ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოლიტიკა

წერითი ბოროტება

პაატა შამუგია
05.11.2013

   


ძირითადად საკუთარ თავზე ვწერ, მაშინაც კი, როცა სხვაზე ვწერ. ეს ბლოგიც ასეთია, ოღონდ ამჯერად ტყუილის ნაცვლად, სიმართლეს ვწერ (ზოგჯერ ასეც გამომდის).  

ჟურნალ "არილში" გამოქვეყნდა ჩემი ლექსი "წერილი მეგობარს, რომელსაც კიბო აქვს და იმედია, მალე მოკვდება."

ლექსს ბოლოში დართული აქვს საბანკო ანგარიში და დაავადებულის შესახებ ინფორმაცია (ლევან ცერცვაძეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია. მას ყელის სიმსივნე აქვს. გამოაგზავნეთ ნებისმიერი თანხა ამ საბანკო ანგარიშზე: საბანკო კოდი: TBCBGE22 ანგარიშსწორების ანგარიში: GE09TB7492336010100002).

ეს ლექსი სოციალური პროექტია, რომელიც გარკვეულ მიზნებს ისახავს (მიზნებზე ქვემოთ)...

ერთი ნახევრად სანდო გადმოცემით, ძველად ორსულ ქალებს მუცელზე ადებდნენ წიგნს - "წმინდა მარგარიტას ცხოვრებას"  - მშობიარეს ტკივილები რომ შემსუბუქებოდა. ამბობენ (რაც უნდა უცნაური იყოს), ტკივილები მართლაც ქრებოდა თურმე. მედიცინაში ასეთ მოვლენას პლაცებოს ეფექტი ჰქვია.  მაგრამ ეს ადრე იყო, მაშინ, როცა წიგნი ლამის ერთადერთი ბეჭდური მედია საშუალება იყო. დღეს - ყვითელი პრესის, გლამურული ჟურნალებისა და პორნოინდუსტრიის ეპოქაში - ვიღამ უნდა დაუჯეროს ლიტერატურას? ჰა და ჰა, მავანმა ესთეტმა, მანიაკმა ბიბლიოფილმა ან გადამდგარმა პოეტმა...

შესაძლებელია, რომ ლიტერატურას, სრულიად თეორიულის გარდა, დავაკისროთ მეტად პრაქტიკული სამუშაოები? მაგალითად, შემოკრიბოს ადამიანები ძალიან ყოფითი მოვლენების გარშემო, გადაარიცხნოს ფული სხვადასხვა ანგარიშზე, ზეზვას და მზიას შეაყვაროს ერთმანეთი, ან თუ უკვე უყვართ, გაჰყაროს ერთმანეთს?  და ა.შ. და ა.შ. 

ზემოთნახსენები ლექსის დაწერის შემდეგ კიდევ ერთხელ ამომიხტა ეს კითხვა. ამიტომ ბევრი არც მიფიქრია, ლექსს ქვემოთ საბანკო ანგარიში მივაწერე და გამოგონილი პერსონაჟის ნაცვლად არსებული, ცოცხალი ადამიანი შემოვიყვანე - ჩემი მეგობარი ლევან ცერცვაძე, რომელიც რეალურ ცხოვრებაში თავს საკაიფოდ გრძნობს, თუმცა მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ ლექსში მისი მდგომარეობა მთლად დამაიმედებელი არაა.

ლევან ცერცვაძეს ლიტერატურულ წრეებში იცნობენ ფსევდონიმით - ზაზა კოშკაძე. ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი გვარ-სახელი. ვინც იცოდა, ისინი ოპერატიულად გამომეხმაურნენ, მეკითხებოდნენ, გადარჩებოდა თუ არა; საერთოდაც, მართლა ჰქონდა სიმსივნე თუ არა... რამე საღამო ხომ არ გაგვეკეთებინა, საიდანაც შემოსულ თანხას გადავურიცხავდითო, - ესეც შემომთავაზა ერთმა კოლეგამ. ბოლოს, თვითონ ლევან ცერცვაძემ (აწ უკვე ზაზა კოშკაძემ) დამირეკა და გათამაშებული დრამატულობით მკითხა: "ბიჭო, მართლა მაქვს კიბო?!"

მოკლედ, ეს ლექსი "არილის" რედაქტორმა, მალხაზ ხარბედიამ, როგორც კი განათავსა, ზუსტად 24 სათის განმავლობაში 265 ლარი შეგროვდა. ზოგმა 1 ლარი ჩარიცხა, ზოგმა - 2, ზოგმაც - 10.

ეს არაა დიდი თანხა, მაგრამ ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. პროექტი სახელად - "წერილი მეგობარს" - შედგა.

ძალიან გამიხარდა. სხვა რამეებთან ერთად, ისიც გამიხარდა, რომ ამ პოლიტიკური ინტრიგებისგან გამოჭმულ ცხოვრებაში სოლიდარობის, დახმარების სურვილი ნამდვილად არსებობს. და ლიტერატურასაც შეუძლია (მართალია, მინიმალური, მაგრამ მაინც) ბიძგი მისცეს ამ ყველაფერს.

წინასწარ მესმის მათი ბუზღუნი, ვინც ამ უვნებელ ავანტიურაში გავხვიე :)), მაგრამ მათი თანხა ზუსტად ისე წავა, როგორც მათ მიერვე იყო გამიზნული - გადაერიცხება სიმსივნით დაავადებულთა ფონდს[1].  (ჯერ ზუსტად გავარკვევ და შემდეგ დავწერ, კერძოდ, რომელ ფონდს).

მადლობა ზაზას. ვუსურვებ ჯანს. 



[1] ინტერნეტში დავძებნე მსგავსი პროფილის ფონდები. რაღაც უცნაური სახელები ჰქვიათ და არ მინდა, რომელიმე არარსებულ ან თაღლითურ ფონდს გადაერიცხოს. ამ დღეებში ზუსტად გავარკვევ. იმედია, ამაში სოც.ქსელის ნაცნობ-მეგობრებიც დამეხმარებიან.