ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
visual-art

მეტი ჰუმანიზმი, ნაკლები პოლიტიკა

გიორგი გაგოშიძე
16.06.2014

   


დღეს კიდევ არჩევნებია. უკვე რამდენი ხანია ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკით, ვჭამთ, ვსვამთ, გვძინავს, ვსუნთქავთ მისით. სავარძელში მოკალათებულები შევციცინებთ ჩვენს უდიდეს სიმულაციას, საინფორმაციო გადაცემას, რომელშიც არსებობენ საკანდიდატო გმირები, როგორც კომიქსის პერსონაჟები, რომლებმაც ჩვენი მომავალი ჩვენ მაგივრად უნდა დაგეგმონ. ისინი გვპირდებიან, რომ საკმარისია ჯადოსნური წრე შემოვავლოთ სასურველ ნომერს ბიულეტენზე და ჩვენ ვიხილავთ, როგორ გადაიქცევა ჩვენი ქალაქი ისეთ სილამაზედ, როგორიცაა მაგალითად ბოტიჩელის La Primavera. ოუ იეს, ჩვენ გვინდა ეს! რომელ ჩვენგანში არ ირხევა პატრიოტიზმის სიმები ამ დროს, როცა წარმოვიდგენთ, თუ როგორ ვისმენთ აყვავებული საქართველოს შესახებ ტელევიზიით? ამ დროს სიხარულით აღტყინებულნი სამზარეულოდან შემდეგ ულუფა ლობიოს, პოპკორნს თუ ქათმის ბარკალს გამოვიტანთ და ლუდის შემწეობით კუჭისკენ მივმართავთ, რადგან ჩვენ ბედნიერები ვართ და განა რა სჯობს სიხარულის ჭამის ფორმით გამოხატვას?!  თუ ამ დროს რომელიმე თქვენგანმა ილიას „კაცია-ადამიანი“ წარმოიდგინა, ნუ გეგონებათ, რომ თქვენ ინტერპრეტაციის განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ, მე სწორედ ამ პარალელს ვგულისხმობდი! ილიას რომ ჩვენს თანამედროვეობაში ეცხოვრა, დარწმუნებული ვარ ლუარსაბის და დარეჯანის ჰერმეტულ ოთახში აუცილებლად იქნებოდა საინფორმაციო გადაცემა, როგორც ხმა ეზოსგარე სამყაროდან.

რა სჯობს მარტივად მიღებულ ინფორმაციას ინტერნეტიდან თუ ტელევიზიიდან, ზიხარ უმოქმედოდ და უყურებ რა ხდება შენ გარშემო, რა აწუხებს სამშობლოს, რას განიცდიან პოლიტიკოსები, და შენ ღელავ. ტელევიზორი გენიალური ინჟინერიაა, შენ შეგიძლია ნებისმიერ პოლიტიკოსს აგინო, ნებისმიერი აქტი გააპროტესტო და ხელს არავინ დაგარტყამს, არც შეგეწინააღმდეგება, ტელევიზორი - ეს ხომ ლიბერალი ქვეყნების გამოგონილი მანქანაა, მისთვის კლიენტი ყოველთვის მართალია.

აი ასე, ვსხედვართ ამ სიმულაციის წინ და ჩვენს გრძნობებს სახლში გამოვხატავთ, ამავდროულად ველოდებით მხსნელს, ადამიანს, რომელიც მოვა ჩვენს სათავეში და ყველა პრობლემას გადაჭრის. ეს ადამიანი ძალიან ჰგავს თავისი ალგორითმით მესიას ან ნიცშეს Ubermensch-ს (ზეკაცს). ამერიკულ სინამდვილეში ეს უფრო კომიკურ ხასიათს მიიღებდა, წარმოიდგინეთ კაპიტან ამერიკა ან სუპერმენი, ისინი სოციუმში დაუცველობის შიშის გასაფანტად, ავგაროზებად მოიფიქრეს, ისინი ყოველთვის შენთან არიან, როცა გჭირდება. მე უპირატესობას სუპერმენს ვანიჭებ, რადგან მისი უნიფორმა უფრო მეტად გამოხატავს მასკულტურის ფერებს - ლურჯი თავისულების ფერია, წითელი და ყვითელი კი მაკდონალდსის ჭყეტელა რეალობა, ცხოვრებაც ხომ მასავით სწრაფი და მარტივია?! მე, საქართველოს მოქალაქეს, თავი ლუის ლეინი მგონია და ამ კუნთებიანმა გმირმა თავისი კალთა თუ ყაბაჩა უნდა გადამაფაროს და ჩემ მაგივრად გასატრაკებელი გაატრაკოს. სისულელეა! კარგად დაფიქრდით, რატომ უნდა ვიყოთ 4 მილიონიანი ერი დამოკიდებული რამდენიმე ტიპზე, რომელიც გადაგვიწყვეტს, რა გვჭირდება ჩვენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ,  რა უნდა ვაკეთოთ და ასე შემდეგ? ამის პასუხი ჩვენივე უცოდინარობა, უუნარობა და სიზარმაცეა. ბრიტანელ გენიოსს დამიენ ჰირსტს აქვს ასეთი ნამუშევარი „მკვდრის უუნარობა დანახული რომელიმე ცოცხალის მიერ“, რომელიც წარმოადგენს ფორმალდეფილში ჩადებულ მკვდარ ზვიგენს. ის საზიზღარია, რომელ პერვერტს მოუვიდოდა თავში ამგვარი სისულელის გაკეთება?  მართალია, ეს გულისამრევი შედევრია და ჩვენ ვგავართ მას, ჩვენი უუნარობა ჰგავს სიკვდილს და როცა ამ ინსტალაციასთან ვაიგივებთ ჩვენს არსებობას,  ნეგატიური განცდა გვეუფლება. ჩვენ გვინდა, რომ რაიმე კვალი დავტოვოთ სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი იდენტობა ძაღლივით მივაფსათ ხეებსა და სახლის კუთხეებს. ეს ბუნებრივია, ჩვენ გვინდა აღვიქვათ რეალობა, ვიპოვოთ ჩვენი თავი დროსა და სივრცეში, და მაინც, რეალობა - ეს ისეთი სადაო თემაა, რომ აუცილებელია სხვებმაც დაგვიდასტურონ ჩვენი არსებობა და სტატუსი.

ამიტომ ნუ ვიქნებით უუნაროები, ნუ დაველოდებით სუპერგმირს ჩვენს გადასარჩენად, როცა გმირები თავად ჩვენ ვართ, ამისთვის სულაც არ არის უნიფორმის ჩაცმა საჭირო. ჩვენი ბევრი თანამემამულისთვის სამშობლოს სიყვარული ხელში კალაშას აღებასთან და ომში წასვლასთან ასოცირდება, ნო ბეიბი ნო! ეს არის 90-იანების ჰოლივუდი, ეს არ არის პატრიოტიზმი, სინამდვილეში ჩვენ არ ვუფრთხილდებით რაც გვაქვს, არ ვიცავთ, საქმეს ერთად ვაფუჭებთ, ომამდე მიგვყავს სიტუაცია და მერე კი ვიბრძვით, ეს ვაჟკაცობაც კი არ არის! რუსმა ადამიანის უფლებების დამცველმა სტანისლავ მარკელოვმა დაწერა ცნობილი ესე „პატრიოტიზმი, როგორც დიაგნოზი“, სადაც კარგადაა განხილული განსხვავება პატრიოტიზმსა და ურაპატრიოტიზმს შორის. სამშობლოს სიყვარული - ეს არ არის შენი გრძნობების აგრესიით ეგზებიცია, თუ ეს ვინმეს უნდა, გააკეთოს, ამისთვის არსებობს ტუალეტი. ნამდვილი პატრიოტიზმი იწყება ბუნებაში დაყრილი პლასტმასის ბოთლების აკრეფით, საქართველოს ყველა კუთხის ფეხით მოვლით, მოსახლეობის გაცნობით, მათი სიყვარულით, შენი საქმის ცოდნით, პატიოსნებით და ასე შემდეგ, აბა, როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, რასაც პატივს არ სცემ, რაც არ გინახავს, რაც არ იცი? მე არ მჯერა ასეთი პატრიოტიზმის! ასევე სამშობლოს სიყვარული არ არის მარტო ლამაზი მთა-ბარის საკუთრებაში მოქცევა, სამშობლო არის კულტურა, რომელიც შენთან ასოცირდება,  ხალხი, რომელიც გიყვარს, რომლის შეხედულებებს იზიარებ, პატივს სცემ და თანაცხოვრობ. აქედან გამომდინარე პატრიოტიზმი ჰუმანური ფენომენია და არა კაცის მოკვლისკენ მიმართული პროპაგანდა.

საქართველოში ძალიან ბევრი პოლიტიკაა, ქუჩაში, სამსახურში, სახლში, საწოლშიც კი! ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვეზარება ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ვცდილობთ მარტივად გავმდიდრდეთ ან ჩვენი წარუმატებლობა სხვას გადავაბრალოთ.  ამ ოცნებაში, ასე უუნაროდ ვბერდებით ტელევიზორის წინ. ჩვენს გასაკეთებელს და გულის წუხილს კი პოლიტიკოსები ვერ ასრულებენ, მერე მათზე ვნაწყენდებით და ვეძებთ ახალ პარტიას საგულშემატკივროდ. ეს ძალიან ჰგავს ფეხბურთის ყურებას. (ჩემთვის წარმოუდგენელია, ჯერ კიდევ რატომ არ გვაქვს ქართველებს პოლიტიკური ტოტალიზატორი? დარწმუნებული ვარ ეს გაცილებით პოპულარული იქნება ჩვენში, ვიდრე ფეხბურთი. უფრო მეტი ენთუზიაზმით ჩავუსხდებით საინფორმაციო გადაცემებს.)

ნამდვილი პატრიოტიზმი შენი საქმის ცოდნა და სიყვარულია. ბევრი ქვეყნის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებსაც ცუდი ხელისუფლება ჰყავს, მაგრამ ხალხი კარგად ცხოვრობს იმიტომ, რომ ფუტკრებივით შრომობენ და თავად ქმნიან პოლიტიკურ პროგნოზს, ჩვენ კი სამწუხაოდ ძალიან ვგავართ ნიცშეს მოედნის ბუზებს. აქვე მახსენდება ჩვენებური ანდაზა: „ბევრი ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო.“

ამ სიტუაციის გასაანალიზებლად საინტერესოა გერმანელი გენიოსის ერიხ ფრომის ნაშრომი „თავისუფლებისგან გაქცევა“, ჩვენ გვინდა გავთავისუფლდეთ ერთი რეჟიმიდან და აუცილებლად თავი შევყოთ მეორე რეჟიმში, რომელიც არ ვიცით რა არის, უბრალოდ ვიცით, რომ გვინდა პირველიდან გაქცევა, თითქოს ეს შოუშენკია ან ალკატრასი, ოღნდ კი გავიქცეთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა საკუთარ კისერზე გამოვცადეთ, რომ ახალი სისტემის შეუსწავლელად შიგნით თავის შეყოფა სისულელეა, იქ შეიძლება გილიოტინაც იყოს.

მოკლედ, ჩვენს თავს ჩვენზე უკეთ ვერავინ მიხედავს!

ეს სტრიტ არტ პოსტერი საარჩევნოდ გავაკეთე, მისი მიზანია დაგვანახოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკაა, რის გამოც ერთმანეთს ვცემთ, გვძულს, ვაფურთხებთ, ვიბოღმებით, რაც ისედაც პატარა ერს გვხლეჩს და ერთმანეთთან გვაპირისპირებს.

ჩვენ ველით სუპერმენს, რომელიც გადაგვარჩენს, საგარეო პრობელემებს მოგვიგვარებს, ოჯახშიც მოგვეშველება, ფულს შემოიტანს, ცოლთან შეგვარიგებს, საყვარელს არჩენს, ბოზბაშსაც გაგვიკეთებს და ბავშვებსაც ეთამაშება. დაივიწყეთ! ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც გვაჩვენებს შუა თითს და გვეტყვის სიმართლეს: მე არ გიშველი, შენს ტრაკს თვითონ მიხედე!

ნუ იქნები დამოკიდებული ვინმეზე, იშრომე ფუტკარივით.  ზარატუსტრაც კი ამბობდა, მე თქვენ გასწავლით, მაგრამ მე არ ვარ ყავარჯენი, რომ დამეყრდნოთ და ჩემით იაროთ ან იარსებოთ.  მე სასტიკად აპოლიტიკური პერსონა ვარ, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება საჭიროა მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად, დანარჩენი კი ხალხის გადასაწყვეტია.  მე მინდა უტოპიურ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც იქნება ბევრი ხე, კარგი ადამიანები, სამართალი, განათლება, სიყვარული და სადაც ერთმანეთზე ვიზრუნებთ, თუ საჭირო გახდა ჩვენს თავისუფლებას შიშველი ხელებითაც და 5 ლიტრი სისხლითაც ბოლომდე ვუპატრონებთ.

როცა პოსტერების გასაკრავად მივდიოდი, დედაჩემმა მითხრა: სულ დაკარგე ზრდილობა, ეს პოსტერი უნდა გააკრა გარეთ, ზედ რომ უწმაწური სიტყვები და ჟესტებია გამოსახული, ან ეს რა არის, პამპერსიანი კაცი რომ იღრიჭებაო? დედაჩემის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ის ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც უნდა გამეკრა პოსტერები, რადგან ეს ეხება ჩემს სამშობლოს, რომელშიც მე ცხოვრებას ვაპირებ! რაც შეეხება პამპერსიან სუპერმენს, ის ჩვენი ანაგრამაა, ჩვენი ეგო, რომელსაც სასურველ კანდიდატში ვხედავთ. ჩვენ გვინდა მისი ჩვილი გავხდეთ, მან გვიპატრონოს, საწოვარა გვაწოვოს და იავნანა გვიმღეროს. შუა თითი და ყველის ვაჭარივით დაკრეჭილი სუპერმენი კი ის პროვოკაციაა, რამაც თქვენ უნდა გაგაღიზიანოთ და საკუთარი უუნარობა დაგანახოთ. ტრაკის მაგივრად შემეძლო ლამაზი სიტყვები დამეწერა და საერთოდაც ეგონ შილეს რომელიმე ლამაზი ნახატის პოსტერები გამეკრა, ეს თქვენ უფრო გესიამოვნებოდათ, უფრო შეგიყვარდებოდით და დადებით ემოციებსაც აღვძრავდი თქვენში, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არაა, ეს თქვენ არ დაგაფიქრებთ და მალე ამოგივარდებათ თავიდან. ეს პოსტერები არ არის ჩემი პოპულარიზაციისთვის, ისინი სარკეა, რომელშიც უნდა ჩაიხედოთ და გული გაგისკდეთ, თქვენი უუნარობა დაინახოთ, თქვენი დაკარგული როლი სამშობლოში, გაავლოთ პარალელი ჰირსტის მკვდარ ზვიგენთან - თქვენ ხომ არ გინდათ იყოთ ის, ფორმალდეჰილში ჩალბობილი ლეში, ერთ დროს საშიში არსება, რომელიც ახლა ფეხებს ვერავის მოსჭამს?! რაც შეეხება ბილწ სიტყვებს, ეს ხელოვნების ნაწილია, ფორმა, რომელიც კონტექსტს ამყარებს, რომელმაც თქვენ სიმართლე უნდა დაგანახოთ. ხელოვნება არ არის 3.2%-იანი იოგურტის ჭამა, ამას უჩემოდაც მოახერხებთ, ხელოვნება, და მით უმეტეს ქუჩის ხელოვნება, ეს არის შეფურთხებული სიმართლე, და როცა ამ ფურთხს მოიწმენდთ, უნდა გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ დავიმსახურე ეს ფურთხი?

სულაც არ არის აუცილებელი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შეგიყვარდეთ, მე უბრალოდ მინდა ჩემი სათქმელი ვთქვა, ჩემთვის, როგორც ავტორისთვის მთავარია თქვენ გაგიჩნდეთ კითხვები. კითხვები აუცილებელია თქვენი იდენტობის საპოვნელად მოცემულ დროში, სივრცეში და საზოგადოებაში. თუმცა ისიც იცოდეთ, რომ კითხვები დამღუპველია, გაიხსენეთ,სოკრატე სწორად დასმულმა კითხვებმა შეიწირეს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მწვავე კითხვებისთვის შესძულდებით ხალხს, რომელსაც არ უნდა აზროვნება, მაგრამ ეს გარდაუვალია, ეს სახიფათოა, თუმცა მგლის შიშით ფარა ვის გაუწყვეტია? თუ თქვენ გყოფნით გამბედაობა, ნუ შეწყვეტთ აზროვნებას, რადგან როგორც დეკარტე ამბობდა, მე ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ.

ნუ მოგხვდებათ გულზე ჩემი სიტყვები, იცოდეთ, რაც არ უნდა ნაგავი იყოთ, მე ვარ უარესი, მე თქვენთან ერთად ვცხოვრობ იგივე წუმპეში და ჩემი უუნარობა მეზიზღება, მე მინდა ვიფართხალო იმ ბაყაყივით, კრილოვის იგავში რომაა და რძე კარაქად ვაქციო. თუ თქვენც ჩემთან ერთად იფართხალებთ, ეს პროცესი უფრო სწრაფი იქნება და ჩვენ აუცილებლად დავუტოვებთ ჩვენს სახელს ხალხს, რომელზეც ვზრუნავთ, ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და ვაჩვენებთ მაგალითს ადამიანებს, რომლებიც დაგვცინიან და ჩვენს ცდას უუნარობას ამჯობინებენ.