• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მზის პოსტერი

×
ავტორის გვერდი გიორგი ჩუთლაშვილი 00 , 0000 2016

 

საგიჟეთი

… სარკეში, დავტოვე შენი საგიჟეთი …
“მაშინ, როცა საგიჟეთის ანარეკლი შენს სახეზე
განტოლებას ხსნიდა” (კროსვორდესბ ავსებდა)
სარკის მიღმა, სიმშვიდის ყველა ტომი, ყველა ნარკვევი,
ვუსახსოვრე ონკანის წყალს და წიქვილს.
ჩემი ფურცლების ყანა გაიყინა.
დამრჩა სიგიჟის ორი რვეული, საათის მხოლოდ
ერთი ისარი და საგიჟეთის აც თუ ისე თეთრი  ხალათი.
შენ საგიჟეთი. ის საგიჟეთი. შენ საგიჟეთი.
და თოვლი. თეთრი მუყაო.
სისხლის გათეთრების პირველი სტადია ქვედამიწაზე.
საგიჟეთი. შენ საგიჟეთი.
შენ მოექცევი ვენაში. შენ მოექცევი იასამნების
გადაკვეთაზე, სიამოვნების მისაღებად, ათგზის ორგაზმისთვის.
კედლიან თითებში ადამისფერი ვაშლი დაფეხმძიმდა…
სადარბაზოში მან ვერ მოირგო არც თუ ისე თეთრი
დარბაზი. ხუთკუთხედი ამინდები. ტვინის ღრუში,
ხუთკუთხედი ხილვები. საგიჟეთი. შენ საგიჟეთი.
შენ საგიჟეში. ის საგიჟეთი.
თუნუქის ქილაში ერთი თვის სამყოფი
თიხის სამყარო შენ იქნებ გეყოს!!!
შენ, ხომ იყოფი ათასად ათზე,
ათასად ათასჯერ მარსზე. ითვლება ათამდე…
და დაიყავი, ატმოსფეროში დამონტაჟებულ
ღამეებად, საღამოებად.
გამიყავი შენი ჩრდილის ნახევარი.
მომიტეხე შენი ცრემლი.
ორი. სამი. ორი. სამი. ორი. სამი.
დაიყავი საღებავში, ლურჯით ყვითლით.
დაიყავი სახეებზე სარკეებად.
სარკეებზე სახეებად.
დაიყავი…
            და  იყავი…
სარკის იქით საგიჟეთი…
საგიჟეთში შენი სარკე…

 

ჩვენ ავფრინდებით

ჩვენ  ავფრინდებით, აფორიაქებულები  ავფრინდებით!..
გახუნებულ  მაჯებს  ფლომასტერით გავიფერადებთ და
პროჟექტორის შუქზე წარვადგენთ საკუთარ სულებს…
მზეების კუთხეში , რიცხვების გარეშე დარჩენილ
კალენდარზე დავწერთ,
ჩვენი დასაფლავებული საფლავების რაოდენობას
და ჩვენი ყალბი თმის ღერების დახარისხების
დროს და განწყობას…
ჩვენ ავფრინდებით
შეკრული ზამბახების ვიბრაციებით,
გაბზარული ლარნაკებით  და მარტინის მარტივი ჭიქებით,
ყვავილების და სასმელების გარეშე!
ჩვენ ავფრინდებით, გიშრებიდან მარმარილოდან…
ცივ, სუნამოს ლაბირინთებში ვითომ დავკარგავთ
ჩვენს მყრალ სუნებს სიყრმიდან მონიჭებულს.
მესამე სართულზე, მეასე ნიავზე დავაბანაკებთ
ჩვენს გამხმარ ძარღვებს და ავფრინდებით!
აფორიაქებულები ავფრინდებით…
ჩვენ ავფრინდებით!
ჩვენ ავფრინდებით!
ჩვენ ავფრინდებით!

 

მზის  პოსტერი 

ფანჯრები ღიაა! შუქი დასაშვებზე მეტი!
მეცხრე ცა ცივია და პლაზმური…
შენ ისევ აქ ხარ შენს ოთახში,
ხის საწოლზე ზიხარ და ცოცხლობ…
გაზეთში გახვეული სიზმრებით ამთავრებ თამაშს…
(გაზეთები გუშინ სუპერმარკეტში იყიდე,
პურთან და ორცხობილასთან ერთად)
და იწყებ ძველი წერილებით წარსულში გადასვლას…
სადაც ბევრ წვრილმან ამბავთან ერთად,
შენი მკერდის ზრდის დღეებსაც იხსენებ…
მერე გბეზრდება წარსული…
რთავ კომპიუტერს და ბეჭდავ
იმიტირებული სიკვდილის სცენარს…
რომელზეც ბევრს იცინი…
თან სოციალურ ქსელში ესაუბრები მეგობრებს
უცხოპლანეტელზე, რომელმაც დღეს მეგობრობა
შემოგთავაზა, სხვა სამყაროში…
თან კედელზე გაკრულ მზის ,,პოსტერს” უყურებ,
რომელიც არ გათბობს, მაგრამ იცი, რომ
ქაღალდის მზეზე მაღლა დგახარ და
ეს ფაქტი გახარებს…
მერე ეცემი, საწოლი ცარიელდება
რჩება ზეწარი დაჭმუწნული …
შენ სიცარიელეში იძინებ და
ეძებ სიცოცხლეს ხელმეორედ…

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული