• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სიყვარული არასოდეს მთავრდება

×
ავტორის გვერდი გიორგი მაისურაძე 14 მარტი, 2018 7556

სახე „სამ მეოთხედში“, პირი ოდნავ გაღებული, ქვედა ტუჩი ცოტათი წინ წამოწეული, ზედა აზნექილი. შენ ლაპარაკობ, მე კიდევ ვცდილობ, წარმოვიდგინო არა შენი ნალაპარაკები, არამედ შენი ხმა, რომელიც ჩემს სახესაც შენი სახის კონფიგურაციას გადმოსცემს, ნაკვთები ერთ რიტმში იწყებენ მოძრაობას და მათ შორის წარმოქმნილი მიზიდულობის ძალა სულ უფრო და უფრო ამცირებს მანძილს ჩვენს სახეებს შორის და ბოლოს ტუჩები კი მოძრაობენ, მაგრამ არა სიტყვების გამოსათქმელად, არამედ მათ ჩასახშობად, მათი ადგილის დასაკავებლად. ხმა სუფთავდება, კრისტალდება და უენობად გადაიქცევა, რომელიც არა სიტყვებს, არამედ მხოლოდ შორისდებულებს აჟღერებს.

 

უენობის ხმა სუფთა ხმაა, როდესაც მეტყველება დაუნაწევრებელია და შორისდებულებს შორის სასვენი ნიშნები აზრებს და შინაარსებს არ გამოყოფენ. უენობის ხმა არც მეორდება და არც ჩაიწერება, არც ითარგმნება სხვა ენაზე; მუსიკა და პოეზია მხოლოდ მისი მიბაძვებია. ორიგინალი ის ბგერებია, რომლებსაც ასოები არცერთ ანბანში არ შეესატყვისება, რომ სიტყვებად აქციონ. სიტყვა ნერვული აღგზნების ანარეკლია ბგერებში,რომელიც ჩნდება, როცა უენობა მთავრდება და ის გამოუთქმელის გამოთქმას ცდილობს.

 

ალბათ იმ მომენტში ვიფიქრე, რომ შემიყვარდი, როდესაც შენი კბილებით ჩაეჭიდე ჩემს ქვედა ტუჩს და მე თვალები ამიცრემლიანდა. რამდენიმე წამით ჩამომიბნელდა და როცა ჩემს გარეთ მყოფი საგნები წყვდიადში გაქრა, თითქოს თვალებიდან რენტგენის სხივები გამოვანათე და შენი სისხლის თითოეული მოლეკულა გამოჩნდა და მეც დავინახე ცხადად პროტეინის მასების ამოძრავება, მკერდსა და მუცლის არეში სიმხურვალის მატება, თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონები.

სიყვარული ზღაპარია, მე და შენ, არა, შენ და მე, ეს ვიცით. ყველა, ვინც გყვარებია ან გინდა, რომ უყვარდე, მე ვარ! მერე რა, თუ არ მიცნობდი, ვერ მცნობდი, სხვაში გერეოდი, სხვებში მეძებდი, სხვები მე გეგონე... მე ამას გაპატიებ. მეც სხვაგან გეძებდი, სანამ შენი კბილები ჩემს ქვედა ტუჩს შეეხებოდა და თვალის ფოკუსი გამიმრუდდებოდა.

 

ჩვენი ტუჩებით შევაბიჯებთ ზღაპრულ მხარეში,

 სადაც ფასკუჯებს დაღვრემილი სახეები აქვთ,

 სად სისხლიანი, ჩანგით ხელში, დგას ორფეოსი

და ერთადერთი ჩვენი გზამკვლევი ერექციაა,

რომელიც რომაელი პოეტივით გაგვიძღვება იმ მიწისაკენ,

სადაც წალკოტი მარად მწვანეა და სირინოზებს ესიზმრებათ

გემის ანძაზე ჯვარედინად გაკრული კაცი, რომელიც სამი დღის შემდეგ

აღდგება და ფრთებს გამოისხამს და სირინოზებს გადაუფრენს თავზე შხუილით.

იქით, იქით, სადაც ლიმნები ჰყვავიან და სადაც ჩვენ ერთად ვრჩებით.

მერე, როდესაც ერექციას საკუთარი ტუჩებით იგრძნობ

და შენი თვალების სინათლეს გადაფარავს ღვთაებრივი წყვდიადი

და თავად ღმერთი შემოაღწევს გაუბედავად გახსნილ შენ პირში,

და შენი ტუჩებით და ენით იგრძნობ მის სისხლ-ძარღვიდან წამოსულ სითბოს...

ღმერთი არავის უნახავს! – მას მხოლოდ შენი ენითა და ტუჩებით იგრძნობ

და როგორც სიტყვას, ენითა და ტუჩებით პირის ღრუდან გამოუშვებ.

Hoc est enim corpus meum!

ესე არს ხორცი ჩემი! ესე არს სისხლი ჩემი! ესე არს, ესე არს...

და კიდევ კანი, თბილი პროტეინით გაწებოიანებული.

მე და შენ, უფრო სწორედ, შენ და მე,

ჩვენ ჯოჯოხეთში მოვხვდებით და იქ

ჩვენს სხეულებს არ მოაკლდება ნამიანი ხორცის სურნელი

და პროტეინის ნაკადები ჩამოიღვრება ონკანებიდან...

მაგრამ შენ ახლა სხვაგან ხარ, სხვისი მკერდიდან

იღებ სითბოს და სხვისი სპერმის მოტკბო-მომჟაო გემოს

შეიგრძნობენ შენი ენის რეცეპტორები.

 

 სპერმა მჟავას შეიცავს და თუ გადაგეყლაპა, შეიძლება კუჭი დაიზიანო ან იქნებ გაცოფდე და მოგეჩვენოს, რომ შეყვარებული ხარ და შარვალს რომ შეიკრავს შენი ღამის გამცილებელი, თვალი გაგექცეს მისი უბისაკენ და ჩაიკვნესო: Ne me quitte pas...

 

მარიხუანა შეგრძნებებს ამძაფრებს და ადამიანს სენტიმენტალურს ხდის, მით უმეტეს, თუ ნერვულ აღგზნებას ენით შეხების ნაცვლად ენით სიტყვების გამოთქმა უხდება.

მე შენს ფოტოს ვუყურებდი და თან სკაიპში გწერდი. ჰოდა შენი უბიწო სახის გამომეტყველებამ გადამაწყვეტინა მეთქვა:

უბიწოები წაბილწეთ!

უმანკოება მანკიერებაა და უმანკოებს გულის მანკი შეაწუხებთ.

ანგელოზები ცივსისხლიანი ფრინველები არიან და თბილ სისხლს სვამენ.

ყოველი ანგელოზი საშინელია!

მე მინდოდა, შენი სისხლი დამელია და ვამპირად ვქცეულიყავი და ანგელოზებთან ერთად მეფრინა ცის კამარაზე.

მე შენს ფოტოსურათს ვუთხარი - „მიყვარხარ!“ - და სურათმაც ხმა გამცა და მიპასუხა: „შენს გრძნობასა და ჩემს საპასუხოს გრძნობას შორის ჩრდილი ჩამოდგება ხოლმეო“.

ეს არის გზა სამყაროს აღსასრულის

ეს არის გზა სამყაროს აღსასრულის

ეს არის გზა სამყაროს აღსასრულის

მე შენს სურათს თვალი მოვკარი: თვალები და პირი ღია იყო და ცარიელი.

მე დავლიე შენი სისხლი და შენი სურათი, რომელიც შენ სისხლში იყო, ყელში გადამცდა.

 

ფოტოაპარატით რომ შეიძლებოდეს ადამიანის დაკლონვა, დაგკლონავდი, უფრო სწორედ, შენს ერთ ფოტოს ვაქცევდი შენ კლონად და შევიყვარებდი. ფოტოაპარატით იმას არ ხედავ, რაც მის ფოკუსში ჯდება, არამედ ის, რაც შენშია, ის გამოაქვს გარეთ. და თუ იმას, რაც შენშია, გარეთ არ გამოიტან, ის რაც შენშია დაგანგრევს შენ! ფოტოაპარატი ჩვენში პოულობს და ამჟღავნებს საგნების ნეგატივებს და ისინი გამოაქვს გარეთ. ჩემი გადაღებული შენი ფოტოსურათი ჩემი ნეგატივია, რომელშიც შენ მჟღავნდები.

ყოველივე დაფარული ცხადდება!

ყველა საიდუმლო გაიცემა და ყველა სამშობლო გაიყიდება.

გაცემული საიდუმლო კლავს, როგორც ფოტოაპარატი კლავს

ჩვენ სხეულში დალექილ ნეგატივებს და ქაღალზე გადააქვს,

რომელსაც, კედელზე ჩამოკიდებ, როგორც სახრჩობელაზე,

რომელიც მერე აღარასდროს არ გაცოცხლდება.

 

როდესაც ფოტოს დახედავ, შენ დაინახავ საკუთარ აღგზნებას, როგორც მოგონებას, რომელიც სურათში ჩაიბეჭდება მომავალი ერექციის მახარობლად და იმედად.

აყვავდი ტურფა ქვეყანავ,

სადაც ყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა

და სადაც ყვავის ლიმონი და მზეზე უფრო მეტი სიმხურვალეა,

ვიდრე კრემატორიუმის ღუმელში,

სადაც დაგვწვავენ და შემდეგ ჩვენს ფერფლებს ერთმანეთში აურევენ.

 

მე მაშინ ისიც კი ვერ გავბედე, რომ მისთვის ჩემი შეყვარებულობა გამემხილა. მის დანახვაზე სახე მიწითლდებოდა და მასთან სინტაქსურად დაუკავშირებელი სიტყვების ნაკადით მეტყველებას ვიწყებდი, რომლის შინაარსი მე თვითონ არ მესმოდა. მერე სასწრაფოდ სახლში გავრბოდი, თვალებს ვხუჭავდი და მის სიზმრად მაინც ნახვაზე ვოცნებობდი, მაგრამ ის არ მესიზმრებოდა და მეც მასზე მხოლოდ ვოცნებობდი და ვითომ მესიზმრებოდა. არადა სიზმრებსაც მე ვიგონებდი და სანამ ჩამეძინებოდა, სიფხიზლეში ვისიზმრებდი. ერთხელაც ის მართლა დამესიზმრა: შავი ფერის ტყავის ტანსაცმელი ეცვა და ხელში მათრახი ეჭირა. მე საწოლზე ვიწექი და ვცახცახებდი. ოთახის კარი მიხურა და მომიახლოვდა. მერე მათრახიანი ხელი აღმართა, მაგრამ სანამ მოიქნევდა, უცებ მათრახი ფოლადის ხმლად გადაიქცა. მე ათრთოლებული ხმით ვუთხარი: „მომანიჭე სიმშვიდე!“ ისიც მომიახლოვდა, სახის დამწუხრებული გამომეტყველება მიიღო, ტუჩებზე ნაზად მაკოცა და მერე მთელი ძალით ალაპლაპებული ფოლადი მკერდში ჩამასო და როდესაც ჩემი მკერდის სიმხურვალეს სასიამოვნოდ შეერია ფოლადის სიგრილე, სწრაფი მოძრაობით ხმალი მკერდიდან ამოაცურა და ხელის ერთი მოქნევით თავი გამაგდებინა.

სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო: მე გაუშლელ საწოლზე ვიწექი ტანსაცმლიანი. ის შემოვიდა და თავთან საწოლზე ჩამომიჯდა. მერე მკერდზე გადამაწვა, მუცელზე ნიკაპი დამადო, სწრაფად შარვალი ჩამიხსნა და თავი პირდაპირ უბეში ჩაყო. მე გაუნძრევლად ვიწექი და მისი თმების ტალღოვან მოძრაობას ვაკვირდებოდი, რომელიც თანაბარ რიტმში ხან ამოიწეოდა, ხან ჩაიწეოდა. ეს მოხდა სიზმარში. 

 

არსებობს მხოლოდ ერთი ღამე და თუ იმ ღამეს კოსმოგონია არ მოხდა, მაშინ ის არც არასდროს არ მოხდება.

არა მოგონება, არამედ აწმყო.

მე და შენ ერთი ღამით ვხვდებით ერთმანეთს და თუ ჩვენი სხეულების შეხებით სამყარო არ იქმნება, მაშინ ის არც არასდროს არ შეიქმნება.

 

 

ევრიდიკე მეგობარ ნიმფებთან ერთად ტყეში დასეირნობდა, როდესაც მას გველმა უკბინა და მოკლა. მისი მეუღლე - ორფეოსი - ევრიდიკეს სანახავად საიქიოში ჩავიდა და მკვდრეთის მეფე ჰადესი და დედოფალი პერსეფონე ისე მოხიბლა თავისი პოეტური და მუსიკალური ოსტატობით, რომ ისინი ევრიდიკეს ცოცხალთა ქვეყანაში დაბრუნებაზე დათანხმდნენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ორფეოსს ევრიდიკესათვის მანამდე არ უნდა შეეხედა, სანამ ისინი საკუთარ სახლში არ შევიდოდნენ. ორფეოსმაც მოითმინა, გაუძლო სულსწრაფობას და მონატრებული შეყვარებულის ნახვის სურვილს. არადა მარტო გზაში ყოფნა თითქმის მთელი წელი გაუგრძელდათ. მან უკვე ისიც კი აღარ იცოდა, იცნობდა თუ არა თავის შეყვარებულს. ორფეოსმა ითმინა, ითმინა და სანამ ევრიდიკეს შეხედავდა, უკვე საკუთარ სახეზე ნაკვთების უცნაური, თითქმის დავიწყებული ამოძრავება იგრძნო.

 

ევრიდიკე: ძალიან ბევრს ეწევი, ნუ ეწევი ამდენს! არ მსიამოვნებს ამდენს რომ ეწევი!

ორფეოსი: აღარ მოვწევ, გპირდები, აღარ მოვწევ, მართლა გპირდები. ხომ ყოველთვის შემისრულებია დანაპირები?

                                                           ***

ყველაფერმა აზრი დაკარგა, როდესაც ჰექტორი მოკლეს და როცა ტროა დაეცა. რადგან აღარც ტროა იყო და აღარც ჰექტორი, იდგა მოწყენილი სამყარო და არ უხაროდა.

                                                           ***

ჩვენ რომ კარგ ვარსკვლავზე შევხვედროდით ერთმანეთს, შენ იმ ღამეს მარტო იქნებოდი სახლში და არც ვულკანი ამოიფრქვეოდა და არ გააჩერებდა საჰაერო მიმოსვლას და ჩვენც გავშლიდით ფრთებს და მერე იქით, იქით, სადაც ჰყვავის ლიმონი და სადაც მუდამ დარია და სადაც მზე ვარდისფრად ანათებს. 

მერე ჩვენ ერთად წავალთ რომში, სადაც ჭაღარა სენატორები შეგრაცხავენ ცოცხალ ღვთაებად და მარსის ველზე აგიგებენ შენს ტაძარს და მე ყოველი თვის მეათე დღეს ათ რჩეულ ჭაბუკს შემოგწირავ საკურთხეველზე. როდესაც შენსავე ტაძარში გამოჩნდები, შიშველ ტანზე გამჭირვალე თეთრი პერანგი გეცმება და შენ წინაშე მუხლებზე დაემხობა ყველა ქურუმი და ფილოსოფოსები კიდევ იტყვიან, რომ ავხორცობა ღვთაებრივი ნიჭია და მხოლოდ ავხორცს არ ეწევა სიკვდილი.

რომში იმ ადგილას, სადაც პავლე მოციქულს ფოლადის ხმლით თავი მოაჭრეს, ამოიზრდება ვაზის რტო, რომელიც ერთადერთ მტევანს მოისხამს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი შეხვედრის დროს ცაზე არ გამოჩენილა კარგი ვარსკვლავი და მარსის მინდვრის ნაცვლად, ჩვენ თბილისის ერთ ბარში ვართ და შენ სარკის წინ საკუთარ თავს ეცეკვები, მე გიყურებ და აღარ მახსენდება ის ქვეყანა, სადაც ყვავის ლიმონი და სადაც ვარსკვლავები ციმციმებენ და ციცინათელებივით დაფრინავენ და გამთენიისას კვდებიან.

დიზასტერი: დის-ასტერ-ი – არა-ვარსკვლავი, ცუდი ვარსკვლავი, რომლის ცაზე გამოჩენაც სიავისა და დარდის მომასწავებელია.

„ჩემი ვარსკვლავი, უფრო კარგია, იგი ვარსკვლავი შენა ხარ, შენ“ – როცა პატარა ვიყავი და ეს სიმღერა მოვისმინე, დიდებს ვკითხე, რომელ ვარსკვლავზე მღეროდნენ და მათ კიდევ მიპასუხეს, ვარსკვლავი სიყვარულს ნიშნავსო და მეც სიყვარული ასტრალურ სხეულად წარმოვიდგინე, რომელიც ცაშია და ანათებს. მე ვარსკვლავები ყოველთვის მიყვარდა და ამიტომაც გადავწყვიტე, შეყვარებული ვყოფილიყავი.

 

„საულ, საულ, რატომ მდევნი მე?“ არა, ასე არა: პავლე, პავლე, შენ შემპირდი მე, რომ სიყვარული არ დამთავრდებოდა, შენ მითხარი, სიყვარული არასოდეს მთავრდებაო, როდესაც მაყვლოვანებში გამომეცხადე.

მე სქესობრივი მომწიფების ასაკში მწიფე მაყვლის მოწყვეტას ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვწვდებოდი და ყველაფერს, თვით ჩემს არასაკმარის სიმაღლესაც, სქესობრივ მოუმწიფებლობას ვაბრალებდი. ამ დროს გამოჩნდა მაყვლოვანებში მელოტი კაცი, რომელმაც წელზე ხელი შემომხვია და მითხრა: „სიყვარული არასოდეს მთავრდებაო“ და მაკოცა. მეც დავიჯერე და ვიფიქრე, რომ თუ ერთხელ ვინმე შემიყვარდებოდა, მერე სულ შეყვარებული ვიქნებოდი და მაყვალსაც მოვწყვეტდი და მისი ტკბილი, მომჟაო წვენის წვეთებით ჩემი სპეტაკი თეთრი პერანგი სისხლისფრად დაილაქებოდა.

„სიყვარული არასოდეს მთავრდება“ – ეს ერთადერთი წინადადება გამომყვა სქესობრივი მომწიფების ასაკიდან. მერე როდესაც ჩემი პირველი შეყვარებულობა ისევე დამიმთავრდა, როგორც პავლე მოციქულთან წინასწარმეტყველება უქმდება და ცოდნა ცუდდება, - „რადგან ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება“, - ვიფიქრე, რომ სრულყოფილი სიყვარულის მოსვლამდე ნაწილობრივი მოვიდოდა და ის რომ წავიდოდა, მერე დადგებოდა სრულყოფილი, როგორც გაზაფხული ზამთრის შემდეგ.

უკვე სქესობრივად დიდი ხნის მომწიფებულმა აღმოვაჩინე, რომ შეყვარებულობის დამთავრება სასიყვარულო ურთიერთობის დამთავრებაზე უარესია. //შეყვარებულთან დაშორება დრამატულობის ახალ მწვერვალებს აჩენს და რამდენიმე წელიც კი შეიძლება გაგრძელდეს სიყვარულის ატომების გახლეჩით წარმოქმნილი ენერგიის ბრუნვა//. შეყვარებულობის დამთავრება კი ცხოვრების მოსაწყენ ნორმალიზაციას ნიშნავს: საგნები კარგავენ ბზინვარებას და უფერულდებიან, პულსაცია სტაბილურდება, ძილის რიტმიც წესრიგდება, რადგანაც ლოგინში ჩაწოლილი არავიზე აღარ ფიქრობ და გამოღვიძებისთანავე კოფეინის დოზას ზრდი, რომ ჯადოსნურობადაკარგულ სამყაროში არ ჩამოგეძინოს. ასეთ დროს ჩნდება სამი უპასუხო კითხვა:

ეს რამ შემაყვარა?

ეს რამ შეგაყვარა?

ეს რამ შეაყვარა?

შეყვარებულობა კანს ათხელებს და სხეული დაუცველი ხდება უცხო სხეულებისაგან, რომლებთან ყოველი შეხება სისხლის ჩაქცევებად რჩება გათხელებული კანის ქვეშ.

აგონია:

როცა ადამიანი კვდება, სანამ მოკვდება, მის სხეულში სიკვდილი სახლდება და მომაკვდავს გარეგნობას ართმევს. მომაკვდავი სიკვდილის გარეგნობას იღებს და საკუთარ გარეგნობას კარგავს და მისი სხეულით სიკვდილი იყურება.

შეყვარებულობის აგონიაში სიყვარული, როგორც სიკვდილი, სხეულში გისახლდება და შენს გარეგნობას იწოვს. ის გარსად ეკვრის შენს სხეულს, რომელსაც გათხელებული კანი ვეღარ იცავს.

ზევსი ეჩვენა თავის შეყვარებულს სემელეს მთელი თავისი სისრულით, - თავისი ჭექა-ქუხილითა და ელვარებით, - და სემელეც ჩაიფერფლა მის დანახვაზე. 

მეც მინდოდა, რომ შენ დანახვაზე ჭექა-ქუხილი ამტყდარიყო და შეშინებულები ერთმანეთს ჩავხუტებოდით, მაგრამ როდესაც დაგინახე, რაღაც უცნაური და უსიამო სუნი ვიგრძენი. რაც უფრო გიახლოვდებოდი, სუნი სულ უფრო მძაფრდებოდა, სულ უფრო აუტანელი ხდებოდა და მხუთავი გაზივით ყელს მიშრობდა და თავს მატკიებდა. მე მოვტრიალდი და გაქცევა ვცადე, მაგრამ სუნი ყველგან იყო, მთელი ჰაერი გაეჟღინთა, მთელი ჟანგბადი გარდაექმნა სიმყრალედ. მე ჩემივე პერანგის ცხვირზე მიფარება დავაპირე, როცა ყველაზე შემზარავი ფაქტი აღმოვაჩინე: მომწამლავი და მხუთავი სუნი ჩემგან მოდიოდა, ჩემი სხეული ყარდა. საიდანღაც გამახსენდა „ძმებ კარამაზოვებში“ ბერი ზოსიმა, ყველას წმინდანად რომ მიაჩნია და ის კიდევ გარდაცვალებისთანავე რომ აყროლდება და წარმოვიდგინე, რომ მე ვიყავი ბერი ზოსიმა, რომლის სხეულმაც ხრწნა დაიწყო და აყროლდა. იქნებ ზოსიმას მხოლოდ სული იყო წმინდა და ხორცი კი უწმინდური და ვიფიქრე, მეც ხომ არ ვიყავი წმინდანი, რომელმაც წმინდანობა დაკარგა და გაუწმინდურდა? ან პირიქით, სიმყრალეა სიწმინდის ნიშანი და ამიტომ ვყარდი? არა, მე არ მინდა წმინდანობა, ვერ შევეგუები სიწმინდეს!

არა, ეს სუნი იმ მკდარი სხეულის გახრწნილი უჯრედებიდან მოდის, რომელიც შენს სხეულს მოსცილდა, ჩემი შეყვარებულობა შენს სხეულს მოსცილდა და მე მომეკრო, მომეწება მისი დაშლილი და მკვდარი უჯრედები.

მე მათ ვერ ველეოდი, ნელსაცხებლებითა და შელოცვებით მინდოდა ისინი გამეცოცხლებინა და ისევ ჩამომეცვა შენთვის, ისევ მომერგო შენი სხეულისათვის.

შენ მითხარი, რომ ვერც მომიპოვებ და ვერც დამკარგავო. მე შემოგხედე და შენს სახეს ისე დავაკვირდი, თითქოს პირველად ვხედავდი: შენი კანი მიწისფერი იყო და მხოლოდ ალაგ-ალაგ დამწვრობებივით მოჩანდა მოვარდისფრო ლაქები; მერე პირი გააღე და შედედებული სისხლისფერი ტუჩებიდან დიდი და ბრტყელი კბილები გამოაჩინე, რომელთა სითეთრე სხივებს კი არ ირეკლავდა, არამედ თითქოს შუქს შთანთქავდა და შავი, წვრილი კაპილარებივით შენ კბილებზე იხატებოდა. თანდათანობით შენი სახეც დაპატარავდა. მე მინდოდა მომესწრო და მეკოცნა, სანამ მთლიანად გაუჩინარდებოდი, იქნებ კოცნით გამეცოცხლებინე, - ზღაპრებში ხომ ასე ხდება?! მე გაკოცე და ჩემს ტუჩებზე ცივი, მომჟაო ლორწოს შეხება ვიგრძენი. მე არ მინდოდა, რომ შენგან ასეთი გემო გამომყოლოდა, ასეთად დამმახსოვრებოდი და კიდევ ერთხელ ვცადე, შენკენ წამოვემართე, მაგრამ შენი სახე გვერდზე გაიწია და ჩემს ტუჩებს აცდა.

არავარსკვლავი, როგორც ერთ დროს ჩემი შეყვარებულობა, ისიც შენი სხეულით გამომეცხადა.

მე ვიყავი სიზმარში, რომელიც მე არ მესიზმრებოდა და მისგან გამოღვიძება ჩემზე აღარ იყო დამოკიდებული. მაგრამ იქნებ აქედანაც იყოს გამოსავალი? აი, ისეთი, ბუნუელის „გამანადგურებელ ანგელოზში“ როგორცაა: ადამიანები სტუმრად არიან და სახლებში ვეღარ მიდიან, იმიტომ, რომ აღარ ახსოვთ, რომ უნდა წავიდნენ. მათ აღარ უნდათ იქ ყოფნა, შიათ, ცუდად არიან, კვდებიან, ყროლდებიან, მაგრამ სახლიდან ვერ გადიან. ბოლოს სხედან და იხსენებენ და მხოლოდ მას შემდეგ ახერხებენ წასვლას, როცა მოაგონდებათ, რომ უნდა წასულიყვნენ.

მე კარი გამოვიხურე და ქუჩაში გამოვედი. უსიამო სუნი გაქრა და ის მეტი აღარ დაბრუნებულა.

ვარსკვლავები კვდებიან და სანამ მოკვდებიან, ფეთქდებიან და ირგვლივ ყველაფერს ანადგურებენ. 

„სიყვარული არასოდეს მთავრდება“ – წარმოვიდგინე პავლე მოციქული, თავისი გამელოტებული თავით, ამ ფრაზას რომ წერდა და ვიფიქრე, XXI საუკუნეში რომ ეცხოვრა, ნეტა თმების გადანერგვაზე თუ იფიქრებდა?

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული