• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პაიკი a2-დან

×
ავტორის გვერდი თემურ ჩხეტიანი 00 , 0000 2187

 

ისევ ნაპირში მომაქციეს...

უიღბლო ვარ - ისევ უბრად უნდა ვიდგე და ველოდო.

 შორიდან უნდა ვუყურო სხვების გაწევა-გამოწევას და ურთიერთჯახს.

 უნდა ველოდო ჩემს დროს, როცა მეც ჩამრთავენ ბრძოლაში;

 როცა მეც რამედ ჩამაგდებენ…

 

უკან ჩემივე ბანაკის ეტლი და მხედარი მიდგას,

 გვერდით კი ჩემნაირი პაიკი.

ეტლი და მხედარი თავს არ მიყადრებენ

 და როგორც კი დრო დაუდგებათ, თავის გზას ეწევიან.

 თანაც ისე, რომ ჩემი არსებობა ალბათ აღარც გაახსენდებათ.

გვერდით მყოფ პაიკთან კი ადვილად გამოვნახე საერთო ენა

 და ადვილად   დავმეგობრდით;

 ერთად ვადევნებთ თვალს შორიახლო დატრიალებულ მოვლენებს

 და განსაცდელსაც ერთად განვიცდით.

 

თითქმის ყველგან დიდი შეხლა-შემოხლაა.

 გვესმის ყიჟინა და კვნესა;

ვხედავთ როგორ იღუპებიან ჩვენიანებიც და მტრის მებრძოლებიც;

ვხედავთ, გვესმის, განვიცდით და ბრძოლაში ჩართვას ველოდებით.

 

როგორც იქნა, პირველი დავალება მივიღე -

 მეტოქის წამოყელყელავებული კუ უნდა გავაძევო.

 ჩემმა პირველმა ნაბიჯმა გაამართლა - კუმ უკან დაიხია.

მალე ჩემი მეგობარი პაიკი გათამამდა

 და ერთბაშად ორი ნაბიჯის მანძილზე გადახტა წინ.

 მე ზურგს ვუმაგრებდი ჩემს მეგობარს...

 

ბრძოლა გრძელდებოდა და მებრძოლთა რიგები თანდათან თხელდებოდა.

ჩვენი მეფე სადღაც იყო შეყუჟული და გარეთ თავის გამოყოფას ვერ ბედავდა.

გული მეტკინა - ჩემი მეგობარი პაიკი მოკლეს !...

ერთხანს გავოგნდი და ხმაც ვერ ამოვიღე,

 მერე კი შური ვიძიე:

 მეგობრის მკვლელი პაიკი შუბზე ავაგე და სიცოცხლეს გამოვასალმე...

 

ბრძოლა გრძელდებოდა და დასასრულს უახლოვდებოდა.

 უკვე მეფეებიც გამოვიდნენ სამალავებიდან და ბრძოლაში ჩაერთვნენ.

მეგობარი პაიკის დაღუპვის მერე ჩემს ახლო-მახლო ჩემიანები იშვიათად ჩანდნენ,

მაგრამ მე უკვე შორიდანაც ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას;

 ვგრძნობდი, რომ უკვე ყურადღების ღირსი ვიყავი;

 რომ მეც რაღაც მნიშვნელოვანი მისია მქონდა შესასრულებელი

 და ამ შეგნებით გულმოცემული წინ მივიწევდი !..

 

 

შორს აღარ იყო ბოლო ნაბიჯი. მე ლაზიერად გადაქცევა მელოდებოდა !..

უკვე წინასწარ მიხაროდა ჩემი მომავალი აღზევება.

 გულის სიღრმეში ხომ სულ ამას ვნატრობდი -

 როგორ მინდოდა ლაზიერი ვყოფილიყავი !..

ბოლო ნაბიჯი...

 სუნთქვა შემეკრა - მე ხომ მეგობრის გამოსავლელი გზა გამოვიარე

 და ისე გავედი !...

 

გავედი და უნდა გავიდე - ბრძოლის ველი უნდა დავტოვო.

მაგრამ რა ხდება?!..

ჩემს ნაცვლად და ლაზიერის ნაცვლად დაფაზე

 მხედარი დასვეს !..

აღვშფოთდი... მერე ავქვითინდი...

შემომეხვივნენ, მამშვიდებდნენ, მეუბნებოდნენ:

 ლაზიერად რომ ქცეულიყავ,

დავმარცხდებოდით;

 მხედარი იყო აქ საჭირო

და იმ მხედარმა ისე ჩაარტყა მეტოქის მეფეს,

 რომ სანამ ის გონს მოვიდოდა, ეტლი მოვიგეთ

 და ბრძოლაც ჩვენი გამარჯვებით ამის მერე მორჩა და დასრულდაო...

 

ჩვენ გავიმარჯვეთ.

გამარჯვებას ულოცავენ ჩვენს პატრონს და მათამაშებელს.

ჩვენ გავიმარჯვეთ,

 მაგრამ დავრჩით უჩინონი და ნირწამხდარნი;

მეც ნირწამხდარი -

როგორ მინდოდა ლაზიერი ვყოფილიყავი...

 

******************************************************

 

ჟურნალი „აფრა“ 2011 წელი

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული