• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რა სიბრიყვეა

×
ავტორის გვერდი ამბროსი მელქაძე 05 იანვარი, 2012 1834

არ მეტყობა თვალის შევლებით,
გული მტკივა, ისე მიდის დღეების წყება,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები,
ჩემს სიყვარულზე არაფერს იუწყებიან.

ამ სიმუნჯეთი
იგი ჭკნება, ჭკნება, როგორც უნავთობო
ქვეყნის ბიუჯეტი,
რადგან არ ასაზრდოებს ცნობადობა.

მაშინაც კი, როცა უშენო ღამეებით გათანგულ
სხეულს შენს გვერდით მივალასლასებ,
შენს ჩრდილს ვეწევი,
შეუმჩნეველი ვარ, როგორც სიღატაკე,
როგორც დანაშაულის წარმომშობი მიზეზები.

შეუმჩნეველი ვარ, როგორც მონადირე კაპიტალიზმის
მიერ განადგურებული
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები,
როგორც მიშველეთ,  მკაფიოდ რომ  ისმის
და მისკენ გადასადგმელად ფეხები ეღლებათ.

შეუმჩნეველი ვარ, როგორც საქართველოში ნაგავი,
როგორც ურწმუნო მათხოვარი,
ღვთის სახელით ფულს რომ ითხოვს,
როგორც ქალაქები, ჩვენი, უგემოვნოდ ნაგები.
შეუმჩნეველი ვარ, თითქოს ყველაფერი კარგად იყოს.

რა ტუტუცობაა, რა სიბრიყვეა!
ვინმეს ასეთი გრძნობა დაქონდეს მკერდით
და ამის შესახებ არაფერს ყვებოდეთ,
არაფერს წერდეთ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული