ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

დაცემა

მიშა ბახსოლიანი
01.02.2014

   


თავდაცვის სამინისტროს  მოსაცდელი ხალხით იყო სავსე. გურამი კოჭლობით მიდიოდა და ცალი თვალით დასაჯდომ ადგილს ეძებდა.  მეორე თვალი ბინტით ქონდა აკრული, მაგრამ ეს სულაც არ ამსგავსებდა მეკობრეს. სამხედრო ფორმა ეცვა, გვარიანად დაძველებული და გახუნებული, ხელში პოლისჯოხის ტარი ეჭირა და ყავარჯნად ხმარობდა. დახეული ბათინკები ისეთნაირად გაეპრიალებინა, ლაპლაპი გაუდიოდა, თუმცა საერთო სურათს ეს ბევრით ვერაფრით შველოდა. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ თამამად გვეთქვა, გურამს გადებული ჰქონდა.  ყველა სკამი დაკავებული იყო. გურამს იმედი ჰქონდა ვინმე ადგილს დამითმობსო და დაშავებულ ფეხს ზედმეტად დემონსტრაციულად მიათრევდა პარკეტზე. ალაგ-ალაგ პარკეტი  აყრილი იყო, რაც გზას კიდევ უფრო მტკივნეულს ხდიდა.   თუმცა სკამებზე განლაგებული ადამიანები გურამს თვალს არიდებდნენ და ჭერში იყურებოდნენ. თანაც მათაც არ ულხინდათ. ისეთი დრო იყო, თითო ჭრილობა ყველას ედო ჯიბეში.  როდესაც მიხვდა, დაჯდომას ვერ ეღირსებოდა, კედელს მიეყუდა და საათს დახედა. 10 ხდებოდა. შეხვედრამდე საათი უნდა გაეძლო.

            -ტყვია თუ ნაღმი?

            -რა ბრძანეთ?-ხმას მოუბრუნდა გურამი.

            იქვე მის ფეხთან ახლაგაზრდა მამაკაცი   მოხერხებულად ჩაცუცქულიყო და ბარძაყს უთვალიერებდა.

            -ტყვია.

            -აფხაზეთი თუ ოსეთი?

            -აფხაზეთი. სოხუმის დაცემის წინა დღეს დამჭრეს. სნაიპერმა მესროლა.

            -გაგიმართლა. ცუდი სნაიპერი შეგხვდა.

            მამაკაცი ისევ ჩაკუზული იყო და ეტყობოდა ადგომას არც აპირებდა. გურამმა თავი უხერხულად იგრძნო. თან მისი ბათინკების ნაკლოვანი მხარეები ახლოდან უფრო შესამჩნევი იყო.  

            -მე გურამ ჩადუნელი ვარ. უმცროსი ლეიტენანტი - ხელი გაუწოდა უცნობს, თან იფიქრა იქნებ ახლა მაინც ადგესო, მაგრამ მამკაცმა ხელი ჩაცუცქულმა ჩამოართვა და თან ხვნეშით დაამტა:

            -მაპატიეთ ფეხზე ადგომა არ შემიძლია. ჩემი ტყვია კუდუსუნთანაა გაჭედილი. იძულებული ვარ ასე ვიარო. ეს ნაბიჭვრები კი ოპერაციის ფულს არ მაძლევენ. უკვე მეოთხედ მოვდივარ.  

            - კი მაგრამ რას გეუბნებიან? -გაუკვირდა გურამს და უსიამოვნოდ შეიშმუშნა, თვითონაც დახმარების სათხოვნელად იყო მოსული და ამ კაცის შემხედვარე ეჭვი შეეპარა ტყუილად ხომ არ მოვედიო.

            -არც არაფერს. თურმე ნუ იტყვი და სახელმწიფოს უჭირს, თან ავადმყოფების მიხედვა თავდაცვის კი არადა ჯანდაცვის საქმეა.

            -იყავით ჯანდაცვის სამინისტროში მისული?

            -იქიდან მოვდივარ. იქიდან აქ გამომიშვეს. რაღაც საბუთს მთხოვენ.

            -საბუთს?

            -ხო საბუთს. სადაც ეწერება, რომ მართლა ვომობდი და მართლა დაჭრილი ვარ.

            -მერე მიუტანეთ.

            -მივუტან კიდეც. აბა ასე ჩაკუზული ხომ არ ვივლი მთელი ცხოვრება, -გაბრაზდა უცნობი და მისი ხმაც ნელ-ნელა ყვირილის რეჟიმში გადავიდა.

            -კარგით დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნება,-დაამშვიდა გურამმა,-საბუთს მოგცემენ და ოპერაციაც კარგად ჩაივლის.

            -წადი შენი, დაამშვიდე ბებიაშენი,-ჩაილაპრაკა კაცმა და ოთახის მეორე ბოლოსკენ  ჩაკუზული წავიდა.

 

            გურამი მინისტრთან 2 საათზე შევიდა. ფეხი საშინლად სტკიოდა. თვალებში უბნელდებოდა და თან ძალიან შიოდა.  მინისტრს დაღლილი სახე ჰქონდა, თუმცა დიდხანს ყურებამ არ მოუწია. შესული არ იყო, რომ ბატონ ვარდიკოს ვიღაცამ დაურეკა და მანაც გურამის თავი მსუქან მოადგილეს გადააბარა. თვითონ კი უკანა კარით გავარდა და თან დაიბარა, საღამომდე თუ ვინმემ მიკითხოს, უთხარით რომ ხიდაშლებში ვზივარო.    მოადგილეს ახალი გაპარსული სახე შეწითლებოდა და გამწარებული იფხანდა კისერს.

            - ვეტყვით აბა რას ვიზამთ-დაპირდა უფროსს, შემდეგ კი გურამს მოუბრუნდა და ჰკითხა: ,,აბა ბატონო დავით რა გნებავთ?“

            -მე გურამი მქვია.

            -ხო გურამი გურამი. უკაცრავად. იმედია ფეხის სამკურნალოდ არ მოხვედით. ეგ ჯანდაცვის საქმეა.

            -არა, რას ბრძანებთ. ფეხი თითქმის მომირჩა. მე ცოტა სხვა სათხოვარი მაქვს.

            -ბრძანეთ მერე. თუ ვერაფერს გიშველით, მოგისმენთ მაინც.

            -იცით მე დიდხანს ვიბრძოდი, ჯერ ოსეთში, მერე აფხაზეთში. ბევრი ადამიანი გადავრჩინე სიცოხლეს, ბევრიც მოვკალი, მამაცობისთვის მედალიც კი მომცეს. ბოლოს არ გამიმართლა და  ფეხში დამჭრეს. ბრძოლა აღარ შემიძლია.   მამაჩემი ომში დაიკარგა, დღესაც არ ვიცი მკვდარია თუ ტყვედ ჩავარდა. დედაჩემი ახლახან მოკვდა, ჩვენზე ნერვიულობას გადაყვა.

            -მერე მე რით გიშველოთ. სამწუხაროდ ჩვენ ადამიანების გაცოცხლება არ შეგვიძლია.

            -არა რას ბრძანებთ. იქნებ მამაჩემი მოგეძებნათ. იქნებ ,,პლენში“ იყოს და ვინმეში გაგეცვალათ.

            -იცით რა ტყვეების გაცვლა უკვე დავასრულეთ. ალბათ მამთქვენი ტყვედ არ ჩავარდნილა თორემ უკვე გავცვლიდით.           

            ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ბოლოს ისევ მსუქანმა ივარგა. სკამიდან ადგა, გურამთან მივიდა, მხარზე ხელი დაადო და მოწყენილი ხმით უთხრა.

            - ვწუხვარ, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა, მშობლები მიდიან, შვილები ვრჩებით. როგორც ამბობენ ღმერთსაც კარგები უნდა თავისთვის. ალბათ მამთქვენი კარგი ადამიანი იყო. ახლა კი სხვა თუ არაფერი გნებავთ, იქნებ წახვიდეთ და შემდეგი შემოუშვათ, თორემ საღამომდე აქ მომიწევს ჯდომა.

            - არა კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. იქნებ როგორღაც მოახერხოთ და რამე სამსახური მომიძებნოთ. ძალიან კი მერიდება, მაგრამ თქვენს მეტი არავინ დამრჩა, ჯარისკაცი ვარ, სროლის მეტი არაფერი ვიცი, თავი რითი უნდა ვირჩინო? თან ეს ფეხიც, მოკლედ ხომ ხვდებით ასეთი არავის ვჭირდები.

            -ვერაფრით დაგეხმარებით. აბა ჩვენ რა სამსახური უნდა გიშოვოთ.  თქვენ მართალია გმირი ხართ და გმირულად იბრძოდით, მაგრამ თქვენნაირი ახლა ძალიან ბევრია.  ახლა ქვეყანას გმირები კი არა პროფესიონალები ჭირდება. თქვენ კი როგორც უკვე აღნიშნეთ, სროლის გარდა არაფერი იცით.

            -რაა?! ვერაფრით დამეხმარებით?! ეს დედამოტყნული... ხომ გითხარით, ვიბრძოდი, ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთე. ახლა კი, როდესაც დავიჭერი და ბრძოლა აღარ შემიძლია, ყლეზე უნდა დამიკიდოთ?!

            -რას კადრულობთ ახალგაზრდა? თავი სად გგონიათ?

            -მისმინე, სამსახური მიშოვე!. ..დროზე!!! ახლავე შემპირდი, რომ რამეს მოიფიქრებ. თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ. ნავთს მოვიტან და გამოგწვავთ სუყველას.

            -რაა?

            -რა რა! გამოგწვავთ, გამოგბუგავთ.  თქვე ნაბოზრებო, სხედხართ აქ თბილად და ხალხს ზემოდან უყურებთ. შენ სად იყავი მე რომ სოხუმთან ვიდექი. გმირს მეძახი და თან ნაბოზვრულად გეცინება. მე მართლა გმირი ვარ, შენ კიდევ პატარა სირი ხარ.  მკიდია, სამასახური მინდა. სადმე სულერთია, მთვარია იმდენი ხელფასი იყოს, რომ პური მაინც ვიყიდო.  თქვენს გამო მათხოვრობას არ ვაპირებ. მე იმას ვითხოვ, რაც დავიმსახურე.

            - იცოდეთ, დაცვას დავუძახებ!

            -ერთი სიტყვა და აქვე წაგახრჩობ-გურამი ფეხზე წამოხტა და მოადგილის მაგიდისკენ ფეხისთრევით წავიდა, თან ხელში პოლისჯოხის ტარი ეჭირა და სახეზე ფრედი კრიუგერი ეხატა.

            -კარგი, მოიცადე... ერთ წუთი მაცადე, -ჩაისვარა მოადგილემ,-იქნებ რამე მოვიფიქრო. იქნებ დაჯდე .

            -მირჩევნია ვიდგე.

            -კარგი, როგორც გინდა. ახლავე  დავრეკავ.

            მსუქანმა ტელეფონის ყურმილი აიღო, აჭარხლებულ ყურზე მიიდო და ნომერი აკრიფა. ცოტა ხანს არავინ პასუხობდა, მერე კი ვიღაც  როხროხამ იმხელა ხმაზე თქვა ალო, რომ არათუ გურამმა, არამედ დერეფანში შეკრებილმა ხალხმაც კი გაიგო მისი ხმა.

            -ავთანდილოვიჩ, ნოდარი ვარ, ვარდიკოს ნოდარი, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.

            -ბრძანეთ ბატონო ნოდარ , თქვენთვის და ბატონი ვარდიკოსთის ყველაფერს გავკეთებ-კიდევ ერთხელ აღრიალდა ავთანდილოვიჩი ტელეფონის ყურმილში.

            -ერთ ჩვენ მეგობარს ძალიან სჭირდება სამსახურში მოწყობა. აუცილებლად რამე უნდა მოუძებნოთ თქვენთან.  ახლაგაზრდა კაცია. ოსეთში იომა, აფხაზეთშიც. ქვეყნისთვის თავი არ დაუზოგავს. ფეხშია დაჭრილი. მოკლედ ნამდვილი გმირია და ქვეყანამ არ უნდა დაივიწყოს მისი ღვაწლი.

            -ძალიან კარგი. მოხარული ვარ. იცით რა აქურობას ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდა ამ ბოლო დროს და თავისუფალი ადგილები თითქმის არ გვაქვს, მაგრამ ბატონი ვარდიკოს ხათრით რამეს მოვიფიქრებთ, წვევამდელებს რომ ჯარში გაწვევის უწყება მიუტანოს სახლებში, შეძლებს?- ხმამაღლა დაინტერესდა ყურმილს იქით  გამაგრებული ავთანდილოვიჩი.

            -რა თქმა უნდა. ყველაფერს მოახერხებს. ნამდვილი არწივია.

            -ფეხი ხომ არ შეუშლის ხელს?

            -არა, თითქმის მორჩენილი აქვს. ისე კოჭლობს ვერც შეატყობთ,-დაამშვიდა ნოდარმა.

            -მაშინ ველოდებით. შეუძლია ხვალვე მოვიდეს.

            - აბა კარგად ავთანდილოვიჩ.

            -თქვენც კარგად მეყოლეთ ბატონო ნოდარ, ბატონ ვარდიკოს ჩემგან მოკითხვა გადაეცით.

            -აუცილებლად გადავცემ-დაპირდა ნოდარი ავთანდილოვიჩს, ყურმილი დაკიდა და გურამს შეხედა-კმაყოფილი ხარ გმირო?

            -ხედავ,  შეგძლებია,ხვალ სად უნდა მივიდე? -ხასიათი გამოუკეთდა გურამს.

            -რუსთავის კომისარიატში.

            -რუსთავის?

            -რა იყო არ გეკადრება? აქვეა ორ ნაბიჯში. თან კარგი ფული კეთდება. ჯარში წასვლა არავის აღარ უნდა და ყველა ქრთამს იძლევა. იცოდე ძალიან არ გაღორდე. თორემ ისევე უცბად მოგხსნით, როგორც დაგნიშნეთ.  კიდევ ერთი დაიმახსოვრე. რასაც აკეთებ ნახევარს ავთანდილოვიჩს აძლევ, ,,დალშე“ ის თვითონ მიხედავს ყველაფერს.

            -ქრთამის აღებას არ ვაპირებ. ხელფასიც მეყოფა.

            -შენი საქმის შენ იცი. ძალას არავინ დაგატანს. თუმცა მეეჭვება ხელფასი რამეში გეყოს. ახლა წადი და შემდეგი შემოუშვი.

            -კარგად ბრძანდებოდეთ.

            -შენც კარგად იყავი.

           

 

            ვატოს თავი უსკდებოდა. არა პახმელია არაფერ შუაში იყო. უბრალოდ ნიკუშას მძიმე მუშტი უკვე მეოთხედ მოხვდა შუბლში. მეხუთეს ალბათ ვეღარც გაუძლებდა და ტვინს იატაკზე დაღვრიდა. შუა ოთახში იდგა.   გარშემო ოთხი ბიჭი შემოხვეოდა. თაზო, სახლის პატრონი და ამ წუთამდე მისი ერთ ერთი საუკეთსო მეგობარი. სწორედ მან დაურეკა და მოტყუებით ამოიყვანა, თორემ თვითონ უკვე ხაშურში აპირებდა გაქცევას. დათო -  მისი გარე ბიძაშვილი, რომელსაც დიდად არასოდეს ეხატებოდა გულზე და რომელიც, როგორც  უბანში ამბობდნენ ხოლმე, დღე დღეზე ქურდობას ელოდებოდა.  ქეთის ძმა ნიკა, უბრალოდ კაი ბიჭი და როგორც მის კაი ბიჭობას  შეეფერებოდა დის პატიოსნების დამცველი  და  ვაჟა- პატარა, მეცხრეკლასელი, ნაბოზარი ბავშვი, ვინც დაინახა, როგორ კოცნიდა ქეთის და ძმასთან ჩაუშვა.  ბიჭებიდან ყველას სძულდა, რადგანაც  მან  გაბედა და  კაი ბიჭის დას სხვა თვალით შეხედა და არა მარტო შეხედა, არამედ აკოცა და ვინ იცის კიდევ რამდენი რამე აკადრა. ამისთვის ნებისმიერ მათგანს თავისუფლად შეეძლო ადგილზე დაეკლა. რიგრიგობით ურტყამდნენ.  ხელის შებრუნება არ უცდია. დაუწერელი კანონი იყო. მისაღები უნდა მიეღო და მხოლოდ მაშინ მიეცემოდა გადარჩენის შანსი. არც ძირს დაცემა შეიძლებოდა, ბიჭებს  დახრა დაეზარებოდათ , მის ცემას წიხლებით გააგრძელებდნენ, რაც ათმაგად მტკივნეული იქნებოდა და შეიძლება მომკვდარიყო კიდეც.

            -მე მიყურე შე ნაბოზარო,-დაუყვირა თაზომ.

            ვატომ თავი ასწია და თავლებში შეხედა. თაზომ მუშტი ზემოდან ჩაარტყა თავში. ვატოს თვალებში დაუბნელდა და ტკივილისგან წელში მოიხარა. შემდეგ დათომ წამოარტყა, ისე, დიდი ენთუზიაზმის გარეშე, სხვების დარტყმების ფონზე მოფერებასავით ჩანდა. ვაჟას კბილები უკაკაწებდა ისე უნდოდა, რომ დაერტყა, მაგრამ ვერ ბედავდა და მოუსვენრად ცქმუტავდა. დათომ შეამჩნია, ცოტა ხანს უყურა, მერე თვალებში სიბრაზემ გაუელვა და კბილებში გამოცრა.

            -ეს კრისა ბავშვი აქედან გაიყვანეთ.

            -მაგან გვითხრა ყველაფერი,-დაიცვა ნიკამ.

            -გაიყვანეთ მეთქი. თუ რამის ტრაკი ჰქონდა, როდესაც დაინახა, მაშინ უნდა გაეკეთებინა და ენის ტლიკინი მერე დაეწყო.

            -გადი კუხნაში დაგველოდე,-უთხრა თაზომ,-მაცივარში არაფერია და ტყუილუბრალოდ არ გახსნა.

            ნიკამ დრო იხელთა და ვატოს კიდევ ერთხელ ჩაცხო. ვატო იატაკზე დაჯდა. ცხირიდან სისხლი წამოუვიდა .

            - მგონი ეყოფა,- აღნიშნა თაზომ.

            -მამენტ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ამ კაცის დის ბაზარია და ამ კაცმა გადაწყვიტოს თვითონ.

            -ნიკა ძმაო. მე ნიკა მქვია, - თქვა და დათოს ხელი გაუწოდა. დათომ ხელს ხელი შეახვედრა და მაგრად მოუჭირა.

            -სასიამოვნოა, ბრატ. მე ...

            -შენ, ისედაც ვიცი, დათო ხარ. აქ ყველა გიცნობს.

            -ლაპარაკს მაცლი?

            -პრასტი ბრატ. არ მინდოდა.

            -მე დათო ვარ და ჩემთვის სასიამოვნოა შენი გაცნობა. ვაფშე ეგრეა, კაი ხალხი ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ. ეს ნაბოზარი ჩემი ბიძაშვილია, თუ რაღაც ეგეთი და რაც გააკეთა ჩემი შეურაცხყოფაცაა. მე ვიცი ეს რასაც აპირებდა. ჩაისვარა და უკვე გაქცევა უნდოდა. აქ იმიტომ ამოვიყვანე, რომ მისთვის ასე ჯობია, შენთვისაც ასე ჯობია და მეც არ მინდა რომ ჩემი თუგინდ შორეული ბიძაშვილი თავის პასტუპკას გაექცეს.   აქაც ამიტომ ვარ. ხო ასეა, თაზო?

            -კი კი. დათომ მთხოვა დაურეკეო და ვატო იმიტომ ამოვიყვანე აქ. ჩემი ბრატიცაა რა . ახლა კი ვურტყამ და რამე, მაგრამ შეცდომა ყველას მოსვლია, ისე მაგარი ძმაა. აქამდე არაფერი შეშლია. ყველას გვერდში გვიდგას და ზონაზეც აგზავნის ფულს. ახლობლებიც ჰყავს იქ,-დაიცვა ნაცემი ძმაკაცი თაზომ.

            -იქ ახლობლები ყველას გვყავს- გააგრძელა დათომ-და ადრე თუ გვიან ყველა იქ მოვხვდებით. ახლა კი მისმინე ნიკუშ. ერთი პრასტოი რამე მინდა გკითხო. ამ კაცთან ბაზარს მორჩი? მისაღები მიიღო თუ კიდევ გაქვს რამე საქმე?

            -მისაღები მიიღო,-მძიმედ თქვა ნიკამ, თუმცა ეტყობოდა რომ ერთ-ორ დარტყმაზე კიდევ არ იტყოდა უარს.

            -მაშინ მოვრჩით და ეგაა. გასასვლელი ვარ, ათასი საქმე მაქვს. ერთმანეთს ხელი ჩამოართვით და დაიშალეთ. იმ ნაბოზარ ბავშვს უთხარით. არსად იბაზროს აქ რაც ნახა და ვაფშე არც არაფერზე არ იბაზროს.

            -არაფერს არ იტყვის, მაგას მე მივხედავ-დაპირდა თაზო-ამას რა ვუყო, არ მოკვდეს ეს ჩემისა.

            ვატო უკვე იატაკზე იწვა. სახესთან სისხლის გუბე ეზრდებოდა.  

            -ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება, ისე მიხედე შენი ძმაკაცია, რაც მოხდა ეს არაფერს ცვლის. ხვალიდან შეგიძლიათ ისევ იძმაკაცოთ,-დამშვიდა დათომ თაზო.

            -ეგ ვიცი. პროსტა ახლა რა ვუქნა, ექიმი კი არ ვარ. თან მალე დედაჩემი მოვა სამსახურიდან. ასეთი რომ ნახოს სახლიდან გამაგდებს.

            -ნიკუშ მიდი მიეხმარე აბა ერთი ვანაში წაიყვანეთ. მე არ მინდა რომ დავისვარო. საღამოს ხიპიშზე მივდივარ და დასვრილი ხომ არ წავალ, თან ამ შავებს ყველაფერი ეტყობა-აწუწუნდა დათო.

            ნიკამ და თაზომ ვატო ვანაში გაიყვანეს. წყალი არ მოდიოდა, მაგრამ თაზოს ვედროებით ქონდა წყლები მომარაგებული და ერთ-ერთში თავი ჩააყოფინეს. ვატომ დაიხროტინა.

            -არ დავახრჩოთ ბიჭო. მოდი დავსვათ და სახე მოვბანოთ. ისე რამდენი ვურტყით ასეც არ შეიძლება,-შეეცოდა ძმაკაცი.

            -შენ მობანე, მე მაგ ბოზისშვილს  ხელს არ მოვკიდებ.

            -რა თქვი?

            -რაც გაიგე.

            -გაიმეორე ბიჭო.

            -მაგ ნაბოზარს ხელს არ მოვკიდებ. თუ გინდა შენ მობანე-მეთქი.

            თაზომ ორივე ხელი მკერდში კრა. ნიკა არ ელოდა და იატაკზე გაიშხლართა ვატოს გვერდით. თაზო მკერდზე ზემოდან გადაადგა და მარჯვენა ხელით სახეში რამდენიმეჯერ მთელი ძალით ჩაარტყა.

            -შე განდონო..თავი სად გგონია ბიჭო...ჩემი ძმაკაცია...

            სააბაზანოში დათო და ვაჟა შემოვარდნენ. ვაჟამ წიხლა ჩაარტყა ნიკას, დათომ თაზო დაითრია და გარეთ გაიყვანა.

            -რა ხდება ბიჭო. ტრაკები დააყენეთ ახლა, თორემ  დაგხოცავთ ორივეს. შენ კიდევ შე კრისა ბავშვო ხომ გითხრეს კუხნაში იჯექიო. დავაი ახლა აქედან.

            ვაჟა კუდამოძუებული გავიდა. ნიკამ სული მოითქვა და თაზოსკენ გაიწია.

            -მოგკლავ შე ნაბოზარო.

            თაზომაც გაძრომა  სცადა.

            -გეყოფათ-მეთქი. ვეღარ მხედავთ?-აღრიალდა დათო,-დროზე რა მოხდა მითხარი.

            -ჩემს ძმაკაცს აგინა. ნაბოზარი და ბოზისშვილი უწოდა.

            -რაა?-გაუკვირდა დათოს-შენ ხომ თქვი ყველაფერს მოვრჩი, ამ კაცთან საბაზრო არაფერი მაქვსო.

            ნიკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

            -მერე ეს რატომღა თქვი. შენ რა გგონია, რადგანაც ერთხელ შენ დას აკოცა მთელი ცხოვრება ყლის იარლიყით ივლის? მაგან მისაღები უკვე მიიღო და მეტს ვერავინ ვერაფერს ვეღარ ეტყვის. აი რაც შეგეხება შენ, მოვა ვატო აზრზე და ვნახოთ როგორ მოვიქცევით. კაკ მინიმუმ შენც ისევე დაისჯები როგორც ის. გადი ზალაში და კედელთან დადექი. ჩვენ ამას აზრზე მოვიყვანთ და ორ წუთში მოვალთ. გარეთ გასვლა არ გაბედო, თორემ გიპოვი და კბილებში გადაგჭრი.

            ნიკა უხმოდ წავიდა სასტუმრო ოთახისკენ. სახეზე ეწერა, რომ უკვე ძალიან ნანობდა თავის საქციელს. 

             

           

            გურამი მალე შეეგუა ახალ სამსახურს. იქ ძირითადად ძველი სამხედროები მუშაობდნენ, ამიტომ ყველასთან მალე გამონახა საერთო ენა. დაახლოებით ერთი თვე საქმეც არაფერი ქონდა. იჯდა ფოიეში და დომინოს თამაშობდა, ან ქალაქში დახეტიალობდა და ქუჩების სახელებს იმახსოვრებდა.   როდესაც უთხრეს, დღეს უწყებები უნდა დაარიგოო, ძალიან გაუხარდა, უსაქმოდ ჯდომა ყელში ჰქონდა ამოსული, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კომისარიატის მანქანას მეცხარმეტე მიკროში გაჰყვა. მარტივი დავალება ჰქონდა შესასრულებელი, თორმეტი უწყება უნდა მიეტანა ადრესატამდე და ორ საათში ისევ უკან წაიყვანდნენ. თუ ადრე მორჩებოდა შეეძლო ტაქსითაც წასულიყო. სხვა ტრანსპორტი მეცხრამეტე მიკროში არ მოძრაობდა. ავტობუსები და მიკროავტობუსები გვერდს ჩერნობილივით უვლიდნენ.

             მანქანიდან რომ გადმოვიდა, წვიმა დაიწყო. გურამმა ერთი შეიკურთხა და ჩქარი ნაბიჯით უახლოესი კორპუსისკენ წავიდა.ნატყვიარი  ფეხი ისევ სტკიოდა, ამიტომ  სირბილს ვერ ახერხებდა, თან ცდილობდა წყლიანი ორმოებისთვის გვერდი ფრთხილად აევლო, რომლებიც სულაც არ წარმოადგენდნენ იშვიათ სანახაობას და ფაქტიურად მთელი ასფალტის 80%-ს იკავებდნენ. გურამის მცდელობამ ამაოდ ჩაირა და ერთი ორჯერ ისე ჩაკრა, ფეხი მუხლამდე დაუსველდა და ბათინკებშიც უხვად შეჟონა წყალმა.

            კორპუსი ოთხი ნომერი იყო. უწყებებს გადახედა, იქ სამი მომავალი ჯარისკაცი ცხოვრობდა, დავით ჯანდიერი 24 წლის. თამაზ მორჩილაძე 18 წლის  და ვარლამ  გულუა ისიც 18 წლის.

            -სწორად მოვსულარ, -გაუხარდა გურამს და ლიფტის ღილაკს ხელი მიაჭირა.

ლიფტი არ მუშაბდა. არადა სადარბაზოში მიუხედავად იმისა, რომ 2 საათი იყო, შუქი ენთო. გურამმა კიდევ რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ლიფტი არ მოვიდა და იძულებული გახდა ფეხით შედგომოდა კიბეებს. ფეხის ტკივილი უფრო და უფრო უმატებდა  და მერვე კიბეზე უკვე შესვენება მოუწია.

            -ფეხის დასველების ბრალია, რაღა დღეს გაწვიმდა,-გაბრაზდა გურამი და გზა ხვნეშით გააგრძელა.

            დავითი მეოთხეზე ცხოვრობდა, მაგარმ სახლში არავინ დახვდა. ვარლამის შემთხვევაში უფრო გაუმართლა. კარები გაუხსნეს და სახლში შეიპატიჟეს. ოჯახის უფროსმა არაყი გამოუტანა და საზამთროს მურაბასთან ერთად მაგიდაზე დააწყო.

            -დალიეთ შეციებული იქნებით,-უთხრა თბილად.

            გურამს გაუხარდა. კეთილი ადამინები კიდევ ყოფილან დარჩენილებიო და მშვიდობის სადღეგრძელო დალია. მერე უწყება ამოიღო და მაგიდაზე დადო.

            - ხელი მომიწერეთ რომ მიიღეთ,- სთხოვა მასპინძელს და უცბად სასწაული მოხდა.

            მასპინძელმა მუხლებზე დაიჩოქა და  ხელები ფეხებზე მოხვია.

            -თქვი რომ არ გინახივართ. თქვი რომ არ გინახივართ და გვთხოვე რაც გინდა. ფული არ გვაქს, მაგრამ ტელევიზორს მოგცემთ. კარგი ტელევიზორია. ახალახანს გავაკეთეთ.

            -გამიშვი კაცო ხელი,-დაიმორცხვა გურამმა.

            -ვერ გაგიშვებ. ვერ გაგიშვებ და ვერც ჩემს ბიჭს ვერ გავუშვებ ჯარში. ამნაირ არეულ დროში. ყოველ დღე ომია, მაგან უნდა მარჩინოს მე, ეგ ერთი მყავს ვარგისი. ახლაც სამსახურშია მაგით გვიდგას სული.

            -მაპატიეთ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

            -აბა ფული მქონდეს ეგ თუ მითხრა. ფული გინდა ხო. არ მაქვს. მაცადე ერთი კვირა და შეგიგროვებ. ახლა მაცადე.

            -არ მინდა კაცო შენი ფული. მომიწერე ამ უწყებაზე ხელი და წავალ.

            -ვერსად ვერ წახვალ. ნანა შემოიყვანე ოთარი.

            ოთახში შუა ხნის ქალი შემოვიდა, თან ბიჭი შემოყვა.   

            მასპინძელი ფეხზე წამოდგა. ბიჭთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და ხმადაბლა თქვა:

            -ეს წაიყვანე. მაინც არაფერს აკეთებს. 14 წლის კია უკვე. ეს წაიყვანე ოღონდ ვარლამი დამიტოვე.

            და ბიჭიც აჰყვა.

            -მე წამიყვანე ბიძია. ვარლამი კარგი ბიჭია, ცოდოა ჯარში, მაგან ჩხუბიც არ იცის. მოკლავენ იქ.

            -შენ სად უნდა წაგიყვანო ბიჭო?-გაუკვირდა გურამს-ავტომატის ხელა სულ არ ხარ. ნუღარ მემაიმუნებით, ახლა მომიწერეთ ხელი ამ ფურცელზე და გამიშვით. მერე თუ გინდათ სულ ნუ გაუშვებთ თქვენ ბიჭს ჯარში. ათასი გზაა იპოვით რამეს.

            -კაი მაშინ გვაცადე და ერთ კვირაში ფულს მოვიტანთ. ქვას გავხეთქავთ და მაინც ვიშოვნით რამეს.

            -ხელი მოაწერე, ხელი,- გაბრაზდა გურამი.

            მამაკაცმა ხელი მოაწერა და ოთახიდან გავიდა.

            -რატომ ხელი არ გამიხმება, ეს რა ვქენი,-ჩაილაპარაკა თან  და არაყი იმ გასახმობ ხელს გააყოლა.   

            გურამს ისე დამანამუსებლად უყურებდენ ყველა მხრიდან, რომ გაწითლა და ოთახიდან სულ ბოდიშების ხდით გამოვიდა.  

            თამაზ მორჩილაძე მეცხრე სართულზე ცხოვრობდა. გურამს კიდევ 60 კიბე ქონდა ასავლელი.

                                   

            ნიკას თავი სტკიოდა. არა პახმელია არაფერ შუაში არ იყო. უბრალოდ ვატოს მძიმე ხელი ქონდა და უკვე მეოთხეჯერ მოხვდა მუშტი შუბლში. მეხუთე დარტყმას ვეღარც  გაუძლებდა და ტვინს იატაკზე დაღვრიდა. ვატომ ხელი აწია, ისეთი დაღლილი იყო არაფრის ტრაკი აღარ ქონდა, მაგრამ ნიკა რომ არ ეცემა ბიჭები აღარ შეარჩენდნენ და საბოლოოდ დაიკიდებნენ. უცებ ხმაური გაისმა. კარებზე ვიღაც აკაკუნებდა.

            -ჩუუუ.-ტუჩებზე ხელი მიიდო თაზომ-მგონი დედაჩემი დაბრუნდა.

            -ფუ შენი, რა დროს ეს იყო-გაუტყდა დათოს-მოდი უცბად მორჩეთ ყველაფერს და ეგაა რა. თქვენ ერთმანეთთან რასხოდში ხართ.  ერთმანეთზე ზუბი არა გაქვთ და მშვიდად ესალმებით ერთმანეთს, როდესაც შეხვდებით. გასაგებია.

            -კი-თქვა ვატომ

            -კი, კი ბაზარი არაა-დაეთანხმა ნიკაც- პროსტა ერთი თხოვნა მაქვს.

            -ახლა მეტს აღარ ვიბაზრებთ. მეშინია რამე სისულელე არ თქვა და ისევ თავიდან არ გამიხდეს ბაზარი დასაწყები. აქედან გავალთ და თუ კიდევ რამე გინდა მერე ვიბაზროთ-დაუღრინა დათომ- შენ კიდევ წადი შემოუშვი დედაშენი, თორემ ჩამოიღებს მალე კარებს.

            -თაზო გავიდა და ცოტა ხანში სამხედრო ფორმიან მამაკაცთან ერთად დაბრუნდა.

            -ჯარიდან მოვიდნენ,-განუმარტა ბიჭებს, რომლებიც სავარძლებზე მშვიდი და დასიებული სახეებით ისხდნენ.

            გურამმა ჩანთიდნ უწყება ამოიღო და  თაზოს მიაწოდა, თან დათოს შეხედა და დააკვირდა.

            -რას მიყურებ ბიძაჩემო, რამე პრობლემაა?-გაბრაზდა დათო.

            -უკაცრავად, თქვენ დავით ჯანდიერი ხომ არ ბრძანდებით?-იკითხა გურამმა, რომელსაც ფეხი ძალიან სტკიოდა და ერთი სული ჰქონდა წასულიყო.

            -ხო, ვბრძანდები. მერე?

            -მეოთხეზე ცხოვრობთ.

            -ხო, ეგ დავით ჯანდიერი ვარ.

            -თქვენათნაც არის უწყება. ახლავე მოგაწვდით და ბარემ თქვენც მომიწერეთ ხელი.

            -რა ვქნა ?

            -ხელი მომიწერეთ. მერე მოგვიანებით კომისარიატში გამოცხადდებით და ჯარში წახვალთ. გურამმა ამასობაში ჩანთაში მეორე უწყებაც მოძებნა და დათოსკენ გასწია ხელი.

            -ესე იგი ხელი მოგიწერო, მე დავით ჯანდიერმა შენ ვიღაც ფორმიანს რაღაც ფურცელზე და მერე თან ჯარში წავიდე და მეც შენნაირი გავხდე-დათო თანდათან ხმას უწევდა და თან ნელ-ნელა უახლოვდებოდა.

            -ჯერ კომისარიატში. აჰა გამომართვით-კიდევ ერთხელ გაუწოდა დათოს ფურცელი.

            -ფუ შე ყლეო-დაიყვირა დათომ და მუშტი სახეში ჩაარტყა. ამასობაში ნიკაც ეცა, წელში მოჭიდავესავით შეუვარდა და წაქცევა დაუპირა. მოულოდნელობისაგან გაშეშებული ვატო და თაზოც ამოქმედნენ და  ერთდროულად წიხლები დაცხეს.  ჩხუბის ხმაზე სამზარეულოდან ვაჟაც გამოვარდა და გურამს ზურგზე შეახტა.     გურამმა გაბრძოლება სცადა, მაგრამ მალე იატაკზე პოლის ტილოსავით ეგდო და ზედ ხუთი მუტრუკი იწმენდდა ფეხებს. ბიჭები ასე ერთსულოვნები არასოდეს ყოფილან და ალბათ ამიტომაც გურამი მალევე გაითიშა. აზრზე რომ მოვიდა კიბეებზე მიათრევდნენ. მექვსზე სართულზე ის მასპინძელიი დაინახა არაყი, რომ დაალევინა, მაგრამ მან  სადარბაზოს იატაკზე ხმაურით დააფურთხა და კარები  მიხურა.

            -ხომ არ დაგვიჭერენ?- იკითხა ნიკამ-ფორმიანია რაც არ უნდა იყოს.

            -დაიკიდე რა. ახლა ქალაქი ქურდებს უჭირავთ-დაამშვიდა დათომ.

            -და მხედრიონელებს,-დაამატა ვატომ.

            -ხო და მხედრიონელებსაც- დაეთანხმა დათო- მაგრამ მაგათ მალე გააჯმევინებენ. აგერ ნახე თუ არა.

            -ტალახაძე მაგარია. ეგრე მარტივად ვერ მოერევიან-დაიცვა თაზომ მხედრიონი.

            -თქვენ ნუ გამაგიჟეთ, თქვენ რა მაგათკენ ხართ. ეგენი პეზპრიდელები არიან.  მაგათ ვაფშე არაფერი არ ესმით.

            -არა პროსტა ვთქვი-ჩუმად თქვა თაზომ.

            ამასობაში ცხრა სართული ჩაიარეს . გურამმს ტკივილისაგან სახე ეხეოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა და ტუჩებს იკვნეტდა. ბიჭებმა სადარბაზოდან გაათრიეს და დიდ გუბეში ჩააგდეს. თვითონ კი იქვე დადგნენ და უყურებდნენ.

            -ნახე რა როჟაა, ღორს არ გავს?-იკითხა დათომ

            -კი, კი მაგრად გავს-სუფთა ღორია-დაეთანხმა ნიკა-აპარატი მაინც მქონდეს გადავუღებდი.

            -შენ რაღაც კიდევ გქონდა მგონი საბაზრო-გაახსენდა დათოს-თქვი ბარემ.

            - ისეთი არაფერი-დაიმორცხვა ნიკამ.

            -თქვი - გაუმეორა დათომ-სათქმელი არაფერი უნდა დარჩეს.

            -კარგი. მე ვფიქრობ რომ უფრო ჩესნი პონტი იქნება თუ ვატო ჩემს დას ცოლად მოიყვანს.  თორემ ხომ იცით ხალხის ამბავი. ათას ჭორს დაუყრიან და ვეღარ გათხოვდება.

            დათომ გაირ გამოიარა. გუბეში გადააფურთხა და თქვა.

            -მამენტ მართალია ეს კაცი. ვერავის ვერაფერს დავძალებ, მაგრამ ვატო თუ ჩემი გჯერა ამის და ცოლად უნდა მოიყვანო. თან ჯარშიც არ წაგიყვანენ.

            ვატომ თავი ჩაქინდრა და გაწითლდა.

            -მოსულა. თქვა ჩუმად. ოღონდ ცოტა მაცადეთ .მამაჩემს ვეტყვი და  ცოტა სახლს ხელს შეავლებს.

            -ასწორებს,-გაუხარდა ნიკას. ძმები ხართ . ახლა წავალ, ამის გვერდით დგომა ძალიან მძაბავს.

            -ჩვენც დავიშალოთ ბარემ. მე ჩემს საქმეზე უნდა გავიდე. შენც ჩემთან წამოხვალ. პატარა საქმე მაქვს შენთვის.

            -ბაზარი არაა,-გაუხარდა ვაჟას. სახლში შევირბენ. დედას ვეტყვი და ეგრევე ჩამოვალ.

            -დავაი და ხუთ წუთში ნანას ბუტკასათან იყავი.

             ბიჭები წავიდნენ. გურამი ისევ გუბეში იწვა. ტკივილებს ვეღარ გრძნობდა. თითქოს  ყველაფერი სულერთი გახდა. დიდხანს იწვა. რამდენჯერმე ადამიანებმა ჩაუარეს გვერდით ერთხელ ძაღლმაც დაყნოსა, მაგრამ არავის არაფერი არ უთქვამს და მიხმარებაც არავის უცდია.  წამოდგომა სცადა მაგრამ ფეხები ვერ გაანძრია და ხელი ჩაიქნია. მოღრუბლული დღე იყო და მალე ჩამოღამადა. კორპუსებში შუქები იყო გათიშული. თუმცა ზოგან ნათურები მაინც ანათებდნენ. ალბათ აკუმულატორები აქვთ ფიქრობდა გურამი, ან სულაც -,,დვიჟოკი“. მერე შუქი მოვიდა  და მთელ უბანში ყიჟინა ატყდა.

            -ვაშა, ურა, იზაურა,-ყვიროდა მთელი უბანი.

            მერე მისი კოლეგები მოვიდნენ. თურმე დიდხანს ეძებდნენ და ძლივს მიაგნეს.

            გუბიდან რომ ამოყავდათ, ერთმა პირი გააღებინა და ხახაში ცხვირი ჩაუყო.

            -არყის სუნი აქვს. უეჭველი მთვრალია ეს ღორი,-ჩაილაპარაკა ტიპმა, რომელსაც გუშინ დომინოში თერთმეტი ხელი მოუგო.

            უნდოდა ეთქვა არ ვარ მთვრალიო, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ლაპარაკიც არ შეეძლო.  უკანა სავარძელზე დააგდეს და წაიყვანეს. თვალები დახუჭა და დაიძინა, რომ გაიღვიძა ისევ უმუშევარი იყო.