• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

სისხლიანი მერი

×
ავტორის გვერდი ოთარ პერტახია 11 იანვარი, 2013 19975

მოქმედი  პირნი:

 

 

მერი

ედი

ლურჯკაბიანი ტოპ-მოდელი

რეპორტიორები

ტელეჟურნალისტი ქალი

და

მისი ოპერატორი კაცი

 

სცენა  I

 

 

 

 

 

       შუაღამე. კარგად განათებული საძინებელი ოთახი. დიდი სარკის წინ დაბალ სკამზე ვარდისფერი პენუარის ამარა ზის მერი და დარბაზისკენ იყურება. საცვლის ამარა ედი ლოგინზე წევს, ჭერს მიშტერებული სიგარეტს აბოლებს: საფერფლე იქვე, ხელთან ახლოს უდევს.

 

მერი.  სულ ეს იყო, ედი? ამას მპირდებოდი? (პაუზა) სიმართლე გითხრა, უფრო მეტს ველოდი შენგან. (პაუზა) ამისგან... ამ ღამისგან, ედი, მე უსასრულობას ველოდი... უსასრულო ნეტარებას! (პაუზა) რა მალე მორჩა იგი! ხუთი წუთიც კი აღარ... (პაუზა. აღშფოთებული უცებ შეხედავს ედის) ედი, რას ჰგავს ეს! ჩემი უმანკო სისხლით გათხვრილ ქვეშაგზე წევხარ და უდარდელად აბოლებ, ვითომც არაფერი მომხდარიყოს. ზედაც არ მიყურებ. თანაგრძნობასაც არ მიწევ! (პაუზა. წინ გაიხედავს) ნუ მაიძულებ, შეგიზიზღო, ედი... მე შემწევს ძალა: თუკი შეგიზიზღებ, ანუ  შენს დანახვაზე თუკი ჩემმა გულ-ღვიძლმა ბორგვა დამიწყო, ჩემი საშო დაიგმანება, შენი სხეული კი შებოლილ ხორცს დაემსგავსება... ბებერი, მჭლე და უმაქნისი პირუტყვის ჯიქანივით ჩამოჭკნები. კარგს არაფერს ელოდე მერე! (პაუზა. სკამიდან წამოდგება და სარკის წინ დადგება) ნუთუ აუცილებელია დავბინძურდე, ედი! (პაუზა) ნუთუ აუცილებელია ჩემს ფიფქივით მსუბუქ სხეულზე იჯლაგუნო და იატაკის საწმენდი ჩვარივით დამჭმუჭნო... ტუჩები დამიკბინო და შენი, ვინ იცის, რამდენი მიკრობებითა და ბაცილებით სავსე ნერწყვი ხარბად მაყლაპვინო?! (პაუზა. შეხედავს ედის) ნუ, ნუ მაიძულებ ვიტირო, ედი! თუკი ასე გაგრძელდება ბაყაყებთან და გომბეშოებთან ერთად წუმპეში საგორავებელი ჯირკივით გავხდები. მე ვგრძნობ ამას. (პაუზა. დაჯდება სკამზე. წინ იყურება) არანაირი ვაქცინა არ მიშველის, ედი. დაუმარხავი გვამივით გავიხრწნები. მე მუტანტი არ ვარ. ჩვეულებრივი ქალი ვარ, შენი ნეკნისგან შექმნილი. ხომ იცი ეს? (პაუზა) ჩემს მშობლებს ვერ შევარცხვენ, ბიჭო. ვერსად გაგექცევი. დევნილიც ვერ ვიქნები. (პაუზა. ტირის) მთლად ნუ გამათახსირებ, ედი!

 

ედი.   ჩემი ცოლი ხარ ბოლოს და ბოლოს. (პაუზა) ნანობ ამას, მერი? (პაუზა) მე ძალა არ დამიშურებია შენთვის. (პაუზა) ეს ასე ხდება საერთოდ... ასე უნდა მომხდარიყო...

 

მერი. ოჰ, ეს ცოლ-ქმრული ვალდებულებები...

 

ედი.    მომისმინე, მერი!

 

მერი.  ჰო, თორემ რა უნდა მითხრა?

 

ედი.  დროა შემეჩვიო. ქალი ხარ. (პაუზა) მე ძალიან ვცდილობდი, ვერ ხვდები ამას? (პაუზა)

 

მერი.  მაღიზიანებ, ედი.

 

ედი.    შენი არ მესმის.

 

მერი.  როგორ აგიხსნა? განა გამიგებ? ნუ, ნუ მეტყვი, რომ გაგიჭირდება ჩემი გაგება... როგორ გითხრა?

 

ედი.   (წამოჯდება ლოგინზე) პირდაპირ... მიდი, მითხარი. (პაუზა)

 

მერი.  არა, პირდაპირ არ შემიძლია. (პაუზა) უცხოპლანეტელივით რომ გითხრა?

 

ედი.    ვაა, თუ შეგიძლია, ასეც მითხარი, ამას რა ჯობია!

 

         (პაუზა. დუმილი. სკამიდან წამოდგება მერი და სარკის წინ დადგება: ხელის თითებს აწვალებს; უცებ შეხედავს ედის. პაუზა. წინ გაიხედავს)

 

მერი.  (ტირის) ბავშვობაში ზღვის ნაპირზე ვსეირნობდი და ფერად კენჭებს ვაგროვებდი, ედი. განა სულ ასეთი შეშინებული ვიყავი! ცხელ ქვიშაზე ვწვებოდი და ამ ჩემს ჩიტივით ფრთხიალა სხეულს ვახურებდი. თამამად ვაკეთებდი ამას. (არ ტირის) ნუ გეგონება, თითქოს მაშინ კაცებზე ვფიქრობდი. არა, არა, ედი! მაშინ ჩემი პაწია გულის ზღაპრული სურვილები მაღელვებდა. ბედნიერი ვიყავი, ედი! მარადისობაში ვცურავდი და სულაც არ ვოცნებობდი შენზე. არ გიცნობდი და როგორ ვიოცნებებდი, ბიჭო. გომბიო არ გეგონო. (პაუზა) მაშინ... ჩემთვის... რა უხამსობა იქნებოდა ამაზე ფიქრი, განა არ გესმის?

 

ედი.  დედას გეფიცები, სახეზე გახურებს, მერი.

 

მერი. უცნაურია. ეს მაშინ იყო. მე მაშინ მახურებდა.

 

ედი.   ახლაც, გეუბნები, ახლაც... აი, ნახე!

 

მერი. ახლა შენ მახურებ, ედი! ამ დახუთულ ოთახში, უმზეოდ, ქვიშის გარეშე, სივრცის გარეშ მახურებ-მეთქი და პირდაპირ უნდა გითხრა, სულაც არ მომწონს მე ეს. (ტირის) მამძიმებ და მბურძგნი, მაჭუჭყიანებ და მწუწნი... (დაეცემა მუხლებზე) საბრალო ვარ, ედი. ნუ გამაბრიყვებ, ნუ გამაბითურებ... შენი ასოთი წარამარა სათრევს ნუ გამხდი! (არ ტირის) გამიტაცე, ედი... უსასრულობაში მაბანავე... მზესთან ახლოს მიმიყვანე... გამიყვანე ზღვაში... მკოცნე რამდენიც გაგიხარდება, სანამ არ მოგბეზრდება... აჰა, დამისაკუთრე... მე ხომ საერთოდ არ ვფიქრობ...

 

           (გაჩუმდება. პაუზა. შეწუხებული შეხედავს ედის)

 

ედი.  გინდა თქვა - ჩემზე, არა? ჰოდა, თქვი ეს, აღიარე!

 

მერი. (ფეხზე წამოდგება; დაჯდება სკამზე; წინ იყურება) არა, შენზე კი არა და... ემანსიპაციაზე... (პაუზა. შეხედავს ედის, რომელიც მხართეძოზე წამოწვება და ცოლს გაკვირვებული მიაჩერდება. მერი აუწევს ხმას) ნუ გიკვირს, ედი! რაც არ უნდა მოხდეს, შენ გვერდით ვიდგები. მერწმუნე, ერის დედა გავხდები! (წინ გაიხედავს) სამშობლოსთან ერთად შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ!  ოკუპანტები თუ შემოგვესევიან, ქალები ლაშქარს შევყრით, იარაღს ავისხამთ, სანუკვარ ქმრებს წინ აგეფარებით, ედი! დედის უკანალში შევაძვრენთ ჩვენს მტრებს. ჩამოფხრეწილ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ. პარტიზანებად გავცვივდებით ტყეში. დაუნდობლად დავცხრილავთ შემოჭრილ ურჯულოებს! ნუ გეშინია. შენ ოღონდ მიბრძანე. შენდამი მორჩილებით გმირობას ჩავიდენ. შენ კიდევ იამაყებ ჩემით. მაგრამ ნუ მიყვირებ! ხელს ნუ აღმართავს ჩემზე! ნუ დამამახინჯებ! შენი გულისათვის ქვეყანას შევძრავ: თავიდან ბაზრობებზე გავალ გარუჯული სახითა და წვირიანი ხელებით, სულ ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს გავყიდი... გიგანტურ საპირფარეშოებს დავგვი, კაფე-ბარებში ჭურჭლებს დავრეცხავ... აქოშინებულ სქელტანიან მამაკაცებს გროშების ფასად მოვემსახურები: მაგიდებზე, ხიდების ქვეშ, ბნელ ჩიხებში, ავტომანქანებში... კი, კი, ვიზამ ამას... თუ უფრო გაჭირდა, რკინიგზის სადგურზე მოკლე ქვედაკაბითა და უზომო მაკიაჟით სახეგათითხნილი გავვარდები... აეროპორტში საერთაშორისო სტუმრებს დავუხვდები... ფულს კი, ვფიცავ ჩემი პაწია გულის ყმაწვილურ ოცნებებს, არ მოგაკლებ არა, ედი! აბა, რა ჰგონიათ იმ ჩემი ქალიშვილობის დროინდელ თაყვანისმცემლებს, ამძუვნებული ძაღლებივით რომ დამდევდნენ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებსა და უსინათლო შუკებში. ყველას, ყველას ფაფა ვაჭამე, ედი! არჩევანი შენზე შევაჩერე. ეგ არიფები მშრალზე დავსვი. გავაბანძე რა. მე გავიმარჯვე, ედი! ახლა გეტყვი, ბოლომდე გამარჯვებული უნდა დავრჩე, ე. ი. ბოლომდე უნდა შეგინახო, ედი, რაც არ უნდა მოხდეს-მეთქი, მაინც... (პაუზა) ოჯახი, გეუბნები მე შენ, ქალისთვის თავშესაფარია. ხალხი ყველაფერს გაპატიებს ამის გამო. გალოთებული ქმრის მკვლელობაც რომ ჩაიდინო, გაგამართლებენ... ან თუკი მოხდება სასწაული და ბოზობის გზას დაადგები, ამასაც გაპატიებენ, ოღონდაც ქმარს შენ გვერდით ხედავდნენ: კმაყოფილსა და თვალებგაბრწყინებულს... გაიღიმე, ედი! გაიღიმე-მეთქი! ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ. ბედნიერები უნდა ვჩანდეთ! (პაუზა. კბილებით იღიმება. ედი კვლავ პირაღმა დაწვება; ჭერს მიაშტერდება. მერი შეხედავს ედის) mere მერე საკუთარ ბიზნესსაც წამოვიწყებთ, ედი! შ.პ.ს. გვექნება, ბიჭო. ფულების მოხვეტაში ტოლი არ გვეყოლება. (წინ გაიხედავს) გავმდიდრდებით, ედი... მთელი სამყარო ჩვენი იქნება! ყველას მოვისყიდით. ყველაფერს ვიყიდით. ყველას გავყიდით. „ელიტარული ქრონიკა“ ჩვენზე იჭორავებს, ედი. პოპულარულები ვიქნებით, რა. ხმებსაც მოვიპოვებთ. მომხრეებსაც გავიჩენთ. შეიძლება უმაღლესი პოსტებიც დავითრიოთ. უმრავლესობა ჩვენკენ გადმოვიბიროთ. საბანკო ანგარიშები და ფეშენებლური სამორინეები გავხსნათ. მარცხენებს და მარჯვენებს შუათანები დავუპირისპიროთ. ვიზიატებზე ვიაროთ. ბანკირებთან და ელჩებთან ვიბღლარძუნოთ. ორგიები გავმართოთ. უმცირესობა სულ მიჯრით ვიხმაროთ. მიდი, ედი! (პაუზა) მოდი, ედი! (პაუზა) nu, ნუ, ნუ-მეთქი, გულს ნუ გაიტეხ: თუ გამელოტდები... ან თუკი უმსგავსოდ გამობზეკილი მუცლის ქონი შენს ასოს ამოიყოლიებს, ერთი ქამრის ნაცვლად, ათიც რომ დაგჭირდეს, მაინც მეყვარები. შენს მოვალეობას აი იმ ბრგე ჭაბუკებს ვაკისრებინებ, პირად დაცვაში რომ გვეყოლებიან. მამაკაცს მოშიებულ, თვალებგადმოგდებულსა და ტუჩ-პირ გაწელილ ქალს კი არ დავემსგავსები! კონკურენტებს კუდით ქვას ვასროლინებთ. ჰოლივუდს ფეხებზე დავიკიდებთ, ედი! ლეგენდარულები გავხდებით. ჯილდოებს მივიღებთ; ნობელის პრემიასაც უეჭველად დავიმსახურებთ. შთამომავლობა საგებს შეთხზავს ჩვენზე... მონოგრაფიები და მემუარები, ვინ მოსთვლის, რამდენი გამოშანშალდება. ასე, ედი! წელში გაიმართე და იწამე, რომ ყველაზე ალერსიანი და ვნებიანი ხარ! ყველაზე უკეთ აკმაყოფილებ ცოლს... უნდა გავმრავლდეთ, ედი! დინასტიებს, იმპერიებსა და მაგნატებს უნდა დავუდოთ სათავე, ბიჭო. სიცოცხლესაც გავიხანგრძლივებთ. პლასტიკურ ოპერაციებს გავიკეთებთ. კანს დავიჭიმავთ. ფაიფურის კბილებს ჩავისვამთ. ჰორმონებით გავიჭყიპებით. სულ, სულ ვისიყვარულებთ, ედი! ოქროში ვიბაირამებთ, ნავთობში ვიჭყუმპალავებთ. ფერადი ჟურნალების გარეკანზე პიკანტურ რამერუმეებს გავიტიტვლებთ... მაგრამ ჩვენს ეროვნულ სიფათს კი სხვების სამასხარაოდ მაინც არაფრით გამოვიდებილებთ, არაფერს შევიმჩნევთ და მერე, ვინ იცი, იქნებ პირველი ლედიც გავხდე, ედიიი! მერსედესი მაგრად ასწორებს, ბიჭო! (პაუზა. დახრის თავს. სახეზე ხელებს აიფარებს. ტირის. პაუზა. არ ტირის. უცებ შეხედავს ედის) კედელზე ჩაქუჩით ლურსმნის მიჭედება თუ იცი?

 

        (პაუზა. ედი წამოჯდება ლოგინზე. სიგარეტს გააბოლებს)

 

ედი.  აუ, თურმე რა მაგრად გახურებ!

 

მერი. (უცებ) დიდხანს, ძვირფასო, დიდხანს უნდა მახურო. ხუთი წუთი რაღაა, შე კაცო! ფაფა მე იმ განუხორციელებელ კაცუნებს ვაჭამე, ჩემი ჯგუფური გაუპატიურებით რომ სურდათ მამაკაცობის უფლების მოპოვება, თორემ ჩემმა მშობლებმა შენ კარგი ქორწილი გითავაზეს და ხოშიანად გაქეიფეს კიდეც. (წინ გაიხედავს) ძალა უნდა გერჩოდეს. გეგმაში მთელი ცხოვრების შენთან გატარება მაქვს გათვალისწინებული. (პაუზა. სკამიდან თავს გადმოიგდებს. დაეცემა მუხლებზე. ტირის) უნდა გავირყვნა, ედი. სხვა რა გზა მაქვს. ჩემი სინდისი და მოვალეობა ნებას განიჭებს კალიასავით იხტუნაო ამ რძით ნაბან სხეულზე; მხვრიტო და მბურღო, როცა მოგესურვება. (არ ტირის. მუხლებზე ჩოჩვით მიიწევს ედისაკენ) მომკალი, ედი, ვიდრე ბაყაყებთან და გომბეშოებთან ერთად წუმპეში საგორავებელი ჯირკივით გავხდები! პირობა მომეცი, რომ იზამ ამას. (ედის ფეხებთან შეჩერდება) როგორც კი შენიშნავ პირველ ნაოჭს ჩემს ბამბისფერ  სახეზე, ნუ გამეკარები, გულს ნუ აირევ, სიამოვნებას ნუ გაიმწარებ, მხოლოდ დანა დამკარი აქ, ამ მკერდზე და სისხლში გამსვარე... გამთხაპნე... სიბერეს კი ნუ, ნუ იხილავ ჩემსას! (პაუზა. მუხლებზე მდგარი დარბაზისკენ შებრუნდება; წინ იყურება) ვიცი, მიმატოვებ. ჩემთვის აუტანელი იქნება იმის წარმოდგენა, რომ შენი დუნდულების რიტმული მოძრაობით ვიღაც სხვას, ჩემზე ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გაუცვეთელ ბოზუკას ააბურთავებ. შენ ჩემი ჩოგანი უნდა იყო, ედი! მე გაძლევ პირობას, შენი ბურთი ვიქნები! ჰო, იყოს ასე: ყველაფერს გავაკეთებ, რაც მოგინდება. (პაუზა) კამა-სუტრას სულ ზეპირად ვისწავლი. (ფეხზე წამოდგება) ოღონდ ახლა ნუ მომთხოვ, სექტანტიც გავხდე. შენ მე ჭეშმარიტი ქრისტიანი მგონიხარ და ასეც რომ არ იყოს, რწმენას, უნდა გითხრა, ვერ შევიცვლი. (პაუზა) ჩემი რწმენა შენ ხარ, ედი! (ედი წამოდგება ლოგინიდან; გადაიცვამს საშინაო ხალათს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე იატაკზე ეგდო) ნუ დამტანჯავ, პირობა მომეცი-მეთქი! გამიხანგრძლივე ნეტარება... უსასრულო გახადე იგი... დღეების, თვეების, რიცხვებისა და უქმეების მიხედვით ნუ დაყოფ მას!

 

ედი.  ვაა, შენ რა შარიანი ყოფილხარ! (გადის)

 

მერი.  (პაუზა. მას შემდეგ, რაც მარტო დარჩება: დაჯდება სარკის წინ; თმას ივარცხნის; ლაპარაკობს თავისთვის, ხმამაღლა) შარიანი არ ვიცი მე! (პაუზა) გამიფრთხილდი, ედი! ნუკი იჯლოყინებ!  ნუ დამჯიჯგნი. ნუ დამკბეჩ. სითხეებსაც გაუფრთხილდი! გამაგრდი! (თმის ვარცხნას თავს ანებებს; აღელვებული წინ გაიხედავს) იფხიზლე! დრო უნდა გავჭიმოთ. აქეთ-იქით. სივრცე უნდა გავბეროთ.  ჰაერი უნდა მოვიმარაგოთ. მათ შორის პროდუქტებიც. ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. ტექნიკური დანადგარები. საყოფაცხოვრებო ნივთები... სკაფანდრებიც, ედი! კომპიუტერები, პამპერსები, მობილურები, შამპუნები, საპნები, კბილის პასტები, ერთჯერადი სამართებლები, შპრიცები, ჯაგრისები, სარეცხი ფხვნილები... (პაუზა) პრეზერვატივები, ედი! ყველაფერი... ყველაფერი... ვინ იცის, რა მოხდება... ღამის ქოთნები, ედი! (პაუზა) საბუთები არ დაივიწყო... ვალუტა... ათასგვარი საშვები; პასპორტები; ვიზები... დაბადების მოწმობა... ქორწინების მოწმობა... (პაუზა) გაიღიმე, ედი! გაიღიმე-მეთქი. ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ. ბედნიერები უნდა ვჩანდეთ! (პაუზა. იღიმება) არჩევანის უფლება ჩვენზეა, ედი! როცა მუცელი გაგვებერება, მოკლედ, მაშინ ვნახავთ ვისკენაც მივმართავთ უკანალს. ყველას... ყველას ვაჭმევთ ფაფას, ედი!

 

        (პაუზა. დუმილი. მერი სარკეში ჩაიხედავს; კვლავ თმას ივარცხნის. შემოდის ედი. მას შამპანურის ბოთლი და ორი ბოკალი შემოაქვს)

 

ედი.  რომელ ავტომანქანას არჩევდი?

 

მერი. რას მეკითხები?

 

ედი.  BMW თუ მერსედესი-მეთქი? რომელ ამათგანს არჩევდი?

 

        (პაუზა. ედი ერთ ბოკალს ცოლს გაუწვდის, შემდეგ ორივე ბოკალს შამპანურით შეავსებს)

 

მერი.  BMW-ს!

 

ედი.   რატომ მაინცდამაინც BMW-ს?

 

        (პაუზა. ბოკალებს მიუჭახუნებენ ერთმანეთს; მოსვამენ შამპანურს)

 

მერი.  ვამუღამებ და იმიტომ.

 

ედი.    აბა, ერთი დაამუღამე!

 

მერი.  B-ოზი  M-ინდა  W-იყო!

 

ედი.   კარგი, ნუ გაახურე.

 

მერი.  (მოსვამს შამპანურს) მერე რა მოხდა თუ გავახურე?

 

ედი. (მოსვამს შამპანურს, მრავალმნიშვნელოვნად გახედავს ლოგინს) ვენტილაციის გარეშე?

 

           (პაუზა. უყურებენ ერთმანეთს)

 

მერი. არა, არა, ედი! ოღონდ ეგ არა. დამიჯერე, ჩვენ ვჩქარობთ, ძვირფასო. (პაუზა) შენ, უნდა გითხრა, სულსწრაფი ხარ, ედი. (პაუზა) რა მოგივიდა, ბიჭო, ტრასაზე ხომ არა ვართ? (პაუზა. სკამიდან თავს გადმოიგდებს. დაეცემა მუხლებზე. ბოკალს იატაკზე დადგამს. ფეხებში ჩაუვარდება ქმარს. ტირის) რა მოუსვენარი ხარ, პირდაპირ არ ვიცი, რა ვთქვა, რა გითხრა? როგორ მოვიქცე... რომელი რელიგიური ან ფილოსოფიური გაგება გამოვიყენო შენთან ურთიერთობის დროს, ვერ გამიკვევია... (პაუზა. არ ტირის. გაოგნებული თვალებში ჩახდავს ედის)  ხომ არ მეკაიფები, ბიჭო? რომელ გაგებას აწვები: ძველს თუ ახალს? კაცურად მითხარი... (პაუზა. აუწევს ხმას) ნეკა თითზე ბეჭედს ხომ არ ატარებ? ბრიოლინით თმას ხომ არ ისლიპავ? ჟარგონებზე ხომ არ ყბედობ, ედიიი!  რამდენი წელი იჯექი, ბიჭო? არაფერი დამიმალო, თორემ, ამ ჩემს ძუძუებს გეფიცები, სახეს აგახევ! (პაუზა) ერთხელ კინოში დამპატიჟე, ედი... მზით განათებული ლურჯი ცა ვნახოთ, თეატრში მაინც წავიდეთ... მაკდონალდსში... მარკო-პოლოში... (ჩოჩავს მუხლებზე. გაღიმებული ედი დაჯდება სკამზე და ცოლს მიაჩერდება.) პროსპექტზე გავიდეთ, გავისეირნოთ, ერთმანეთს ხელები გადავხვიოთ, ვიცინოთ, ვიპრიკოლოთ... გავები ციმციმ გავაქნიოთ... ვიბლატაოთ, რა! ვიმარიაჟოთ. პიჟონები ვცემოთ. ჩვენი დედები ვაგინოთ. საქმეები გავარჩიოთ. ხალხი დავაყაჩაღოთ. წამალი გავიჩხიროთ. მობილურზე ერთმანეთს დავურეკოთ და ერთმანეთის ხმაზე გავათაოთ... (ერთ ადგილზე გაჩერდება. წინ იყურება. ყვირის) არა, არ მინდა იატაკის ჩვარივით უვარგისი და გადასაგდები გავხდე! არ მომეკარო, ედი! ატმის ყვავილივით ფაქიზ კანს ნუ დამიკუჭავ! არ შემეხო, არ გამომწურო! (პაუზა) გინდა, ედი, ერთმანეთს სიზმრები მოვუყვეთ? შენ მითხარი, როგორ სიზმრებს ხედავ და აი მე კი გეტყვი, რა გელის შენ. (მიუჩოჩდება ქმარს, მუხლებზე ხელებს შემოხვევს) ანდერსენის ზღაპრები მომიყევი, ედი! მამაჩემი მიყვებოდა, შენც მომიყევი, ბიჭო. ასე, უბრალოდ ადექი და მიდი, ეგრევე მომიყევი...

 

          (პაუზა. უყურებენ ერთმანეთს. ედი შამპანურს მოსვამს, მერე ბოთლსა და ბოკალს იატაკზე დადგამს)

 

ედი.   იქნებ ყველაფერ ამას აჯობებდა, ტელევიზორისთვის გვეყურებინა?

 

მერი. ბრავო, ედი! ოო, რა ცინცხალ ინფორმაციებს მივიღებთ. რას არ გავიგებთ! არაფერი გამოგვეპარება: ვინ, ვის, სად, რა, როგორ, რატომ, როდის... ყველაფერს შევიტყობთ. (ფეხზე წამოდგება და ქმარს მხარზე დაჰკრავს ხელს) აი, კაცი... ჯიგარი ხარ, ედი! (წინ გაიხედავს) ახლა მისმინე, რასაც გეტყვი: შეგვიძლია თავიც არ შევიწუხოთ, არაფერზე ვიდარდოთ... მშვიდად ვისხდეთ ამ ჩვენს საჟიმაო ოთახში და ტელევიზორს გაფაციცებით ვადევნოთ თვალყური. ეს ჯადოსნური ყუთი, უნდა გითხრა, სიფხიზლეს შეგვინარჩუნებს: აპოკალიფსი არ გამოგვეპარება! ჩვენ ხომ მომავლის ადამიანები ვართ, ედი. (ყვირის) ვაი მას, ვისაც ტელევიზორი არ ექნება, „ვინიდან არ ვიცით არც დღე, არს საათი, როდის მოვა კაცის ძე.“

 

ედი.   სულ ნუ გადაირევი, გო!

 

მერი. არ მოგწონვარ? გაშინებ, არა? (პაუზა) თავი უნდა გამართვა, ედი!

 

ედი.   საერთოდ, თუ იცი, რა გინდა?

 

         (პაუზა. უყურებენ ერთმანეთს)

 

მერი. (გადაწყვეტით)  BMW!

 

ედი.   დაამუღამე და იმიტომ?

 

მერი. პრინციპში, ჰო.

 

ედი.   (სკამიდან წამოდგება. გადაწყვეტით) ხვალ გაკატავებ.

 

          (პაუზა)

 

მერი.  მართლა?

 

         (პაუზა. ედი თანხმობის ნიშნად თავს დაუქნევს ცოლს. აღფრთოვანებული მერი სწრაფად მიუახლოვდება ქმარს და კისერზე დაეკიდება)

 

         საჭის მართვასაც მასწავლი? კევსაც მიყიდი? შოკოლადის ნაყინითაც გამიმასპინძლდები? თმასაც დამახვევინებ? არ მაბურთავებ? ნაზად მომექცევი? არ დამაჩმორებ? მკერდს არ დამიბურჯგნი? არ შემისრუტავ? დროსაც გაჭიმავ? სივრცეს გაბერავ? აქეთ-იქით... ჰაერსაც მოიმარაგებ? დედას არ შემაგინებ? ჩემს ნათესავებსაც არ აგინებ? არ დამაბერებ? (ყვირის) და თუ დამაბერებ, ხომ მომკლავ, დანით ხომ დამკლავ! სისხლით გათხვრილს, სიკვდილის წინ შენს დუნდულებს ხომ მაჩვენებ? მე დაგაპანღურებ, ედიიი!!! მომეცი ამის უფლება, სიკვდილის წინ მაინც.  რამდენჯერაც შევძლებ იმდენ პანღურს ამოგკრავ; მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვიზამ ამას. ო, როგორ ვიხარხარებ: შენი მოკუნტული მხრები და ჩამოგრძელებული სიფათი გამაცინებს, ედი. სასაცილო იქნები შიშველი სხეულით, მხოლოდ წინდების ამარა. აბა, რა იქნები, ტო. (ედი ხელში აიყვანს მერის) მერე მზისკენ გავიშვერ ხელებს და უშველებელ ფურთხს ვისვრი შენკენ. ჰეი, თუ კაცი ხარ, გაუძელი და გული არ აირიო. 

 

         (ედი ხელზე აცეკვებს მერის და ატრიალებს)

 

ედი.  (ყვირის) გაკატავებ, მერი... ხვალ გაკატავებ... დედას გეფიცები, BMW-თი გაკატავებ!

 

მერი. (ყვირის) სამოგზაუროდაც წამიყვან?

 

ედი.   (ყვირის) სადაც გინდა... რომელ მხარეშიც...

 

მერი. (ყვირის) ბომბეიში... ბეირუთში... ბანგლადეშში... არქიპელაგში...

 

ორივე  ერთად .  (ყვირიან)  აგერ მუსუსი. კოკომ-კუკუსი. გამძვრა ბუსუსი. კაიფ უნუსი. იმას კოკოსი, ვისაც კუკუსი. გაქრა ბურუსი. კოკომ-კუკუსი. კოკომ-კუკუსი. კოკომ-კუკუსი. კოკომ-კუკუსი.

 

           (ედი ლოგინზე მოისვრის მერის. ქრება სინათლე. ედი სიბნელეში უჩინარდება. ირთვება პროჟექტორი, რომელიც ლოგინზე წამომჯდარ მერის გაანათებს მხოლოდ. ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს)

 

მერი.  (წინ იყურება. ხმამაღლაოჰ, ედი, აქ იყავი... აქ... ჩემთან... შენი ბანჯგვლიანი სხეულის სურნელით შეავსე ჩემი მარტოობა... მოდი, გამაწვინე და მე მიგიღებ, როგორც ქმარს. ღირსეულ ცოლობას გაგიწევ... შენი მონა ვიქნები: ნაირგვარ კერძებს დაგიმზადებ, გაჭმევ, ყოველნაირად მოგივლი... ბავშვობიდან ეს სურვილი მქონდა: ვყოფილიყავი ოჯახის დედა. ნუ წამართმევ ამ ბედნიერებას, ედი! ნუ ჩამიშხამებ ქალურ სიხარულს! ბოლომდე ჩემთან იყავი. ნუ მიმტყუნებ. ჭირებისა და უბედურებებისგან დამიცავი. დამიფარე, გესმის? მიპატრონე და დამიფარე, ედიიი! შემინარჩუნე ყველაფერით... უკლებლივ... ნუ, ნუ ამაჩხავლებ! წარღვნის ჟამს მაღლა ამწიე, სულ, სულ მაღლა... დამპალ წყალში გაგუდვას იქნებ გადავურჩე, ედი! მოდი აქ, ვიკოტრიალოთ ამ ჩემი წმინდა სისხლით გაჟღენთილ ქვეშაგებზე. მასწავლე, რაც გინდა და თუკი გიღალატებ, ბაყაყებთან და გომბეშოებთან ერთად წუმპეში საგორავებელ ჯირკად ნუ მაქცევ-მეთქი!  ნუ მომისვრი გარეთ... ხელს ნუ შემაწმენდ! დედა გამხადე, ედი, გესმის? შენი შვილის დედა ვიქნები, დედა და არა რიგითი კახპა ვინმე!  (პაუზა) ფრთხილად, ედი! ვირუსებს უფრთხილდი! საძაგელ დაავადებებს ნუ აიკიდებ! შენ ჯანსაღი ხარ და არა შიდსიანი. თავს მიხედე. მე მომხედე. ერთმანეთს მივხედოთ. უცხოპლანეტელებს ფაფა ვაჭამოთ, ბიჭო! ერთმანეთს ვუერთგულოთ და ერთმანეთი დავამშვენოთ... ერთად ყოველგვარ გასაჭირს გავუძლებთ, ედიიი! სმას ნუ გადაყვები ოღონდ! ნუ გალოთდები!

 

         (პაუზა. ინთება სინათლე. საცვლის ამარა ედი იქვე დგას და ლოგინში ჩასაწოლად ემზადება. მერი დაწვება პირაღმა. ქმარი გვერდით მიუწვება ცოლს. წვანან გაუნძრევლად. ჭერს მიშტერებიან. გრძელი პაუზა. უცებ ლოგინზე წამოჯდება მერი. წინ იყურება. პაუზა. უცებ ლოგინზე წამოჯდება ედი. წინ იყურება. პაუზა. ორივე ერთად იყურება წინ. გრძელი პაუზა)

 

         გაიღიმე, ედი! გაიღიმე-მეთქი! ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ! ბედნიერები უნდა ვჩანდეთ!

 

        (პაუზა. ედი და მერი კბილებით იღიმებიან. გრძელი პაუზა. ქრება სინათლე. სიბნელე. სიჩუმე.)

 

 

 

                                                        სცენა  II

 

 

          დღე. იგივე საძინებელი ოთახი. ედი და მერი სასეირნოდ წასასვლელად ემზადებიან. მერი დგას სარკის წინ და თვალებს იღებავს. ედი აქეთ-იქით დადის, თან იცვამს.

 

მერი.  გაფრთხილებ, ედი! გაფრთხილებ-მეთქი... აქედანვე... (წინ გაიხედავს) დისტანციური სიგნალიზაციის დაყენება. ძრავისა და კარბურატორის შეკეთება. მოტორის, ამორტიზატორის, აკუმულატორის შემოწმება. ზეთის, ფილტრისა და დისკის შეძენა. საბურავების დათვალიერება. კემპით შედუღება. პალირება. ვულკანიზაცია. ბალანსირება და ა. შ. და ა. შ.  ყველაფერ ამას მერე მოუვლი, მერე მიხედავ! ახლა კი ესენი დაივიწყე! (პაუზა) სულაც არ ვაპირებ ავტომანქანის სალონში ბუსავით ჯდომას და შენს მოლოდინში  FM  დიაპაზონის სხვადასხვა მეგაჰერც სიხშირის ტალღებზე თვალების ჭუტვას. (პაუზა. შემოკრავს ტაშს) ასე, ედი! მე აქეთ და იქით დაჭიმულ დროში და გაბერილ სივრცეში დღეს ჰაერის მომარაგება მინდა და არა ბუდეში კვერცხებზე შემომჯდარი კრუხივით გასუსვა!

 

ედი.   არც ხაში, სოსისი, ქაბაბი? ვაა, ლუდზეც უარს იტყვი?

 

მერი.   არც ერთი ამათგანი!

 

ედი.    არც პოლიტიკურ აქციაზე წავიდეთ? (გადის)

 

მერი.  (ჩაიხედავს სარკეში, წაისვამს პომადას)  ციმციმ შევიაროთ... მერე კი... (უცებ ქრება სინათლე. სიბნელეში იელვებს: გაისმის ძლიერი აფეთქების ხმა)

 

ედი.    (ყვირის)  მერი... მეეერიიი... სადა ხარ... რა დაგემართა?... ცოცხალი ხარ, მერიიი?...

 

          (ინთება სინათლე. ირგვლივ დგას ბოლი. ოთახში რეპორტიორები ირევიან; ტელეჟურნალისტი ქალი და მისი ოპერატორი კაცი ვიდეოკამერით ყველაფერს ფირზე იღებენ: ლოგინი თავდაყირა დევს. ნივთები ძირს ყრია. იატაკზე თმაგაწეწილი, კაბაშემოხეული და სახეგასისხლიანებული მერის გვამი გდია. მუხლმოყრილი ედი თავდახრილია ცოლის გვამზე და სასოწარკვეთილი მოთქვამს)

 

           ვინმემ, მოგვხედეთ... ვინმემ, დაგვეხმარეთ...

 

          (რეპორტიორები შეუჩერებლივ აჩხაკუნებენ ფოტოაპარატებს)

 

ტელეჟურნალისტი  ქალი.  (ხელში მიკროფონი უჭირავს)  ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენს ქალაქში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ახლა თქვენ კადრში ხედავთ დაზარალებულ ქმარს, რომელიც დაღუპულ ცოლს დასტირის. კარგად დააფიქსირეთ ეს ფაქტი!

 

ედი.  „წადით აქედან, რადგან ჩემი ცოლი არ მომკვდარა, არამედ სძინავს“.

 

          (უცებ გონს მოდის მერი, წამოიმართება და პოზირებას დაიწყებს)

 

მერი.  გაიღიმე, ედი! გაიღიმე-მეთქი! ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ! ბედნიერები უნდა ვჩანდეთ!

 

ტელეჟურნალისტი ქალი. რას გრძნობთ ახლა? რას იტყვით, რა არის ბედნიერება, სიყვარული?

 

          (მუხლმოყრილი ედი და თმაგაწეწილი მერი კბილებით იღიმებიან)

 

მერი.  იცით, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ! საოცარია, ყველაფრის შემდეგ ხომ ხედავთ, ისევ ცოცხალი ვარ! „გიყვარდეთ ერთმანეთი.“

 

ედი.  აბა, ვის არ უყვარს ცოცხალი ცოლი? „მე ვთქვი.“ (მიმართავს ცოლს) „რაც გნებავს, მთხოვე და მოგცემ.“

 

მერი.    „მსურს ახლავე სინით მომართვა...“

 

ედი.      მესმის, ახლავე! „მოდი, გეძახის!“

 

           (ამ სენსაციურ აურზაურში საიდანღაც ფერიასავით გამოდი ლურჯკაბიანი ტოპ-მოდელი, რომელსაც სინით მაღალი ჭიქა უჭირავს. ამ ჭიქაში კი სულ სისხლისფერი კოქტეილი ასხია.  რეპორტიორები, ტელეჟურნალისტი ქალი და მისი ოპერატორი კაცი აღფრთოვანებას ვერ მალავენ, როდესაც ლურჯკაბიანი ტოპ-მოდელი ჰაეროვანი ცეკვა-ცეკვით მერის მიუახლოვდება, ნაზად დაიხრება მასზე და ჭიქას მიაწოდებს)

 

ტელეჟურნალისტი ქალი.  „ვინ არის ეს?“ „რა არის შენი სახელი?“ მშვენიერია! პირდაპირ რეკლამასავითაა, რა! „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“ ფანტასტიურია, საშინლად ფანტასტიური! (მიმართავს თავის ოპერატორს, თითქმის ხმამაღლა კვნესის) გადაიღე! არაფერი გამოგრჩეს! ეს ჭეშმარიტად საუკუნის კადრია! არ გაჩრდე! იმოძრავე! ამოძრავე! მიდი! მალე... მალე... მალე... ააააა...

 

           (ედი ფეხზე წამოდგება, ხელს გაუწვდის მერის და მასაც ფეხზე წამოაყენებს. მერი კი, რადგან მარჯვენა ხელით ჭიქა უჭირავს, ამიტომაც მარცხენა ხელს გრაციოზულად ამართავს ზევით და მხოლოდ ამის შემდეგ გაუსინჯავს გემოს კოქტეილს)

 

ტოპმოდელი. (ხმამაღლა) დალიეთ კოქტეილი „სისხლიანი მერი“!

 

ტელეჟურნალისტი ქალისერტიფიცირებული და აქციზირებული?

 

მერი.  „ნუთუ ჩვენ ბრმები ვართ?“

 

ედი.    „ნუ გძინავთ! კმარა!“

 

ტოპმოდელი.  „ვინ შემეხო?“

 

ედი  და  მერი.    „ჩვენ ვართ, ნუ გეშინია.“

 

ტოპმოდელი.  „ნუ მტანჯავთ.“

 

ტელეჟურნალისტი ქალი.  „გამომიწოდე შენი ხელები!“

 

ტოპმოდელი.  „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“

 

ედი და მერი.     „არც გახსოვს?“

 

ტოპმოდელი.  „როგორ ვერ მიხვდით?“

 

ედი და მერი.     „ჩვენ რა? შენ იცი.“

 

ტელეჟურნალისტი ქალი.   „ხედავთ რამეს?“

 

სამივე ერთად.   „ვხედავთ ადამიანებს, როგორც ირგვლივ მოარულ ხეებს.“

 

ტოპმოდელი.    (დაეცემა მუხლებზე. ყვირის) „როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ?“

 

ტელეჟურნალისტი ქალი.  „რა ჩაიდინა?“

 

ედი.         „იდექ და ნუ გეშინია.“

 

მერი.       „გავუშვათ იგი ჩვენ რომ მოგვყვირის.“

 

ედი.         „ადექ და გამოდი შუაში!“

 

          (უცებ ქრება სინათლე. ყველანი სიბნელეში გაუჩინარდებიან. აბსოლუტურ სიჩუმეში ერთი პროჟექტორი გაანათებს მხოლოდ ლურჯკაბიან ტოპ-მოდელს.  იგი ფეხზე წამოდგება, კაბას გაისწორებს და მაღალი ქუსლების კაკუნით ძალიან სექსუალურად გამოემართება ავანსცენისკენ, სადაც გაჩერდება, მაგრამ დიდხანს იპოზიორებს მაყურებელთა თვალწის, ვიდრე თავისთვის სასურველ პოზას შეარჩევს და აი, რას იტყვის მერე და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ხმითაც იტყვის:)

 

ტოპმოდელი.   საუკუნის სიახლე! სენსაციური გაფრენა! კოსმოსური ხომალდი „კოკომ-კუკუსი“ გთავაზობთ მოგზაურობას ნებისმიერ პლანეტაზე. ბილეთების დაჯავშნა შეგიძლიათ წინასწარ კოსმოდრომის სალაროებში. ბარგის გადატანა ძვირად დაგიჯდებათ, ვინაიდან უმჯობესია, „ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად;  ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წამოსაღებად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს ამ დღეებში!” ასე რომ... დროა უკვე... გარწმუნებთ, არ ინანებთ! იჩქარეთ, რომ “არ მოგიხდეთ მგზავრობა ზამთარში ან შაბათ დღეს.“ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია!

 

              (და კიდევ:)

 

          „სატელიტური-საკაბელო ტელევიზია ყველა თქვენგანის ოჯახში!“

 

           (პაუზა. ტოპ-მოდელი უცნაურად იღიმება. ქრება პროჟექტორი. სიბნელე. სიჩუმე)

 

 

 

               

                                                  სცენა  III

 

 

 

      იგივე საძინებელი ოთახი (თუ რომელიმე პლანეტა?). ყველაფერი რიგზეა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს, ოღონდ ეს არის: სკაფანდრებში გამოწყობილი ედი და მერი, სრულიად ბედნიერები, ტანგოს ცეკვავენ. ზემოდან კი, პირდაპირ მათ თავზე, მათსავე ოთახში (თუ რომელიმე პლანეტაზე?) აი სულ სულ სისხლისფერი ფიფქები ცვივა.

 

                     

 

                                                (ფარდა)

 

 

                                                                                                                  თბილისი

                                                                                                                   2000 წ.

 

 

პიესა კრიტიკის დადებითი შეფასებით (რეცენზიის ავტ.  გია სიამაშვილი) გამოქვეყნდა 2000 წელს გაზეთში „ალტერნატივა“ (კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ გამომცემლობა).

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული