• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

შეუზღუდავი პასუხისმგებლობის კორპორაცია "ზურა ქარუმიძე"

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 3877
 „კარგი ხელოვნება ეგეთი ხედვით იწყება: "ვცდილობ დავუკრა რაღაც ახალი იდეა, არაამქვეყნიური გზნებით შეფერილი" (ერიკ დოლფი ჯორჯ რასელს, გრიგოლ რობაქიძის ენით)“
 
 - აქ იყო “ქიმერიონი”, - მეუბნება ზურა.
 
რუსთაველის თეატრის ტუალეტში ვდგავართ და ვეწევით. დარბაზში, ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. შორიდან აღწევს აპლოდისმენტები. მალე წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში გამარჯვებულს გამოაცხადებენ. ზურას რომანი, „მელია-ტულეფიაც“ არის წარდგენილი.
 
- ავალ, არ გამოაცხადონ... - მეუბნება და სიგარეტს აქრობს.
 
სარკეში ვხედავ ბოლში გახვეულ საკუთარ სახეს და ღია კარში ჩანს ზურა, რომელიც „ქიმერიონის“ გავლით რუსთაველის თეატრის დარბაზს ჩქარი ნაბიჯით უბრუნდება. მეჩვენება, რომ ეს ადგილი უფრო ცოცხალია, “ტულეფიაში” აღწერილის წაკითხვის შემდეგ... ვბრუნდები დარბაზში და თვალებით ვეძებ ზურას...
 
ზურას რომანმა ვერ გაიმარჯვა. საბა წლის საუკეთესო რომანისთვის აკა მორჩილაძის „ობოლეს“ გადაეცა.  მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი. აქედან არ იწყება ეს ისტორია. გიყვებით ამბავს ვისკიზე, მისტიკაზე და ზურაზე. ის J&B-ს მოფერებით იოსიფ ბროდსკის ვისკის ეძახის. მისტიკა კი არ ვიცი, შეიძლება ვისკის ოქროსფერ ნისლში ჩაკარგვაც იყოს, ან როცა ფორტეპიანოს მიუჯდება და რომელიმე ჯაზური კომპოზიციის დაკვრას იწყებს.
 
ზურა გამომცემლობა „სიესტაში“ გავიცანი, სადაც წელიწადზე მეტხანს ვმუშაობდი. ზურა იქაურობის ხშირი სტუმარი იყო. „სიესტამ“ მისი სამი წიგნი გამოსცა, „ჯაზის ცხოვრება“, „დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი“ ინგლისურ ენაზე, რომელიც „დუბლინის პრემიაზეა“ წარდგენილი და „მელია-ტულეფია: Fox -Trot“...
 
ვინ არის ზურა ქარუმიძე?
 
„ზურა ნამდვილი მწერალია, რა!“ - ასე დამიხასიათა ის ერთმა ჩემმა თანამშრომელმა, რომელსაც მაინცდამაინც არ უყვარს წიგნი და კითხვა. სამაგიეროდ შესანიშნავად წარმოუდგენია, თუ როგორი უნდა იყოს მწერალი და მის წარმოდგენას ერთი-ერთში ემთხვევა ზურა ქარუმიძე, იმიტომ რომ მასთან ლაპარაკი ყოველთვის საინტერესოა, მისი წიგნები კი ინფორმაციის მდიდარი საბადოა...
 
ძნელია საკუთარი თავის შეცნობა, მაგას მთელი ცხოვრება უნდა, - ამბობს ზურა. წარმოიდგინე ტვინის კლავიშები, რომლებზეც ნოტებს იღებენ, მელოდია ძალიან გეცნობა, მაგრამ ვერაფრით გაიმეორებ. კიდევ უსმენ, მაგრამ მაინც არ გრჩება. მხოლოდ ცალკეული ნოტები გესმის. შეკითხვა, „ვინ არის ზურა ქარუმიძე“ იმიტომ დავუსვი, ცაკლეული ნოტები აეღო და საზღვრები მოგვენიშნა, სადამდე წავიდოდით, მოგვეხაზა კონტურები პორტრეტისა... კონტურები კი ასეთია:
 
„ზურა ქარუმიძე არის ზურა ქარუმიძე. არ ვიცი, ან ჯერ არ ვიცი. ეკლექტური, ბევრ რამეს მოდებული ტიპი, რომელსაც კარგი მუსიკა და კარგი სასმელი უყვარს. კიდევ რა? რომ ვთქვა, რომ ძალიან ღრმა პიროვნებაა, მოგატყუებ. უფრო მცურავია, ვიდრე მყვინთავი, უფრო სპრინტერია, ვიდრე სტაიერი“.
 
გუშინ დამეზისმრა, ვიღაც მეუბნება, წავედი ახლა მე იმიტომ რომ თავში გზა მაქვსო. ჰოდა, რატომღაც ჩავეკითხე და განვამარტინე, რას ნიშნავდა ეს თავში გზის ქონა. იმ უცნობმაც დაიწყო და აი, როგორც კომიქსებში მის თავზე გაჩნდა ღრუბელი, სადაც ვხედავდი, რას გულისხმობდა. მისი ხმა არც მესმოდა. ვხედავდი მხოლოდ თეთრ ღრუბლებში მოქცეულ მოძრავ პეიზაჟებს. და მივხვდი, რომ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, თავში გქონდეს გზა. რას ნიშნავს წასვლის სურვილი? რას ნიშნავს, რომ აუცილებელი არ არის ცხოვრება, მთავარია  ხეტიალი, მოგზაურობა... “თავში გზა” ალბათ ჯერ კიდევ იმ მომენტიდან გვიჩნდება, როცა სარკეში საკუთარი ანარეკლის გარჩევას ვსწავლობთ... როცა „სარკეები ქარის წისქვილებს ემსგავსებიან“ და მოგზაურობ განათლებაში, პროფესიაში, სიყვარულში, სექსში... ჰოდა, რადგან საქმე გარბენებზე და გზაზე მიდგა. ვინტერესდები, როგორი იყო სტარტი.
 
„გაგეცინება, მაგრამ ყველაფერი დაიწყო ფილმით. ფრანკო  ზეფირელის ფილმით “რომეო და ჯულიეტა”. მე ვიყავი მერვე კლასში. მაგ ფილმის ნახვის შემდეგ დავჯექი და პრაქტიკულად მთელი შექსპირი წავიკითხე. მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი სამომავლო საქმიანობა ინგლისურ ლიტერატურასთან იქნებოდა დაკავშირებული... ორმოცდამეშვიდე სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც სპეციალიზებული ინგლისური სკოლა იყო და მერვე კლასში დავდგით “რომეო და ჯულიეტა”, ინგლისურად. რათქმაუნდა, ტექსტი იყო ადაპტირებული და გამარტივებული, მაგრამ ალაგ-ალაგ მიდიოდა შექსპირული ტექსტი და საკმაოდ რთული იყო.  მე ვთამაშობდი ტიბალტს და მაგანაც გაამძაფრა... ის საღამოები არ დამავიწყდება, როცა საშინაო დავალებასაც მოვრჩებოდით, მივდიოდით ერთ ქალბატონთან, რომელიც ყოფილი მსახიობი იყო. ის რაღაცნაირად გვეხმარებოდა როლების გააზრებაში, ვკითხულობდით ერთად და შემდეგ უკვე ვიწყებდით მზადებას სათამაშოდ.  კარგი საღამოები იყო, იქ მოვისმინე პირველად Simon & Garfunkel, სულ პირველი ალბომი, იმ ქალის შვილიშვილის უყვარდა...“
 
აქეთ “რომეო და ჯულიეტა” იქით კი საიმონი და გარფანკელი. მგონი საკმარისი მიზეზებია, რომ ბრიტანეთის წვიმიანი მიწის სიზმრები გადმოგედოს, წერამ აგიტანოს, თან თუ არ ჩერდები და ნელ-ნელა სულ უფრო ღრმად შედიხარ ამ სამყაროში - ჰამლეტი და ჯონ ლენონი, ელისი საოცრებათა ქვეყანაში, სიჩუმის ხმები, ჯონ დანი და გზა თავში, გზა რომელიც იქით წაგიღებს და არ არის მნიშვნელოვანი, სად... მერე ამერიკსაც გადაწვდები და როგორც ზაპპა იტყოდა „პლასტმასის რობოტები გეტყვიან, რა უნდა წაიკითხო“.
 
რობოტებამდე კი გხვდებიან ადამიანები, რომელთა რჩევასაც ითვალისწინებ. ძენის ოსტატები ამბობენ, როცა მოსწავლე მზად არის, მასწავლებელი თვითონ იპოვნისო მას. ზურამ უნივერსიტეტში ჩააბარა და, როგორც თვითონ ამბობს, ნიკო ყიასაშვილს „დაუდგა“ სტუდენტად, როგორც ძველ რომანებშია. ხოლო ნიკოსთან, კიდევ მიშა კვესელავასთან ურთიერთობამ თავისი როლი ითამაშა...
 
„სადღაც 19 წლის ასაკში პირველი მოთხრობა გავაკეთე. მაშინ ძალიან ძნელი იყო სადმე რაიმეს დაბეჭდვა, დღევანდელ სიტუაციას ვერც კი შეადარებ. მაგრამ მე და ჩემმა მეგობრებმა ავიღეთ და ჩვენთვითონ გამოვიგონეთ ჟურნალი, რომელსაც დავარქვით „კენტავრი“. მაშინ საბეჭდი მანქანა ერთდროულად მხოლოდ 8 ასლს, 8 პირს იღებდა, მეტი არ გამოდიოდა, ჰოდა ეს 8 ეგზემპლარი გავაკეთეთ. რის გამოც შემდეგ სუკის ჯურღმულებში ამოვყავი თავი... 77 წელია, ვიღაცას ეგონა, რომ ეს რაღაცა პოლიტიკური ხასიათის ანტისაბჭოთა ჟურნალია, რატომღაც ზვიად გამსახურდიას დაუკავშირეს. მერე წაიკითხეს ჟურნალი და ჩვენო პოლიტიკურ დისიდენტებს დავდევთ, გიჟებთან საქმე არა გვაქვსო“. 
 
„სუკი ალბათ უფრო მოთხრობებმა "გააგიჟა", მათ შორის ალბათ -- ზურას მოთხრობებმაც,  რომლებიც, როგორც მითხრა, “სიურრეალისტურ-აპოკალიპტური" ტექსტები იყო - "კალმის პირველი ცდა"...
 
* * *
 
უცნაური დრო დაუდგა საზოგადოებას -  37 მანეთიანი სამოთხე ინგრევა და ანაცვლებს ამას რა? რამ ჩაანაცვლა, მგონი, დღემდე ვერ გავიგეთ... საქართველო იმ  კენტავრს ჰგავს, რომელიც უნაგირს მალავს, ამტკიცებს, ადამიანი ვარო და ხელით სიარულს იჩემებს, მაგრამ არ გამოსდის და ისევ თავის მითოლოგიურ წარმოშობით ამართლებს მარცხს.
 
უნდა გაკეთებულიყო არჩევანი მამული, ენა, სარწმუნუოება თუ სლავური გარეგნობის მზეთუნახავები, ჩალის ფასად ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთები და დომინოს წკაპა-წკუპი სამსახურში... მოკლედ რაღაც ასეთი დაძაბულობის ველი იქმნება ნელ-ნელა და ამ ველში ექცევიან ადამიანები, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური მუშაობა შეძლონ. აქეთ ჩაკეტილი, ჩაჟანგებული საზოგადოება და იქით ახალი ურდულებით, ბოქლომებით აღჭურვილი ნაციონალისტი დისიდენტები... რჩება კი ადგილი მეცნიერებისთვის, ლიტერატურისთვის, კულტურისათვის?
 
„Some lovely glorious nothing I did see”,  - წერდა ჯონ დანი, ზურა ამ ინგლისელი პოეტის კვლევას იწყებს, უცნაური ბიოგრაფიითა და კიდევ უფრო უცნაური მეტაფიზიკური პოეზიით.  ჯონ დონი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ინგლისელი პოეტია. ის მღვდელი იყო. ცხოვრებაში არცერთი ლექსი არ გამოუქვეყნებია. უამრავ ქადაგაგებასთან ერთად, მას თვითმკვლელობის დასაცავი ტრაქტატიც ეკუთვნის.
 
„უნივერსიტეტში სწავლისას საკუთრივ მხატვრულ პროზას ნაკლებად ვწერდი და ძირითადად ლიტერატურათმცოდნეობითი სამუშაო წავიდა, მაშინ დავიწყე უკვე ჯონ დანზე მუშაობა. ჩემი უფროსი მეგობარი -- თემურ კობახიძე მუშაობდა ტომას ელიოტზე, ხოლო ელიოტი ჯონ დანის ერთ-ერთი ხელახლი აღმომჩენი იყო 20-ე საუკუნისათვის“.
 
ჰოდა, აქედან გავედი ჯონ დანზეო, ჯერ დიპლომი გავაკეთე ჯონ დანზე, შემდეგ კი დისერტაცია. მისმა მეტაფორებმა თავბრუდამხვევი ეფექტი მოახდინაო, ინტელექტის და მგრძნობელობის უნიკალური ბალანსის პოეზიაა, რომელსაც ოფიციალური საბჭოთა ლიტმცოდნეობა მას მაინცდამაინც გულში არ იხუტებდა -- "ფორმალისტ-მანიერისტად" მიიჩნევდა, რელიგიურ მისტიკაში გადავარდნილად, კონტრრეფორმაციის პოეტად...
 
მიყვარს ის ავტორები და ზურა ერთ-ერთია მათგანია, ვის ტექსტებშიც ვხვდები იმას, რომ ავტორი თან ბოლომდე ენდობა საკუთარ გონებას, მაგრამ სანამ ამ ნდობას მოიპოვებდა, დაეჭვების, გაკვირვების და უნდობლობის დიდი ისტორია გამოიარა... „სერიოზულად ჩავუჯექი და წავიკითხე კანტის „მსჯელობის უნარის კრიტიკა“. დავდიოდი გურამ თევზაძესთან საკონსულტაციოდ, რომ აეხსნა რაღაცეები. ამანაც იმოქმედა თავისებურად. მერე ჰაიდეგერის კითხვა წავიდა.“  მახსოვს, პირადად მე კანტს რომ ვკითხულობდი, გაოგნებული ვიყავი, როგორ შეიძლება დრო და სივრცე ასე დამარცვლო, მოახერხო ასე ჩაუღრმავდე დეტალებს...
 
„დროის ამბავში ჰაიდეგერს ვუსმენ, დრო დროობს მომავლიდან, ის კი არა რომ წარსული რომ გადადის აწმყოში, აწმყო მომავალში, არა, მომავლიდან მოდის რაღაც ისეთი იმპულსი, რაც წარსულსა და აწმყოს აკავშირებს, შენ წარსულიდან ირჩევ იმას რაც მომავლისთვის აქტუალური ხდება და უკავშირებ აწმყოს, აი, მომავალიც დიდი უცნობია, სხვა არის... მითუმეტეს საქართველოში სტაბილურობის მომენტი არ არის, შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს რადიკალურად ცვლის წარსულთან დამოკიდებულებას და ამძაფრებს აწმყოს განცდას.“
 
 „მაგრამ მაინც ლიტერატურულ ტექსტთან ურთიერთობის ყველაზე მაგარი სკოლა, ის საღამოები იყო, რომლებიც სამშაბათ საღამოობით იმართებოდა ნიკო ყიასაშვილთან, სახლში.  ნიკო გვაკითხებდა ულისეს თარგმანს, ანუ რასაც გააკეთებდა, მერე ჩვენზე ტესტავდა. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება, ერთისმხრივ სახიფათო, იმიტომ რომ თავიდანვე ულისეს ტიპის ტექსტში გადავარდნა არ ვარგა ახალგაზრდა კაცისთვის. ჯერ კლასიკური რაღაცა უნდა გაიაროს, დინჯი, ნარატიული, გასაგები, და ეგეთი რაღაცები მერე. მე კი ორივე მხრიდან ეგეთ არაბუნებრივ ტექსტში მოვხვდი. იმიტომ რომ ჯონ დონის პოეზიაც უჩვეულო პოეზიაა, ბაროკალური პოეზიაა, ძალიან გადატვირთული მეტაფორებით და პოლიფონიური ხატოვანებით. გართულებებით, ძაან უჩვეულო ასოციაციებით, სიყვარულზე წერს და ლაპარაკობს ქიმიაზე, გეოგრაფიაზე, გეომეტრიაზე. ანუ უშუალოდ რაღაც აზრის გამოთქმა, მაშინ მივიჩნიე სუსტ ლიტერატურად. და ესეთი გავლენებით როგორც ჩანს მთლად ნორმალურად არ განვითარდა ჩემი მწერლური პერსონა. მერე ისევ მივუბრუნდი კლასიკას და თანდათან, ასაკთან ერთად ყველაფერი დაღვინდა, დალაგდა.“
 
ახლა მე თვითონაც რომ დავალაგო. მხატვრულ, კულტუროლოგიურ და ფილოსოფიურ ტექსტებთან თამაში იმდენად ჩაჯდა ზურას ბუნებაში, რომ ახლაც კი რასაც წერს, ეს ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული, ნარატივი ამ თამაშებითაა გაჟღენთილი...
 
* * *
 
ახალი ლიტერატურული მატერია, რომელიც 90-იანების საგიჟეთში შემოვიდა, პირადად ჩემთვის სწორედაც რომ „სხვა საქართველოა.“  
 
„მიუხედავად იმისა, რომ შიზოიდური გარემოს ნაწილები ვიყავით, მთლად ვერ გავრეკავდით, იმიტომ რომ სხვა მოთხოვნილებები გვქონდაო... - მეუბნება ზურა. მართლაც მამულიშვილები დარბოდნენ კალაშნიკოვებით, ფიქრობდნენ წილებზე, რას გამორჩენოდნენ, ვინ მოეკლათ, ვინ გაეჟიმათ და ამ დროს იყვნენ ადამიანები, ვინც ამ სივრცეს იპარავდა, ისაკუთრებდა, ცდილობდა გარდაექმნა, შეეცვალა, გაეჯანსაღებინა...
 
„მე, დათო ზურაბიშვილმა, გია ჭუმბურიძემ ალმანახი „ახალი დროება“ დავაარსეთ. ძველი აკადემიზმიც დავივიწყეთ, ჰო,შეიძლება ამას დავარქვათ „სხვა საქართველო“, ამით მაინც მოხდა ის რომ სოციალურ პროცესებში უფრო ჩავერთეთ...“
 
ახალ დროებაში “მრგვალი მაგიდა: ლიტერატურული საქართველო”  -  ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციისგან განსხვავებით,  ნაცვლად „ერის მისიაზე ფიქრისა“  ახალი ქართული ლიტერატურული პროცესის გააზრებასა და, ზოგადად, კულტურული ტრადიციის ხელახალ ინტერპრეტაციას ცდილობდა.
 
„ქართული ლიტერატურული პროცესის ჩაკეტილობა, ეთნოცენტრულობა, პროვინციალურობა, პრიმიტიული ლიტერატურულ-კრიტიკული კლიშეები და სტერეოტიპები, მწირი სააზროვნო გარემო, სადაც “შტაინერისტული წიაღსვლები ინტელექტუალიზმის მწვერვალად ითვლება და ბიბლიიდან ციტატის მოტანა _ ნაკითხობის ნიშნად” (დ. ზურაბიშვილი)“
 
ერთი მოთხრობა აქვს ზურას, „პაროდოსი“ ჰქვია. მე პირადად არ მეგულება სხვა ტექსტი, დათო ბარბაქაძის „ტრფობა წამებულთას“ თუ არ ჩავთვლით, სადაც ასე ზედმიწევნით იყოს გადმოცემული ის პროცესები, რაც ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოში ხდებოდა. ჩემი გადმოსახედიდან, იმდენად ზუსტად აღწერს მაშინდელ სიტუაციას, ისეთი ადეკვატური რეფლექსიაა, მიუხედავად იმისა რომ ალეგორიაა,  გაჯერებულია ალუზიებით სხვადასხვა კლასიკურ ნაწარმოებთან და ყველაფერი იმპროვიზებულია, პოლიტიკა საერთოდ არ არის ნახსენები, არის ქორწილი.
 
„პაროდოსი დაიწერა 91 წელს, ზუსტად იმ აღშფოთების შედეგად, რომელიც გამიჩნდა იმ პროცესების შედეგად, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა, სამოქალაქო ომის შემზადება მიდიოდა, ფაქტიურად უკვე დაწყებული იყო, შეჯახებები ქუჩაში. აი, ამან დამაწყებინა წერა, პირდაპირ ცხელ გულზე. იყო ჯახი ქალაქსა და სოფელს შორის, ორივე მხრიდან სიმახინჯე მოდიოდა, იყო რაღაც წარმართული პლასტების ამოხეთქვა, რელიგიური თვალსაზრისით საზოგადოება აბსოლუტურად მარგინალიზებული იყო და გამოვიდა ასეთი გროტესკული ტექსტი, რომელიც პრინციპში დღესაც იკითხება.“
 
* * *
 
„კარგი პროცესები იყო ოთხმოცდაათიან წლებში, იმიტომ რომ შემოვიდა  ინფორმაცია დაიწყო განახლება, დაიწყო ურბანიზაცია... ქალაქი იყო მიხეილ ჯავახიშვილთან, ვასილ ბარნოვთან... მაგრამ მაინც სოფლურ-პასტოლარული უფროა ქართული პროზა... 90-იან წლებში კი ენის ცვლილება იწყება.
 
ქალაქში, როგორც ტექსტში და ტექსტში, როგორც ქალაქში. ტექსტის ქუჩური გაგება ანუ ფსიქოგეოგრაფია,  ქუჩაბანდები - ფრაზები და სიტყვის ბანდები, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში.
 
„გეოლოგიური თვალსაზრისით ტფილისის ტერიტორია წარმოადგენს ზღვის ფსკერს, რომელიც ჩამოყალიბდა კაინოზოური ხანის პირველ პერიოდში. ანუ მესამეულ ეპოქაში. (მის ქვემოთ ცარცული სისტემის ნალექებია.) აქ ადრე თევზები და მოლუსკები ბინადრობდნენ. ერთმანეთს ერწყმოდა მილიარდობით ბიოქიმიური პროცესი, სწორედ ისეთი ახლაც რომ მსჭვალავს ამ ქალაქში მოსახლეთა ცოცხალ უჯრედებს.
 
აქა ყველანი ღლევენ!
 
აქ ახლაც თევზები და მოლუსკები ბინადრობენ, და სიყვარულის სენით დასჯილი სულები. ზღვა არის ტფილი და ღვინომუქი...“ (ღვინომუქი ზღვა, 2000 წელი)
 
ოკეანედალეული
 
ზურა 37 წლის იყო, როცა ჩვენი პატარა ქვეყნიდან იმ ზღაპრულ, დიდ ქვეყანაში რომ მოხვდა... ვიცი თუ რას ნიშნავს ამერიკა მისთვის, იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს ჩემთვის. მთელი ეს ჯაზმენები საქსოფონებში ჩასახლებული ჯინებით, ტომ ვულფის, კერუაკის, ედუარდ ჰოპერის, ჯიმ ჯარმუშის ამერიკა, უსასრულო გზატკეცილები, უკაცრიელი კუნძულის მსგავსი ბენზინგასამართი სადგურები და ბარები, სადაც ლოთობდა ჩარლზ ბუკოვსკი... უამრავი კულტურის, უამრავი დისკურსის, ტრადიციის თავშესაყარი, თუმცა ზედმეტად პურიტანული, მაგრამ მაინც ზღაპრული ქვეყანა. მარადიული მაგალითი იმისა, რომ უნდა გაბედო, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია, რომ მთავარია უკან არ უნდა დაიხიო.
 
„ამერიკაში წავედი 94 წლის იანვარში, დავყავი ერთი წელი. ეს იყო კიდევ ერთი საეტაპო რამ ჩემთვის, სულ სხვა სამყაროში ამოვყავი თავი.  ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, ლინგვისტურს რომ თავი დავანებოთ, ენობრივს, საერთოდ სამყაროს აღქმის თვალსაზრისით.“
 
ზურა ამერიკაში იჰაბ ჰასანთან სამუშაოდ წავიდა, ვისკონსინის უნივერსიტეტში. ეს ჰასანი კაიროში დაბადებული ამერიკელი მეცნიერია. თუკი რამე მაქვს პოსტმოდერნზე წაკითხული ყველგან ამის სიტყვებია მოყვანილი.
 
„მაშინ პოსტმოდერნისტულ პროზას, ე.წ. მეტაპროზას ვიკვლევდი, და ჰასანი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო პოსტმოდერნულ თეორიაში, იყვნენ სხვებიც, მაგრამ ისინი ამერიკაში არ ცხოვრობდნენ და მე მხოლოდ ამერიკაში უნდა ჩავსულიყავი.“
 
„ამერიკაში  რაღაც - რაღაცებმა გამაკვირვა, მაგალითად, პროფესურის და სტუდენტების  პოლიტიკურმა და სოციალურმა ანგაჟირებულობამ, მე გაზრდილი ვიყავი ისეთ ლიტერატურაზე, რომელიც არ ცნობდა ამას, რომელიც  უპირველესყოვლისა,  თამაშზე და ხელოვნებაზე იყო  ფოკუსირებული...
 
არ დამავიწდება, რომ ერთმა პროფესორმა წამაკითხა ნაშრომი ტომას ელიოტის „უნაყოფო მიწაზე“, სადაც ამტკიცებდა, რომ ეს პოემა არის მისოგენური ანუ ქალთმოძულე, ანტისემიტური... გავოგნდი, მეთქი რა შუაშია, რატომ უნდა წაიკითხო ასე ეს ნაწარმოები.“
 
ზურამ ამერიკაში „პაროდოსი“ და კიდევ ერთი მოთხრობა „ხარება რომ დაემთხვა აღდგომას“  თარგმნა ინგლისურად, რომელიც და ერთ-ერთმა ამერიკულმა ჟურნალმა მიიღო დასაბეჭდად, რაც ყველას გაუკვირდა. მეტიც ათ დოლარიანი ავანსი რომ გამომიგზავნეს, ჩეკი, მაგაზე ხომ საერთოდ გაგიჟდნენ, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცები ძალიან იშვიათად ხდებაო. იჰაბ ჰასანი წერს: „პაროდოსი აღბეჭდილია შმაგი რაბლეანურობით, მფეთქავი პაროდიულობით, პოეტურობით, ეროტიზმითა და პოლიტიკური შარჟირებით...“
 
"Clockwatch Review" მგონი აღარ გამოდის, თუმცა იმ დროს, ამერიკის საუკეთესო ლიტ-ჟურნალების 50-ეულში შედიოდა, თვით ენტონი ბერჯესმაც კი შეაქო; მაგ ჟურნალს გამოსცემდა უეზლის უნივერსიტეტი, ილინოისის შტატში -- ასევე ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ქსელია უნივერსიტეტებისა... იმავე ნომერში კი სადაც ზურა ქარუმიძის მოთხრობაა, დაბეჭდილია უკვე კლასიკად აღიარებული რაიმონდ კარვერის და მარგარეტ ეტვუდის ტექსტები.
 
ჰასანის ასეთი კარგი გამოხმაურების გარდა, იყვნენ სხვებიც, ზურას ამერიკელი კოლეგები, ვინც წაიკითხა, რაბლეს და არტოსაც კი შეადარა ზურა.  არის ეგეთი ჰერბერტ ბლაუ, ამერიკული თეატრის რეფორმატორი,  „გოდოს მოლოდინი“ ციხეში დაიდგა ერთხელ, 57 წელს და მაგან დადგა ტუსაღებისთვის, სან-ფრანცისკოში. ჰერბეტ ბლაუ შემდეგ გადავიდა ლიტერატურათმცოდნეობაში, ლიტერატურას ასწავლიდა... ჰოდა, მასაც ძალიან მოსწონებია.
 
ღვინომუქი ზღვა
 
„ღვინომუქი ზღვა“ როგორ იწერებოდა იცი, აი, იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც მე წავიკითხე ამერიკაში პოსტმოდერნული თეორია და ლიტერატურა, აი, იმის გადახარშვის პროცესში ხდებოდა ღვინომუქი ზღვის წერა, იმის მაგივრად, რომ დამეწერა სამეცნიერო ნაშრომი პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაზე, ავიღე და რომანი დავწერე. ყველა ამ თავისი თეორიული და მხატვრული ასპექტებით. რომელიც ალბათ ყველაზე კარგი რამეა რაც აქამდე დამიწერია, მაგრამ ძალიან მძიმედ იკითხება.“
 
როცა ქართულ პოსტმოდერნულ ლიტერატურაზე ჩამოვარდება სიტყვა, ალბათ პირველი ვინც გვახსენდება ზურა ქარუმიძეა, ჯოისის გავლით, მოდერნისტული ლიტერატურის შესწავლის შემდეგ წინ პოსტმოდერნის დიდი უფსკრულია, თუმცა შეიძლება ეს უფსკრული ეკრანული გამოსახულებაც იყოს, მაგრამ გაშინებს ვერაგი სიმულაკრებით ამოვსებული სივრცე. გაჩერდები და იდგები უფსკრულთან, წინ წახვალ და რომ ჩავარდე? ჩავარდები და მიფრინავ ელისივით. შენს წინ წიგნების თაროებია, წიგნს იღებ და იძულებული ხდები სულ სხვა თაროზე დადო. ერთმანეთის გვერდით ანთავსებ სულ სხვადასხვა სტილის, ჟანრის და ეპოქის წიგნებს...
 
„როცა პოსტმოდერნით დავინტერესდი ბორხესით ვსაზრდოობდი, კიდევ სამი დიდი ლიტერატურული შთაბეჭდილება იყო: „ვარდის სახელი“ - უმბერტო ეკოსი, მილორად პავიჩის „ხაზარული ლექსიკონი“ და ზიუსკინდის ნელსურნელება... მერე კიდევ ბევრი ვიკითხე იტალო კალვინო, ამანაც იმოქმედა ჩემი ლიტერატურულ სტილისტიკაზე.  თვითონ წერის პროცესის თემატიზაციას რაც შეეხება, ერთ-ერთ მოთხრობაში მიწერია, რომ „მწერალი ამბის თხრობისას, თხრობის ამბავსაც ჰყვება“.”
 
ხშირად ამბობენ რომ „პოსტმოდერნი“, როგორც ასეთი „ეპოქალური მოვლენა“ დასრულდა. თუმცა პოსტმოდერნს ეს თვითდასრულების კოდი დასაწყისშივე ჰქონდა,  ჯერ კიდევ მაშინ საკუთარ ჭიპლარს რომ იქნევდა, როგორც ცეცხლოვან, ლაზერულ მათრახს. ჰოდა, მგონი პოსტმოდერნის შემდეგ რაც გაჩნდა, ესაა ნოსტალგია, ნოსტალგია  ძველი ფორმების მიმართ. ესეც გათვალისწინებული იყო ალბათ „პოსტ-მეინახეთა“ მიერ. ანუ თხრობის ამბავს რომ შეყვები, თვითონ თხრობა გენატრება, ყოველშემთხვევაში ჩემი როგორც მკითხველის როლის შემსრულებელი ავტორის შთაბეჭდილება ასეთია.
 
„ძალიან დიდი დრო დამჭირდა აი ამ ნარცისიზმის გადასალახავად, რომელიც ადრეულ ნაწერებშია, როცა მკითხველის იგნორირებას ახდენ.  და იკეტები საკუთარ ლიტერატურულ სამყაროში. ჯაზის ცხოვრებამ“ გატეხა ეგ ნავსი, ის მიდრეკილება რათქმაუნდა დარჩა ასოციაციებისადმი და კულტუროლოგიური რაღაცეები თამაშისადმი, მაგრამ ამბავი ხომ მოსაყოლი იყო, ასე უფრო გამდიდრდა კიდეც ეს ამბის თხრობის პროცესი.“
 
ტელე-რადიო-ლიტერატურა
 
„მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ ჯაზზე რაღაც უნდა დამეწერა, ან მოთხრობა, რომანი, სადაც პერსონაჟები ჯაზმენები იქნებოდნენ, მაგრამ მეთქი რაღაი ავიღო და მოვუყვები ქართველებს ჯაზის ისტორიას თავიდან-ბოლომდე, იმიტომ რომ მაგარი ხალხია ყველა, იმიტომ თვითონ პროცესებიც ისეთი საინტერესოა რომ სამოცი წლის განმავლობაში გაიარა ერთმა სახელოვნებო ფორმამ ის, რაც ევროპულ ხელოვნებას ჰქონდა გავლილი 400 წლის განმავლობაში. იქ იყო თავისი შუასაუკუნეები, თავისი რენესანსი, თავისი მანიერიზმი, თავისი მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი.“
 
მერე რადიო "სინდიკატთან“ დავიწყე თანამშრომლობა. რთული იყო: ჯაზური რადიოს აწყობა ჩვენში იოლი საქმე ვერ იქნებოდა. რაღაც "კულტურტრეგერული" განცდა გვქონდა, რომ ჩვენში ფართო მასებისათვის ნაკლებად ცნობილ მუსიკალურ ფორმას "ვატრიალებთ"...  პირველად იქ, იმ რადიოში გაჩნდა ეგ იდეა, როცა რადიოს მფლობელმა მთხოვა პატარა ჩანახატები გამეკეთებინა ჯაზზსა და ჯაზმენებზე... მერე გადაცემაც მიმყავდა: "ჯაზი და ღვინო" -- აქაც კარგი ხალხი მყავდა სტუმრად, განსაკუთრებით პირველი 5 გადაცემა გამოვიდა მრავალფეროვანი, მახო ხარბედიასთან ერთად... "ჯაზი და ღვინოც" პოპულარული გახდა, ხალხი მთხოვდა -- აუდიო-დისკებად გამოუშვიო...„
 
ქალაქს აკლია, რადიოს ღამის ეთერი, წამყვანი, რომელიც ვისკით გაბზარული ხმით ელაპარაკება ქალაქს... რადიოს ღამის ეთერში არა, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღამის ეთერში კი მიჰყავდა ხოლმე ზურას ტელეგადაცემა, 2006-2008 წლებში. „ღამის საუბრები“ ასე ერქვა.
 
„ვერასაოდეს წარმოვიდგენდი თავს ტელეწამყვანად, არა ვარ ასეთი "საჯარო ტიპი", ტელეკამერაც მუდამ მანერვიულებდა... მაგრამ, ეტყობა, კაცმა ყველაფერი უნდა გამოსცადო... საინტერესო იყო, ბევრი საინტერესო ხალხი მყავდა სტუმრად: ხელოვანი და მწერალი გინდა, თუ მეღვინე, ასტროფიზიკოსი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი... ბევრი თემა საინტერესოდ გაიხსნა ამ "საუბრებში"... სასიამოვნოა, როცა ქუჩაში უცნობი ხალხი გაჩერებს და მადლობას გეუბნება გადაცემისთვის... ერთმა დიასახლისმა ქალბატონმა ეგეთი რამე მითხრა: "ცუდი დღე მქონდა, სანერვიულო და დამღლელი; ძილის წინ "ღამის საუბარს" ვუყურე და რაღაც მომეშვა, ვიფიქრე -- ეს დღე არც ისე ცუდი გამოდგა..."
 
* * *
რადიოს რომ ვუსმენდი ყოველთვის წარმოვიდგენდი, სად იჯდა ეს ადამიანი. როგორი იყო, რას აკეთებდა თავისუფალ დროს. რა ტემპერატურა იყო ოთახში, როგორი სურნელი იდგა, რა იდო მაგიდაზე, სად წავიდოდა და ასე შემდეგ... მწერალიც ასეთი უცნაური “დიჯეია”.
 
„წერა მიწევს სიჩუმეშიც და ხმაურშიც... მაიკლ ჰოკუისტია ეგეთი კაცი -- ვინც ამერიკას დოსტოევსკი გააცნო; ჩემი მეგობარია; ერთეხლაც მკითხა -- სად მიდიხარ ხოლმე, როცა რაღაც საწერი გაქვსო (იგულისხმა -- ქალაქგარეთ სახლში, მთაში, ოკეანის პირას, ტბისპირას და ა.შ.) მე გამეცინა -- ვერსადაც ვერ მივდივარ: ძირითადად სახლში ვწერ და ოფისში (ამ წლების განმავლობაში ბევრი ოფისი გამოვიცვალე...)“
 
ზურას ერთი ძველი საბეჭდი მანქანა აქვს „Olympia“. „სახლში ორი "ტრაფეინი" ექსპონატი მაქვს: საბეჭდი მანქანა და როიალი -- Bechstein --1916 წლის გამოშვება, ჩემი უსაყვარლესი არსებაა, არადა ჩემს დას უყიდეს თავის დროზე -- პიანისტად ზრდიდნენ...“
 
საბეჭდი მანქანა ლეპტოპის დიდი ბებია, როგორც თვითონ ეძახის. ასი წლის ჰასაკის ოჯახის წევრი, (გერმანული, "ტრაფეინი" -- მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოტანილი...) დისერტაციაც მაგ მანქანაზე დავწერე და სხვა იმდროინდელი სტატიებიცო...
 
წარმოიდგინეთ  მეორე მსოფლიო ომის დროს ბერლინში რომ შევიდნენ, იქიდან ხომ წამოიღეს რაღაცები, უპატრონოდ დარჩენილი ნივთები შეხვდებოდათ ჯარისკაცებს, ჰოდა, ერთ-ერთმა ქართველმა წამოიღო საბეჭდი მანქანა და რომ ჩამოიტანა, ყოველ დილით ხვდებოდა რაღაც გერმანული ტექსტები დაბეჭდილი, ჰოდა, ისწავლა ენა, თარგმნიდა და თვითონაც ამატებდა, "ეჩეთავებოდა" კონტაქტში შევიდა ტექსტებთან.
 
„კომპიუტერმა მთლიანად შეცვალა წერის პრინციპი -- ტექსტი ხაზოვანად კი არ იწერება: ანუ -- თავიდან ბოლოსაკენ, არამედ -- "ფუვდება" -- მტელი ამ cut, copy, paste, insert და ა.შ. ამბებით... არადა, მახსოვს, საბეჭდი მანქანის პირობებში cut-ს და paste-ს პირდაპირი მნიშვნელობით ვაკეთებდით: "ვჭრიდით" რაღაცა მონაკვეთს და სხვაგან "ვაწეპებდით" და ა.შ.  კიდევ კარგი ჯოისს კომპიუტერი არა ჰქონდა -- ისეთ რამეებს გამოაცხობდა, "ფინეგანის აღაპი" ბავშვის ტიტინად მოგვეჩვენებოდა...“
 
ტეტრისი ხომ ყველას გითამაშიათ? ერთი ძველი კომპიუტერული თამაშია. აგურები ნარნარით ეშვებიან ეკრანზე. ღილაკების გამოყენებით ატრიალებ მათ, ფორმისა და ზომის მიხედვით მიუჩენ ადგილს. კედლის ნაწილი, რომლის აშენებასაც დაასრულებ, მწკრივი რომელიც ბოლომდე შეივსება, მაშინვე ქრება. წერისას დაახლოებით ასე ჩამოდიან სიტყვები, შინაარსის თუ ჟღერადობის მიხედვით ერთმანეთის გვერდით ვანთავსებ და დალაგდება თუ არა სტრიქონი, მყისვე იშლება. მხოლოდ ის მონაკვეთები მრჩება, სადაც ცარიელი ადგილია დარჩენილი, სადაც უსწორმასწორო ფანჯრებია გამოჭრილი.
 
მელია ტულეფიას ისტორია
 
„მიმიქარამს ფოქსტროტი, რომელიც ამერიკელებმა (ვასერმანებმა) იცეკვეს უშგულში 1926 წელს...“
 
„ვარგას ლიოსა მართალია -- მწერლობა დისციპლინის გარეშე არ იქნება; რომანზე მუშაობისას ყოველდღე ვწერ, დღისით, 3-4- საათის განმავლობაში; პახმელია ხარ, თუ არა -- არა აქვს მნიშვნელობა, ასე იყო ადრეც -- დისერტაციას რომ ვწერდი... წერისას კაცის ყველა უნარი და მექანიზმი მუშაობს -- ბიო-ქიმიით დაწყებული, ინტელექტით დამთავრებული; მართლა ბიო-ქიმიური დონის მოთხოვნილება ჩნდება მაგ საქმისა... მედიტაციაცაა, სტრიპტიზიც, კოპულაციაც (თავისი ორგაზმით), ნერვების წყვეტაც, აზროვნებაც, გრძნობებში ტრიალიც და რაც გინდა კიდევ ის... მტავარია შთაბეჭდილებების ნაკადიდან ამოყვინთო და სიტყვებში მოიცვა მაქსიმალურად ბევრი, "სიცხადე შეიტანო"... თუმცა, წერა ჩემთვის, ასევე, არის "თამაში რიოში მარგალიტებით" ...
 
„მელია-ტულეფიას ისტორია 2003 წელს დაიწყო... თედო ჯაფარიძე ამერიკაში საქართველოს ელჩი იყო, მე და მისი მეუღლე ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდით, იყო ასეთი ამერიკა-კავკასიის ინსტიტუტი და სწორედ მათგან შევიტყვე, რომ არსებობს 17 წუთიანი ფილმი და რაღაც მემუარების მსგავსი ჩანაწერები, ამერიკელ ცოლ-ქმარზე, რომლებმაც 1926 წელს იმოგზაურეს საქართველოში, სვანეთში, და ეს ყველაფერი გადაიღეს. იმავე წელს იმათი შვილები ჩამოვიდნენ, რომლებიც საკმაოდ სერიოზული ხალხია დემოკრატიულ პარტიაში. ის ხალხი გავიცანი მაშინ, წავიყვანეთ სვანეთში, ვნახე ის ფილმიც და ჩანაწერებიც წავიკითხე. თუმცა მიმავიწყდა ეს თემა.
 
„ჯაზის ცხოვრება“ რომ დავამთავრე, ისევ ამომიტივტივდა. ვიფიქრე, რამხელა და რა მშვენიერი მასალაა, თან საშუალება მომეცა, რომ გრანტი მიმეღო ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციიდან, ჩავსულიყავი ამერიკაში და მასალები შემეგროვებინა, ასე დავიწყე რომანზე ფიქრი...
 
სტუდენტობის მოყოლებული მაბოდებდა 20-იან წლებზე,  თბილისური ავანგარდი, თბილისური მოდერნიზმი, სიმბოლისტების და ფუტურისტების ჯახი, ალბათ ეს იყო ბოლო გაელვება ესთეთიკური თავისუფლებისა საქართველოში, მერე ჩაკვდა ყველაფერი. სულ მინდოდა ჩემი სიყვარული გამომეხატა, ცოტა დამცინავი, სენტიმენტალური. ასე რომ ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი ქიმერიონის აღწერამდე, რას გავაკეთებდი...  - ქიმერიონის აღწერა.
 
ახლა კი რომანიდან სცენარს ვაკეთებ, რაც ასევე ძაან საინტერესოა, ხელახლა ვუყურებ მთელ ამ მასალას, სულ სხვა თვალით და ის აქცენტები რაც რომანშია გაკეთებული, უკან იწევს, იმიტომ რომ კინემატოგრაფს თავისი სპეციფიკა აქვს, იქ მეტაფორული წიაღსვლების ადგილი ნაკლებად არის.“  
 
მელია-ტულეფიას წაკითხვის შემდეგ, პირველი განცდა რაც გამიჩნდა, იყო ის, რომ თარგმნის შემთხვევაში ამ წიგნს სიამოვნებით წაიკითხავდნენ საზღვარგარეთაც. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ 20-იან წლების თბილისური ავანგარდის, იმ პერიოდის მხატვრული გადამუშავება აქამდე არავის გაუკეთებია, თანაც ასე ხარისხიანად და ამ ტიპის რომანი, რაღაც "ამოვარდნაა" იმ ტექსტებიდან რაც საქართველოში იწერება... ჩემი აზრით სწორედ ამის აღნიშვნა უნდა მომხდარიყო საბაზეც.
 
“საბა" კარგი რამეა - ლიტერატურული პროცესისა და ბაზრის წამახალისებელი... "ჩაკეტვის" პრობლემა გაჩნდა - ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგი ტექსტი ცოტა იწერება, მეორეც - ლიტერატურული კრიტიკა ისევ მოიკოჭლებს ჩვენში; მესამეც -- ჟიური ვერ იქნება ყოველთვის "უშეცდომო"... აკა მორჩილაძე ჩემზე უკეთესი მწერალია (და შესანიშნავი პიროვნება), "ობოლე" მშვენიერი ტექსტია, მაგრამ "ტულეფიასაც" არ აკლია თავისებური ღირსება...
 
ლიტერატურული პროცესი როგორც ასეთი დღესაც კი არ არის სრულფასოვანი, ხარვეზებით მიხოხავს წინ, პატარა ერის მომენტიც არის, მაგრამ რაღაც ისეთი ხო უნდა დაიწეროს, რომელსაც გლობალური ღირებულება ექნება.“
 
პოლიტ-კორელაცია
 
"დაუნდობლობის ოკეანეში, ეროვნული ჰიმნის ღიღინითა და სახელმწიფო სიმბოლოთა სახვით დაცურავდნენ მარტოსულნი"
 
“ყოველთვის შორს ვიდექი პოლიტიკისგან, არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ ცხოვრებაში, არასოდეს არ მიყვარდა პოლიტიკა, ყოველთვის ვიყავი ჯანსაღ უმცირესობაში, ინტელექტუალური და შემოქმედებით შრომის პროფესიის კაცი  მაინც უმცირესობაში ჩნდება ხოლმე ყოველთვის. მაგრამ ბოლო პერიოდში ისე მოხდა, რომ მთლად მე  პოლიტიკაში არ გადავარდნილვარ, თვითონ პოლიტიკა შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, მთლად პირდაპირ არა, მაგრამ რაღაც კუთხით მეც შევედი ამ პროცესში, ისევ რაღაც ენობრივი და ტექსტუალური კუთხით.“
 
რომ ვეკითხები რას აკეთებ-მეთქი, გელა ჩარკვიანად ვმუშაობო. ინგლისურენოვანი ტექსტების ექსპერტია.  ეს ტექსტები მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ისე საზღვარგარეთ კონტაქტების დასამყარებლადო - „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გაერთიანებაში ჩართულობა მკაფიო პოლიტიკური ჩართულობა არაა, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვს ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი. საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია, ამიტომაც, იქ მყოფი ყველა ადამიანი და, ზოგადად, ორგანიზაციაც, პოლიტიკური ამბიციის მქონეა.“
 
საქართველოში ყველა პოლიტიზირებულია, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოება ისევ ემბრიონის მდგომარეობაშია. ჩვენთან ფართო საზოგადოების ბუნება იწრო არს... ზურა თითქოს ლიტერატურული პრიზმიდან უყურებს ამ ყველაფერს... მაგალითად, გუდიაშვილის მოედნის ბოლოდროინდელ ამბებს თუ გავიხსენებთ, ის მათ ასე აღწერს:
 
“რატომღაც მგონია, რომ ეს რაღაც ახალი არის ის, რასაც „სამოქალაქო საზოგადოება“ ერქმის:  ის, რაც 90–იან წლებში იშვა და განვითარდა, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ შთანთქა და მოინელა, დღეს ხელახლა იბადება. გამოჩნდა ხალხი, ვისთვისაც გარემოზე და ჰაბიტატზე ზრუნვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი და სხვისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვა, და ა.შ. –– აქ ახლა არ შევუდგები „სამოქალაქო საზოგადოების“ ანალიტიკას. მთავარი ისაა, რომ ამ ხალხში ახალგაზრდობა ჭარბობს –– შინაგანად თავისუფალი და ჯანსაღად ირონიული ხალხი. არა, ძველგაზრდებიც იქა ვართ, მაგრამ ჩვენ უფრო „ვაკომენტებთ,“ ვიდრე „ვპოსტავთ“...”
 
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი კატალიზატორებს, ტრანკვილიზატორებს, ამფეტამინებსა და რაც მთავარია ჯანსაღად მოაზროვნე, მძლავრ ტვინებს ითხოვს... და ეს დოზა ყოველდღიურად უნდა გაიზარდოს. ბრძოლის ველის ისე უნდა განივრცოს, რომ როგორმე გადაფაროს ურბანულ ზომებამდე გაზრდილი “მექანიკური ფორთოხალი”...
 
„საქართველოში არის ბევრი დინოზავრი და ბევრი მექანიკური ფორთოხალი, არის ძალიან არაბუნებრივი მოდერნიზაცია, რის შედეგადაც ვიღებთ ამას.  რელიგიური ნაციონალიზმი, რომელიც 90-იან წლებში არ იყო, იყო პირწმინდა ნაციონალიზმი, 2000 წლებიდან უკვე რელიგიური ნაციონალიზმით ჩანაცვლდა - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ მართმადიდებელი“. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი კი ალბათ ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკაა, რომელმაც საზოგადოება აღიქვა მასად, რომელიც უნდა გადააკეთო. ამან კი უკურეაქცია გამოიწვია და ხალხმა ეკლესია უფრო ნაცნობ თავშესაფრად მიიჩნია, თუმცა ამას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს -- სარწმუნოების წმინდა რიტუალური, ზედაპირული აღქმაა.”
 
და მიუხედავად იმისა რომ სრული ღიაობა, ინტეგრაციაა დეკლარილებული, ხალხი ჩაიკეტა, ჩაიკეტა იმ სივრცეში, რომელსაც ტელევიზია უქმნის. ტელევიზია იქცა ავადმყოფურ სივრცედ - უგემოვნობა, კიჩი და პოლიტიკური პროპაგანდა ზეიმობს. ესეთი მასშტაბის მე არ მახსოვს...”
 
“მთელი მოედნის გაყოლებაზე კაცებს ფერხული გაეჩაღებინათ. მოფერხულეთა თაურმდგომი ვინმე ადრეკილა იყო სახელად: პერანგი აწეული ჰქონდა, პერანგის მეგობარი - ჩაწეული. ცალი ხელით სირს ათამაშებდა, მეორეში კი მეგაფონი ეჭირა. თაურმდგომის ზურგს უკან დანარჩენები ჩამწკრივებულიყვნენ: თითოეულს ხელებ წინმდგომის თეძოებზე ედო და უქაქუნებდა. ასე გადაადგილდებოდნენ ქაქუნითა და სიმღერით. როცა ვირი ყროყინს დაამთავრებდა, თაურმდგომი იწყებდა მეგაფონში ყვირილს: „ა, თქვენისთანა ვაჟებს თხემზე ძაღლის სკორეც კი მოგვიცხია, მოგვიცხია, მოგვიცხია!“ დანარჩენები ამაზე პასუხობდნენ: „მელია ტულეფია, იოჰ! იოჰ!“ „იაა! იაა!““ („პაროდოსი“)
 
* * *
თამბაქო ზურას საყვარელი ბოსტნეულია. დანიის დედოფლის საყვარელ ბერძნულ სიგარეტს ეწევა. ჩვენი საუბრისას საფერფლეები ბრძოლის ველს ემსგავსებიან, სადაც უამრავი ნამწვია მიმოფანტული.
 
„ჩემი ცხოვრების საუნდტრეკია ერიკ დოლფის „შენ რა იცი სიყვარული რა არის“ -მეუბნება ზურა. - „მე ვიცი, ის რომ არაფერი არ ვიცი... იმდენად გადავარდნილი ვიყავი ტექსტებში და ლიტერატურაში, რომ გარე სამყაროს გიგოსავით აღვიქვამდი ტექსტით, ანუ ის თხა მაშინ არ მოდიოდა შეტევაზე. ჩემსა და გარე სამყაროს შორის იყო ტექსტი და ეგ მაინტერესებდა ყველაზე მეტად. რათქმაუნდა, იყო სხვა რაღაცებით. მეგობრებთან ურთიერთობა, მუსიკა.. მაგრამ მთელი ეს სიყვარული მომენტი სუბლიმირდებოდა ლიტერატურაში...“
 
როგორც ჩანს საბოლოოდ ის ლიტერატურაში სუბლიმირებული სიყვარული, წლების წინ ამოიფრქვა და იმ ქალისკენ მიიმართა, რომელიც ახლა მისი ცოლია. ხშირად მხვდებიან ერთად. მოსეირნობენ და ერთმანეთს ისე უყურებენ, რომ გული აგიჩუყდება. ნინა სასიამოვნო ქალია, მომღიმარი, თბილი და მშვიდი. ერთი შვილიც ჰყავთ, ლევანი, რომელიც შემთხვევით გავიცანი ერთ პატარა ბარში... ერთად ვსვამდით და შემდეგ გამახსენდა, რომ სადღაც მყავდა ნანახი. გამოვეცნაურეთ ერთმანეთს და აღმოჩნდა რომ ზურას წიგნის პრეზენტაციაზე.
 
ზურას თაობას თუ ბებიები და ბაბუები ზრდიდნენ. პოსტსაბჭოთა საქართველოში კი მშობლებმა დაკარგეს სამსახურები, (მეც და ზურას შვილიც ოთხმოცდაათიან წლებში ვდგამდით პირველ ნაბიჯებს) ასე რომ ჩვენი თაობა   დანევროზებულ მშობლებთან აღმოჩნდა პირისპირ, ცივსა და ბნელ ოთახში...
 
„მოქნილი და დამთმენი მამა ვიყავიო, მკაცრი არ ვყოფილვარ. მიშვებული მყავდა... პატარა იყო ამერიკაში რომ აღმოჩნდა და იქაურ სკოლაში სწავლობდა... ბევრ რამეში თვითონ გაერკვა, რა თქმა უნდა...   
 
დავბერდი და თან არ დავბერდიო. თუმცა ისეთ ასაკში ვარ, ახალ არსებასთან მინდაო ურთიერთობა. თუმცა როგორი ბაბუა ვიქნები არ ვიციო.”
 
ოჯახის კიდევ ერთი წევრი ფოქსტერიერის ჯიშის ძაღლია. მაგარი პერსონაჟიაო, ამბობს. ბიკუს–ასტრა (ოფიციალურად) ხოლო ისე –– დელფი ქვია.  ძაღლი უკვე ძალიან ბებერია. ერთი-ორი ოპერაციაც კი აქვს გადატანილი და რაღაცნაირი სევდიანი გამოხედვა აქვს... ახლაც მას ასეირნებს. ძაღლი ისე ნელა მოდის, რომ გვიწევს დაველოდოთ. ისეთ თემებზე ვლაპარაკობთ, რომელსაც მისთვის  აქტუალობა არ დაუკარგავს.
 
„სხვა და სხვისადმი მიმართება, თავისუფლება, თამაში, სხვა როგორც არა ალტერ-ეგო, არამედ აბსულუტური სხვა, რომელთანაც როცა კონტაქტში შედიხარ, რაღაცები გენგრევა,  საკუთარი თავის გადაფასებას ახდენ...
 
ამ შთაბეჭდილებების დენადობის რაღაცაში მოხელთება, ძველი იმპერატივია რა, ეზრა პაუნდიდან, ტომას ელიოტიდან და ანრი ბერგსონიდან წამოსული, მაგრამ მაინც ამბიციაა რომ როცა წერ, უნდა მოახერხო, რომ მაქსიმალურად დატოვო ეს მრავალფეროვნება, დენადობა და თან მოაქციო, რაღაც ისეთ ტექსტუალურ ფორმაში, რომ ეს ყველაფერი არ ჩაკვდეს შიგნით, არამედ რაღაც სიცხადე მიეცეს. ძალიან რთულია ამის მიღწევა.
 
ყოველთვის რაღაც ახლის მოლოდინში ხარ, შემთხვევის თუ შემთხვევითობის, რომელიც რადიკალურად რაღაცას ცვლის, შემდეგი შემთხვევითობა უნდა აქციო უფრო მდგრად რაღაცად, უნდა ეცადო, იმიტომ რომ სულ შემთხვევითობაში რომ იყო სისულელეა ხომ, მარაზმია. ყველაფერშია ეს, ხელოვნებაშიც, სიყვარულშიც...“
 
ერთხელ მატარებლით ვიმგზავრეთ ერთად. „ჯაზის ცხოვრების“ პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო ბათუმში. ნება-ნება შევექცეოდით ვისკის. გაპარტახებულ, მიტოვებულ ბაქნებზე ვჩერდებოდით. ჭიქები დაგვავიწყდა, ასე რომ პლასტმასის გაჭრილი ბოთლიდან ვსვამდით. ნელ-ნელა ვისკის ოქროსფერ ნისლში ვეხვევით. ვეკითხები, ზურა, რა არის ბედნიერება შენთვის?
 
თითქოს ამ კითხვისთვის მომზადებული იყო, შეკითხვის დამთავრება არ მაცალა ისე მომახალა: „ბედნიერება არის თავისუფლება. ბედნიერება არის როდესაც საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალურ რეალიზაციას ახერხებ, როდესაც არ გაურბიხარ ისეთ შანსს, რომელიც შენგან ითხოვს ძალისხმევას, რომ შენში ჩადებული პოტენციალის განხორციელებას, რეალიზაციას და მატერიალიზაციას შეძლებ, აი, მაგის საშუალება თუ გაქვს, მაგას თუ ახერხებ, მაგ ნაბიჯზე თუ წამსვლელი ხარ, გყოფნის გაბედულება - შენ ბედნიერი ხარ. ადრე მე სხვა რამე მეგონა, კარგ ტექსტს თუ დაწერ ესაა ბედნიერება. არ არის ეგრე. არავითარი გაგიგებენ, არ გაგიგებენ, გარემოსთან ჰარმონიაში ყოფნა არ არის მნიშვნელოვანი. საკუთარი თავის რეალიზაცია თავისუფლების ხდომილებაში, თავისუფლების აქტში მონაწილეობა - აი, ეს არის ბედნიერება.“
 
© "ცხელი შოკოლადი",  2012 წელი
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული