ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან

ოთარ პერტახია
16.08.2013

   


მოქმედი პირნი:

 

მოხუცი კაცი

 

პატარა ბიჭუნა

 

 

-       ბაბუ, თბილისი დიდი ქალაქია?

-       დიდი ქალაქია, კი.

-       ყველაზე დიდი ქალაქი მაინც რომელია? 

-       მთელს მსოფლიოში?

-       ჰო.

-       საერთოდ, ყველაზე დიდი ქალაქები დიდ ქვეყნებშია.

-       მერე, დიდი ქვეყანა რომელია?

-       ის ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს.

-       მაინც?

-       მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი...

-       კიდევ?

-       კიდევ ამერიკა და რუსეთი.

-       თბილისი მე ძალიან მიყვარს. რა მოხდა მერე თუ ყველაზე დიდი ქალაქი არ არის?!

-       რა მოხდა და არც არაფერი.

                        პაუზა.

-       ბაბუ, მითხარი, მე ხომ თბილისელი ვარ?

-       შენ თბილისში დაიბადე.

-       შენ სად დაიბადე?

-       მე... ს ო ხ უ მ შ ი.

-       დედიკო და მამიკოც?

-       კი, დედიკო და მამიკოც.

                          პაუზა.

-       ს ო ხ უ მ ი სად არის, ბაბუ?

-       დედამიწაზე უამრავი ქალაქია, ძალიან ბევრი ქალაქი... მათ შორის         არის ერთი პატარა ქალაქი, იმას ს ო ხ უ მ ი ჰქვია და იგი ჩვენი ქალაქია.

-       მართლა ჩვენია?

-       ჰო.

-       რატომ არის ჩვენი?

-       იმიტომ, რომ... ჩვენ იქ დიდი სახლი გვაქვს, ჩვენი ს ა ხ ლ ი.

-       მეტი კიდევ რა გვაქვს?

-       კოხტა ეზო, ცივი წყარო და რკინის ჭიშკარი.

-       ვერავინ რო ვერ შემოვა ისეთი? 

-       სტუმარი შემოვა, ბაბუ, ჭიშკარს გააღებს და შემოვა.

-       ქურდი არ შემოვა?

-       ქურდი არა, ვერ გაბედავს.

-       რატომ, დიდი ძაღლიც გვყავს?

-       კი, დიდი ძაღლი გვყავს, ქურდს არ შემოუშვებს.

-       ე, ჩვენს ძაღლს რა ჰქვია?

-       რა ჰქვია და ჯ ე კ ა.

-       ჯეკა! (იცინის) ბაბუ, იცი, ძალიან მინდა მყავდეს ლეკვი, ვგიჟდები ისე მიყვარს. ხომ მიყიდი?

-       გიყიდი, აბა არ გიყიდი? აუცილებლად გიყიდი.

                პაუზა.

-       ბაბუ, მამიკოს რა დაემართა?

-       ძველმა ნატყვიარმა შეაწუხა... არაფერია, გაუვლის.  

-       საავადმყოფოდან მალე გამოუშვებენ?

-       კი, მალე გამოუშვებენ.

-       მე და შენ მამიკო როდის ვნახოთ?

-       ხვალ, გენაცვლე, ხვალ ვნახოთ.

-       დედიკომ მითხრა ფერად ფანქრებს მოგიტანო.

-       მაშინ მოგიტანს.

-       გახსოვს, მამიკომ ერთხელ გასაფერადებელი ნახატები რო მომიტანა, იქ ბაყაყს თავზე გვირგვინი ედგა... (იცინის) აუ, რა სასაცილო იყო!

-       რას ვიზამთ, გვირგვინს, სამწუხაროდ, ბაყაყებიც იდგამენ.

-       ბაბუ, ფული რო გექნება, ბურთს ხო მიყიდი?

-       კი, ბატონო, გიყიდი.

-       ბოტასებს?

-       მაგასაც გიყიდი.

-       დედიკოს როგორ გაუხარდება! რო მქონდა ის ბოტასები, სულ დაიხა.

-       ჰოდა, ახალს ვიყიდით.

-       ფეხბურთზე როდის შემიყვანთ?

-       ცოტაც გვაცალე და მალე.

               გახარებული ბიჭუნა ბაბუას მხარზე ხელს გადხვევს.

-       კიდევ რა არის სოხუმში? აუ, მიდი რა, მითხარი!

              ბაბუას თბილად ეღიმება და შვილიშვილს კალთაში ჩაისვამს.

-       ცა არის, ბაბუ, იმოდენა, საითაც არ გაიხედავ, ცქერით ვეღარ გაძღები. ზღვა არის ვეებერთელა, ღრმა და საოცარი. ზაფხული იცის ისეთი, გულს რომ სიხარულით აგივსებს. ბევრი, ბევრი ადამიანი ჩამოდის ჩვენთან ზაფხულობით.

-       რატომ?

-       სოხუმი ზღვისპირა ქალაქია და ადამიანები იქ დასასვენებლად ჩადიან.

-       ზღვაში რომ იცურაონ?                                            

-       ჰო, რომ იცურაონ, დაისვენონ და სიცოცხლე გაიხანგრძლივონ.

-       უხარიათ მერე?

-       როგორ არა! გაოცებული ადამიანები ყველაფერს ათვალიერებენ.

-       რას ათვალიერებენ?

-       ზღვას, გემებს, კოპწია სახლებს, ლამაზ სასტუმროებს, შადრევნებს, მაღალ მთებს... 

-       კიდევ?               

-       ზღვაზე თოლიები დაფრინავენ, ქალაქის მოედნებზე უამრავი                     მტრედი ღუღუნებს, დამსვენებლები თოლიებს აპურებენ, მტრედებს       მზესუმზირით უმასპინძლდებიან, ბოტანიკურ ბაღში შედიან, ზოგი ნავზე    ან წყლის ველოსიპედზე ჯდება და შუა ზღვაში გადის... ადამიანები   სანაპიროზე ფოტოებს იღებენ, მერე კაფეებსა და ბარებში სხდებიან,  გემრიელ ნაყინს მიირთმევენ, ყავას სვამენ და ცივი კოქტეილით   გრილდებიან.

-       აუ, ნაყინი მე ძალიან მიყვარს. აი ის, ხო იცი, მარწყვის გემო რო აქვს და კიდევ შოკოლადის. 

-       ვიცი, ვიცი.             

-       ბაბუ, სოხუმში მტრედებს არავინ იჭერს?

-       ოჰ, არა, მტრედს იქ არავინ იჭერს!

-       არც თოლიას?                

-       არა, არც თოლიას.

-       მაწანწალა ძაღლებს?

-       არიან ადამიანები, რომლებიც მაწანწალა ძაღლებს უვლიან. ვის როგორ შეუძლია, ხან რას აჭმევენ და ხან რას.

-       ისინი ცოდონი არიან, ხო?

-       სახლი მაგათ არა აქვთ და პატრონიც არ ჰყავთ... ცოდონი როგორ არ არიან.

                      პაუზა.

-       ბაბუ, ჩვენს ძაღლს სოხუმში ვინ უვლის?

-       ჩვენი ჯეკა ისეთი ყოჩაღია, თავს არ დაიკარგავს.

-       წვიმა როცა წამოვა, სად უნდა დაიმალოს?

-       თავის სახლში.

-       მაგარი სახლი აქვს?

-       კი, ხის სახლი აქვს, მაგარი, პატარა მწვანე სახლი... ჩემი ხელით ავუშენე.

-       ნეტა, ახლა სოხუმში თუ წვიმს?

-       შეიძლება წვიმს კიდეც.

-       ვითომ ცოტას იწვიმებს თუ ბევრს?

-       შენ ნუ ღელავ, იქ ხშირად წვიმს ხოლმე, მაგრამ ისე ლამაზად წვიმს,  თავი ზღაპარში გეგონება... წვიმა თავს კი არ გაბეზრებს, გეთამაშება, შენთან განშორება ეძნელება, გეალერსება... გამოიდარებს და მოგენატრება.

-       კიდევ, ბაბუ, კიდევ რა არის სოხუმში?

-       ულამაზესი ტბები, ზღაპრული გამოქვაბულები და უძველესი              ეკლესიები, ქვები, საუკუნეები რომ გამოუვლიათ... კიდევ ჯადოსნური მაგნოლიები და ზღვაში მოცურავე იალქნიანი ნავები.

-       მაგნოლია რა არის?

-       დიდრონი ხეა, თეთრი და სურნელოვანი ყვავილის ხე... ამ ყვავილს ჯადოსნური ძალა აქვს, ბაბუ.

-       როგორ ჯადოსნური?

-       მ ა გ ნ ო ლ ი ე ბ ი  ა მ ბ ე ბ ს  ჰ ყ ვ ე ბ ი ა ნ.

-       ე, რა ამბებს?

-       ამბებს ჩაძირულ ქალაქზე და ზღვის ასულებზე, რომლებიც     ტალღებზე დარბიან და ცეკვავენ; კიდევ გემებზე და კაპიტნებზე; ამბებს  ქვიშის სასახლეებზე და ჯარისკაცებზე, ოდესღაც ზღვისპირა ქალაქს    გმირულად რომ იცავდნენ.

-       მაგნოლიები ამბებს როგორ ჰყვებიან, განა ლაპარაკი   იციან?

-       თუ გულით მოუსმენ, მაშინ მაგნოლიების ხმასაც გაიგებ... ნიავივით მოგიახლოვდება, ცხვირზე მოგიღიტინებს, თმაზე ხელს გადაგისვამს სახეზე სულს შეგიბერავს და თუ მოეწონე, თუ დარწმუნდა, რომ შენც მოიხიბლე, ამბებსაც მერე მოგიყვება.

-       მითხარი, ბაბუ, შენ რა ამბავი მოგიყვა მაგნოლიამ, გეხვეწები რა.

-       იყო და არა იყო რა. ზღვისპირა ქალაქში ერთი პატარა, ცელქი ბიჭუნა ცხოვრობდა. ერთხელ, ზაფხულში, მამამ ეს ბიჭუნა ზღვაზე  წაიყვანა, უნდოდა შვილისთვის ცურვა ესწავლებინა. სანაპიროზე ძალიან ბევრი ხალხი იყო, ზოგი ზღვაში ცურავდა, ზოგიც ქვიშაზე მშვიდად იწვა და ირუჯებოდა. ბავშვები კენჭებსა და ნიჟარებს აგროვებდნენ, ქვიშის  სასახლეებს აშენებდნენ, მოზრდილები ხელბურთს თამაშობდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეძახდნენ, ხუმრობდნენ და მხიარულობდნენ. ბიჭუნა, რომელიც ძალიან ცელქი იყო, ახლა ჩუმად იჯდა კენჭებზე და გაფართოებული თვალებით ზღვას გაჰყურებდა. მზე ისე ლაღად ანათებდა, რომ ზღვა აღტაცებას ვეღარ მალავდა, ძალიან ბრწყინავდა... ზოგჯერ ჯადოსნურ ნაპერწკლებსაც ისროდა მაღლა, ჰაერში, იქ, სადაც თოლიები თავისუფლად დაფრინავდნენ. ბიჭუნას მოეჩვენა, თითქოს ზღვიდან ოქროს თევზები ხტოდნენ, თევზები და დელფინები... ისინი თოლიებთან ერთად ცაში კამარას კრავდნენ, ბრჭყვიალა ხაზებს ავლებდნენ, ფერად სახლებს ხატავდნენ, დედოფლებს და მეფეებს, ჟირაფებსა და ცხენებს, სპილოებსა და ლომებს, უფლისწულებსაც ხატავდნენ და ჭირვეულ პრინცესებს... იცინოდნენ და ხატავდნენ... ირგვლივ სულ, სულ ჯადოსნური ნაპერწკლები ცვიოდა! კალიასავით მოხტუნავე ნაპერწკლები ბიჭუნას თავზე დატრიალდნენ, პაწია ხელისგულებზე ჩამოუსხდნენ და ტკბილად და ნაზად ამღერდნენ! ბიჭუნა გაოცებისგან ხმას ვეღარ იღებდა. რატომღაც ძალიან მოუნდა ეს ყველაფერი დედიკოსთვის ეჩვენებინა, დედიკოსთვის და მეგობრებისთვის. სახლში მოუნდა. იქვე გადაწყვიტა რამდენიმე ნაპერწკალი დაეჭირა, მაგრამ როგორც კი ეს დააპირა, ნაპერწკლები ბიჭუნას უმალ გაშორდნენ. პატარა ბიჭს ცრემლები მოაწვა; ტუჩები აუკანკალდა; ძალიან გაბრაზდა: თოლიები, ოქროს თევზები და დელფინები სადღაც შორს გაუჩინარდნენ... ბიჭუნამ კარგად დაინახა, რომ ზღვა უზარმაზარი და საშიში გახდა, თითქოს ურჩხულს დაემსგავსა; ძალიან შეშინდა და როცა მამამ ხელი ჩაჰკიდა რომ ზღვისკენ წაეყვანა, ხმამაღლა ატირდა. იმ დღეს მამას აღარ შეუყვანია შვილი ზღვაში... როცა გაიზარდა, ბიჭუნამ ცურვა თავისით ისწავლა და ბოლოს სახელოვანი მეზღვაურიც გახდა.

-       (ხელებს შემოხვევს ბაბუას და თავს მხარზე დაადებს) ნეტა, მაგნოლიები ამბებს მეც მომიყვებიან?

-       თუ მთელი გულით მოუსმენ, მოგიყვებიან.

-       რას მომიყვებიან, როგორ მაინტერესებს!

-       ბევრ საოცარ ამბავს.

               პაუზა.

-       ბაბუ, სოხუმი საით არის?

-       იქით, დასავლეთისკენ.

-       შორსაა დასავლეთი?

-       არა, აქვეა, ახლოს.

-       (შორს სივრცეს გახედავს) ძალიან მინდა სოხუმში, ჯეკასთან მინდა, ჩვენს სახლში... მაგნოლიებთან მინდა, ზღვაც მინდა ძალიან, სულ ძალიან.

             (ნელ-ნელა ავანსცენაზე გამოდის)

            მ ე   ც უ რ ვ ა ს ა ც   ვ ი ს წ ა ვ ლ ი,   ბ ა ბ უ!

-       (თვალებს იმშრალებს) მჯერა შენი!

-       იცი რა, დედიკო და მამიკო სახლში რო არ არიან, მეშინია შენც არ დამტოვო. მარტო ყოფნა არ მინდა. უჩემოდ ხომ არსად წახვალ?

-       ეგ რამ გაფიქრებინა, უშენოდ სად უნდა წავიდე? შენ ჩემი ვაჟკაცი ხარ, ბაბუ, გვარის გამგრძელებელი!

-       მაგნოლიების ამბებს კიდე მომიყვები?

-       მოგიყვები, შენ თავს გეფიცები, ყოველდღე მოგიყვები.

 

2005

პიესა დაიდგა თეატრ `ვერიკოში~ და მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში. (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე)

 

ფოტო © civil.ge