგრამ რას იზამს უელთი თავისი სტილისტური სრულყოფით? ჰენრი მილერი გადარჩა (და ყოველთვის გადარჩება), რადგან ქვეყანამ მასში საკმაო მაშოკირებელი რამ ნახა ცენზურის ასამუშავებლად (ლოურენსიც ჩამოსაწერი იქნებოდა, რომ არა „ლედი ჩეტერლეის საყვარელი“). Consumer Reports[4]–ში  უკეთეს პროზას ნახავთ, ვიდრე აპტონ სინკლერის უმეტეს მოთხრობაში, მაგრამ „ჯუნგლმა“[5] გამოიწვია ფაქტობრივი საკანონმდებლო რეფორმა, და შესაბამისად, იქამდე იქნება აქტუალური, სანამ აშშ იარსებებს.

ადრე არტისტული კოსმოსის ორბიტაზე მოძრავი უკვდავი მწერლები ფასდებოდნენ ეპოქის თანამედროვეობით (თანადროულობით), ახლა კი მეთოდი, რომლითაც დიდი წიგნები წარმოდგენილია სასკოლო კურიკულუმში, ხაზს უსვამს ერთ რამეს: ისტორიული საჭიროების დომინოს ეფექტს. ბერძნულ–რომაული ლიტერატურა საჭიროა, რადგან რენესანსი მისით შთაგონებულია, რენესანსი საჭიროა, რადგან მან ეკლესიის ჰეგემონია შეასუსტა;  მან მოგვცა, ასევე, განმანათლებლობა, რომელმაც, თავის მხრივ, მოგვცა თანამედროვე დემოკრატიები, ეს კი უკან, აწმყოში გვაბრუნებს. რომელიმე წიგნის აღზევებისას ყოველთვის არსებობს პირადი დაინტერესების პრაგმატული მომენტი.

კლასიკის გამომცემლები (Penguin, Oxford, Virago, New York Review Books) კლასიკის დემოკრატიზაციას უწყობენ ხელს.  მაგრამ ეს გამოცემები ნებისმიერი არგუმენტის მიხედვით უწოდებენ წიგნებს კლასიკას.

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გრძნობდნენ თავს კრიტიკოსები ასეთ ვითარებაში. ისინი ეფექტურად გარიყეს იმ პროცესიდან, რომელსაც თავად არეგულირებდნენ. თუმცა, კლასიკის მერკანტილურობა ფართო ცნებაა და კრიტიკოსს, ცხადია, შეუძლია ლიტერატურის ავ–კარგზე ისაუბროს. „მრისხანების მტევნებს“ უნივერსიტეტის სილაბუსიდან არავინ ამოიღებს, მაგრამ კრიტიკოსს შეუძლია განავითაროს აზრი, რომ ეს ობიექტურად ცუდი წიგნია.

რაკი მხატვრული ღირებულებისადმი რწმენა გაქრა, დასავლური კრიტერიუმი „ველურ დასავლეთად“ იქცა. გსურთ, ბიბლია წარმოაჩინოთ, როგორც ჩამოფასებული, ფილოსოფიისა და ფოლკლორის დომხალი? თქვენ ინტერესით  მოგისმენენ. გსურთ, სახალხოდ  წარდგეთ და განაცხადოთ, რომ მილტონი  იყო ლიტონი?[6] თქვენ შეიძლება, ტენუარსაც გამოჰკრათ ხელი.  

თქვენ ერთი რამ დაგრჩენიათ: თუ ვინმე გააკრიტიკებს თქვენს საყვარელ წიგნს, დაუნდობლად უნდა იბრძოლოთ  საპირისპიროს დამტკიცებისთვის.  რადგან ერთადერთი დრო, როცა კლასიკის გარშემო მშვიდობაა, ის საშინელი დროა, როცა მას არ კითხულობენ.

 

 

[1] (შემოკლებული ვერსია. წერილის სრული სათაურია: საზარბაზნე ხორცი: კლასიკის გასამართლება)

[2] ფრედერიკ რეიმონდი

[3] თანამედროვე ბრიტანელი ნოველისტი, ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსად შერაცხილი

[4] Consumer Reports – ამერიკული სამომხმარებლო ჟურნალი (მთარგმნელი)

[5] 1906 წელს დაწერილი „ჯუნგლი“ ეხება ემიგრანტების თემას აშშ–ში. მხატვრულ ფაქტებს დოკუმენტური მასალაც ენაცვლება, რაც მას კიდევ უფრო მძაფრ საკითხავს ხდის. ჯეკ ლონდონმა მას „ემიგრანტების ბიძია თომას ქოხი“ უწოდა. (მთარგმნელი)

[6] ვეცადე, დედნის კალამბური შემენარჩუნებინა. დედანში ასეა: Milton was a simpleton. (მთარგმნელი).

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული