• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ობსტრუქციის მოდიფიკაცია

×
ავტორის გვერდი ლუკა ეხვაია 00 , 0000 2320

სადღაც მომისმენია ან იქნებ წამიკითხავს, წერე, რათა გაიაზროო. კრიტიკულ პერიოდში, როდესაც ჩემი დუღილის ტემპერატურა შეუქცევადად მატულობდა, გადავწყვიტე, ამ მეთოდისთვის მიმემართა, იმისათვის, რათა უკეთ გამეანალიზებინა ჩემს გარშემო შექმნილი ვითარება. ამჟამინდელ კონდიციაზე სულ საწყალი ტომი მახსენდება, როდესაც ერთ-ერთ სერიაში თვალებჩასისხლიანებული, მობუზული, პირში თერმომეტრგარჭობილი და ჯერისგან თავმობეზრებული დეპრესიაშია ჩავარდნილი. ამ ეპიზოდში თერმომეტრის ციფერბლატიან შკალაზე ტემპერატურის მაჩვენებელი პიკს აღწევს და შკალის ბურთულისებრი დაბოლოება ღაჟღაჟა საგანგაშო სიგნალივით ანათებს. ეს შედარება ჩემი მდგომარეობის არსში მეტი სიცხადის შესატანად გავაკეთე, არ ვიცი, რამდენად გამომივიდა. რაც წერა დავიწყე, გუნება-განწყობილება საგრძნობლად გამომიკეთდა. ხუმრობის ხასიათზეც დავდექი, თორემ ეჭვგარეშეა სხვა პარალელს გავავლებდი. ნელ-ნელა ქაოტურ აზრებს თავს ვუყრი და დანისლულ ფიქრებში სინათლის სხივიც აღწევს.

ერთ კვირაზე მეტია, რაც სახლიდან არ გავსულვარ. ვცდილობ, რაც შეიძლება გვიან დავიძინო და გვიანვე ავდგე. მთავარია დღისით გაღვიძებას მოვერიდო და მზის სხივებს გავექცე. არაფერი მეტაფიზიკური ან ვამპირად გარდასახვასთან დაკავშირებული, საქმე სხვა რამეშია.. დღისით ადამიანები ფუსფუსს იწყებენ, მიიჩქარიან სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურში და ეშმაკმა უწყის კიდევ სად. გაუთავებლად ლაპარაკობენ, საქმიანად მოძრაობენ, მოკლედ, მთელი სამყარო იღვიძებს და აქტიურდება, ეს კი მე ძალიან მაღიზიანებს, უფრო მეტიც, ცხოვრებისეული ოპტიმიზმი, ენერგიულ ტალღაზე ყოფნა, სახეზეშეყინული იდიოტური ღიმილის ნიღაბი და გადამლაშებული აღტკინება, ჩემში ზიზღს იწვევს. გაცილებით მძიმე სურათს ვიღებთ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია მზიან დღეზე, ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც პლანეტას შეიძლება თავს გადახდეს, აპოკალიფსი მასთან რა მოსატანია. მზეზე მატყუარა, ფარისეველი და პირმოთნე რამ არსად მეგულება, ამხიარულებს, აბედნიერებს, ონავრობის სტიმულს სძენს ადამიანებს და ამით ფატალურ შეცდომაში შეჰყავს ისინი. გულისამრევია მისი სიყალბე, ის ხომ თავად უკეთესი მომავალის რწმენის და ცხოვრების პოზიტიურ მოვლენად აღქმის წყაროა. როგორც ხედავთ, შეუდარებელი ილუზიონისტია, რომელიც თავისი ბრწყინვალებით აბრმავებს ადამიანებს და რეალობის ნიველირებას ახდენს. ხოლო ის, რასაც კაცობრიობა შეცდომაში შეჰყავს, დაუყოვნებლივ განადგურების ღირსია!

...

ცოტა ხნის წინ წერა შევწყვიტე, მიხვდი, რომ ზედმეტად ავღელდი და ოთახში სიარულს მოვყევი. ჩემს სამყოფელს სიტყვა „ბუნაგი“ უფრო შეეფერება. თუ ამ სამყაროში სადმე კომფორტულად შესაძლებელია თავი ვიგრძნო, ეს სწორედ ის ადგილია. თვითდატყვევებული და გალიაში მომწყვდეული ნადირივით ხშირად ვცემ ბოლთას, მაგრამ არა იმდენად ნევროტულობის, რამდენადაც ჰიპოდინამიისადმი ფობიის გამო. ეს საშინელი დაავადება ჩვენი ეპოქის წყევლაა, ტექნოლოგიური რევოლუციის სავალალო პროდუქტია, რომელიც ადამიანებს შეპარვით ბოლოს უღებს. უფრო კონკრეტულად, ჰიპოდინამია გულისხმობს კუნთების სისუსტეს, რაც თავის მხრივ ცხოვრების მდორე წესს მოჰყვება. ალბათ უახლოეს მომავალში ტექნოლოგიური პროგრესი იმდენად შეამცირებს ადამიანების ფიზიკურ დატვირთვას, რომ ბოლომდე დავბლაგვდებით და სულ გამოვიფიტებით. ამ დაავადების თანმდევი ეფექტებია: ატროფია, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ცვლა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ჰიპოქსია, ნერვული სისტემის დისფუნქცია და ა.შ. სულაც არაა საჭირო რობოტების ამბოხი, ჩვენდა შეუმჩნევლად ტექნოლოგიური ევოლუცია კაცობრიობის დევალვაციას და დეკადანსს ისედაც იწვევს, რაც ადრე თუ გვიან ჩვენი საბოლოო გაქრობით დასრულდება. ვითომდა ქრისტიანები თვითმკვლელობის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ კარგად თუ დავუფიქრდებით მათი საქციელი სხვა რამეზე მეტყველებს. სასაცილო ხალხია, როგორც ჩინელები, ორი ურთიერთგამომრიცხავი იდეოლოგიის სინთეზი რომ განახორციელეს.

სუიციდზე გამახსენდა, კარგა ხნის წინ, ჩემს უნივერსიტეტში, ერთ-ერთმა სტუდენტმა მევალეების მუქარას და სხვადასხვაგვარ წნეხს ვეღარ გაუძლო, მობეზრდა ყველაფერი, ადგა და თავი ჩამოიხრჩო, რაშიც განსაცვიფრებელი არაფერია. ამ ამბის შემდეგ ბევრი როშავდა, რომ ასეთი ლაჩრის შებრალება და გამოტირება არც ღირს, მე კიდევ სიბრაზე მახჩობდა, როდესაც მათ უდრტვინველ ცხოვრებას, მოვლილ სიფათებს, ძვირადღირებულ პერანგებს, და  ათიათასობით ლარიან ავტომობილებს შევყურებდი. მეზიზღება როცა ასე თავხედურად, ინფანტილურად, სნობურად და ხელაღებით მსჯელობენ! და საერთოდაც, ახალგაზრდებში გადამეტებული თვითდაჯერებულობა მაგიჟებს, ბევრი არაფრით განსხვავდება რელიგიური ექსტრემიზმისგან. უნდა შევისვენო და გავიარ-გამოვიარო, თორემ ცახცახმა ამიტანა.

13.11.25

როგორც გუშინ აღვნიშნე, კვირაზე მეტია რაც ბუნაგში ვარ ჩამჯდარი და გარეთ ცხვირსაც არ ვყოფ. ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, მაგალითად ის, რომ ტანსაცმლის ცვლა აღარ მიწევს და მთელი დღეები ლურჯზოლებიან თეთრ პიჟამაში გამოწყობილი დავაბოტებ აქეთ-იქით. ხან რომელ წინგს ვფურცლავ, ხანაც რომელს, გულს დიდი ხნით ვერცერთს ვეღარ ვუდებ, მხოლოდ გახაზული ადგილებისთვის თვალის გადავლებით ვიფრაგლები. ჩემს კუთვნილებაში არსებული უკლებლივ ყველა წიგნი დახაზული და წარწერებით გაჯერებულია, სხვანაირად წიგნის გარჩევა არც წარმომიდგენია. თუ ასე არაა, მაშინ ის წიგნი წაკითხული არ მქონია და ჩემს თაროზე რაღაც ჯადოქრობის მანქანებითაა აღმოჩენილი. როდესაც დედაჩემი სამსახურშია, საკუჭნაოში გავდივარ, სწრაფად ვთქვლეფ ყველანაირი ეტიკეტის იგნორირებით და სასმელზეც არასოდეს ვამბობ უარს. თითქოს, სოლიდარობის ნიშნად დედაჩემი ლუდის ქილების სახლში ზიდვას არ წყვეტს. ალბათ იმედოვნებს, რომ მცირეოდენი ალკოჰოლი მდგომარეობას შემიმსუბუქებს. რამდენიმე დღის წინ საძილე აბებსაც მივაგენი, ისეთი რაოდენობით ვიპარავ, რომ შესამჩნევი არ გახდეს. ერთი შეხედვით არაფერი მაკლია, მაგრამ ვიცი ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება.

როგორც ამბობენ, ღრმა დეპრესიის ერთ-ერთი ინდიკატორი ჰიგიენური ნორმებისადმი გულგრილობაა, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი მას მერე, რაც აღმოვაჩინე, რომ წყლის გადავლებაც საშინლად მეზარება. ერთადერთი, რაც მაწუხებს, თავის კანის ქავილი და წაგრძელებული ფრჩხილებია. ასეთი აჯაგრული, გაბურძგნული და მოუწესრიგებელი ვზივარ ლეპტოპთან, თან თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელებში ჩემი თანაუნივერსიტეტელების აქიტოვბას. აი, თითქმის მივუახლოვდით ჩემი იზოლაციის მიზეზსაც, მაგრამ მაქამდე ერთ საინტერესო თემას უნდა შევეხო, რომელზეც დიდი ხანია თავს ვიმტვრევ.

ჰაქსლის, ბორხესის, უმბერტოს და უელბეკის ნააზრევებს რაც გავეცანი ჰიპერმნეზიასთან დაკავშირებით, დავასკვენი, რომ ინფორმაციის სიჭარბე გაცილებით უფრო სახიფათო რამაა, ვიდრე მისი უკმარისობა. დახვავებულ ინფორმაციულ გორებს ადამიანებს გამოთაყვენება შეუძლია, წარმოიდგინეთ დაბნეული თანამედროვე ტიპი, რომელსაც ვეღარ გაუგია რა წაიკითხოს, რომელ საინფორმაციო საშუალებას დაეწაფოს და ენდოს. როდესაც ინფორმაციაზე ერთეულებს მიუწვდებოდათ ხელი, მაშინ გაცილებით უდარდელად ცხოვრობდა უმრავლესობა, მეორეს მხრივ, დღეს უკვე ბევრს გული უცრუვდება, რადგან ხვდებიან, რომ ინფორმაციის მორევში იკარგებიან და მისი გადამუშავებისათვის საჭირო ძალები არ აქვთ. არსებითად, სიტუაცია დიდად არც შეცვლილა, რეალურად ღირებული ინფორმაცია კვლავ ელიტების საკუთრებაა, დემოსისათვის კი მდორე ხარისხის ინფორმაცია ოხრადაა გადმოყრილი, როგორც სალაფავი. მაღალ ეშელონებში მეთოდოლოგიები უდაოდ დაიხვეწა. მართლა საშინელებაა, შეხვალ ინტერნეტში და ვერ გადაგიწყვეტია პირველ რიგში რას მიაწყდე, მოუწესრიგებელი მასალების კორიანტელი გხვდება. ეს კიდევ არაფერი, ინფორმაციის დიდი დოზებით შესრუტვამ შეიძლება მეხსიერების გადატვირთვა ან ცხოვრების გაუსაძლისად პირქუშად ქცევა გამოიწვიოს. სიახლე არაა, რომ რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო აუტანელია სიცოცხლე. ძნელია გაექცე ინფორმაციის საცეცეებს, ერთადერთი გამოსავალი ცივილიზაციისგან სრული გარიყვაა, რაც ალბათ უკვე შეუძლებელიცაა.

სანამ მთავარზე გადავიდოდე, ძალების რეგენირება უნდა მოვახერხო, არ მინდა სათქმელი მშრალად გადმოვცე და ის ემოცია მიახლობით მაინც არ გამოვხატო, რომელმაც ჩემი არსება კარგა ხანია რაც მოიცვა.

...

ცოტა ხნის წინ სტუდენტების სოციალურ ქსელში მოღვაწეობაზე ჩამოვაგდე სიტყვა და მერე  გადავუხვიე საკითხიდან. ის, რის გამოც აუთქასთი გავხდი, სწორედ მათ უკავშირდება, ჩემს თაობას, ჩემს ეგზისტენციალურ მეჩხერში მომწყვდეულ თაობას. ყოველდღიურად მიწევდა მათი უუნარობისთვის, კომპლექსებისთვის, ზედაპირულობისთვის, უგუნურებისთვის და შაბლონურობისთვის ცქერა. მათი უმრავლესობა მამონის სამსახურშია ჩამდგარი, ჩვენ მესამე სამყაროს უბადრუკი ნადირები ვართ, რომელთაც თვითრეალიზაციის საშუალება არ ეძლევათ. ჩვენ ბიუროკრატია გვყლაპავს და გვზაფრავს, კუთხეში გვიქცევს და დამფრთხალებს გვიღრენს. გვაშინებენ, მაგრამ ბოლომდე არ გვანადგურებენ, ჩვენი შიშით საზრდოობენ. მათ ვჭირდებით მხოლოდ იმიტომ, რომ სტაჟიორობაში ამოგვხადონ სული, წასასვლელი და გასაქცევი არსად გვაქვს, არავინ მიგვიღებს, ყველა დაუნდობლად და დაუფიქრებლად გაგვსრესს. ჩვენი ბრძოლა, დიპლომისთვის, ფარატინა ფურცლისთვისა და სივის გაბერისათვის ბრძოლაა. ცოდნა დიპლომმა ჩაანაცვლა, პიროვნება კი - პირადმა რეზიუმემ. ჩვენ რეალურად გავიჭედეთ, ახალს ვეღარაფერს ვქმნით, ოსტატურადაც ვეღარ ვიმეორებთ ძველს და სიმწრისგან გაფერკმთალებულები ვღმუით. ადრე თუ ადამიანები ჭეშმარიტებას ეძებდნენ, ახლა ამაზე აღარვინ ცდება, ჩვენ სარგებელზე და ბენეფიტებზე ვართ გადართულები, რის გამოც საკუთარი ღირსებითაც თამამად ვვაჭრობთ. ავანტაჟი და რუტინა გაბატონდა კაცობრიობაზე.

უნივერსიტეტების მაგივრად ცარიელი ბუტაფორიებიღა დარჩა, უშინაარსო და დაღრეჯილი. ადგილი, სადაც ჩვენი ოცნებები, იდიალები და მისწრაფებები ნადგურდება. მათ მთავარი საგანძური, მოცალეობა წაგვართვეს, გადაგვრთეს ჩვენთვის უცხო რელსებზე და გასაყიდად გვმზადებენ. ფორმალიზებულმა განათლებამ ფესვები ღრმად გაიდგა თანამედროვე სისტემაში, არაფერი ფუნდამენტურად აღარ ისწავლება, მხოლოდ წყალწყალა დეტალები და დიდაქტიკური შეგონებები. უციდნრობით დაგვაჩლუნგეს და თავისი ძალაუფლების ციტადელი გაამაგრეს. უნივერსიტეტი არა ცოდნის უკანასკნელი ნავთსაყუდელი, არამედ მორიგი ქიმერული ზმანებაა.

ამ სიტყვების წერისას ძალაუნებურად მეფიქრებოდა როგორ წარვსდგებოდი სიტყვით მილიონობით ადამიანის წინაშე ლჰასაში. დალაი ლამას ადგილის დაკავების სურვილი არ მაქვს, მაგრამ ტიბეტის ისტორიული დედაქალაქის აურა ასეთი ამაღელვებელი მოხსენებისთვის უალტერნატივოა. მონოლოგის დასასრულს კი თვალწინ წარმომიდგა, ზარების გულისწამღები წრიალის ფონზე მსმენელები მაჩეტეს როგორ დააძრობენ და ერთანეთზე გაშმაგებით ნადირობას გააჩაღებენ. წარმოსახვაში ირღვევა ის ფოლადისებრი სიმშვიდე, რაც ამ რეგიონს ახასიათებს. აღარავინ მედიტირებს, ყველა მხოლოდ იმის ცდაშია, რაც შეიძლება მეტი ირგვლივ მყოფი აფატროს და დაკეპოს თავისი მზეზე მოელვარე მაჩეტეთი. ნელ-ნელა ლჰასა წითლდება, ადამიანის ორგანოები და სხეულის ნაწილები ალაგ-ალაგ, არეულადაა მოყრილი. გვამებს და ლორწოვან, შედედებულ სისხლის ნაკადებს იაპონიიდან მოქროვილი საკურას ფოთლები ეფოფინება. აბსოლიტური სილამაზე აბსოლიტურ სილამაზეს პოულობს, დაახლოებით ისე, როგორც მისტერია იზიდავს მისტერიას. მე კი ამ პირველყოფილ ორგიას შევყურებ და კანი მებურძგლება სიამოვნების სპაზმებისგან, მათ ფარისევლობას სძლიეს და იმის კეთება დაიწყეს, რაც ასე ძალიან სურდათ გულის სიღრმეში.

13.11.26

რაც ადრე ძალიან მაწუხებდა, ცხოვრების ყოველი დღის მსგავსება იყო წინანდელთან. ერთხელაც, შევეგუე ერთფეროვნებას და აღმოვაჩინე, რომ ამ გარდატეხის შემდეგ ყოფა გაცილებით საინტერესო გახდა. რაშიც ადრე ვერანაირ საზრისს ვერ ვხედავდი, ამიერიდან ცნობისმოყვარეობის ამღძვრელი გახდა, დაკვირვების პროცედურებიც სიამოვნებას მანიჭებდა, ახალ-ახალ აღმოჩენებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. თავს გადახდენილი ამბების შეფასება სულ სხვანაირად დავიწყე.

რამდენიმე წლის წინ, ჩემს ოჯახში, ფანტასმაგორიული ამბები დატრიალდა. უმცროსი და  ყოველთვის უცნაური ბავშვი იყო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ტირილი დაბადებიდან მოყოლებული არავის გაუგონია. თავისი ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზულს და გულჩათხრობილს, თანატოლებთან თამაშობას, განმარტოება და ძმები გრიმების ზღაპრების კითხვა ერჩივნა. მოგვიანებით, გარკვეული ექსცესის გამო, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ, ფსიქოლოგების დასკვნებში ეწერა, სწორედ ამ ზღაპრებმა აურიეს თავგზაო.

ხუთი-ექვსი წლის იქნებოდა, როცა საზღვარგარეთ წასვლა მომიწია მორიგ წყალ-წყალა ტრენინგზე, მამაჩემმა ხარჯები სრულად აანაზღაურა, მთელს ოჯახს სურდა საინტერესო ვოიაჟთან ერთად, საჭირო კავშირები დამემყარებინა და ცოდნა მიმეღო. ცდებოდნენ, ცოდნას მხოლოდ სახლის პირობებში თუ მიიღებს ადამიანი. ორი კვირა დავყავი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში უცხოეთში, როცა ჩამოვედი მამაჩემი გარდაცვლილი დამხვდა. სახლში დაბრუნებიდან მომდევნო დღეს დეტექტივი მესტუმრა და მთხოვა გარეთ გაგველო სასაუბროდ, თან მზრუნველი ტონით დაამატა, უახლოეს კაფეტერიაში ლანჩზე დაგპატიჟებო. დამაინტერესა, რა საქმე ჰქონდა, შესაბამისად, არ გავჯიუტებულვარ, მაშინვე დავყევი მის ნებას.

დიალოგისას გაირკვა, გვამის ექსპერტიზის შედეგად აღმოჩენილიყო, რომ მამაჩემის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი სიკვდილი არ ყოფილა. ტანზე ათობით ნანემსარი და ოვალური მომცრო სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს. როგორც სჩანს, ვიღაც მძინარეს მიჰპარვია და ნემსით პირველი დარტყმა გულში მიუყენებია, რასაც კორონარული არტერიის გაგლეჯვა მოჰყოლია, მერე კი ეშხში შესული ვეღარ შეჩერებულა და მთელი გულმკერდი დაუჩხვლეტია, რის შემდეგად მსხვერპლი არაუმეტეს ნახევარ საათში გარდაცვლილა.  ცივსისხლიანი მკვლელობის მომდევნო ნაბიჯი ტანის სისხლის ლაქებისგან გაწმენდა და პერანგის გამოცვლა იყო, რათა მკვლელობის კვალი წაეშალა. ადგილზე მისულებს ატირებული ჩემი და დახვედრიათ, ამ დროს დედაჩემი  რამდენიმე დღით მეზობელ ქალაქში გამგზავრებულიყო. ცრემლებში ჩახრჩობილს ძლივს ამოუთქვამს, მამა არ სუნთქავსო. სახლში სხვა ყველაფერი წესრიგში იყო, ძარცვის კვალი არსად ჩანდა, არც შეხლა-შემოხლის. დაკითხვის შემდეგ კი დადგინდა, რომ ჩემს დას წინა ღამეს რაღაც ხმაური შემოსმენია, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, იფიქრა დედაჩემი დაბრუნდა და მშობლები ჩხუბობენო.

ამ დეტალების სახით კარტებს როცა ხსნიდა, ვიგრძენი, სიბრალულის გამო კოზირს ბოლოსთვის ინახავდა, საკონტროლო გასროლისთვის მორალურად ემზადებოდა. დასასრულისკენ კი თავზარი დამეცა, მართალია, მკვლელობის იარაღი და პერანგი ვერსად აღმოავაჩინეთ, მაგრამ ერთმა გარემოებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინაო. სახლის ჩხრეკისას ამოღებული შავი დღიურები ყველაფერს ააშკარავებდნენ. უმცროსი დის საეჭვო ჩვენების და სხვა გარემოებების გამო, თავისთვის უფლება მიუციათ და ისინიც შეუსწავლიათ. დეტექტივმა ჩანაწერები გადმომცა და გულთბილად მირჩია ადგილზევე გავცნობოდი. ორივე დღიური ჩემს უმცროს დას ეკუთვნოდა. ჯერ სწრაფად გადავფურცლე და გაოგნებული დავრჩი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ გაწონასწორებულ, მშვიდ და მორჩილ ბავშვს შეიძლებოდა ასეთი ფანტაზია ჰქონოდა, შავ-ბნელი ფანტაზია.. უხვად იყო ადამიანის სხეულის ამპუტირებული კიდურების კონტურები, სადომაზოხისტური ნახატები, ათასგვარი არაამქვეყნიური არსებების ილუსტრაციები, რომლებიც სავარაუდოდ მის შინაგან სამყაროს გაცილებით უკეთ გამოხატავდნენ ვიდრე სიტყვები. წინადადებათა წყობა ბუნდოვანი იყო, ზოგი ბევრჯერ მეორდება, უმეტესად აზრის გამოტანაც ჭირდა. შეიძლებოდა რამდენიმე აბზაცი ისე ჩამეკითხა, რომ ვერც გამეგო რაზე საუბრობდა. მაგრამ ერთი მოტივი კი აშკარად იკვეთებოდა, მამისადმი ენითაღუწერელი ზიზღი.. დღიურიდანვე შევიტყვე, რომ ამის განმაპირობებელი მიზეზი მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და ყველაფრისადმი ინდიფერენტულობა იყო. თურმე ჩემი უმცროსი და ძალიან განიცდიდა, რომ ყოველთვის ჩრდილში იყო, მაგრამ ამის ვინმესთვის გრძნობინება და ხმამაღლა თქმა სისუსტის გამოვლინებად მიაჩნდა. სუსტებს კი მას მერე ვერ იტანდა, რაც დედაჩვენი მრავალ კომპრომისზე წასულა სამსახურსა და ოჯახში. ვკითხულობდი და უფროდაუფრო მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ამ ოჯახში ვიზრდებოდი და მასთან ერთად ვთანაარსებობდი. მომდევნო დღეებში საკუთარ თავს იმითღა ვაწყნარებდი, რომ ჩემი ვოიჟისას სახლში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალიყო, მაგრამ სალბუნად არც ამან ივარგა. ამ ყველაფერში ჩემი ლომის წილიც იყო, არასოდეს მსიამოვნებდა ჩემს დასთან ერთად ყოფნა მისი უტყვობის და უცნაური ჩვევების გამო, მეგონა მასაც ჩემსავით მარტოობა ერჩივნა. ნახევარ საათზე მეტი ვფუცრლავდი დღიურებს და ნათლად ვხედავდი როგორ გარდაისახა წყენა და გაბრაზება მკვლელობის ჩადენის დაუოკებელ სურვილად. მე შემეძლო ამ ყველაფრის თავიდან არიდება, მაგრამ საკუთარ პიროვნებაში ატეხილი ეგზისტენციალური ორომტრიალის იქით ვერაფერს ვხედავდი, მაღალ მატერიებზე ფიქრით გართულს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალები გამომჩენია მხედველობიდან. უცებ დეტექტივმა ხელი მეგობრულად დამადო მხარზე და გამომაფხიზლა, მითხრა, რომ ეს ყველაფერი ჯერ დედაჩემისთვის უნდა აეხსნათ და შემდეგ ჩემი და ოჯახის ნებართვით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაემწესებინათ.

მალე მოპირდაპირე ქუჩაზე მანქანა გაჩერდა, საიდანაც ორი ბრგე პოლიციელი გადმოვიდა და დეტექტივს გარედან ხელი დაუქნიეს. ჩვენც ავიბარგეთ კაფეტერიიდან და გავედით. სახლში მისულებს დედაჩემი სასტუმრო ოთახში დაგვხვდა დანაღვლიანებული, დეტექტივის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ცრემლი არ გადმოვარდნია, სახე გაეყინა, ნაკვთები გაუშეშდა და მხოლოდ იმასღა ლუღლუღებდა, ბავშვი არ წამართვათო. ასეთ მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაში იგი პირველად ვნახე, თავი სრულიად დაეკარგა და ძლივს დაბარბაცებდა. ორიოდე წუთში ყველანი ერთად უმცროსი დის ოთახისკენ გავემართეთ. ეს იყო მომენტი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში შემობრუნების წერტილად იქცა. ოთახის კარი ღია დაგვხვდა და ინფერნალური პანორამა გადაგვეშალა. იგი სარკის წინ სისხლის გუბეში ტივტივებდა, მარჯვენა ხელთან ახლოს მამაჩემის ძველებური სამართებელი ეგდო, მარცხენა ხელი სისხლით დამბალი ფურცლისთვის ჩაეჭიდა, რომელზეც ეწერა: „ერთით ნაკლები ნიშნავს ნაკლებ ბოროტებას.“

13.11.27

როდესაც წერა დავიწყე, ალბათ ის მახალისებდა, რომ ქვეცნობიერის ყველაზე ბნელ, ღრმა და მიუვალ შრეებში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. მხოლოდ მიზნის აღსრულების სხვადასხვა ვარიაციებზე და რაფინირების გზებზეღა ვყოყმანობდი. ახლა უკვე გათვითცნობიერებულად ვიცი, რაც მაქვს გადაწყვეტილი. მე ჭეშმარიტებისთვის უნდა მოვკვდე. ჭეშმარიტება კი სხვა არაფერია თუ არა ადამიანების განთავისუფლება. მათდამი სოლიდარობის და თანალმობის გრძნობა ბოროტებაა, რადგან სიბრალული კლავს ადრესატსაც და ავტორსაც. ნუგეში კიდევ უფრო აბეჩავებს ადამიანს. ერთადერთი გამოსავალი ბოროტების იმპერიიდან გაღწევისა სიკვდილია, სხვა ყველაფერი შეფარული კომპრომისია. მონებისთვის ხელბორკილების დასხვრევა, აი, ესაა ჩემი მოწოდება. ამ ყველაფრის გასაანალიზებლად დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ტანჯვის დაძლევის მექანიზმი მოკვდინებაა, სხვაგვარად კათარზისი მიუღწეველია. კაცობრიობისთვის თანადგომის სხვა ფორმით გამოხატვა მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია იქნებოდა. ჩემი და ამას ადრეულ ასაკშივე გრძნობდა, მაგრამ ისე მკაფიოდ ვერ აყალიბებდა თავის სათქმელს, როგორც - მე. ბოლო ბიძგი ჩემთვის ის სიტყვები იყო, რომელიც ლექციაზე მოვისმინე, მანამ, სანამ უნივერსიტეტში სიარულს შევწყვეტდი. რიგითი ყეყეჩი ლექტორი გამოვიდა და თქვა, ჩვენი დიპლომის აღების შემთხვევაში თქვენი ცხოვრება და კარიერა უზრუნველყოფილი იქნებაო. სისულელე და სიყალბე არასოდეს ყოფილა ასეთი გრაციოზული.. გამოვედი აუდიტორიიდან და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. მე რადიკალური ცვლილებებისთვის მზად ვარ.

თითქმის ორი კვირის მანძილზე დავიწყე წინარე სამუშაოების ჩატარება, თითქოს მექანიკურად. შევიძინე ორი იარაღი, დიდი ოდენობით ვაზნები და შესაფერისი სამოსი, პადრეს უნიფორმა. ხვალ დიპლომების გადაცემის ცერემონიალია, ზედგამოჭრილი დღე ჩემი მიზნის აღსრულებისთვის. პოსტამენტზე ასვლის და ეპოქალური სიტყვის დასრულებისთანავე გავხსნი ცეცხლს. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული იარაღის ტევადობა ათი ვაზნაა, მინიმუმ ოც ტუსაღს მაინც ვიხსნი სიცოცხლისგან. და ბოლოს, ავისრულებ ჩემს ოცნებას, დანით შევერევი დარბაზში მყოფებს, ვისაც გაუმართლებს და მივწვდები, არავის დავწყვეტ გულს და ვიხსნი სატანჯველისგან. ისეთი აღტკინებული ვარ, უკვე წერაც მიჭირს, ეს მართლაც ერთადერთი დიადი ნაბიჯია, რისი გადადგმის საშუალებაც ადამიანებს აქვთ, პროტესტის უზენაესი ფორმა, ნონკონფორმიზმის მწვერვალი.

ხვალ არმაგედონს ღმერთის ნაცვლად ადამიანი მოაწყობს, მისთვის მხოლოდ ამ ერთი პრივილეგიის ჩამორთმევის საშუალება გვაქვს!

 

13.11.28

ჩემი შვილის ჩანაწერების კითხვა მას შემდეგ დავიწყე, რაც ის დღიურის წარმოებას შეუდგა, მანამდეც ვხვდებოდი, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა კვლავ გართულებულიყო, ამიტომაც ფარულად თვალთვალის გადაწყვეტილება მივიღე. მიმეტიკური პლანის გაცნობისთანავე მივხვდი, რომ ამ ჯოჯოხეთისთვის წერტილი უნდა დამესვა. მას უმცროსი და არასოდეს ჰყოლია, ყველაფერი, რაც დღიურში გამოგონილ დაზე წაიკითხეთ, მას გადახდა თავს, მისი ნახელავია. ჩემმა შვილმა ექვსი წლის ასაკში საკუთარი მამა დაუნდობლად მოკლა და მომდევნო ორი წელი ფსიქიატრიულ საავდმყოფოში გაატარა. რეაბილიტაციის სრული კურსის გავლის მერე გამოწერეს და ბოლო თვემდე ახერხებდა თავის შემაგრებას, მაგრამ ისევ ყველაფერი აირია. მას არც საძილე აბები აღმოუჩენია შემთხვევით, უფრო სწორად, ეს ძლიერი დამამშვიდებლები იყო, განგებ დავდე გამოსაჩენ ადგილას, რადგან ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ ყველაფერი დალაგდებოდა. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იგი მოურჯულებელი მონსტრია, მაგრამ ეს მისი ბრალი არაა. ფსიქიკური აბერაცია მას გენეტიკურად ჩემგან გადაეცა. დრო დადგა ყველაფერი გამოვასწორო და დავიცვა ის უდანაშაულო სტუდენტები, რომელთა შეწირვასაც ჩემი შვილი აპირებდა. ამ დღიურში იმიტომ ვწერ, რომ ჩემი ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ გამომძიებლებს ბევრი საჩოთირო აღარ ჰქონდეთ. მე ვარ დამნაშვე იმისთვის, რომ შვილი ამ დაუნდობელ სამყაროში მოვავლინე, ჩემს კისერზეა ამ შეცდომის გამოსწორების ტვირთიც.

 

მოკვლევის ანგარიში, საქმე გახსნილია:

2013 წელი, 28 ნოემბერი, ნაპოვნია ქალისა და მამაკაცის გვამი. გარდაცვლილები დედა-შვილი არიან. შვილის გვამი მის ოთახში ფიცრებისგან შეკრულ ჯვარზე იყო გაკრული, თავზე პორტაბელური კომპიუტერის კაბელები ჰქონდა შემოხვეული, ხელები და ფეხები ჯვარზე მისივე ველოსიპედის სპიცებით იყო მიმაგრებული, ხოლო კანი, ჭაბურღილში ან მაღაროში ნამუშევარივით გამუროდა. დედამისი მის ფერხთით დავარდნილი გარდაცვლილი იპოვეს სამართალდამცავებმა. გვამების ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ორივეს გარდაცვალების მიზეზი დიდი დოზით დიგოქსინის მიღებაა.

 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული