ქუჩის ხელოვნება





ფილოსოფია

ქუჩის ხელოვნება




არც ერთ ხელოვანს არ ვურჩევდი სტრიტ არტისთვის მოეკიდა ხელი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოგიწევთ დაისვაროთ აეროზოლებით, აძვრეთ დასახატად მაღალ კედელზე ხელსაყრელი ადგილის საპოვნელად, თქვენი შემოქმედება კი დაუცველი იქნება - ვინმე მოძველბიჭო ელემენტი დანით გაფხაჭნის, რომელიმე ინდმეწარმე თავისი ბიზნესის სარეკლამო პოსტერს მიატყეპებს, ან საერთოდ, შენობას ქალაქის მერია დაანგრევს. ეს ყველაფერი შესაძლებელია, მით უფრო, თუ თბილისზე ვლაპარაკობთ, სადაც სიტუაცია ისე აბსურდულად სიურეალისტურია, როგორც კაფკას “პროცესში”.

მიუხედავად ამისა, არც ერთი ხელოვნება არ არის დღეს ისეთი ნაღდი, როგორიც სტრიტ არტი -   ხელოვნება, რომლის სილამაზე დესტრუქციასა და კვდომაშია. ხელოვანმა თავიდანვე იცის, რომ მისი ნამუშევარი განადგურდება მზის, წვიმის ან თუნდაც, დასუფთავების სამსახურის მიერ. შედევრი, რომლის სიკვდილი გარდაუვალია ისევე, როგორც ლეონიძის მარიტასი. სილამაზე მალფუჭებადი პროდუქტია და ალბათ მის მიმზიდველობას ძირეულად ეს ფაქტი განაპირობებს. სწორედ ეს გვხიბლავს ქუჩის ხელოვნებაშიც - მისი წარმავალობა, არყოფნასთან ახლოს ყოფნა.

თუმცა ქუჩის ხელოვნებას აქვს სხვა მრავალი ქარიზმატული მხარე, რომელიც მას ძალზე მნიშვნელოვანს ხდის, როგორც კულტურულ, სოციალურ ფენომენს.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სტრიტ არტი არ არის გათვლილი კონკრეტული მნახველისთვის, მის სანახავად თქვენ არ გჭირდებათ დრესკოდი, ბილეთი ან სახელდახელოდ გამოგზავნილი მოსაწვევი, ის ეკუთვნის სოციუმს, ანუ დგას იქ, სადაც ხელოვნება ყოველდღიურად უნდა იდგეს. ხელოვნება საზოგადოებრივი ყოფის ნაწილია და თანამედროვე ხელოვანის მიზანია, ხალხს ეს დაანახოს. დღევანდელი არტისთვის მთავარია შედგეს კომუნიკაცია შემოქმედებასა და საზოგადოებას შორის. დააკვირდით Iphone-ს, Facebook-ს, Skype-ს, Adobe-ს, IBM-ს, ამ ერთი შეხედვით მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიების მასპროდუქცია დღეს ხელოვნებაა, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ქმნიან კომუნიკაციას ინდივიდებს შორის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე ხელოვნებაზე, აუცილებელია ვახსენოთ სტივ ჯობსი, სტივენ ვოზნიაკი, ბილ გეითსი, რადგან ისინი თავიანთ პროდუქტს აღიქვამდნენ, როგორც ხელოვნების ნიმუშს, კონცეფციას, რაც ხალხს სჭირდება. ჯობსმა სწორედ ამიტომ დაარქვა პერსონალურ კომპიუტერს “Apple” _ ხილი, რომელსაც ყველა მიირთმევს და რომელიც ყველასათვის ნაცნობი და მარტივი პროდუქტია.

“Apple”-ის და მოგვიანებით “Macintosh”-ის კონცეფცია თავისუფლად შეიძლება ხელოვნების ნიმუშად ჩავთვალოთ და პოპარტს მივაკუთვნოთ. გაიხსენეთ უორჰოლის კემპბელის სუპის კონსერვი. ამ ნახატში ერთი უბრალო ალუმინის ქილა როკვარსკვლავადაა ქცეული. სხვა ნახატში კი იმავე სუპის კონსერვის ასჯერ დახატვით, უორჰოლი მის მასპროდუქციას უსვამს ხაზს. იგივეს აკეთებს სტივი Mac-ის შემთხვევაში: ჯერ სარეკლამო კამპანიით მას ვარსკვლავად აქცევს, ხოლო შემდეგ მის მასპროდუქციად გადაქცევას ცდილობს. ორივე შემთხვევაში იდეა იგივეა, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ უორჰოლი თეორეტიკოსი იყო, ჯობსი კი პრაქტიკოსი, რითაც უფრო მეტ ფულს შოულობდა, თუმცა, ჩემი აზრით, ორივე ხელოვანია. ალბათ შემთხვევითი არ არის არც 1984 წელს გამოსული Macintosh-ის რეკლამა, რომელიც რიდლი სკოტმა გადაიღო და რომელიც ჯორჯ ორუელის ცნობილ ნაწარმოებს, “1984”-ს ეხმიანება. ამ რეკლამაში კარგად ჩანს ჯობსის ხედვა _ კომპიუტერი, როგორც ცუტტინგ ედგე ტექნოლოგიის რეპრეზენტატორი, არის ხელოვნების ნაწილი, და პირიქით. ხელოვნება და ტექნოლოგია აღარ არიან განყენებულნი და ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ, როგორ ხდება ეს სინთეზი დღევანდელი ცხოვრების ნაწილი და წესი.

თანამედროვე ხელოვანის მოვალეობაა დაანახოს არტი საზოგადოებას როგორც ყოველდღიური მომხმარების საგნებში, ასევე შექმნას არტქმნილებები, რომლებიც, გარკვეული თვალსაზრისით, თვითონ განაგრძობენ არსებობას, იქნებიან ინტერაქციულები და გამონახავენ სოციუმთან საკომუნიკაციო ენას. სტრიტ არტი, როგორც ინტერნეტი და ჰიპერტექსტი, სწორედ რომ არის სალაპარაკო ენა. ის თავისი კონცეფციით ძალიან ჰგავს წიკილეაკს-ს, რომელიც გათვლილია ეპატაჟზე და სკანდალზე სოციალურ თუ პოლიტიკურ სფეროებში.

ერთი შეხედვით ქუჩის ხელოვნება მარტივია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს სტენსილი ან დახატოს მარტივი ფიგურები, თუმცა, როგორც კონცეპტუალური არტი, ის ძალიან მრავალშრიანი და რთულად განსახორციელებელია. მარტივი ფიგურატივიზმის უკან უნდა იდგეს ძალიან მახვილი სლოგანი ან იდეა, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციოს და ცნობიერებაში აღიბეჭდოს, როგორც ომში მიღებული ღრმა ჭრილობა. ქუჩის ხელოვანისთვის დასაშვებია, რომ შენ, საზოგადოების წარმომადგენელი, გაგაღიზიანოს, დაგაფიქროს ან გული აგირიოს. ეს სწორი რეაქციაა, ისევე, როგორც სახის დამანჭვა მწარე წამლის მიღებისას.

წარმოიდგინეთ, ბენქსი ღაზას სექტორის გამყოფ კედელზე ხატავს გოგონას, რომელიც შავი ბუშტებით მიფრინავს ზეცისკენ. აქ იგრძნობა იმდენი სევდა, ტკივილი და ოცნება, რომ იარაღმომარჯვებული ჯარისკაცი, სანამ კედელს ტყვიას ესროდეს, სულ ერთი წამით მაინც დაფიქრდება ბავშვზე, რომელიც მისი ქვეყნიდან შავი ბუშტებით მიფრინავს. და გოგო იმ წამს ხდება ეს ჯარისკაცი _ კედლის აქეთ და მეორე ჯარისკაცი _ კედლის იქით, რომლებიც ერთად მიფრინავენ შავი ბუშტებით შავი ქალაქიდან, ნატყვიარი კედლის ტილოზე. ეს სწორად გათვლილი ხელოვნებაა, რომელიც აბსოლუტურად ჯდება მოცემულ კონტექსტში. დღეს ხელოვნების მიზანი არც ესთეტიკურობა და არც პროფესიული დახვეწილობა არ არის, არამედ ზუსტი იდეა ზუსტ დროსა და ადგილზე, მით უმეტეს თბილისში, სადაც, როგორც უკვე ზევით აღვნიშნე, ყველგან, ქუჩებში, კაფკას “პროცესისეული” აბსურდული ბარიკადებია განლაგებული, ყველა მოსახვევში სიბნელეს და განუკითხაობისგან შეგუბებულ ჰაერს ვისუნთქავთ, ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ქუჩის ხელოვნება, ადამიანები, რომლებიც ჩვენს სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკოლოგიურ პრობლემებს დაგვანახებენ არა ტრიბუნიდან, არამედ არტიდან. თანამედროვე ხელოვნებამ აგრესიულად უნდა შეგვანჯღრიოს, რომ გამოვფხიზლდეთ კაფკასეული აბსურდიდან და არსებულ ყოფაზე დავფიქრდეთ.

გარდა ამისა, კიდევ არის სტრიტ არტში რაღაც ამოუცნობი, მიმზიდველი ფენომენი -მსუბუქი კრიმინალი. ნიცშე ამბობდა, რომ დიდი ადამიანები კრიმინალები არიან, რადგან მათ ჰყოფნით გამბედაობა გათავისუფლდნენ ბრბოს ფსიქოლოგიისგან, მორალისგან და წინ აღუდგნენ არსებულ კანონებს. სტრიტ არტი ადრენალინია, რომელიც კონტრკულტურის თანამედროვე წარმომადგენელმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს. თუმცა ძნელი სათქმელია დღეს სად გადის ზღვარი კონტრ და სუბკულტურას შორის. ამის ბრწყინვალე მაგალითია ევან როთი, ჰაკერი და სტრიტ არტისტი. მის გამოსვლას რამდენიმე დღის წინ TED-ზე ვუყურე. გადაცემის ფორმატი ძირითადად აკადემიური წრეებისთვისაა გათვლილი. ევანი ყვებოდა, რა კარგია იყო ქუჩის ხელოვანი ან ჰაკერი, რაც ნიშნავს ებრძოლო ერთსა და იმავე სისტემას ორი განსხვავებული მეთოდით, ტაშს კი დარბაზში მსხდომი ჰალსტუხიანი ბიზნესმენები უკრავდნენ, რომელთა საბანკო ანგარიშებიდან ვინ იცის, ევანს რამდენი ათასი ჰქონდა მოხსნილი. ამ გადაცემაში განსხვავება სუბ და კონტრკულტურას შორის მკვეთრად აღიქმებოდა, თუმცა დარბაზში არავინ ცდილობდა ამის შემჩნევას. მაშინვე დამებადა კითხვა: როგორი უნდა იყოს ქუჩის ხელოვანი? ალბათ ამაზე პასუხის გაცემა უაზრობაა, რადგან დღევანდელობა ყოველგვარ კლიშეს არღვევს. პასუხად შეიძლება მიქელანჯელოს მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა მისი დავითის ფლორენციის მთავარ პიაცაზე დადგმას, რადგან ის ეკუთვნოდა ხალხს და არა რომელიმე მდიდრულ ინტერიერს ან მუზეუმს. ამ დაჟინებაში გამოიკვეთება ქუჩის ხელოვნების კონცეფციის პირველი ნიშნები. რაც შეეხება კრიმინალს, მიქელანჯელოს მრავალი პრობლემა ჰქონდა ყველა რომის პაპთან, რომლებსაც მოესწრო და რომლებიც მისგან ყველანაირ დაცინვას იტანდნენ, ოღონდაც მიქელანჯელოს მათი დაფინანსებული შედევრები დაესრულებინა. ნუ გაგიკვირდებათ, კარგ ხელოვანს აქვს ამის ფუფუნება!


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.