ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

ქრონოლოგია

ლუკა ეხვაია
19.05.2014

   


2 წლის ვარ

არაფერი მახსოვს, გარდა მზის მოციმციმე სხივებისა ჩემს სახეზე, რომელიც ხის ტოტებში ატანდა.

ალბათ საბავშო ეტლში ჩაწოლილს დამთამაშებდა სახეზე.

 

3 წლის ვარ

მონათხრობით აღმოვაჩინე, რომ პირომანი(რამე ისეთი არ გეგონოთ, დაუკოებელი ლტოლვაა ხანძრის გაჩენისა) ვყოფილვარ. ეტყობა, ქვეცნობიერმა უხერხული მოგონებები განდევნა.

_

ღამით, ლოგინიდან წამოდგომას ძლივს ვახერხებ, მის ქვემოთ ხომ საცეცებიანი მონსტრები ბუდობენ. მეჩვენებოდა, რომ ისინი ფაჩუნობდნენ.

 

4 წლის ვარ

სათამაშოებს ვაჯგუფებდი ორ დაპირისპირებულ კოალიციად, ეს იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ მათ შორის შეტაკების დრო არასოდეს მრჩებოდა. მხოლოდ სათამაშოების დისლოკაცია მანიჭებდა ესთეთიკურ სიამოვნებას და არა ორთაბრძოლა. ამ ფენომენმა მოგვიანებით რეალობაში გადმოინაცვლა.

 

6 წლის ვარ

პირველი დღე სკოლაში, პირველადვე ვიგრძენი სასოწარმკვეთი მარტოობა. აქედან მოყოლებული ვცდილობ შევეგუო მას.

მე განწირული ვიყავი სენტიმენტალურობისთვის.

 

7 წლის ვარ

თავს იჩენს თამბაქოსაკენ მიდრეკილება.

_

მესიზმრება როგორ ვდგავარ სანაპიროზე, ამ დროს შუა ზღვაში უზარმაზარი ტალღა იზვირთება და ჩემსკენ მდუმარეთ მოექანება. ეს სიზმარი დღემდე ბუდობს ჩემში, როგორც თანმდევი კოშმარი.

 

10 წლის ვარ

ვერ ვიხსენებ ამ წელს რამე თუ მოხდა განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ პირველად გავიტეხე ცხვირი.

 

11 წლის ვარ

ვერ შევიყვარე მანქანები, ფეხბურთი და ცივი იარაღი, მაგრამ ვერ ვძლებ გრძნობების ქარტეხილის გარეშე.

ჩემი მომავალი განისაზღვრა, როგორც მწერლის.

 

13 წლის ვარ

პირველი სასიყვარულო ტრაგედია, გულისწყრომა და თავბრუსხვევა. მას მერე იყო ათობით, მაგრამ იმუნიტეტი მაინც არ გამომიმუშავდა.

_

ხანდახან კვლავ ველი წერილს ჰოგვორსტიდან.

 

15 წლის ვარ

იბადება სკეპტიციზმი და მეტასტაზებივით ედება მთელს ორგანიზმს.

 

17 წლის ვარ.

ნევროზი მრევს ხელს.

ვარ გამხდარი, დიდრონი შუბლით და მეტყველი, სევიდანი თვალებით. იმხელა ტუჩები მიხდება, რომ სელფის გადაღების დროს, მომავალში, დაქ ფეისის გაკეთება აღარ დამჭირდება. ეს ოდნავ უხერხულია.

-

წავიკითხე „ოსტატი და მარგარიტა“, შევძრწუნდი. მომეწონა პირქუში სურათი, მისგან ვერასოდეს განვთავისუფლდები. შევაბიჯე შავ რომანტიზმში.

 

18 წლის ვარ

პირველი პომპეზური ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში.

განვიცადე მეტამორფოზა, ისეთი, რომლისაც გრეგორი ზამზასაც შეშურდებოდა.

მას მოყვა მეორე დეპრესიული ციკლონიც, ერთი წლის გამოტოვებით.

 და მე მივხვდი, ტანჯვის შემამსუბუქებელი საშუალება, მხოლოდ შრომაა.

მას მერე ვშრომობ და ვიღწვი.

არაფერია იმაზე ლამაზი, როცა რომანტიკოსი იბრძვის,

რომელსაც უტოპიური მომავლის ხილვები აქვს.