ესაიას წიგნი





პოეზია

ესაიას წიგნი




მთარგმნელი: დალილა გოგია

 

ენნე კარსონი კანადელი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი დაიბადა 1950 წელს.  მის შემოქმედებას, განსხვავებული სტილისა და აზროვნების გამო, მაღალი შეფასება მისცეს ჰაროლდ ბლუმმა და სუზენ ზონტაგმა. ის არის ფუშქარდის, გრიფინისა და ელიოტის პრემიების ლაურეატი. 2005 წელს მიიღო კანადის ორდენი. ასევე, მიღებული აქვს სხვა მრავალი ლიტერატურული პრემია და ჯილდო.  მისი ლექსი „ესაიას წიგნი“ ყურადღებას იპყრობს გამორჩეული ფორმით და ხედვით.

 

ესაიას წიგნი

 

I.

 

ესაიამ გაბრაზებულმა გაიღვიძა.

ესაიას ყურებთან ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. არა, ეს ბრაზი იყო.

ღმერთმა ესაიას ყურები მკბენარებით აავსო. ერთ დროს ღმერთი და ესაია მეგობრები იყვნენ.

ღმერთი და ესაია ღამეებს საუბარში ათენებდნენ. ესაია ბაღში მიიჩქაროდა ხოლმე.

ხის ქვეშ საუბრობდნენ, ღამე ილეოდა.

ღმერთი ესაიას თავიდან ფეხებამდე ზარივით აწკრიალებდა.

ესაიას ყოველთვის უყვარდა ღმერთი, მაგრამ ახლა ეს სიყვარული ტკივილად იქცა.

ესაიას უნდოდა სახელი დაერქმია ამ ტკივილისთვის და დაარქვა ცოდვა.

ახლა ესაია იყო კაცი, რომელსაც სწამდა, რომ თავად იყო ხალხი.

ესაიამ დაარქვა ამ ხალხს იუდეველები  და ცოდვას კი იუდეველთა მდგომარეობა.

ესაიაში ღმერთმა დაინახა, რომ სამყაროს ზეწარი იწვოდა.

ესაია და ღმერთი ყველაფერს სხვადასხვაგვარად ხედავდნენ, მე მხოლოდ მათი მოქმედებები შემიძლია ჩამოვთვალო.

ესაიამ ხალხს მიმართა.

ადამიანი არის მყიფე! დაიყვირა ესაიამ.

ხალხი თავის ნაჭუჭში აფუთფუთდა   და ისევ მიიძინა.

ხალხს თვალებში სისხლიანი ხორცის ორი ნაჭერი ფრთებივით უჩანდა.

ხალხმა მძიმე და პრიალა ნახატივით  მიიძინა.

ვინ  შექმნის ახალ ტკივილს?

თუმცა, მე გამოვიგონე ცოდვა, ფიქრობდა ესაია და ხელს თავებს უსმევდა.

და შემდეგ, მათ შორის დიდი მიზიდულობის გამო-

რომლის გულისთვისაც  ესაია მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება იბრძოდა (ხან მის წინააღმდეგ და ხანაც მის მხარეს) -

ღმერთმა შეარყია ესაიას გულგრილობა.

ღმერთმა ესაიას თმა ცეცხლით ჩამობანა.

ხორცის ფრთების ქვემოდან უსმენდა ხალხი.

შენ, თქვა ესაიამ

პასუხი არ იყო.

შენი ხმა არ მესმის, ისევ თქვა ესაიამ, ხის ქვეშ იჯდა.

განათდა.   

ღმერთი მივიდა.

ღმერთმა ესაია მისი ხალხის ყველა თვალის ფოსოში ჩაფშვნა შუშასავით.

მატყუარა! თქვა ღმერთმა.

ესაიამ ხელები ტანსაცმელზე დაიწყო, ესაიამ ხელი სახეზე აიფარა.

ესაია პატარა კაცია, თქვა ესაიამ მაგრამ მატყუარა არ არის.

ღმერთი დუმდა.

სწორედ ეს იყო მათი კონტრაქტი.

სისუსტე ორივე მხარეს, არავითარი ტყუილი.

ესაიას ცოლი კართან მივიდა, კარი შეზანზარდა.

ეს რა ხმაა? თქვა ესაიას ცოლმა

უფლის შიში, თქვა ესაიამ

მან გაიცინა სიბნელეში, ქალი უკან გაბრუნდა.

 

 

II.

არსებობს ისეთი ზეწოლა ადამიანებში, რომ შეიძლება ის, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასია, აიღონ და გაანადგურონ.

რელიგია ამ ზეწოლას ღვთისმოსაობას უწოდებს, ხოლო განადგურებულ საგანს კი ღვთის შესაწირს.

წინასწარმეტყველები ეჭვქვეშ აყენებენ ამ სახელებს.

რა არის კერპი?

კერპი უაზრო შესაწირია. თქვა ესაიამ

მაგრამ საიდან უნდა იცოდე, რომ ის უაზროა? ჰკითხა ხალხმა თავის ბრძენს

ესაია დაფიქრდა. ბევრნაირად შეეძლო ეპასუხა.

ლურჯი ციდან მაშინვე მის გონებაში ბუნებრივი რეალობის ნატეხები და სინათლის წვიმა წამოვიდა.

პასუხად ესაიამ მეტაფორა აირჩია.

ჩვენი ცხოვრება არის camera obscura, თქვა ესაიამ, იცით ეს რა არის?

არასოდეს გაგვიგია, თქვა ხალხმა

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბნელ ოთახში, დაიწყო  ესაიამ

კარგი, თქვა ხალხმა

კარი ჩაკეტილია, და უკანა კედელზე კი ჭუჭრუტანაა.

ჭუჭრუტანა, გაიმეორა ხალხმა.

სინათლე შემოდის ჭუჭრუტანიდან და წინა კედელზე ეცემა.

ხალხი ესაიას უყურებდა, მან თავი მოაბეზრა მათ, თუმცა მოხიბლა კიდეც.

ჭუჭრუტანის წინ,  რა საგანიც გინდათ, დაიჭირეთ,  თქვა ესაიამ.

და შეგიძლიათ თაყვანი სცეთ მას წინა კედელზე.

რატომ უნდა ვცეთ თაყვანი გამოსახულებას?

მეც მაგას ვამბობ, თქვა ესაიამ

ამაზე ხალხი წამით დაფიქრდა.

შემდეგ მათი ბრძენი ალაპარაკდა.

და ესაიას ჭუჭრუტანა?

ეჰ, თქვა ესაიამ

მას მოგონება დაეცა ისე, როგორც პაპანაქება ეცემა ბალახზე.

ესაიას გაახსენდა ძველი დრო, როცა ღმერთს ხის ქვეშ ესაუბრებოდა,

და ძველი მსახურთუხუცესივით, რომელიც რევოლუციის დაწყების დღეს მიტოვებულ სახლში დადის,

ესაიამ  თავი დახარა.

სიმძიმე იგრძნო ესაიამ.

ესაიამ პირი გააღო.

ოხვრა ამოვიდა ესაიას პირიდან, ოხვრა ყმუილში გადაიზარდა.

ყმუილი გაჰყვა ნაკადულებს ნაკადულების პირამდე

და დახია მეთევზეთა ბადეები, რომლებიც კუთხეებს ქმნიდნენ ნაკადულებში,

შეარცხვინა სელის ტილოთი შემოსილი ბადის მქსოველები

და დაამსხვრია მათი მიზნები.

ყმუილი გაგორდა, როგორც მრგვალი საგანი და გაცდა მოკლულ კაცს, ნათესებს, ნადავლს

და  ორ კედელს შუა თხრილში გაჩერდა.

ესაიამ გაითავისუფლა პირი ყმუილისგან.

ესაიამ  გაითავისუფლა პირი ძუძუს თავისგან.

ესაია შებრუნდა, ესაია წავიდა.

ესაიამ სამი წელი ტანშიშველმა და ფეხშიშველმა იარა, დუნდულებდაუფარავმა იარა

თავისი ხალხის სასირცხვილოდ.

ყოველღამე ხედავდნენ ხეს, რომელიც ცაში სულივით ადიოდა.

 

III.

ესაიამ სამი წელი ზმანების ველზე  იარა.

თავისი შუშის მოსაცმელით მოიარა უდაბნოები და ზამთრის შავი განთიადები.

გაყინულმა მზემ ქუთუთოები დახარა, ესაიას მისთვის თვალი რომ არ მოეჭრა.

ღმერთმა  უკან დაიხია.

ახლა ესაიას ჰქონდა ბუნაგი იმ ადგილას, სადაც მისი ყმუილი  შეწყდა.

მთელი ის დრო, როდესაც ესაია დადიოდა, მისი გული ბუდიდან გადმოედინებოდა.

ერთ დღეს ესაია გაჩერდა.

ესაიამ ხელი ამოღრუტნულ ადგილას დაიდო.

ესაიას გული პატარაა, მაგრამ რაღაცნაირად, წმინდა, თქვა ესაიამ, მე გადავარჩენ მას.

ესაიამ ბუდე ფეტვითა და ნეხვით ამოილესა.

ღმერთი ხედავდა, რასაც აკეთებდა ესაია გულის გადასარჩენად.

ღმერთი ზეთისხილის ხესავით ირხეოდა.

ან ახლა, ან არასოდეს, წაიჩურჩულა ღმერთმა.

ღმერთი დაიხარა და ესაიას წინ, უდაბნოს ქვიშაზე  ხაზი გაავლო.

დუმილი დაიწყო.

დუმილმა  ესაიას ყურის არხებიდან ტვინში დაიგრიალა.

ესაია დუმილს უსმენდა.

მის ქვეშ, ღრმად, იყო სხვა ხმა, რომელიც ესაიას შორიდან ესმოდა.

ზარის მსგავსი ხმა.

გაიღვიძე ესაია! ესაიას ღმერთის ხმა უკნიდან მოესმა.

ესაია შეკრთა და შემობრუნდა.

გაიღვიძე და ადიდე უფალი! თქვა ღმერთმა ძლივს შესამჩნევი ღიმილით.

ესაიამ გადააფურთხა.

ღმერთმა არ დააყოვნა.

ხალხი იწვის! იყვირა ღმერთმა და უდაბნოს მეორე მხარეს მიანიშნა.

ესაიამ იქით გაიხედა.

სამყაროს ყველა ფანჯარა ღია იყო და უბერავდა.

ყველა ფანჯარაში ესაიამ დაინახა ალის მაგვარი მოძრაობა.

ალის უკან დაინახა ფოლადის ჭიშკარი, ჩაკეტილი.

ჭიშკარსა და ალს შორის მოყოლილი ირემი.

ესაიამ დაინახა, რომ ხალხის ირემს ზურგზე ცეცხლი ეკიდა.

განცვიფრებული ირემი ტრიალებდა და ტრიალებდა და ტრიალებდა,

ვიდრე მისი საკუთარი ჩრდილი დამდნარი ფრთებივით უფორმოდ არ დაეცა მის ფეხებთან.

ესაიამ ორივე ხელი გაიწვდინა, ისინი კაშკაშა ალით აალდა გარიჟრაჟზე.

საცოდავი ხორცი! თქვა ესაიამ.

შენს ხალხს ჭირდები, ესაია, თქვა ღმერთმა.

ხორცი ტყდება, უპასუხა ესაიამ.  ოდესმე ყველა გატყდება,  ვერაფერს ვიზამთ.

გეუბნები, ესაია, შენ შეგიძლია ხალხის გადარჩენა.

ქარი ძლიერდებოდა, ღმერთი ყვიროდა.

შენ შეგიძლია! დაიწყე იმ რკინებით, ამოგლიჯე, გამოიყენე ლომები, გამოიყენე ელვა, გამოიყენე ყველაფერი, რასაც ხედავ-

ესაია ხედავდა ოფლს და ცრემლებს ღმერთის სახეზე.

კარგი, თქვა ესაიამ, მე უნდა გადავარჩინო ხალხი. და შენ რას გააკეთებ?

ღმერთმა მძიმედ ამოისუნთქა.

მე ცეცხლს გადავარჩენ.

მათი კონტრაქტი გაგრძელდა.

 

IV.

 

როცა ესაია უდაბნოდან დაბრუნდა უკვე საუკუნეები იყო გასული.

არაფერი იყო დარჩენილი ესაიასგან გარდა დიდი შუბლისა.

შუბლი გორავდა და ესაუბრებოდა ხალხს, რომელიც მის დანახვაზე გარბოდა.

ხალხს ესაია სასამართლოში რომ წაეყვანა, ესაია დაამტკიცებდა თავის სიმართლეს.

მაგრამ ისინი საიდუმლოდ შეიკრიბნენ და ხმა მისცეს მათგან მის მოკვეთას.

მწყემსები! რჩეულნი! გამხდარი ძაღლები! ძაღლის სისხლი! გუშაგები! თქვა ესაიამ.

ესაია ხესთან გაიქცა.

ზამთრის მოწყენილი საღამო იყო, სიცივე მავთულივით იკბინებოდა.

ესაიამ შუბლი მიწას დაადო.

ღმერთი მივიდა.

რატომ იტანჯება მართალი? თქვა ესაიამ

სიცივე ჩამოცოცდა ხიდან.

ყურადღება მიაქციეთ, რომ როცა კი ღმერთი ესაიას მდედრობითი სქესის მხოლობითი რიცხვის ზმნით მიმართავს, რაღაც თვალისმომჭრელი ხდება.

ესაია, რა იცი ქალების შესახებ? ჰკითხა ღმერთმა.

ესაიას ნესტოებიდან ქალის სიტყვები ჩამოუვიდა:

სირცხვილი. სიმყრალე. ცოლი. ლეღვი. კუდიანი -

ღმერთმა თავი დაუქნია.

ესაია, წადი სახლში და ცოტა დაიძინე, თქვა ღმერთმა.

ესაია წავიდა სახლში, დაიძინა, ისევ გაიღვიძა.

ესაიამ კისრის ქვემოთ რაღაც იგრძნო, ეს იყო რბილი და მწარე გრძნობა.

ესაიამ დაიხედა.

ეს იყო რძე. ძუძუს თავებს აწვებოდა.

ესაია უფრო მეტი იყო, ვიდრე მთელი.

მე არ ვარ შენთან, მე ვარ შენში, თქვა ღმერთის დახშულმა თეთრმა ხმამ.

ესაია მუხლებზე დაეშვა.

ახალი ტკივილი! თქვა ესაიამ.

ახალი კონტრაქტი! თქვა ღმერთმა.

ესაიამ აწია ხელები, რძემ გადმოხეთქა მისი მკერდიდან.

ესაია ხედავდა რომ რძე ასხამდა.

რძე დაესხა ხეს, მთელს ისტორიას, ხალხის ცხოვრებას და დროს.

რძემ ესაიას დაავიწყა სამართლიანობა.

როცა ის თავისი რძით პატარა ჩიტებსა და ცხოველებს კვებავდა მხოლოდ მათ პატარა ტუჩებზე ფიქრობდა.

ამასობაში ღმერთმა განაგრძო მამრსა და მდედრზე ფიქრი.

ბოლოსდაბოლოს არსებობს სამართლიანობის აღმნიშვნელი ორი სიტყვა, ესაია  ამ რთულ კვანძს მარტო ვერ გახსნიდა.

პირველი მამრობითი სიტყვა TSDQ, სამართლიანობის ღერძი, რომელიც მუხას ორად აპობს.

მეორე, ცარელა ხეში, სოკოების და მატლების და მაიმუნების საარსებო წყაროში.

 

აი, (მდედრობითი სიტყვა ) TSDQH.

ეს ორი სიტყვა ღმერთმა ესაიას ხელისგულზე ამოკვეთა.

ღმერთი წავიდა.

და თუმცა მართალია, რომ ესაიას წინასწარმეტყველება გაგრძელდა.

და თუმცა სიმართლეა, რომ ესაიას თავად ჰყავდა რამდენიმე ცოლი და უკანონო ვაჟიც.

მაინც, ზოგჯერ ღამით სიზმრებში რძის მდინარე სდიოდა.

ვერცხლის მდინარე, სინანულის მდინარე.

მას ეძინა, ასტრები კი ბნელ ბაღში წითლად ელავდნენ.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.