ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
რეცენზია

Behemoth - O, Father! O, Satan! O, Sun!

გიგა ბერიაშვილი
09.03.2014

   


ანუ დეკადენტთა და ცრუ ღირებულებათა წინააღმდეგ

 

ნაწილი პირველი

 

დაბადება, ანუ

ახალი ეონის მუსიკის საწყისებთან

 

 

თითქმის ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ რაც Evangelion-მა მზის სინათლე იხილა და მას შემდეგ ბეჰემოთისგან ახალი არაფერი გვსმენია. 2013 წლის სექტემბერში, ბეჰემოთის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის იანვარში მათი ახალი ალბომი გამოვიდოდა, რომელზეც აქტიურად მუშაობდნენ ევანგელიონის შემდგომი მთელი არსებული პერიოდის განმავლობაში.

 

თითქმის ხუთი თვე ველოდებოდი „სატანისტის“ გამოსვლას. პერიოდულად ინტერნეტში ჩნდებოდა კადრები ახალი ვიდეოებიდან და ბეჰემოთის მოყვარულებს მოსმენის სურვილს გვიმძაფრებდა ახალი ალბომის თრეილერები, რომელშიც ასახული იყო „სატანისტის“ ის მკვეთრი იდეა, რომელიც ასე აღმაფრთოვანებს. სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში, სამი სიმღერის სრული ვერსია გაჩნდა 1. Ora Pro Nobis Lucifer, 2. Blow your trumpets Gabriel და მესამე და ყველაზე გრანდიოზული - O, Father! O, Satan! O, Sun!, რომელმაც თამამად განაცხადა რომ წარსულს ჩაბარდა ნორვეგიული მეტალი და პოლონეთის დრო დადგა.

 

ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ბეჰემოთმა თავისი საქმე გააკეთა, მან შეძლო მუსიკა და ფილოსოფია ერთმანეთში ისე გაეზავებინა, რომ ალქიმიურ ქვაზე ბევრად მაღალი სუბსტანციის მიღება შეძლო. წლების განმავლობაში მრავალი ჯგუფი მოვისმინე, რომლებიც ცდილობდნენ გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც ბეჰემოთმა შეძლო. მათი სიმღერის ტექსტები ერთიანად გაჟღენთილი იყო ოკულტური თემებით, თუმცა არა იმდენად, რომ შენში მიჯაჭვული პრომეთესთვის ბორკილი აეხსნათ.

 

არ დავმალავ, პირველად, როცა ბეჰემოთი მოვისმინე და მათი ტექსტები ვნახე, ცოტა ირონიულად ვუყურებდი, არ მეგონა რომ შეძლებდნენ მწვერვალზე ასვლას და იქიდან ხმამაღლა თქმას, რომ მათ თავიანთ თავში მოზიდული კეთერის ნათელი, დილის ვარსკვლავის კაშკაშთან გააზავეს და ფალოსურ-მზეური ინსპირაციით, პანის ღამეში ჩაფლულ პირამიდების ქალაქს მიაღწიეს.

 

მომწონდა მათი მუსიკა, თუმცა ის იყო რიგითი მეტალ-ჯგუფი, რომელსაც სიამოვნებით ვუსმენდი, მაგრამ ფილოსოფიური თვალსაზრისით მაინც და მაინც არ გამოირჩეოდნენ, მიუხედავად იმისა რომ მცდელობა ჰქონდათ.

ალბომები „Thelema 6.66” (2000) და ”Evangelion” (2009) აბსოლუტურად განსხვავებულია მათი შემოქმედებისგან. ეს ორი ალბომი ამოვარდნაა იმ ძირითადი მიმართულებიდან, რომელსაც მიუყვებოდნენ და სწორედ ესაა მიზეზი მათი გენიალურობისა. ჩემი აზრით, თუკი გინდა შექმნა ხელოვნება, უნდა გაცდე იმ ჩარჩოებს რომელსაც მიჰყვებოდი, მუდმივად უნდა გქონდეს მცდელობა გაანადგურო შენს მიერ შექმნილი და ჩაანაცვლო ის ახლით, რათა მიაღწიო იმას, რისი მიღწევაც გნებავს. უნდა შეცვალო წესები. საკუთარ თავთან მიმართებაში გამოიყენო ცნება „თვალი თვალის წილ“, რათა არ მოკვდე და მუდმივად სამყაროს ეპიცენტრში იმყოფებოდე.

 

თელემას გამოსვლის შემდეგ, ევანგელიონამდე, არც ერთი ალბომი არ მომეწონა. ოთხი ალბომი, რომელიც თელემას შემდეგ იშვა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, აბსოლუტური კრახი იყო, ეს იყო ჩვეულებრივი მუსიკა და არა ახალი ეონის მუსიკა, როგორც ნერგალს ჰქონდა ჩაფიქრებული! ეს არ იყო ის, რასაც ველოდებოდი. ალბომთა შინაგანი გამოძახილი მომაკვდავი იყო, როგორც ჯვარზე გაკრული ქრისტე ან ახალშობილი დიონისო. ახალი ეონის მუსიკა კარდინალურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო იმისგან, რასაც სამყაროს სთავაზობდნენ ათწლეულების განმავლობაში.

 

ახალი ეონის მუსიკა... ამის გაგონებისას, პირველი ასოციაცია, რომელიც მიჩნდებოდა და მიჩნდება, სიტყვებია ალისთერ ქროულის ლექსიდან - „პანის ჰიმნი“:

 

Io Pan! Io Pan Pan! მე გამოვფხიზლდი

და მოვეჭიდე გველს,

არწივის ნისკარტით და ბრჭყალებით

ღმერთებს უკან ვწევ:

მხეცნი დიადნი მობრძანდებიან, Io Pan!

 

დიახ, ჩემთვის ეს არის ახალი ეონის გასაღები და ზღურბლი, ახალი ეონის მუსიკის დიადი კარიბჭისა.

 

ოთხი ალბომის ჩავარდნის შემდეგ, მზის სინათლე იხილა ალბომმა - Evangelion, რომელმაც ჩემში სასიცოცხლო თესლი ჩაყარა და მისგან აღმოცენებულმა ექსტაზმა, ეს ალბომი ზედიზედ სამჯერ ან უფრო მეტჯერ მომასმენინა. ეს იყო მუსიკა, რომელიც მაძლევდა სიამოვნებას; ეს იყო ის მომენტი, როცა გავიაზრე რომ ნერგალი უახლოეს მომავალში წარსულს ჩააბარებდა დრომოჭმულ კრედოებს და შეძლებდა სამყაროსთვის ახალ კანონს ზიარებული ადამიანი ეჩუქებინა; კანონს, რომელიც მოუწოდებს ცისქვეშეთში მოარულ არსებას, ჰქმნას ის, რაიცა ნებავს, რადგან არა არს უზენაესი კანონი, გარდა მისი!

 

ნერგალმა ეს შეძლო!

 

დილის მოკაშკაშე ვარსკვლავის, წყვდიადის განმფანტველის ციალი მიწაზე ჩამოეშვა და გაჟღერდა სიტყვა, რომ „სატანისტი“ მიწაზე მოაბიჯებდა...

 

 

 

ნაწილი მეორე

სატანისტი, როგორც ახალი ეონის

ახალი სიმფონია

 

       აღაზევე თავი შენი! არა არს რაიმე, რომელიც დიადია შენზე, კაცთა და ღმერთთა შორისაც კი! აღაზევე თავი შენი, ო, ჩემო წინასწარმეტყველო, რომ ტანი შენი აღემატებოდეს ვარსკვლავთა სიმაღლეს.

- Liber AL vel Legis, კანონთა წიგნი

 

ახალი ეონი, ეს არის ახალი ეპოქა, სადაც განვლილი ორი ძირითადი ეონის კანონი უკვე აღარ მოქმედებს. ყოველი ძირითადი და ქვე-ეონის დადგომისას, წინა ეონის მცნება ითრგუნება და ახალი მცნება იკავებს სამყაროსეულ სამეფო ტახტს.

 

სამყარომ განვლო ორი ძირითადი ეონი, ესენი იყო იზისისა და ოსირისის ეონები. იზისის ეონი პაგანისტური ხანა იყო, ოსირისის ეონი - ღვთითმოსილი, მატერიის დამთრგუნველი და სიამოვნებაზე უარისმთქმელი კაცის პერიოდია.

 

ამჟამად სამყარო გადის მესამე ძირითად ეონს, რომელსაც ჰორუსის ეონი ჰქვია და რომლის კანონია „ჰქმენ ის რაც გნებავს და ნუ იფიქრებ სხვანი რას გაივლებენ გონებად.“

 

ძმა პერდურაბოს მიერ, ჩვენამდე მოტანილმა ინფორმაციამ, გვამცნო რომ ჩვენ ახალ სამყაროში ვცხოვრობთ; სამყაროში, სადაც ეგზისტენციალური სულისკვეთება აღდგენილია და ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში; სადაც „ყოველი კაცი და ყოველი ქალი ვარსკვლავია;“ სადაც „ყოველი რიცხვი უსასრულოა, - განსხვავება არ არსებობს.“

 

ნერგალის ახალი ეონის მუსიკა, ევანგელიონიდან სატანისტამდე, ზუსტად რომ ახალი ეონის მუსიკაა! ახალი სიტყვაა მუსიკაში, როგორც უკვე ვთქვი და როგორც უკვე ვთქვი, მასში ჩაქსოვილი ფილოსოფიური ასპექტები, თანხმობაშია უძველეს სწავლებებთან, რომლის გაცნობიერების შემდეგ თამამად შეგიძლია თქვა, რომ ადამ ნერგალ დარსკი უდაოდ ღრმად იცნობს იმას, ვისაც და რასაც უმღერის, რასაც ვერ ვიტყვი ამ ჟანრში მოღვაწე სხვა მუსიკოსებზე, რომლებმაც ქაოსის ხელოვნებას მიუძღვნეს თავი.

 

იმავეს თქმა, რასაც ნერგალზე ვამბობ, მხოლოდ ვარგ ვიკერნესზე შემიძლია, რომლის ბოლო ორი ალბომი ბუნების აბსოლუტური ზეიმია, სამყაროს დიადი დღესასწაულია. როგორც ჩანს, ზოგჯერ ციხე ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გაძლევს დაუსრულებელი ფიქრის საშუალებას, გიბიძგებს ესროლო საკუთარ თავს ტალახი, რათა იპოვო გზა მისი ჩამორეცხვისა და აბსოლუტური განწმენდისა. გაძლევს საშუალებას მიაფურთხო სამყაროს, შენს გარეთ რომ არის, რათა ააგო საკუთარი სამყარო, სადაც ვერ შემოაღწევს ყოველი მოარული, არამედ მასში ერთეულები შეძლებენ შესვლას; არა ინანო ის, რაც გააკეთე, არა ჩავარდე უაზრო სინანულსა თუ ცოდვის განცდაში, არამედ აღფრთოვანდე საკუთარი თავით და შენს შინაგან სინათლეს უბოძო ნება, განსხივოსნდეს და მოგიცვას ერთიანად... ამის შემდეგ კი დაგიდგება დიდი განთიადის, ოქროს განთიადის პერიოდი, რომლის ცაზეც შენი მზე გაბრწყინდება. ასე შეიქმნა ვიკერნესის Umskiptar (2012) და Sôl austan, Mâni vestan (2013).

 

თავისუფლებისადმი სწრაფვამ, ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ სწრაფვამ შექმნა ბეჰემოთისეული სატანისტი.

 

                                                                                                                       „სატანისტი“... განაცხადია ნათელმოსილი ადამიანის, თავისუფალი ადამიანის; ადამიანის, რომელსაც შეუძლია თქვას „არა“ და რომელსაც შეუძლია დაანგრიოს და კვლავ აღაზევოს საკუთარი თავი. ადამიანის, რომელსაც ხელთ უპყრია ზარი, რომლითაც დანგრეულსა და გაპარტახებულზე აგებს საკუთარ სამყაროს.

- ადამ ნერგალ დარსკი

 

ალბომი გამოსვლისთანავე გახდა კრიტიკის ობიექტი. იგი სატანისტურ მანიფესტად განიხილეს და ბრმათა წინამძღოლებმა მორალის ქადაგება დაიწყეს. ჩემი აზრით, ამ ალბომის იდეა, არა სატანისური მანიფესტი, არამედ ადამიანის უპირველესი მტრის, - მორალისტური კრედოების განადგურებაა.

 

ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი და ა.შ. ეს დრომოჭმული, მორალისტური რელიგიები, რომლებმაც თავიანთი კანონი მოახვიეს ადამიანს და შექმნიან წესები თუ როგორ უნდა იცხოვრო, - გასანადგურებელია. გასანადგურებელია მათი ქადაგების არსი, რადგან მათ ადამიანი, არა თავისუფლებამდე, არამედ მონობამდე მიჰყავთ. მათ მოატყუეს ადამიანი, სიცრუის ქსელში გახვიეს და ახლა, მათი დამმონებლები ზეიმობენ, კვლავ ატყუებენ მათ და ისინი, ქედმოდრეკილი არარაობები, კვლავ ქედს იდრეკენ და ნაცვლად ომის წამოწყებისა, ფეხქვეშ ზეთისხილის რტოს უფენენ. მე არ მეცოდებიან ისინი, მათ დაიმსახურეს, თავიანთი უგუნურებისა და სუსტი, მონური ბუნების გამო დაიმსახურეს სხვისადმი მარადიული მორჩილება. დაე, იმსახურონ!

 

ახალი ეონისა და ახალი ეონის მუსიკის მიზანი, რომელსაც ბეჰემოთი არაჩვეულებრივად სახავს, ადამიანის განთავისუფლებაა გაუკუღმართებული ღირებულებებისგან, რომელიც ადამიანს დეკადენსისკენ უბიძგებს. ახალი ეონი, აბსოლუტურ თავისუფლებას ქადაგებს, ახალი ეონი უნდა გახდეს საფუძველი, სადაც ადამიანის ნება იქნება პრიორიტეტი და არა რომელიმე წიგნში დაწერილი უგუნური, ცალყბად ამოთქმული ფრაზა. ბეჰემოთისეული სატანისტი უნდა გახდეს ადამიანის ლამპარი, თავისუფლებისკენ მიმავალ, წყვდიადით მოცულ ბილიკზე. ახალ ეონში უნდა მოხდეს ღირებულებათა გადაფასება, რომლის სისხლში გაჯდომის შემდეგ შეიქმნება ზეკაცი, - ის, ვინც შეძლო და დათრგუნა წარსულის მეფეთა გავლენა, მათი სისხლისგან დაცლა, მიწაზე დაცემა და სიცოცხლის შენარჩუნების ვედრების გაგონება. ბეჰემოთისეული სატანისტი უნდა გახდეს დეკადენტთა, თავისუფლების მახვილით შემმუსვრელი.

 

სწორედ ამ იდეას ატარებს სიმღერა Christians To The Lions, ალბომიდან Thelema. ეს არ არის სიძულვილის ჰიმნი, იგი თავის თავში მოიცავს სიცოცხლისუნარიანობას, თავისუფლებას... ეს არის სიმღერა, რომელიც საუბრობს ჩვენს შესაძლებლობებსა და ძლევამოსილებაზე, ჩვენს ღმერთობაზე.

 

შეხედე, ჩემი ვარსკვლავი აღზევდა

იწვის მიწის მაღლა;

მზე - თვალი ღმრთისა

გადაიტყორცნა სივრცეში.

შეხედე მთვარის დაბნელებას,

დაცემულს შენი დიდებულებიდან;

შეხედე ყოველი ერის გოდებას

თრთიან სახელის გაგონებისას

ქებათა ქება ცეცხლის ალს!

შეხედე ანგელოზს, ციდან რომ ვარდება

ქებათა ქება ცეცხლის ალს!

მე მოგიკალი ღმერთი

აღსრულდა ნება ჩემი!

შენ ხარ უფალი.

 

ამზიდე! ამზიდე უფრო მაღლა!

წარმიძეხ მზის კარიბჭისკენ.

ამზიდე უფრო მაღლა!

სადაც ანგელოზები ვერ გაბედავენ ფრენას

მიმიღე ღმერთთა ნადიმზე

და ვითარცა ქარმა

დატოვე ალი სააუგო,

და მერე შემომხედე, - ვკოცნი ვარსკვლავებს...

- ადამ ნერგლ დარსკი

ქრისტიანები ლომებს

 

ნაწილი მესამე

O, Father! O, Satan! O, Sun!

 

როგორც პირველ ნაწილში ვთქვი, ეს სიმღერა ყველაზე გრანდიოზულია მათ შორის,  რაც კი ოდესმე ბეჰემოთს შეუქმნია.

 

ალბათ ბევრმა მოისმინა ეს სიმღერა და მრავალმა ნახა მისი ტექსტი, თუმცა ძალიან ცოტა მიხვდებოდა, რომ ამ ტექსტის ნახევარზე მეტი, „დაუბადებელი რიტუალის“ ლოცვის ტექსტებია, რომელიც ალისთერ ქროულის მიერაა დაწერილი აბრამელინ მაგის წმინდა მაგიის რიტუალების განხორციელებისას, ბოლესკინის სახლში, სადაც დაიწერა Led Zeppelin-ის Stairway To Heaven, კენეტ ანგერმა გადაიღო თავისი უდაოდ გენიალური ნამუშევარი Lucifer Rising… ამ სახლში შექმნილი რიტუალის ტექსტმა, დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ზემოთხსენებულ პიროვნებებზე, არამედ ნერგალზეც.

 

ნერგალის ნებისქვეშა სიყვარული პერდურაბოს მიმართ და მისი პოეზიისა თუ ოკულტური პროზისა და ფილოსოფიის, თავის მუსიკაში გამოყენება, - ჩემთვის, როგორც ქროულის მკითხველისა და მთარგმნელისთვის, კიდევ ერთი ბიძგი იყო, ბეჰემოთის მუსიკას ღრმად გავცნობოდი და ძირფესვიანად გამეცნო ის იდეა, რომელსაც ამუშავებდნენ.

 

O, Father! O, Satan! O, Sun! საკმაოდ მქუხარე სახელწოდებაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან კომპლექსური და განვრცობილი. ზედაპირულად თუ განიხილავ საშინელი პრიმიტივი ხარ, სავსე უვიცობით. მაგრამ კითხვაზე, თუ რატომ მაინც და მაინც ეს სახელი, ნერგალის პასუხს ვერსად იპოვით, რადგან მისი თქმით თითოეული ჩვენგანი საკუთარ ინტერპრეტაციას მოუძებნის და არ უნდა თავისუფალი აღქმა დაანგრიოს. ვფიქრობ, ნერგალს, გარდა იმისა რაზეც ზემოთ ვისაუბრე, სურდა გაეკეთებინა განაცხადი თუ ვინ არის და რას ნიშნავს მისთვის ცხოვრება და მან შექმნა „სატანისტი“. მთელ კოსმიურ სივრცეში სატანა ყველაზე შეუცნობელი ფიგურაა. ჩემთვის, იგი გამოხატავს პირადი და უნივერსალური ჭეშმარიტების ძიებას, ამ მაძიებელი ადამიანის სულს, თავისუფლებას და წმინდად აღქმას იმისას თუ ვინ ვართ ჩვენ.

 

   ყური მომაპყარ და ჰქმენ ყოველი სული ჩემს ქვეშევრდომად: ყოველი სული რომელიცაა ცის კამარასა და ეთერს შინა: მიწასა ზედა და ცისა ქვეშა: და წყალსა შიგან: ჰაერის მორევსა და გიზგიზა ცეცხლში: ღმერთის ლოცვით და მისი მათრახით, დაე მმორჩილებდნენ.

- ალისთერ ქროული, Liber DCCC, დაუბადებელი რიტუალი

(ტექსტი გამოყენებულია სიმღერაში O, Father! O, Satan! O, Sun!)

 

მე ქრისტიანებით ვიყავი მოცული და ისინი ძალიან ბევრს ყვებოდნენ სატანაზე, მაგრამ ეს არ იყო სიმართლე. ჩემთვის, სატანა, სიცოცხლის, სიყვარულის, თავისუფლების სიმბოლოა, რომელიც თითოეული ადამიანის განუყრელი ნაწილია და არა გმობას, არამედ აღზევებას იმსახურებს. სატანა ქაოსის ელემენტია, რომლის გარეშე სიცოცხლე - სიკვდილია, ვინაიდან ქაოსი წესრიგად იქცევა, წესრიგის დადგომის შემდეგ კი, საკუთარი თავის და მასთან ერთად მთელი სამყაროს შეცნობის საშუალება გეძლევა. როდესაც ცნობიერი და არაცნობიერი ერთმანეთს უპირისპირდება, წარმოიშვება ის განცდები, რომელთაც ჩვენ დეპრესიას ან უბრალოდ, ცუდ ხასიათს ვუწოდებთ, რეალურად ეს მაცოცხლებელი ენერგიაა, რომელიც ჩვენი განვითარებისთვის საჭირო კომპონენტია და ჩვენ გვჭირდება ის ისევე, როგორც ნებისმიერი მატერიალური ტკბობა.

 

ყველას ჰყავს თავისი სატანა: მეც მყავს ის, ჩემში, უმაღლესი არქიტექტორის გვერდით, რომელიც ფრთას ისხამს მაშინ, როდესაც ჩემს ვენებში მუსიკა მოედინება. და მე პატივს ვცემ მას.

 

ბეჰემოთის „სატანისტი“ მწიფე ნაყოფია, სინათლით განმსჭვალული...

 

ის შინაგანი იმპერიაა, - თავისუფალი ადამიანის სამეფო.