Gravity





რეცენზია

Gravity




როცა ადამიანი ტირილის ექოთი სამყაროს ამცნობს საკუთარ დაბადებას, ისინი ერთმანეთის შეცნობას იმ წამიდანვე იწყებენ. დროთა განმავლობაში იზრდები და ყველაფერი იცვლება, მაგრამ შეიძლება უცვლელი დარჩეს ბავშვური ოცნება. ბავშვობაში ყველაფერი სხვაგვარია, უფრო მარტივი, ლაღი. დიდი და აუხდენელი შეიძლება იყოს ასევე ოცნებაც.

ალბათ ყველას გვიოცნებია კოსმოსში გაფრენაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვების ნაცვლად საუბარს არ ვაპირებ. ოცნება კოსმოსზე შეიძლება გაზრდის შემდეგაც თან ჩრდილივით დაგყვებოდეს. გინდა იქ მოხვედრა, სადაც შენამდე თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ადამიანები ყოფილან. გაინტერესებს რა ხდება ზემოთ, ვარსკვლავების სამეფოში, როგორია კოსმოსიდან დანახული დედამიწა და მზის ამოსვლა. იქედან, სადაც არც ჰაერია და არც ხმა ისმის. უბრალოდ, ერთი დიდი სივრცეა, საიდანაც ხედავ პლანეტას, რომელზეც გაიზარდე. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და შენზე ფიქრობენ, მა დროს კი 6000 კილომეტრით მაღლა ხარ და ცხოვრების რუტინული დიდი თუ პატარა პრობლემები ისეთივე შეუმჩნეველი და არარსებული გეჩვენება, როგორც ერთ დროს შენ არ არსებობდი.

სწორედ კოსმოსურ ოცნებაზეა მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ფილმი ,,გრავიტაცია”. ექიმი რაიან სტოუნი, საუკეთესო სპეციალისტია სამედიცინო ინჟინერიაში. იგი მიემგზავრება თავის პირველ კოსმოსურ მოგზაურობაში ვეტერანი ასტრონავტის მეტ კოვალევსკის მეთაურობით, რომლისთვისაც ეს მოგზაურობა უკანასკნელია, რის შემდეგადაც იგი გადის პენსიაზე, მაგრამ მოგზაურობის პერიოდში ხდება კატასტროფა და შატლი ნადგურდება, ხოლო ისინი დედამიწაზე დაბრუნებას ცდილობენ. მთავარ როლებში სანდრა ბალოკი და ჯორჯ კლუნი გვევლინებიან. ფილმზე მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა გადაღების იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, სანამ ჯეიმს კემერონი ,,ავატარს’’ გადაიღებდა. სახელად უნდა რქმეოდა 3D Adventure in space, მაგრამ გადაღება ტექნოლოგიის არქონის გამო გადაიდო. უშუალოდ ამ ფილმის გადასაღებად ახალი ტექნოლოგია შეიქმნა, ხოლო მსახიობები მომზადებას ნასას ბაზაზე ასტრონავტებთან ერთად გადიოდნენ. სურათის მთავარი ღირსება ვიზუალი და რეალობასთან მაქსიმალური სიახლოვეა. მოგეხსენებათ, ჟანრ Sci-Fi ყველაზე ხშირია შეცდომები, მაგრამ აქ ეს მინიმუმამდეა დაყვანილი, როგორც ტორონტოს კინოფესტივალიდან გამოსულმა ასტრონავტებმა აღნიშნეს. ისინი შოკირებულნი იყვნენ ნანახით და ერთ-ერთმა მათგანმა სანდრა ბალოკთან ერთად კოსმოსში გაფრენის სურვილიც გამოთქვა. ალფონსო კუარონიმ განაცხადა, რომ ფილმი კინოთეატრში სანახავია და ვინც ასე არ მოიქცევა, სანახაობის 70 % კარგავს. მის ნათქვამში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ფილმი ინტერნეტში გავრცელდა. ასეთი სიამოვნება არცერთი 3D ფილმისგან არ მიმიღია და სეანსის დასრულების შემდეგ გაწბილებული დავრჩი, როდესაც კოსმოსიდან რუსთაველზე აღმოვჩნდი. ემანუელ ლუბეზკის გამაოგნებელი ოპერატურული ნამუშევარი, 12, 6, და 4 წუთიანი უწყვეტი კადრები არა მაყურებლად, არამედ ასტრონავტად გაქცევს და ძალაუნებურად გიწევს გმირებთან ერთად იბრძოლო გადარჩენისათვის და იხდენ ოცნებას, რომელსაც კოსმოსში მოგზაურობა ერქვა.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.