ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოლიტიკა

ქველმოქმედება და ვოლტერის ნაბიჭვრები

ანტონინ მარტო
15.11.2013

   


ძალიან საინტერესო სოციალური მოვლენების მოწმენი ვხდებით საქართველოში.  მინდა მადლობა ვუთხრა ირაკლი ვაჭარაძეს, რომ მან ეს მეტად მტკივნეული სოციალური პრობლემა წინა პლანზე წამოსწია პერსონალური რისკის ხარჯზე.  მე დიდი ხანია ირაკლის ვიცნობ და ვიცი რომ ის ნამდვილად უაღრესად კვალიფიცირებული სოციალური მუშაკია.  ამაში მას უმაღლესი განათლებაც აქვს მიღებული და საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება გააჩნია.  ამიტომაც მხოლოდ მისასალმებელია რომ მან და მისმა ორგანიზაციამ სოციალური სიდუხჭირის და სიღატაკის პრობლემა წინა პლანზე წამოსწიეს.  სწორედ ეს იყო  და არის ყველაზე უფრო მარგინალური თემა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ნეოლიბერალურ სამყაროში.   იქნებ ის ფაქტი, რომ სწორედ 'იდენტობამ' დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი გახდეს ჩვენს საზოგადოებაში კატალიზატორი ახალი სოციალური სამართლიანობის მოძრაობის, რომლის მიზანიც იქნება რომ ქუჩაში არცერთი მიუსაფარი ბავშვი არ დარჩეს.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველ რიგში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული ნეოლიბერალურ-ავტოკრატიული სახელმწიფო ბავშვების ფიზიკურ უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე ზემოთ სრულებით სხვა პრიორიტეტებს აყენებდა.  მაშინ, როდესაც ამ სიღატაკის პრობლემის მოგვარებას გაცილებით ნაკლები სახსრები სჭირდება, უამრავი თანხები იხარჯებოდა იარაღის შესყიდვაში, პრეზიდენტისა და მისი ახლო გარემოცვის სხვადსხვა ვაკხანალიებში მსოფლიოს ლამისაა ყველა ქვეყანაში, გიგანტომანიით დაავადებული ნეოკლასიციხტური ქიჩის ტიპის შენობების და მთელი 'პოტიომკინის სოფლების' მშენებლობაში - ამ პროექტებზე მილიარდები მიდიოდა, ხოლო მიუსაფარ ოჯახებს სახელმწიფო კერძო ორგანიზაციების იმედად ტოვებდა.   ეს უდიდესი პრობლემაა, რომელიც ჯერჯერობით ამ ყბადაღებული 'კოჰაბიტაცია-თანაცხოვრების' პირობებში არ გადაჭრილა და ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღატაკეში.  დღეს, ჩვენთან ამ ბოროტების მთავარი ავტორია ის ნეოლიბერალური და დოგმატური კაპიტალიზმი, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ელიტის მთავარ მოქმედების პრინციპად იქცა.  

მე თვითონ, აქ განსვენებულ პეტრე გელბახიანთან ერთად მომიწია ეგრეთწოდებული 'დეინსტიტუციონალიზაციის' პროგრამაში მონაწილეობა 2005-06 წლებში და კარგად მახსოვს რა საშინელი პრობლემების წინაშე იდგნენ ბავშვები და მათი მშობლები მაშინ.  სიტუაცია დღეს პრაქტიკულად არ შეცვლილა.  და თან ამ საკითხზე ლაპარაკს საზოგადოება ყველაზე მეტად ერიდებოდა - იყვნენ მხოლოდ ერთეულები, რომლებიც ამაზე ხმას ამოიღებდნენ, და მათ იმწუთსვე ან 'პოპულისტებს' უწოდებდნენ (ვითომ სიღატაკესთან ბრძოლა რანაირად არის პოპულიზმი? და საერთოდ Populi-ს ანუ ადამიანების სიყვარული რატომაა ცუდი?), ანკი შეურაცხადებად აცხადებდნენ ანტონი არტოსი არ იყოს.  მე მომსწრე ვარ რომ ბევრი კერძო ორგანიზაცია და მათს შორის მართლმადიდებლური ეკლესია ბევრს აკეთებდა მიუსაფარი ბავშვების დახმარებისათვის.  მინდა ვთქვა რომ არასდროს დამავიწყდება, როდესაც 2006 წელს მე და ჩემი მეუღლე მეუფე დიმიტრის ეპარქიასთან არსებულ ბავშვთა სახლში მივედით და რამდენი სითბო ვნახეთ ამ ბავშვების მიმართ.  კიდევ უფრო საინტერესო, ამ ბავშვებს სენტ ეგზიუპერის 'პატარა უფლისწულს' ასწავლიდნენ და თეატრსაც დგამდნენ.  ეს სრულიად სეკულარული დადგმა სწორედაც რომ საეკლესიო ბავშვთა სახლის მიერ ხორციელდებოდა.  მაგრამ, ცხადია რომ ვერ ეკლესია და ვერც ერთი კერძო ორგანიზაცია ყველა გაჭირვებულის მოვლას ვერ გასწვდება და საერთოდ ნეოლიბერალურ სიცრუედ და ფარისევლობად მივიჩნევ სახელმწიფოს ვალდებულებების კერძო სექტორისათვის გადაბარებას.  ცხადია, ყოველთვის უნდა იარსებოს ქვემოქმედმა კერძო ორგანიზაციებმა, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა რომ არც ერთი ბავშვი ქუჩაში არ დატოვოს და ყველას საწყისი განათლების საშუალება მისცეს.  მე ახალი ხელისუფლების გულშემატკივარი ვარ და ძალიან მომეწონა გიორგი მარგველაშვილის 'წიგნების რეფორმა', როდესაც მან გადაწყვიტა უფასოდ გადაეცა სახელმძღვანელოები ყველა (და ეს მნიშვნელოვანია რომ ყველა და არა მხოლოდ სტიგმატიზებულად ღარიბი) მოსწავლისათვის.  აგრეთვე მისასალმებელია კობა დავითაშვილის მიერ დაწერილი კანონი საყოველთაო დაზღვევის შესახებ.  მაგრამ, ახლა კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ირაკლი ვაჭარაძის მხრიდან ძალიან სასარგებლო იყო ამის მთელი საზოგადოებისთვის დანახვება.  ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ შეუზღუდავი კაპიტალიზმის და ოლიგოკრატიის მხარდაჭერით ჩვენ არა მარტო მიუსაფარ ბავშვებს ვკლავთ, არამედ ბევრ ზრდასრულ ადამიანსაც.  დღემდე ეს საკითხი იმდენად მარგინალური იყო, რომ მასზედ მხოლოდ ანტონინ არტოს მაგვარი გიჟების ჩაჩუმებული ყვირილი თუ გვესმოდა.  მაგრამ დღეს ეს საკითხი მეინსტრიმ საზოგადოების დღის წესრიგში ისევ დადგა.

როგორი სახელმწიფო და საზოგადოება გვინდა ჩვენ?  ისეთი, რომელიც ათასობით თავის თანამოქალაქეს სიღატაკეში სულს ხდის და ამას ნეოლიბერალიზმის პრინციპების ერთგულებით ამართლებს თუ თანამედროვე სოციალურად დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც ადამიანების ბედზე თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას და იმის მაგივრად რომ ეფემერული იარაღების შესყიდვებით და სამთავრობო ვაკხანალიების დაფინანსებით იყოს დაკავებული - თანამედროვე ევროპული და აზიური დემოკრატიების მსგავსად მიუსაფარ ადამიანთან რიხცს ნულამდე ან სრულიად მინიმალურ ციფრამდე დაიყვანს.  სადაც პროფკავშირების უფლებები დაცული იქნება და ყველაფერი ოლიგარქების და გაურკვეველი წარმოშობის 'ინვესტორების' მუცლების ამოვსებაზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ საზოგადოების ყველა წევრის სიცოცხლის, თავისუფლების, და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლების დასაკმაყოფილებლად.  ეს თომას ჯეფერსონის სიტყვებია ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან.  დიახ, დღეს საქართველოში ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება ძალიან ბევრ ბავშვს, მოზრდილს და მოხუცს არა აქვს.  და ეს არის ჩვენთვის მთავარი და ყველაზე მტკივნეული პრობლემა.

აგრეთვე ძალიან საინტერესო იყო ინგა გრიგოლიას გადაცემის ყურბა ამ თემაზე, სადაც მე მგონი ჩვენს ისტორიაში პირველად დაიწყო ცივილიზებული დიალოგი სეკულარული და მორწმუნე საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული საკითხის მოგვარების თაობაზე.   ვფიქრობ, ამ დიალოგის მონაწილე სასულიერო პირების მოსაზრებებშიაც ბევრი რამ იყო საინტერესო და მათაც საკუთარი სიმართლე გააჩნიათ.  საერთოდ უნდა ითქვას რომ ეკლესია პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში (ათეისტური ჩინეთის, სამხრეთ კორეის და კიდევ რამდენიმე ასეთი ტიპის სახელმწიფოს გარდა) აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ ცხოვრებაში.  შორს წასვლა რად გვინდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი რელიგიური დენომინაციის ევანგელისტური ეკლესიის ხმა ყველა საპრეზიდენტო და საკანომდებლო არჩევნებში ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს.  ავიღოთ თუნდაც ახლანდელი წარმომადგენელთა პალატის და კერძოდ მისი რესპუბლიკური პარტიის დიდი ნაწილი სწორედაც რომ ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელთა ხელშია.  მე 'ჩაის პარტიის' დიდი მხარდამჭერი არ გახლავართ და ხმას ძირითადად დემოკრატებს ვაძლევ, მაგრამ იქაც დიდი გავლენა აქვთ განსაკუთრებით შავკანიან პასტორებს, მაგალითად ჯესი ჯექსონს, ან იგივე ალ შარპტონს რომელიც სერიოზული პოლიტიკური ძალაა დღესაც.  ამერიკაში ეკლესიის პასტორები სწორედაც რომ ეუბნებიან თავის მრევლს ვის მისცენ ხმა.  ისრაელში კი კონსტიტუციის ფუნქციასაც რელიგიური დოკუმენტი ასრულებს.  ტორა არის მთავარი იურიუდიული დოკუმენტი ისრაელის დემოკრატიული სახელმწიფოსათვის.  ასე რომ, იმაზე ლაპარაკი რომ რომელიმე დენომინაცია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში არასერიოზულია.  სხვა საქმეა, რომ ევროპულ და აზიურ სოციალურ დემოკრატიებში, სადაც სახელმწიფო იღებს სოციალური დამცველის ფუნქციას, ეკლესიის როლი შესაბამისად მცირდება და ის მხოლოდ კულტურული საკითხების კომენტირებით შემოიფარგლება.   

კარგია, რომ დაიწყო სოციალურ სიდუხჭირეზე საუბარი და ამავე დროზე სეკულარულ-რელიგიურ საკითხებზე ღია დისკუსია.  მე პირდაპირ ვამბობ რომ მივესალმები ირაკლი ვაჭარაძის ინიციატივას რომ სოციალური გაჭირვების საკითხი წინ წამოსწიოს.  ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ნებისმიერი ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას.  თუკი ადამიანს სიკეთის კეთება უნდა, ეს უკვე ჩემთვის პასუხია მთავარ კითხვაზე.  

ამავე დროს ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ ბოლშევიკების ან იაკობინელების შეცდომები.  ცნობილი კანადელი მოაზროვნე და საერთაშორისო პენ კლუბის დღევანდელი პრეზიდენტი, ჯონ როლსტონ სოული, თავის წიგნებში 'ვოლტერის ნაბიჭვრები' და 'გლობალიზმის კოლაფსი' სეკულარული ფუნდამენტალისტების იდეების გაკოტრებაზე საუბრობს.  ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან ევროპაში და მერე უკვე ევრაზიაში დაიწყო ეგრეთწოდებული ემპირიოცენტრისტების აზრის დიქტატი.  ისინი საკუთარი წრფივი აზროვნებით შეეცადნენ ახალი ტიპის რელიგია შეექმნათ, რომელიც მეტაფიზიკურ აზროვნებას მთლიანად ამოიღებდა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესრიგის იმპერატივიდან.  სწორედ ამიტომ მოხდა ჯერ იაკობინური, შემდეგ კი ბოლშევიკური აზროვნების წესის კოლაფსი.  ახლა უკვე ნეოლიბერალიზმის ჯერია.  არ შეიძლება მატერიალისტურ სიხარბეზე დამყარებული პოლიტიკური წესრიგის ბატონობა, სადაც მხოლოდ მდიდარი უმრავლესობა ცხოვრობს და ღარიბი უმრვალესობა სიღატაკეში იტანჯება.  ირაკლი ვაჭარაძემ, ამ შემთხვევაში სწორედაც რომ ღატაკი უმრავლესობის ინტერესები დაიცვა და არა მდიდარი ოლიგოკრატიის.  საჭიროა, და დრო მოვიდა რომ ჩვენ უარი ვთქვათ ნეოლიბერალურ პოლიტიკურ წესრიგზე და დავიწყოთ ფართო დიალოგი სიღატაკის გადაძლევაზე.  უფრო მეტიც ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველამ ერთად, მორწმუნეებმაც და სეკულარული წესრიგის მომხრეებმაც სიღატაკეს ომი გამოვუცხადოთ - არც ერთი ბავშვი ქუჩაში.  

დღეს, სეკულარულმა ფუნდამენტალიზმმა და მატერიალისტურ-ემპირიოცენტრისტულმა დოქტრინამ უკვე საკმარისი ბოროტება დათესა.  ამის საილისუტრაციოდ არა მხოლოდ ბოლშევიზმის 20 მილიონი, ფაშიზმის კიდევ უფრო მეტი, მაოიზმის და სხვა ასეთი რეჟიმები მსხვერპლების ჩამონათვალია საჭირო, არამედ დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოში, სადაც მატერიალისტი ნეოლიბერალური ელიტის სრულიად 'რაციონალური' გადაწყვეტილებით მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.  'რაციონალური' ფრიდმანული ეკონომიკისათვის პრინციპი "ღარიბს ართმევს, მდიდარს აძლევს' ყველაზე უფრო ახლოა ჭკუასთან.  ნოამ ჩომსკიმ ერთხელ კარგად შეადარა ერთმანეთს ნამდვილი განმანათლებლების რაციონალიზმი და მათი დღევანდელი 'ნაბიჭვრების' ემპირიოცენტრიზმი.  დღევანდელი დღის ყველაზე დიდი პრობლემა არის ემფატიის გაუფასურება და ეგოცენტრიზმის უკვე ოფიციალური გაღმერთება.  ეს მიზნად არ ჰქონია არც ვოლტერს, არც რუსსოს, არც კანტს, არც ჰეგელს და რაღა თქმა უნდა არც მარქსს.  მაგრამ, ეს მათი ნაშრომების არასწორი და ტექნოკრატიული ინტერპრეტაციის ბრალია.  დღეს ხომ ემპირიული ტექნოკრატიის დისკურსის სრული ბატონობის ხანაში ვცხოვრობთ.  ინტუიციას კი სასაქონლო ბირჟაზე დიდი ხანია გაუფასურება დაემართა.  ხელოვნება მხოლოდ ბაზრის მცირედი დანამატია.  მიმდინარეობს ყველაფრის ისტერიული კომერციალიზაცია.  

მე სრულიად ვეთანხმები იმ აზრს რომ რელიგიური ფუნდამენალიზმი არ არის ჯანმრთელი მოვლენა, ისევე როგორც 'ვოლტერის ნაბიჭვრების' სეკულარული ფუნდამენტალიზმი და სწორხაზოვანი აზროვნება.  იმისათვის რომ ბავშვები მშივრებად არ დავტოვოთ ჩვენ არა მარტო 'რაციონალური' საწყისი უნდა ავამუშავოთ ჩვენში, მაგრამ იმნაირი სიგიჟეც, რომელსაც სხვა ენაზე ემფატია - ან თანაგრძნობას უწოდებენ.  სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომელიც ვერასდროს იქნება რაციონალური - მაგრამ ამავე დროს ისეთი ძლიერია, რომ მას ვერც ერთი რაციონალური თეორია ვერასდროს გაუტოლდება. ტყუილად არ არის რომ ღმერთს ამ ემოციას უფრო ადარებენ ვიდრე თუნდაც უდიდეს სიბრძნეს.  

ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა:  ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსულმა უკიდურესმა და ექსრემალურმა ნეოლიბერალიზმმა დაამკვიდრა ეგოცენტრიზმის და კარიერიზმის იმპერატივი.  ამ იმპერატივის ქვეშ 'სხვისთვის' უკვე ადგილი აღარ რჩება.  დღევანდელი მიტოვებული ადამიანის მდგომარეობა ერთმა დიდმა პოეტმა დიდი ხნით ადრე:

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი, 
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.

და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები, 

და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს, 

შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი, 

იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

 

იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

და ამ ბავშვებს დახმარება ნამდვილად სჭირდება.  მე არ მინდა ის სახელმწიფო, რომელიც ამ ბავშვს მიატოვებს.