• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჰარდქორის მანიფესტი

×
ავტორის გვერდი გიგა ბერიაშვილი 05 იანვარი, 2012 2065

ჰარდქორის მანიფესტი - ახალი იერუსალიმის კრედო

 

გამთენიისას ღმერთი ვიხილე, თვალთან და ყურთან მომევლინა მისი ტკბილი ხმა, იგი ამბობდა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არაფერია შენს ექსკრამენტზე უფრო მეტად წმინდა!“ ამ გამოცხადებამ შთამაგონა ეს წმინდა ტექსტი, რომელიც მოხუცის ბოდვასავით იშვა ჩემს ტვინში.

ჩვენ, დემონები, ქარის ქაოტურ ვნებათაღელვას მივყვებით
ჩვენ, დემონები, პოეზიის მწვერვალებთან ვდგავართ
ჩვენ, დემონები, წმინდა მეძავს სულს და გულს ვაძლევთ
ჩვენ, დემონები,
დემონები ვართ,
მიწიერ ვნებით აღსავსენი და
მზეურ ფალოსს ვეტრფით,
სულიერ სპერმას ვღვრით სამოთხის ფანჯრებიდან
რომელიც ნაყოფიერდება ყოველ კაცში და
წმინდა კოსმოსს შობს.

ჩვენ, დემონები ხმამაღლა ვამბობთ რომ:

დამთავრდა ჰარმონიისა და რომანტიზმის ჟამი,
დამთავრდა მკრთალი სიტყვის და ჰანგის დრო,
დამთავრდა სიყვარულზე და სამშობლოზე დაწერილი ლექსების დრო,
დამთავრდა პარანოიით შეპყრობილი ზომბების დრო,
დამთავრდა! დამთავრდა რელიგიის დრო!
დამთავრდა ზემოთხსენებულს ამოფარებული ტირანების დრო,
რომლებიც ახშობენ სიცოცხლეს,
დამთავრდა მონობის დრო,
დროა იმ მახვილის, ცეცხლის და ქარის,
რომელიც გაძარცვავს ქონისგან ამყრალებულ მონათმფლობელებს
რომელიც ცეცხლს მისცემს გაკერპებულ მრწამსს
რომელიც საფლავს გაუთხრის ყველა განდიდებულს
რომელიც არავის გააღმერთებს,
საკუთარი ნების გარდა.

ჩვენ, დემონები, ჰარდქორის მანიფესტს ვწერთ!
უხეშ, ცხოველურ სექსზე ვყვებით
და ბიძგებს ვაწყობთ
დედამიწის გულში,
რომ გამოვიწვიოთ ძვრა,
რომ დავამხოთ ყველა ცრუ ღირებულება,
რომ გვირგვინი წავგლიჯოთ გასიებული თავებიდან ქვეყნიერების მეფეებს,
რომ გულიდან ამოვგლიჯოთ ის სისულელე და სისაძაგლე,
რომელსაც ეთაყვანება ყოველი ერი.

ჩვენ, დემონები, ჰარდქორს რომ ვუმღერით,
ქარიან ღამეში, დავსხდებით მზის გულში,
მთვარის სინათლეზე ტაროს გავშლით
და ვილოცებთ სიკვდილის არკანზე
რათა გარდავიქმნათ,
რათა მოვკვდეთ,
რათა მოვკვდეთ ყოველდღე.
და ჩვენ ლოცვას დავღვრით
კოსმოსამდე არსებული ქაოსის წინაშე,
მდუმარე ჩვილს ჩვენს სხეულებში ვშობთ
და 666-ით დავიდაღავთ გულს,
განვდევნით მისგან ღმერთსა და ეშმაკს
რათა მის ბირთვში ცეცხლი დავანთოთ და
მის ალებზე გამოვხარშოთ უძველესი გველი
და ამ მიქსტურით განვაბანოთ მთელი სამყარო,
და მერე, ლომზე ამხედრებულებმა
თასიდან შევსვათ მკვდარ ღმერთთა სისხლი.

მშიშრები გვიხილავენ მიწიდან ამომავალს
ათად მოვეჩვენებით,
მაგრამ შვიდნი ვიქნებით.

ყელგამოჭრილ კრავს ჩვენს ფეხთან დავდებთ
სისხლის მდინარეს წმინდა გრაალიდან შევსვამთ,
როგორც ქრისტიანები ჭამენ და სვამენ თავიანთ ღმერთს
და მერე მას ჯვამენ,
მას ფსამენ.

და ვინაიდან, რეალობა სიურეალისტურია,
და ვინაიდან, სამყარო ნეხვშია (რომლის დანახვა აბსტრაქტული გრძნობის ორგანოთი შეიძლება),
და ვინაიდან, ადამიანი დეკადენსს ქადაგებს,
და ვინაიდან, თვითმყოფადობამ მსხვრევა დაიწყო,
და ვინაიდან, ჩვენს წმინდა ნებას ხუნდები ახრჩობს,
და ვინაიდან, ჩვენი ცხოვრება აღარაა ხელშეუვალი,
და ვინაიდან, ბურჟუებმა ყველაფერი წაიღეს, რაც კი ჩაეტიათ აბგებში,
და ვინაიდან, უკვე ვეღარ ვხედავთ მომავალს -
ჩვენ ომს ვაცხადებთ!

ჩვენ, დემონები, ჰარდქორის მანიფესტს ვწერთ,
ჩვენ, დემონები, შენს გამო ვმღერით,
ჩვენ, დემონები, დედამიწის გულში ვცხოვრობთ,
ჩვენ, დემონები, ილუმინაციას ვითხოვთ.
ჩვენი სახის უკან მხეცის სული დაძრწის,
ჩვენი სულის შიგნით მეძავი დრტვინავს,
ჩვენი გულის სახლში ანგელოზი კვდება.
ჩვენ ომს გიცხადებთ და
ახალ მრწამსს გიწერთ, რომელიც ასე ჟღერს:
მწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი,
შემოქმედი ცათა და ქვეყანათა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა,
სახელი მისი „სიცოცხლე და სიამოვნებაა“!
მწამს ერთი ღმერთი, დედა, ყოვლისა მპყრობელი,
შემოქმედი ცათა და ქვეყანათა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა,
სახელი მისი „სიკვდილი და ხელახლა შობაა“!

შემოხეულმა დალმატიკამ დაგვანახა დაწყლულებული გვემილი ხორცი,
ანაფორაწაგვრილი ხორცი თავის ტკივილზე ყვებოდა ამბავს -
Solve და Coagula ტრანფორმაციისთვის!
და ხუთი V ჭეშმარიტებისთვის!
და DCLXVI დიდებისათვის!
ლომი და გველი ერთი ნებისთვის!
ცეცხლი და მახვილი, - მშვიდობისათვის!
კვდომა ყოველდღე, - დაბადებისთვის!
მოკვდი ყოველდღე!

ჩვენ, დემონები, ჰარდქორის მანიფესტს ვწერთ,
ახალ იერუსალიმზე ვყვებით,
წმინდა სამყაროზე ვგალობთ
და ოთხი ლურსმნით თიხის ფირფიტებზე ახალ აღთქმას ვჭედავთ,
რომელშიც ჯვარცმულ ადამიანს გეომეტრიულ ფორმისგან ვიხსნით.

ჩვენ, დემონები, ღვინით სავსე ბარძიმს გაწვდით,
რომელიც სავსეა მკვდარ ღმერთთა სისხლით...
ჩვენ, დემონები, გეუბნებით შენ: „შესვი და გამოდი!“

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული