ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
ფილოსოფია

შიშის სურნელი

პაატა შამუგია
26.11.2013

   


პროგრესის შიში ყოველთვის არაა სულელური ფობია. ჩვენს წინაპრებს მეხის შედეგად გაჩენილი ცეცხლისა ეშინოდათ და არცთუ უსაფუძვლოდ. კი, სხეულს ათბობდა, მაგრამ ვინაიდან დისტანცირება ჯერ არ ესწავლათ, ერთი-ორი მათი თანაგამოქვაბულელი საფუძვლიანად აშიშხინდა ამ მოგიზგიზე წითელ მასაში.
ღმერთი კი მაშინ მთლად ასე „პრადვინუტიც“ არ იყო, რომ მეხისთვის ინსტრუქციებიც მოეყოლებინა.
 
გავიდა დრო და ადამიანებმა ისწავლეს ცეცხლთან გამკლავება, ხვნა-თესვა, მრავალპროფილიანი სექსი, თმის დავარცხნა, მოკვლა, სადღეგრძელოები, ტყუილი... დაამარცხეს სტიქია, ქოლერა, დაამარცხეს დიქტატორები, მეტ-ნაკლებად – რასიზმი და გენდერული დისკრიმინაცია... მაგრამ ცივილიზაციის პიკზეც კი ვერაფერი მოუხერხეს შიშს...
 
ამასობაში, მეცნიერებმა შიშის სუნი აღმოაჩინეს.
 
როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, „შიში არათუ განიცდება, უკვე მისი შეყნოსვაც შეგვიძლია.” ამ თემაზე უცხოური მედია მონდომებით საუბრობს, საუბრობენ მეცნიერები, მწერლები, ჟურნალისტები... ოდესღაც ეს Pulp Fiction–ის საყვარელი თემა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას მეცნიერებიც სერიოზულად მიუდგნენ და ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეს.
 
რამე რო იყოს, მავანი მწერალი (კოდური სახელით: პატრიკ ზუსკინდი) ამ ამბავზე ცხელ-ცხელ რომანს დაწერდა, სათაურად „სუნამოს“ დაარქმევდა და დიდ ტირაჟსაც დაარტყამდა. რომანის პერსონაჟი smellmaker-ია (სუნთმქმნელი).
როგორია?
 
ბესტსელერის სუნი მცემს.
 
მოკლედ: ადამიანებში გამოიყოფა სპეციფიკური სუნის მქონე ქიმიური ნივთიერება, რომელიც პირდაპირ შიშის ზარს სცემს ნებისმიერს, ვინც მას შეიყნოსავს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ყველაში შიშს იწვევენ. მაგალითად, თავის დროზე – სტალინი, ჰიტლერი... ბრიტანელ მეცნიერებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი ტირანის სხეული ჭარბად გამოყოფდა იმ სურნელს, რომელსაც ეს-ესაა “შიშის სურნელი” ეწოდა. არადა, სულაც არ ყოფილა “ცუდი” სუნი, პირიქით.
 
ცუდი სურნელი კონტრკულტურშიკ ჯ.ჯ. ალენთან მოვიკითხოთ, მის სანახავად მოსულ მაყურებელს საკუთარ ექსკრემენტებს რომ ესროდა. არადა, მაყურებელთა აღფრთოვანებული რეაქციების გათვალისწინებით, ექსკრემენტის სუნი სულაც არ ყოფილა საშიში. შიშს იმდენად ბანალური სუნი აქვს, რომ კეთილგანწყობასაც კი აღძრავს თურმე.
შიშის სურნელი შეიქმს სიყვარულსო...
 
ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ ეს სურნელი თქვენს ხელშია, სულ რაღაც ორიოდე ფლაკონი და მთელი მსოფლიო თქვენს ფეხებთანაა გართხმული... მასობრივი ისტერიები, ტოტალური ფსიქოზი, ყოველდღიური რევოლუციები, უწყვეტი დეპრესიები, ცნობიერების შტურმი, მართვადი შიში...
 
შეისხურებ იღლიებში (ვითარცა nivea for men–ის რეკლამაშია), გადიხარ ენგურის ხიდთან, შედიხარ გალში, კარგ გალურ პლანსაც აგემოვნებ და აფხაზეთსაც იბრუნებ. მერე თუ არ დაგეზარება, რუსეთშიც გადახვალ, მთელი ფლაკონი გასხია, რუსული არმია უკან იხევს, პუტინი გაიქცა, მოსკოვი თავისუფალია!
 
ხუმრობა იქით იყოს და, ატომური ბომბი ხომ სათამაშოსავით გამოიყურება ასეთ ძლევამოსილ იარაღთან. მოკლედ, ძალიან, ძალიან საშიში რამეა.
 
აკრძალეს კიდეც. ჯერ ხეირიანად დატესტილიც არ იყო, რომ უკვე აკრძალეს. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვეს, რომ აკრძალეს და იქ, ფარულ ლაბორატორიებში რა ხდება და რას ამზადებენ, კაცმა არ იცის.
გავრცელებული აზრით, შიში, ეს არის თავისებური რიტუალი, რომელიც მიმდინარეობს ცნობიერების ყველაზე ღრმა და დაფარულ შრეებში.
 
ამავე დროს, შიში არის გრძნობა, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას.
წარმატებული ადამიანი ესაა შეშინებული ადამიანი.
 
ძმები კლიჩკოები, მაგალითად. უძლიერესი უკრაინელი მოკრივეები. ძალიან საშიში ბიჭები იყვნენ, რინგზე სასაკლაოს აწყობდნენ ხოლმე. ერთ–ერთი ძმა კლიჩკო (ზუსტად აღარ მახსოვს, რომელი) შიშის შესახებ ძალიან საინტერესო რამეს ამბობს: „თუ რინგზე გასვლის წინ არ მეშინია, ესე იგი, ბრძოლას წავაგებ. რაც უფრო მეშინია, მით უფრო იზრდება შანსი, მოწინააღმდეგეს დედა მოვუტყნა.” წარმოიდგინეთ, ეს უძლიერესი ფალავანი გამუდმებულ შიშში იყო!
 
შიში არის ადამიანის მესამე ფეხი.
 
შეშინებული ადამიანები ქმნიან კომერციულ იმპერიებს, ჰოლივუდის ფეისებს, ნავთობგიგანტებს, „დონ კიხოტს,” „თუნუქის დოლს”, შეშინებული ადამიანები გადიან რინგზე მათზე უფრო შეშინებულ ტაისონთან ან ჰოლიფილდთან, შეშინებული ადამიანები უწყვეტად გვესაუბრებიან შიშზე, როგორც სამარცხვინო მოვლენაზე.
 
შიშის, როგორც რიტუალის კლასიფიცირება, უძველესი დროიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ეთნოკულტურაში. ჰელოუინი, ჭიაკოკონობა, ვალპურგის ღამე – შიშის გამოწვევის ხალხური მცდელობები. მათ ხშირად სატანიზმთან აიგივებენ. ალბათ რიტუალური ფორმების გამო.
 
თუმცა, ეს დღესასწაულები სატანიზმთან იმდენადაა შორს, რამდენადაც თავად სატანიზმი. უცნაური რამე ვთქვი, თითქოს, მაგრამ საქმე უფრო მარტივადაა. სინამდვილეში, დღევანდელი სატანიზმიც რიტუალია, უმანკო თამაში, რომელშიც აქტიურად ერთვებიან ექსტრემისმოყვარულები, სნობები, გადამდგარი „ცერეუშნიკები”, ათეისტები, მორწმუნეები, მემარცხენე ინტელექტუალები, გეები, სთრეითები, კონტრკულტურშიკები...
 
არსებობს „მოსიარულე მიცვალებულის” სინდრომი. ასეთი დაავადებით შეპყრობილებს სჯერათ, რომ ისინი, რახანია, გარდაიცვალნენ და ახლა მოსიარულე მუმიები არიან, მათ აშინებთ გახრწნილი გვამის სუნი, რომელიც ჰგონიათ, რომ ასდით, გრძნობენ, სხეულის თითოეულ უჯრედში როგორ დაცოცავენ საზიზღარი, სლიპინა მატლები, პრეისტორიული ხოჭოები, მუტანტი მწერები... ამასობაში კარგავენ ყნოსვისა და გემოს შეგრძნებას. ასეც უნდა იყოს: ისინი ხომ მკვდრები არიან... ფაქტობრივად, მკვდრები.
 
მათ არ ძინავთ... თითქმის არ ძინავთ... ქრონიკული უძილობის შემდეგად უჩნდებათ მოთხოვნილება დოპინგზე. კოკაინი, იაფფასიანი არაყი, სპირტი, წებო, იმპოტენცია, თვითაღდგენის შეუძლებლობა... კუბო...
 
ეს ვერრეალიზებული ადამიანების შიშია. როცა კარიერას ვერ იწყობ, ბოლო სამსახურიდანაც გაგდებენ, ცოლს მეზობლის ძმიშვილი გიღლის, ქალიშვილს – მეზობელი, მეგობრები შემოგეფანტნენ, თეატრში კასტინგზე დაგიწუნეს, როგორც უიმედოდ უნიჭო, ქალაქში ყველაზე იაფფასიანმა ბოზმა ესთეტიკური პრინციპების გამო არ მოგცა... ეს ყველაფერი ქვეცნობიერში ილექება და ტვინში ამუშავებას იწყებს დამცავი მექანიზმი, რომელიც სხეულსაც და ფსიქიკასაც აიძულებს, შექმნას მიმიკრიული მოცემულობა, სადაც პასუხისმგებლობები გვერდზე გაიწევს, სადაც მტანჯველ რეალობაზე პასუხს აღარ აგებ... შენ ხომ მკვდარი ხარ!
 
ეს ის შემთხვევაა, როცა შიში ბოლომდე ამარცხებს ადამიანს, რადგან ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა შიშთან „ჩასასტავება”, შიშის, როგორც თანაბარუფლებიანი მოთამაშის გააზრება...
 
გახსოვთ „ქაჯანა”? შეშინებული პერსონაჟი შიშის გამოწვევითა თუ თავიდან განცდით იკურნება.
შეგვიძლია მეტნაკლებად ზუსტი ფორმულაც “შევქმნათ”: შიში უნდა გამოიწვიო, მისცე მას რიტუალის სახე, ეთამაშო და ამის მერე შეიძლება მის დამარცხებაზე, უფრო ზუსტად, მართვაზე საუბარი. მართვადი შიში უკვე შენს სამსახურშია, ის უზრუნველყოფს შენს წინსვლას, კარიერის კენწეროზე მოქცევას, ჰოლივუდის დაპყრობას, „მონა ლიზას” შექმნას, „ფორბსის” ათეულში მოხვედრას, ნატალი პორტმანის გაჟიმვას, ძმებ გონკურების პრემიას, მულტინაციონალური კონცერნის მეთაურობას...
 
გიყვარდეს შიში შენი, ვითარცა თავი შენი...
 
ამასობაში, შიში ყველაზე მრავალმრევლიანი ღმერთი გახდა, ის ფლობს ადამიანების უდიდეს ნაწილს და უფრო წარმატებით იყიდება, ვიდრე ნებისმიერი შეთქმულების თეორია, ვიდრე ნებისმიერი წიგნი კლინტონზე ან ობამაზე, ვიდრე ნებისმიერი ძუძუ გლამურული ჟურნალის გარეკანზე, ვიდრე ნებისმიერი პოპ-ვარსკვლავი. ამიტომაც არის ფსიქოლოგის პროფესია ყველაზე სარფიანი, ისინი ჩვენს შიშებს ფუთავენ, უკეთებენ მაკიაჟს და უკანვე გვიბრუნებენ. რასაკვირველია, ამ ფერუმარილს მწარე რეალობის სეტყვა მალევე გადარეცხავს, მაგრამ მაინც... დროებით მაინც ხომ ვისვენებთ.
 
ეს ფსიქომარკეტინგია.
 
არ გამოვრიცხავ, რომ როგორც აიზეკ აზიმოვთან, ჩვენს დროშიც გაჩდნენ რობოფსიქოლოგები, რომლებიც ელექტრონული ალერსით გაალღობენ ჩვენს შიშებს. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვენ საკუთარი ძალებით გვიწევს მასთან გამკლავება, გვიწევს ათასობით რეცეპტისა და ელექსირის გამოგონება, მაგრამ... იშვიათად ვაღწევთ მიზანს იმიტომ, რომ წინააღმდეგობის პრიორიტეტები არ განგვისაზღვრავს.
 
ჩვენი ბალნიანი წინაპრები, როგორც ჩანს, ემპირიული ცოდნით წვდებოდნენ შიშის, როგორც ასეთის, ბუნებას, მისი „მნიშვნელობის მნიშვნელობას” (წავიბეროუზე). ასე მივიდნენ იმ საერთო დასკვნამდე, რომ შიში საუკეთესო მეგობარია.
ჰოდა, ნუ მოაწყენ მეგობარს, გამოიწვიე, ეთამაშე, შესთავაზე შენი წესები, მოაქციე შენთვის სასურველ მოცემულობაში, ყური დაუგდე და... მართე!
 
 
P.S. 
 
„ – შეიძლება თუ არა მკვლელობა იყოს ლამაზი?
– არათუ შეიძლება. მკვლელობა აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი!”
 
ეს პოლი ბრაითია. ინტელექტუალი პაპსავიკი (მკვლელობაც ხომ რიტუალია. მკვლელი კაცს კი არა, ამ კაცისადმი შიშს კლავს. მკვლელის შიში ხომ მოკლულის სხეულში ცხოვრობს).
ბრაითამდე დიდი ხნით ადრე მკვლელობის რიტუალიზება ბოდიარტისტმა ბიიორდენმა სცადა და საკუთარი სხეული ბოლომდე ჩადო ხელოვნების კონტექსტში. მან აიძულა თავის შეყვარებულს, საგამოფენო დარბაზშივე ესროლა მისთვის. და დაჭრა კიდეც.  ეს შიშის საბოლოოდ დაძლევის რიტუალი იყო.
 
თქვენც სცადეთ, გამოგივათ!
 
 
2010 წელი