ტურისტი





პოეზია

ტურისტი




იმ ქვეყანაში სადაც ცხრამეტი წელი ვიცხოვრე
მეტამორფოზა განვიცადე, ტურისტი გავხდი,
ჩანთა ავისხი, უჰაერო სივრცე დავტოვე 
და მის შესახებ მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას:
 
ჩემი ქვეყანა, როგორც იქნა მონარქიული,
ლევან ვასაძეს ვუმადლოდეთ ამ წარმატებას,
აქ ღვთის წყალობით პირფერობა ისევ გამეფდა,
სოციალური მიმეტიზმი ისევ რაინდობს.
 
მეძავთა რიცხვი გაჭირვების პროპორციულად
იზრდება როგორც რენესანსის კურტიზანების,
რომლებმაც ჩვენი ხარჭებისთვის შექმნეს ძოკოლო,
რომლებსაც დღესაც იტალია იცნობს ძოკოლად.
 
გამეფებული პირფერობის რეგენტი ლუმპენ
სოციალური ანომიით იკვებება და
ეგოცენტრული დისკრეციით ნერვებს მიბილწავს,
როგორც მიხეილ ქურდიანი ებრაელ გოგოს. 
 
გარეთ ნერვიულ გოშიათა უტაქტო ყეფა
და ფათერაკი კლოუნის ლოცვა ნასესხებ ღმერთზე,
ჩავარდნილია, ძაღლისშვილო, ეს აკაპელა,
რადგან დუმილით მეტყველი სჯობს მეტყველად დუმილს.
 
თუ ჩემი ძმა ხარ, გთხოვ მითხარი ვინ ქმნის ეპოქას,
რომელ დარაბის მიღმა ხედავ შენ ამ გაზაფხულს?
ოპიოიდის ჯერაც გუშინდელ თაობას რომ
ცვლიან კალიკებს დამშეული ფსიქონავტები,
 
რომლებსაც აქვთ მისჯილი რომ მდელო იყოს მწვანე,
რომ ზეცა იყოს ლურჯი, რომ ანგელოზს აქვს ფრთები, 
რომ ღრუბლებია თეთრი და ღრუბლებს მიღმა ღმერთი,
ძილი, ძილი ბევრი, რომ დაელოდონ მესიას.
 
გზას სახლისკენ ვიკვალავ კედლის მღვრიე ნაპრალით,
ქვეყანაში, რომელიც ძველ ნასუფრალს წააგავს
და წაქცეულ ბოთლებსაც იქვე ჩასძინებიათ,
სადაც ღმერთი მოკლეს და რელიგია გადარჩა.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.