წერილი





პროზა

წერილი




ნეტაი გოგო შენი ხმა... მერე აღარ მახსოვს, უფრო სწორედ, მახსოვს, მაგრამ არ გეტყვი, იმიტომ, რომ ტაფა გასარეცხია და შეიძლება მაწონი არ ჩადედდეს, თუკი დღეს ძროხა ბალახს არ მოძოვს, რომელიც შირაქისა და ელდარის საძოვრებზე იზდება. შორიდან მოდის ცხრათავიანი ზვიგენი, რომელსაც ბავშობაში ევკალიფტის კანფეტი უყვარდა და ამიტომაც ევგენი შეარქვეს.

ქვები ყრია მდინარის პირას, სადაც ქარი ქრის და თერგი რბის. 

მიხომ ქვა დადო ცოლის საფლავზე, რომელზედაც ყვავილი ამოვიდა და დაჭკნა, რადგანაც მიხომ ქვას დააწერა: „მიხომ დაგადო“.

მზე არ არსებობს, მხოლოდ მთვარე გარბის და მშიერი მგლების ეშინია.

პორგი და ბესი ბესიკ გაბაშვილის ბიძაშვილებს ერქვათ.

სირაქლემას კვერცხი დიდი და მისტიურია.

მისტიკისგან მასტიკას ამზადებენ და იატაკს აპრიალებენ.

ზორო დაბერდა და გასუქდა და საშობაოდ დაკლავენ, ვითარცა დეკემბრის სუსხში დამხრჩვალ ევდოკიას, რომელმაც ხელები გაშალა და თვალები დახუჭა, სანამ აქლემი ჩაწიხლავდა ქამელეონს მდინარე სირდარიას და ამურდარიას მიდამოებში.

შენ მიდიხარ და არ იცი საით ან რატომ! სადა ხარ ახლა ან სად ლპება შენი ქოჩორი, რომელიც სვავმა მოაგლიჯა გახრწნილ ლოყებს და კიტრის მწნილთან ერთად ლობიოს ქოთანში ჩააგდო.

ცხოვრება ხრამია, სადაც ბარტყები იჩეხებიან და კვდებიან, რადგანაც...

ერთხელ მივდიოდი ტყეში და ვნახე ყვავილი, რომელიც ხის ტოტზე იჯდა და კარტოფილს წვამდა ღორის ქონზე. ალბათ ზეთი გაძვირდა.

ყორნები ჩხავიან და თავიანთ ჩხრიალა ფრთებს ქალაქისაკენ მიათრევენ. შენ კი დგახარ ზურგშექცეული უდაბნოსაკენ, რომელსაც ათასი კარი აქვს და ღამის დარაჯი ზამთარში ბოქლომებს ადებს მათ, რათა არავინ მიიღოს კონრად ადენაუერის პრემია, გარდა ვსევოლოდ ივანოვისა, რომელსაც არ უყვარდა ქაცვის მურაბა, რადგანაც მისი ცოლი გააუპატიურა ავლიპ ზურაბაშვილმა, რომელიც დედაჩემის ბიძა იყო.

ეს ლექსი ფანტასტიურია, რადგანაც დეპრესიაში რეპრესიები განიცადა მისი ავტორის კატამ, რომელიც გაიქცა სახლიდან და თავზე კოსნსერვის ქილაჩამოკიდებული მდინარე ვერეს მღვრიე ტალღებში ჰპოვა ნუგეში. მან გატეხა ფიცი და ხელი მიჰყო ინცესტს.

მე შენ გაჩუქე ნახატი, რომელიც ქაღალდის იყო და კანალიზაციის მილში გაიჭედა.

„Aber natürlich“ – თქვა კაცმა, რომელსაც ზიგფრიდი ერქვა და ტყეში მოჰკლეს, როგორც ვასილ კიკვიძის მსტოვარი ელიეზარ მოისეევიჩ მელეტინსკი, რომელმაც არ ინება ტბაში გადახტომა და ღამის პეპლად გადაიქცა, რათა შენ მოგლანდებოდა ძილის წინ, როგორც ნიანგი, რომელმაც უარჰყო ნილოსის ხეობა და თეოლოგიის შესწავლას მიჰყო ხელი და ფეხი აუცურდა მოსიპულ პარკეტზე, რომელზედაც მასტიკა გამშრალიყო და კიდევ ეტყობოდა გადაჭყლეტილი თევზის ტვინი.

Я помню чудное мгновенье, когда ты начала публично позировать молодому художнику по имени Джемал...

ჯემალი ბზიკს ერქვა, რომელიც იკბინებოდა და ერთხელაც ლონდას დააჯდა, რომელსაც იოსებ ბესარიონის ძე მიქაშავიძე ტრაგიკულად აუპატიურებდა ხოლმე, მაგრამ ლონდამ არ იცოდა რას ნიშნავს სიტყვა ორგაზმი და გატაცებული კითხულობდა ერაზმ როტერდამელის პოემას „ტრფობა წამებულთა“ და წამებაში ამოხდა სული, რომელიც სულგუნივით თეთრი იყო და სპეტაკი. 

ამ დროს გამოჩდნენ ამბრნი, უმბრნი და არაბნი და ვითარცა ელვის პრესლის ელვა ჩარხმშენებელი ქარხნიდან, შენც ისე აღმოჩნდი მშვენიერებისა და სათნოების ტაძარში, რომელსაც მაუდ-კამვოლის კომბინატი ერქვა და იქ იდგა სამველ ტერ-პეტროსიანი და ჭამდა განვლილი წლების მოგონებებს ტრანსცენდენტულ აღმაფრენაში, სადაც არასდროს ჩვენთვის აღარ გამოიდარებს.

შენ გეძინა იმ ღამეს, როდესაც შენს ოთახში შემოიჭრა გამძვინვარებული ზაზუნა და ეშვებით გაანგრია მდუმარების წუთები. მაგრამ ამ დროს ღამის პეპელა განგმირული დაეცა შენს პომადაწასმულ ტუჩებზე და სამარადჟამოდ მიგეწება.

ხო, მართლა, იმას მოგახსენებდი, რომ აღმოჩნდა, რომ აღმოჩნდა ამერიკა და სარკოფაგიდან წამოდგა ალექსანრე ყაზბეგი, რომელსაც უყვარდა ბეთჰოვენი და მჟავე კეფირი.

ბოლოს შეჰყარნეს მიწამან ერთგან ანო და ვანო სარაჯიშვილები, რომელთაც ერთმანეთში ჰქონდათ ინცესტი, და ერთხმად შესძახეს: „Ich bin, du bist, er, sie, es – ist!“

ამის შემდეგ კართაგენი დაინგრა და ფერფლად იქცა ბავშობის ოცნება: „ნეტაი გოგოვ მე და შენ ერთმანეთს დაგვატოლაო, რომელიც გრძელი მოვიდეს, მაკრატლით გაგვასწორაო.“ ანუ, როგორც იტყოდა ბესიკ ხარანაული, კარტოფილის ყვავილი რომ მოწყვიტა და ხარაგაულში ამოყირავებულ მატარებელს გადახედა, საიდანაც გაისმა ხმა განწირული ავაზაკისა:

„და მე კი, სიტყვაო, აღმსარებელად მიმიღე და აკურთხე სიტყუანი ესე ჩემნი ძისა შეცთომილისა შენისა, ამინ.“

 

1993 წ.      


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.