• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რატომ არ გამომდის კარგი კოცნა

×
ავტორის გვერდი მერი რუფლი 04 მარტი, 2016 23587
მთარგმნელი: დალილა გოგია
 
თოვლი
 
ყოველთვის, როცა იწყება თოვა, სექსი მინდება,
არ აქვს მნიშვნელობა ოდნავ და არასერიოზულად თოვს, 
თუ ინტენსიურად და ძალიან სერიოზულად ათოვს ღამეს. 
 ამ დროს  მინდა შევაჩერო სიცოცხლის ყველა  მანიფესტაცია, 
რაშიც კი  ჩართული  ვარ და  მინდა მხოლოდ სექსი. სექსი იმ ადამიანთან, 
ვინც თოვლის მოახლოებას გრძნობს და ეს იმდენად მნიშვნელოვანია 
მისთვის, რომ შეიძლება ოფისი ან საქმიანი შეხვედრა დატოვოს, 
ან მძიმე ფიზიკური ვარჯიში შეწყვიტოს, ან  სულაც სხვასთან 
სექსს დაანებოს თავი და თოვლში  გამოვიდეს ჩემთან, 
ანუ მასთან,  ვინც უკვე თოვლშია და დათოვლილ ტვინში 
სექსს იწყებს. სექსი მინდა მასთან, ვისთვისაც თოვლი, 
ზუსტად ისე, როგორც ჩემთვის, ნიშანია, სიხარულის ულტიმატუმი,
თუმცა  ულტიმატუმი არც სიხარულია  და არც მწუხარება. 
როცა თოვას დააპირებს, მინდა ვიყო საკლასო ოთახში, - რადგან მასწავლებელი ვარ - დავხურო წიგნი, წამოვდგე და ვთქვა: 
„თოვა იწყება,  სექსის დრო მაქვს, უნდა წავიდე, კარგად იყავით“ 
და გავიდე ოთახიდან, დავქოქო მანქანა, სწორედ მაშინ, 
როცა პირველ ფანტელს გადმოყრის და ვიცოდე, 
რომ ისიც თავის მანქანას ქოქავს და
ხედავს, როგორ ეცემა ფიფქები მანქანის მინაზე, ან, 
თუ ის სახლშია, უყურებს თოვლს და გრძნობს, 
რომ მივალ, დათოვლილი, ასე, ათ - ოც, ან
ოცდაათ წუთში, და თუ თოვა შეწყდა, ჩვენ,
როგორც ადამიანებს შეეფერებათ, სწორ 
გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ არა მაშინ, როცა თოვს 
და თოვლი მთლიანად გვიმორჩილებს.
 თოვლში ყველა ჩიტი ერთბაშად  ქრება. სულ მაინტერესებს, 
სად მიდიან ჩიტები თოვლში.  ამ დროს ისინი  სადღაც 
ბუჩქებში შეყუჟული წარმომიდგენია, ან ხეების შიგნით, 
ან ტყის სიღრმეში, ტოტებზე, ყველგან, სადაც თოვლი 
ვერ აღწევს. ჩიტები გრძნობენ თავის უმწეობას და პაწაწინა, თანდაყოლილი 
ვაჟკაცობით უძლებენ თოვას. ვიდრე გადაითოვებს, 
გასათბობად ბუმბულიან თავებს კისერში რგავენ, 
ფრთები,  ჩიტების განმასხვავებელი ნიშანი, 
სრულიად უსარგებლოა თოვლში.
მაშინ, როცა მე სექსი მაქვს, და გარეთ ბარდნის, მინდა
ვფიქრობდე ჩიტებზე და მინდა,  ჩემი საყვარელიც
ჩემსავით ჩიტებზე ფიქრობდეს, რადგან, როცა გარეთ თოვს და 
ჩვენ კი სექსი გვაქვს საბანზე, ან საბნის ქვეშ,
ძალიან ვემსგავდებით ჩიტებს, რომლებიც
მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ თოვლის გარდა ვერაფერს ხედავენ, სრულ უძრაობასა და სიჩუმეში 
მაინც  ინარჩუნებენ ფერს მკერდზე,  ღრმად სუნთქავენ,
მათი გული ფეთქავს. დიდი სიამოვნებაა თოვის დროს ჩიტებზე ფიქრი,
მაგრამ უფრო დიდი სიამოვნებაა, როცა ვუყურებ, 
როგორ ათოვს სასაფლაოს, საფლავებს, საფლავის ქვებს 
და ძველ, საგვარეულო აკლდამებს. მიყვარს, როცა ვხედავ, 
ნელ-ნელა თეთრად როგორ იპენტება  საფლავები,
ამ დროს  თოვლის სიცივეს სრულად შევიგრძნობ. 
თოვლი ქვაზე ცივიც კია, მიწა კი - ყველაფერზე ცივი,
მიწაში მიცვალებულების ძვლებია. თუმცა, არ სცივათ მკვდრებს,
თოვს თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, 
არავითარი, სრულიად არავითარი მნიშვნელობა, 
მაგრამ ჩვენთვის, საოცარია თოვლი სასაფლაოზე. მაშინ, 
როცა ვუყურებთ როგორ ეფლობა თოვლში სასაფლაო და 
ვხედავთ თოვლს საფლავებზე, რომლებიც ფარავენ ძვლებს, 
თითქოს განსაკუთრებით გამჭოლია ყინვა
და ამავდროულად, სულ სხვანაირია სიმშვიდე, 
რომელიც თანდათან გვეუფლება. 
რაც არ უნდა ძლიერად თოვდეს, თოვლი მაინც არ კარგავს სინაზეს,
თითქოს  ფაქიზად ეფინებაო  ფიფქები მძინარეთ,
რადგან მკვდრები არიან მშვიდად, არასოდეს ღელავენ,
სძინავთ, როცა თოვს და მაშინაც, როცა გადაიღებს,
და თუმცა მე თოვის დროს გამალებულ სექსში ვიქნები, 
მინდა მახსოვდეს მდუმარე, ცივი, სათუთი მძინარენი,
რომლებსაც ბუმბულში შეფუთული ჩიტებისგან განსხვავებით,
არ ძალუძთ საკუთარ თავზე ზრუნვა,
და არიან ის, ვინც არიან, და ნაწილობრივ, თოვლის ნაწილიც, 
თოვლის, რომელიც ისეთი მონდომებით  ეცემა ციდან, რომ  
თითქოს  ყველა სხვა ემოცია ქრება და მთელი სამყარო  
წვება ლოგინში, ჩემსავით თბილად იფუთნება და  
საყვარლის მკლავებში იკარგება.
ჰო, ასეა, როცა ასე თოვს, მგონია,  რომ  
მთელი სამყარო ჩემთან ერთად მარტოობასა და მდუმარებაში ეფლობა.
 
 
 
 
რატომ არ გამომდის კარგი კოცნა
 
იმიტომ, რომ  პირს მეტისმეტად ფართოდ ვაღებ
და ვცდილობ, ჩვენს უკან ფარდები  და 
ყველაფერი, რაც ფანჯრის იქითაა, გადავყლაპო,
გარდა პატარა შავი ძაღლისა, რომელსაც არ ვუყვარვარ,
და ამიტომ ბოლო წამს  პირს ვხურავ.
 
იმიტომ, რომ ჩიპრიანო დე რორე არ ფიქრობდა,
როცა თავის საერო და სასულიერო მოტეტებს წერდა,
ასე რომ არ ყოფილიყო, მხოლოდ ერთი ტიპის მოტეტი იარსებებდა,
და ეს საშინლად მოქმედებს ჩემს ტუჩებზე.
 
რადგან ბოლო წამს ვხედავ ლიმონს
საფლავის ქვაზე და ეს ისაა, ზუსტად ის,
რაც თითქოს წარმოუდგენლია,  და მის სრულყოფილებაში 
 კოცნა უკვე თავისთავად იგულისხმება. 
 
იმიტომ, რომ სილამაზის შესახებ ყველაფერი
ბორინ ვან ლუნის ამინდის გზამკვლევიდან გავიგე, ასე,რომ
დაბურთული ღრუბლებისა და ანტიციკლონების ბუნება
და კიდევ ბევრი სხვა რამ  თავში მერევა
და ერთბაშად გამიელვებს ხოლმე: ნეტავ, როგორ ახერხებენ კარგად კოცნას?
თანაც იმ მომენტში, რომელსაც 
მთლიანად ვფლობ, - ანუ როცა ვიცი, რომ კაცს შეუძლია უჩემოდაც
იყოს გაურკვევლობაში, ეჭვებსა და მისტერიებში, 
 და  საშინლად მეშინია, რომ ის მიმატოვებს
ზუსტად იმ დროს, როცა ჩემი კოცნა ჯერ კიდევ იმაზე იფიქრებს, როგორ მოიქცეს.
 
რადგან მგონია, რომ ეცდები წაიკითხო, რა მაწერია
ენაზე, და ამიტომ,  გაწყვეტინებ და გეკითხები:
წითელი კაბა? წითელი წინდები? და მკვდარი მამალი?
მკვდარი რა?
 
იმ ქალის გამო, ვინც ჩემშია და იცის, 
საიდან მოხვდა წითელი კაბა და წითელი წინდები ჩემს პირში,
მაგრამ მაინც ამ მოსაბეზრებელ შეკითხვებს სვამს
და თავის სრულ უჭკუობას ამტკიცებს.
 
რადგან ზუსტად მაშინ, როცა ჩვენი კბილები მზადაა დაიმალონ,
ვხდები სამშობლოს გამყიდველი და ვივიწყებ არჩევნების შედეგებს,
ასევე, სამრეწველო საიდუმლოებებს, რომლებიც უკავშირდება 
შალისგან მოქსოვილ ნაყინის კონუსებს,  რომელიც მთლიანად შეცვლის ნაყინის
 სამყაროს მომავალს.
 
ნეტავ,  მსოფლიოში საუკეთესო მკოცნელს მაინც თუ უკოცნია ვინმესთვის ისე, რომ ყურადღება არ მიუქცევია  უამრავი წინააღმდეგობისთვის -
 
რადგან ყოველი კოცნის დროს, თითქოს ჰაერში თოჯინის თვალებს ისვრი
და თანაც ცდილობ, მათ შენი თვალებიც გააყოლო -
 
თუმცა, შეიძლება ასეც იყოს: ო, დღეგრძელი იყოს კოცნა,
და არა ვულკანების ღებვა,
 
მაშინაც კი, თუ ჩემი კოცნა თმისგან დამზადებულ ფუნჯს ჰგავს, 
მაშინაც კი, თუ  ის კონოპოლისია, ცოცხის მსგავსი 
ქერცლიანი მცენარე, მუხის პარაზიტი.
მაშინაც კი, თუ მეზღვაური ზღვაში, ჩემში შემოვიდა
რომ ნახოს, რაა ჩემში სანახავი
და ერთადერთი, რისი ნახვაც ჩემში შეიძლება,
 ჩემში არსებული ღრმა, ბნელი ზღვის  ფსკერია.
 
მაშინც კი, როცა ვიცი, არაფერი ყრია წივილ-კივილით ღამეში გაქცევაში,
 იმ ღამეში, რომელსაც პირი ჰქვია,
პირი, რომელიც ჰგავს ხავერდის კინოთეატრს
პლანეტებით მოხატული ჭერით,
სადაც შენ შეგიძლია მიპოვო მე, შენი მეორე ნახევარი,
რომელიღაც ლამაზ უსიამოვნებაში გახვეული,
მოკასინის #3 გვირისტში,
გვირისტში, რომლის გახსნაც საჭიროა ჩემს გასათავისუფლებად. 
 
 
 
ბალადა
 
როცა ჩემს ფეხსაცმელს ქუსლი მოძვრა,
უკვე ვიცოდი, რომ
სასიკვდილოდ ვიყავი განწირული.
ამ ქვეყანაზე სიცილით მოვედი
როგორც ადამიანი, რომელმაც უკვე საკმარისად იტირა.
მეთვრამეტე საუკუნეში წარმართობისთვის
ჩამომახრჩვეს
ამომავალი მზის მკრთალ შუქზე,
ამ დილით კი, ფეხი ჩამოვდგი იატაკზე და ასე შემდეგ.
აზრები რიგ-რიგობით შემოვიდნენ  ჩემს თავში
და ყველა დავიტოვე -
ერთხმად ღნაოდნენ:
გეხვეწები, ნუ მომკლავ,
მეც ხომ შენი ნაშიერი ვარ!
აი, ესაა, რაც ქუჩაში გამვლელს ვუთხარი,
როცა ჩემს ფეხსაცმელს ქუსლი მოძვრა
და უკვე ვიცოდი, რომ სასიკვდილოდ ვიყავი განწირული.
 
 
 
მშობიარე ქალები
 
ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას 
რადგან მათთან არავინაა  რომ გვერდით მიუწვნენ
 
ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას 
შუადღისას სამრეცხაოში თავის წინდებს ანადგურებენ
 
ქალები  რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას: 
ჰანს ბრინკერი ანუ ვერცხლის ციგურები
 
ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას 
როგორც ვარსკვლავებით განათებული მარგალიტის 
პირველი ასხმა სადაფის მთვარე
 
ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას 
გზავნიან საფოსტო მარკას 
რომელზეც ახალშობილი 
ჩხავის: „მომაქვს სიახლე“ 
 
ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას 
იმეორებენ ფეხსაცმლის ბრენდებს
 
ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას 
ღვრიან გაუმართლებელ ცრემლებს, 
ისეთებს რომლებიც მუდამ ლოყებზე ჩამოსდით 
და  არასოდეს ჩასდით პირში, 
ისეთ ცრემლებს რომელსაც ვერ ჩაყლაპავ
 
 
ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას 
მღერიან ღმერთო დაიფარე ჩემი სატრფო  
და შემდეგ ასლოკინებენ 
 
ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას 
ემორჩილებიან ფიზიკის კანონებს 
ქალები რომლებიც  სიზმრებს ბოლოში აკულულებენ 
ქალები ფლამინგოს მონასტერში
 
ქალები რომლებიც მარტო წვანან შუაღამისას 
და მოჰყავთ წვიმა, ბუზები, დასასრული, 
დაკარგული დრო, ხედავენ ჩიტს, 
რომელიც ერთხელ აეროპორტში ნახეს მომწყვდეული და შადრევანმა გადაარჩინა
 
და კიდევ, ოდესმე სცადე 
ღირს.
 
 
 
 
მორევი
 
კლასში ბნელა, მერხებთან არავინ ზის
და დაფაზე წინადადებას შეეშინდა, როცა მარტო 
დარჩა. წინადადებას უნდა, რომ ის ვინმემ
წაიკითხოს, წინადადება ფიქრობს, რომ ის მშვენიერი
წინადადებაა, კეთილშობილი, სრულყოფილი 
წინადადება, შეიძლება, მნიშვნელოვანი წინადადებაც კი,
დიახ, შექმნილი ცარცის მტვრისგან, მაგრამ წინადადება,
რომელიც თავის თავში გარკვეულ მორევს შეიცავს, 
მაგრამ არა განსხვავებულს უცნობი სამყაროს 
ბუნდოვანი გულისგან. თუმცა, თუ მას არავინ წაიკითხავს,
როგორც უნდა დარწმუნდეს ამაში? შეიძლება, ის 
მოსაწყენი წინადადებაა და ამიტომ დატოვა
ყველამ, შუქიც ჩააქრეს. ღამე მოვიდა და მასთან
ერთად მოვიდა მთვარეც. წინადადება დაფაზე კაშკაშებს.
 მშვენიერი სანახავია, მაგრამ არავინ კითხულობს მას. 
 
ბედნიერების ხელოვნება
ისე სუსტად ვარ,  ვერ ვლაპარაკობ,
ამიტომ გწერ.
წყალს ვერ მომიტან? 
ორ ნაბიჯსაც ვერ ვდგამ ონკანამდე.
ხელს ბედნიერების ხელოვნება მიშლის. 
 წყალს რომ მომიტან,
დარწმუნდი, რომ ჭიქაში ასხია, 
წყალი ჯობია ჭიქაში იყოს, ვიდრე
წყაროში და ოკეანისკენ მიექანებოდეს. 
ესაა ბედნიერების ხელოვნება. 
ვაი, რომ ერთ დღეს წყალი დატოვებს ჭიქას, 
მაგრამ ჯობია წყალი სხეულში იყოს, 
ვიდრე წყაროში და ოკეანისკენ მიექანებოდეს.
ვაი, რომ ერთ დღეს ის დატოვებს სხეულს 
მაგრამ ამაზე არ იდარდო ახლა. 
ესაა ბედნიერების ხელოვნება. 
როცა წყალი ჩვენში შემოდის, გემრიელი 
ხდება, გზაზე რაც ხვდება, ყველაფერი უნდა წალეკოს, 
ის აყალიბებს აზრს და შემდეგ გამოხატავს მას,
ის ხედავს იმას, რაც სხვას არასოდეს უნახავს. 
როგორც ხედავ, სიხარულისგან ვკვდები. 
გთხოვ, უთხარი ქირურგს, მოვიდეს 
და ამომაჭრას ეს დღე - 
არ მინდა ბედნიერებისგან სიკვდილი. 
რა გახდა ერთი ჭიქა წყალი?  
რა გახდა ერთი-ორჯერ ჩემთან დარეკვა?
 
 
დაიბეჭდა ჟურნალ "ახალ საუნჯეში"
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული