• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ტომეკი

×
ავტორის გვერდი ანა ჭეიშვილი 16 იანვარი, 2014 1891

                                                                    ტომეკი

 

    ტელეფონმა რომ დარეკა, ოთახში მხოლოდ მე და ტომეკი ვიყავით, დანამდვილებით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. დამამახსოვრდა, რადგან ძალიან შეგვეშინდა. იმიტომ არა რომ ამ ტელეფონით რაიმე უსიამოვნოს გაგებას ველოდით. უბრალოდ ოთახში, რომელშიც 5 წუთზე მეტი ჯერ არც კი გაგვეტარებინა, საერთოდ არ ვიცოდით ამ ტელეფონის არსებობის შესახებ. ტელეფონისთვის დამატებითი თანხა იყო გადასახდელი. თანხა, რომელიც მე და ტომეკს არ გვქონდა. მოკლედ, როცა მივემგზავრებოდი, ვიცოდი, რომ უტელეფონო ოთახში ვიცხოვრებდი. ალბათ ტომეკმაც ასე იცოდა. არასოდეს არ გვილაპარაკია ამაზე, მაგრამ ალბათ იცოდა, იმიტომ რომ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ შეეშინდა. ეს მაინც შემიძლია.

დიდხანს არ ვპასუხობდით. არადა, კაცმა რომ თქვას, რა იყო ასეთი საშიში. ბოლოს ისევ მე გავბედე. ვიღაც ქალი აღელვებული ხმით ტომეკს კითხულობდა. ყურმილი მივეცი. რა თქმა უნდა, აღმოჩნდა, რომ სხვა ტომეკს ეძებდნენ. ტომეკმა მისთვის დამახასიათებელი ზრდილობიანობით აუხსნა, რომ ის ტომეკი, ტომეკი, რომელიც მათ სჭირდებათ, აქ ნამდვილად არ ცხოვრობს, რომ ჩვენ ეს წუთია შემოვედით და რომ ის სხვა, ახალი, მათთვის სრულიად უსარგებლო ტომეკია. მე კიდევ ვიჯექი და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი. ტელეფონის ძველი ყურმილიდან დახშულად და გაუგებრად იმ ქალის ხმა, უფრო სწორად, წყვეტილი ინტონაციები ჩემამდე აღწევდა. მგონი, უკვე მაშინ არ მესიამოვნა ვიღაც დაკარგული ტომეკის ამბავი.

ტომეკმა რომ ყურმილი დადო, ცოტა მომეშვა, მაგრამ ზუსტად წუთნახევარში, ხო, დათვლილი მაქვს, ზუსტად წუთნახევარში, ისევ დარეკეს. ამჯერად, ყურმილის აღება ვიჩქარე. ახლა ვხვდები, ალბათ მინდოდა იმ ნერვიული ხმისგან ნამდვილი, „აქ და ახლა“ არსებული ტომეკი დამეცვა. ის კაცი, ის ხმა ყურმილიდან, ზრდილობიანი იყო, მაგრამ ჩქარობდა. მკითხა, ხომ არ ვიცოდით, ვინმემ ამ ოთახში, სად ცხოვრობს  ახლა ტომეკი. მგონი, ცოტა უხეშად ვუპასუხე, რომ არ ვიცი. არადა, მე არავის არასოდეს ვეუხეშები. მე კი არა, მე და ტომეკი. არასოდეს არავის ვეუხეშებოდით.

ყურმილი რომ დავდე, მაცივარი შევნიშნე. უცნაურია, რომ მხოლოდ მაშინ შევნიშნე, ოთახში შემოსვლიდან ალბათ ხუთ წუთზე ოდნავ მეტის შემდეგ: დიდი, ადრე სავარაუდოდ თეთრი, ახლა მონაცრისფრო-კრემისფერი, სრულიად არაპროგნოზირებადად ხმაურიანი და რაც მთავარია, მარკერით მიწერილი სტუდენტების სახელებით გადაჭრელებული. და სადღაც იმ შორეული სტუდენტების ფერად გროვაში ამოვიკითხე გაკრული ხელით დაწერილი „ტომეკი“. გვერდით „სმაილი“ იყო მიხატული, ასო „ო“-ს კი დიდი, მყვირალა გული ანაცვლებდა. ისე უღრუბლოდ ეწერა, არც კი დავიჯერე, რომ შეიძლება, აი ასეთი ტომეკები, უდარდელები, სტაფილოსფრად დაწერილები,  როდისმე იკარგებოდნენ.

ამ ყველაფრის გაფიქრება იყო და ტელეფონმა მესამედ დარეკა. და იმ ქალმა, ისევ იმ ქალმა (ოღონდ ახლა მისი ხმა ძალიან ახლოს ისმოდა) სწრაფად და ნერვიულად მთხოვა, ჩავსულიყავი მისაღებში და მეკითხა, ხომ არ დაუტოვებია ტომეკს მისამართი, იმიტომ, რომ იქ რაღაც ნივთები იყო, - ასე ამბობდა ის ქალი, - რაღაც რთულად გადასატანი ნივთები, რომ უეჭველად დატოვებდა მისამართს, რომელზეც ამ ნივთებს მოგვიანებით გადმოაგზავნიდნენ. რომ თუ ტომეკი აქტულუარ სიაში არ არის, მაშინ მისი პოვნა უთუოდ შეიძლება სიების არქივში და თუ არც სიების არქივშია,  ხომ არ დაუტოვებია ტომეკს ტელეფონის აპარატის ქვეშ რაიმე ბარათი ან წერილი ან აბაზანაში სარკესთან ხომ არ დევს... აქ მივხვდი, რომ მეტის მოსმენა აღარ შემეძლო. და ჩვენთვის უჩვეულო უხეშობით  ავუხსენი, რომ არ ვიცი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, სად გაქრა მათი ტომეკი, რომ ამ ქალაქში იმდენი ტომეკია, იმ ერთის მოძებნა ძალიან გაუჭირდებათ, რომ პირადად მე ტომეკის ვერანაირ კვალს ვერ მივაგნებ, გარდა იმ სტაფილოსფერი სახელისა მაცივარზე. და საერთოდაც, თუ ადამიანი დაიკარგა, ე.ი. უნდოდა, რომ ვიღაცას დაკარგვოდა.  ყურმილი დავდე, ტელეფონი მოვხსენი. ჩვენ ხომ არ გადაგვიხდია დამატებითი საფასური ტელეფონისთვის, საერთოდ რა უფლება გვქონდა, ტელეფონით გვესარგებლა.

                                                                             ***

და შემდეგი წელიწადნახევარი, ბეჯითად ვცდილობდი, დამევიწყებინა ის ზარი, საერთოდ ის ტელეფონი და აქ ჩვენამდე მცხოვრები ვიღაც ტომეკი. და რაც არ უნდა უცნაური იყოს, არაფრით დამავიწყდა. არადა, ძირითადად მიწევს, დამახსოვრება ვცადო და არა დავიწყება. დავიწყება ძალიან ადვილად გამომდის. საგამოცდო მასალა, დედაქალაქები, მისამართები, ასეთი რამეები მშვენივრად მახსოვს. ის მავიწყდება, რაც უშუალოდ მე მეხება, მაგალითად სკოლის არდადეგები, ურთიერთობები, ადამიანები. ანუ ის, რასაც უმეტესად იმისთვის იყენებენ, რომ ახალ მეგობრებს გაუზიარონ. მე კიდევ, სულ რომ არაფერი დამვიწყდებოდა და ბევრი მეგობრებიც მყოლოდა, ალბათ მაინც არაფერს მოვყვებოდი. ამიტომ ჩემს გულმავიწყობას დიდად არასდროს განვიცდიდი.

ოთახში რომ შევედი, უკვე ვიცოდი, რომ იქ მესამე იქნებოდა. მე, ტომეკი და ვიღაც მესამე. ვიცოდი, იქამდე, სანამ გავიგებდი, რომ ტომეკი ტომეკია, სანამ ერთმანეთს სახელებს ვკითხავდით. და მე უკვე მაშინ ვხვდებოდი, რომ ტომეკს ეს ზუსტად ისე არ უნდოდა, როგორც მე. არადა, ის მესამე არსებობდა, პირველივე წამიდან არსებობდა. იმიტომ, რომ საწოლი სულ იდგა, მისი საწოლი, მესამე საწოლი, სადღაც კუთხეში. ჩემი და ტომეკის საწოლებისგან შორს. (ჩვენს სტუდენტურ საცხოვრელებში, ოთახში დამატებით სულ რომ დივანი ან გასაშლელი სავარძელი მდგარიყო, იქაც კი ვინმეს შემოასახლებდნენ. ჩვენს სტუდენტურ საცხოვრებელში ადმინისტრაციას ძალიან არ უყვარდა ადგილის ტყუილად გაცდენა. )

და მე უკვე მაშინ მიხვვდი, რომ ტომეკი არ დამავიწყდება. მესამე კიდევ პირიქით. ვინც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა მომწონებოდა. ყველაფერი, რაც ჩემს და  მესამეს შორის  იქნებოდა, მგონი, რაღაცნაირად წინასწარაც კი დამავიწყდა. მაშინ, იმ მომენტში, როდესაც იმ საწოლს ვუყურებდი, საწოლს, რომლის არსებობა ამ ოთახში სრულიად ფარავდა მის პოტენციურ პატრონს.  მაგრამ მესამე იყო. და ახლაც კი, როცა ყველაფერი დამავიწყდა, მახსოვს, რომ ის იქ არსებობდა. ალბათ ტომეკსაც ახსოვს.

მესამე ზუსტად 10 წუთში ჩამოვიდა. და ამის მერე სამნი ვცხოვრობდით: მე, ტომეკი და მესამე. ისე მესამე კი არა, ზოგჯერ ტომეკიც კი მავიწყდება. ადრე ნაკვთები მახსოვდა, ახლა კიდევ მთლიანი ხატი მახსოვს. ლურჯი ფანქრით, ბავშვური ხელით დახატული არსებობს ჩემს მეხსიერებაში. და დიდ ნაბიჯებს, უსაშველოდ დიდ ნაბიჯებს ადგამს.  ლაპარაკის დროს ყოველთვის მოსაუბრის მხარეს იხედება და თავს იქნევს მის ყველა სიტყვაზე, ალბათ იმის გამოსახატავად, რომ ჩართულია.

ძალიან ცუდია, რომ ტომეკი მავიწყდება. იმიტომ რომ აი მესამე და ქალაქი და უნივერსიტეტი და ჯგუფელები. წყალსაც წაუღია. ტომეკი კიდევ ჩემია, ტომეკს ვერაფერს გავატან.

არ ვიცი, ის ტელეფონის ზარი რატომ არ დამავიწყდა აქამდე, იმ წუთში რომ არ დამავიწყდა, ეგ მიკვირს. ალბათ მნიშვნელოვანი იყო. ერთხელ რაღაც სამეცნიერო ჟურნალში ამოვიკითხე, რომ მეხსიერებას თავისი ფილტრი აქვს, ემოციურად უმნიშვნელოს არ ინახავს. ალბათ ჩემს მეხსიერებას, ძალიან დიდი ფილტრი აქვს. ან ფილტრი წესრიგშია და უბრალოდ ყველაფერი უმნიშვნელოა. არ ვიცი. შეიძლება მაცივარზე რომ ეწერა ტომეკი და რამდენიც რძის ან წვენის გამოსაღებად მივიდოდი, თვალში მხვდებოდა და ხასიათს მიფუჭებდა, იმიტომ არ დამავიწყდა.

ის მაცივარი კიდევ მთელი ღამე საშინელ ხმას უშვებდა. ოღონდ, მე არაფერი არ მქონდა მისი საწინააღმდეგო. ამ გულისგამაწვრილებელი გრუხუნის ალტერნატივა სტუდენტური საცხოვრებლის ჟრიამული იყო. თუმცა, სიტყვა ჟრიამული, მგონი, ამ სტუდენტების ხმაურს არ შეეფერება. „ჟრიამულს“ ხო უფრო ბავშვებზე ამბობენ ხოლმე. მე და ტომეკს არ გვიყვარდა ის სტუდენტები. არასოდეს გვილაპარაკია, მაგრამ ზუსტად ვიცი, ტომეკსაც არ უყვარდა. იმათი ხმაურის ფონზე დაძინებას, ისევ მაცივრის ხმა გვერჩივნა. მაცივარი რომ ჩუმდებოდა და როგორც აღვნიშნე, ძალიან მოულოდნელად ჩუმდებოდა, ტომეკი ღრმად სუნთქვას და საწოლში ტრიალს იწყებდა ხოლმე. ჩვენი საწოლები არც ისე ახლოს იდგა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ ეძინა. არა, ნამდვილად არ ეძინა. არც ერთს არ გვეძინა, მაცივარი თუ არ ხმაურობდა.

შეიძლება  მესამეს ეძინა, მაგრამ რომ ვამბობ, რომ არც ერთს  არ გვეძინა, თავისთავად ჩემ თავს და ტომეკს ვგულისხმობ. იმიტომ რომ მესამე საერთოდ არაფერ შუაშია.

ოღონდ, მე და ტომეკი მესამეს ცუდად არასოდეს მოვქცევივართ. პირიქით, ხაზგასმული ზრდილობიანობით ვექცეოდით, რომ ვერ მიმხვდარიყო, რომ მესამეა. ერთადერთი ტელეფონის დადგმა უნდოდა. მთელ ხარჯების საკუთარ თავზე აღებას გვპირდებოდა. მაგრამ მე და ტომეკმა არაფრით არ დავანებეთ. პრინციპში უფრო მე არ დავანებე, იმიტომ რომ ვიცოდი, როგორც კი ტელეფონს დავდგამდით, ისევ ის ქალი დარეკავდა და მომთხოვდა სადმე ლეიბში ჩაკერებული ან ბალიშის პირში დამალული ნომერი მომეძებნა. ან, იქნებ რაიმე ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე არქივში მივსულიყავი. მე რავიცი, კიდევ რა მოუვიდოდა თავში. მე კიდევ ის სტაფილოსფერი, უდარდელი წარწერაც მყოფნიდა. იმ ხმას მეორედ ნამდვილად ვერ გადავიტანდი.  თუმცა, რავიცი, შეიძლებოდა არც დაერეკა. იქნებ უკვე მიეგნო ტომეკისთვის ან საერთოდ გადაეფიქრა მისი მოძებნა.

მაგრამ იმ ქალს, რომ თავი დავანებოთ: როგორც კი ტელეფონს დავდგამდით, იმ ოთახში მეოთხეები, მეხუთეები და ა.შ. გაჩნდებობდნენ. ჩვენ კიდევ ერთ მესამესაც ძლივს ავუდიოდით.

მოკლედ, სხვა მხრივ, მესამისთვის არასოდეს მიწყენინებია, ეგ ზუსტად ვიცი, თავს დავდებ. სულ ეწეოდა, კიდევ ეს მახსოვს, ეს უფრო ჩემს კანს ახსოვს, იმიტომ რომ გარეთ უწევდა გასვლა დერეფანში. დერეფანი კიდევ არ თბებოდა და რამდენიც კარს გააღებდა, საშინელი სიცივე შემოდიოდა. მერე კიდევ გაყინული, სადღაც ყბებში და თმაში გამჯდარი სიგარეტის სუნი შემოჰქონდა ხოლმე. ასეთი რამეები მახსოვს, სხეულს თუ ძალიან ახლოს შეეხო რამე, მერე შედარებით რთულად მავიწყდება. კიდევ ის მახსოვს, კარებს აჯახუნებდა ხოლმე, არ ვიცი მთელი წელი ტელეფონს აპროტესტებდა, თუ  უბრალოდ ასეთი ჩვევა ჰქონდა... თუმცა, ამას რაღა მნიშვნელობა აქვს.

                                                                   ****

მე და ტომეკს არასოდეს მიგვიწერია იმ მაცივარზე ჩვენი სახელები. არ ვიცი, იმიტომ, რომ ადგილი აღარ იყო, იმიტომ, რომ მარკერები არ გვქონდა, თუ უბრალოდ არ გვინდოდა.

შედარებით კარგად ჩვენი ტურისტობის პერიოდი მახსოვს. მგონი, პირველი 10-14 დღე ადამიანი ყველგან მომაბეზრებელი ტურისტია, ალბათ ამიტომ არ მიყვარს დამწყებები. ან ვის უყვარს. გული სულ არ მიჩუყდება ხოლმე გულწრფელ გაკვირვებაზე, ბავშვებზე, აღფრთოვანებულ მოგზაურებზე. ასეთი ფაზები ჯობია ისე გაიარო, რომ არავინ არ დაგინახოს.

მე მგონი,  მე და ტომეკს აღფრთოვანება არასოდეს არ გვიყვარდა. არასოდეს მიკითხავს, უყვარდა თუ არა, მაგრამ არც არასოდეს მინახავს აღფრთოვანებული. ის ქალაქი კიდევ ისეთი პატარა იყო, (უფრო სწორად, არც ისე პატარა იყო, ქალაქის ის ნაწილი იყო პატარა, რომლის დათვალიერებაც ღირდა და რომელიც ჩვენ „ავითვისეთ“), ერთი ტურისტული ჯგუფი თუ ჩამოდიოდა, უკვე ყველა გალავანთან და შენობასთან იდგნენ: გაღიმებულები, გაშლილი ხელებით ან კიდევ რაიმე სულელურ პოზაში. ერთმანეთს რიგრიგობით უღებდნენ სურათებს. და მე და ტომეკმა ზუსტად ვიცოდით, იმისთვის მეგობრობენ, რომ სურათის გადამღები ჰყოლოდათ. მე და ტომეკს მაშინაც კი გვაღიზიანებდნენ ტურისტები, როდესაც თვითონ ტურისტები ვიყავით და ბუნებრივია როცა ყველაფერს მივეჩვიეთ, მათი არსებობა კიდევ უფრო უსიამოვნო გახდა.

მაგრამ ტომეკი იმათ ჩემსავით მძაფრად არ აღიქვამდა. სულ დიდ ნაბიჯებს ადგამდა და ლაპარაკის დროს ჩემკენ იყურებოდა. ხო ვთქვი უკვე, სულ ასე იყურებოდა ხოლმე მოსაუბრისკენ, შეიძლება ცოტა ზედმეტიც კი მოსდიოდა. (ჩემთვის კი არ იყო ზედმეტი, არა, ჩემთვის არაფერი არ ყოფილა ზედმეტი.) მე კიდევ ყველაფერს ვამჩნევდი და ისე ვბრაზდებოდი ამ სულელურ აღფრთოვანებაზე, მგონი რაღაც პერიოდით მამახსოვრდებოდნენ კიდეც. მე მგონი, საერთოდ  მაშინ მე ყველაფერს ტომეკზე მძაფრად აღვიქვამდი.    

                                                                            ****

კიდევ ის დღე მახსოვს ძალიან კარგად, მესამე რომ გადავიდა. იმიტომ, რომ მესამე შუა სემესტრში გადავიდა. ერთხელ ფოსტით მოუვიდა წერილი, აბა ტელეფონით როგორ დაურეკავდნენ. არ მახსოვს რის გამო, მაგრამ სასწრაფოდ სახლში უნდა წასულიყო. რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ იყო, ეგ ვიცი და აი რა, არ მახსოვს. დარწმუნებული ვარ, მესამეს ახსოვს. კაცმა რომ თქვას, მესამის მნიშვნელოვანი მიზეზები მე რატომ უნდა მახსოვდეს. მოკლედ, შუა სემესტრში წავიდა. გამოცდებიც კი არ ჩააბარა. ზუსტად ვიცოდი, რომ არავინ გადმოვიდოდა, იმიტომ რომ საგამოცდო პერიოდში არავინ მოდის სასწავლებლად.

რომ გავიგე მიდიოდა, მაშინვე ის ნერვიული ხმა გამახსენდა. და პირველად ვცადე, სტაფილოსფერი, უდარდელი ტომეკი წარმომედგინა: რას აკეთებდა ჩვენს ოთახში, რომელ საწოლზე ეძინა, რატომ არ დატოვა მისამართი, რატომ ეძებდნენ, რატომ არ ავიწყდებოდათ,  იქნებ მესამე იყო, ვიღაცეების მესამე. რატომ დაწერა მაცივარზე სახელი, ნეტა ქერა თუ იყო, ყველა სხვა ტომეკივით. იქნებ ის ქალი ნერვიული ხმით იყო ტომეკის მესამე. იქნებ როდისმე მეც დავიწყო მესამის ძებნა, აქედან რომ გადავა.

და უცებ უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა. ხო, მთელ სხეულში, ძალიან ღრმად, ყბებში, კუჭთან, ფეხის თითებში. საშინელი შეგრძნება, მესამე რომ მოსაწევად გადიოდა და დიდი, გაბუღული სიცივე შემოქონდა, იმ შეგრძენებას გავდა, ოღონდ უარესი იყო. და მხოლოდ ამის მერე, ხო ამ შეგრძების მერე ვიფიქრე, რომ მე და ტომეკი იქნება სულ არ ვიყავით მარტო მე და ტომეკი და იქნებ, როცა ვამბობ „არც ერთი“   ჩემიდან, ტომეკიდან და მესამიდან გამორიცხვა უნდა ვიგულისხმო. იქნებ საერთოდაც სულ ასე ვიყავით, იქნებ სულ სამნი ვიყავით, იქნებ მესამე სულაც არ იყო მესამე.

იმ დღეს, ეს მაინც ზუსტად მახსოვს, ქალაქიდან წავედი მეზობელ ქალაქში, რომ ნაცნობი არ შემხვედროდა და ბევრი ვიარე და არ მინდოდა დაბრუნება, იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა. მეშინოდა იმაზე ფიქრის, რა დარჩება ჩემგან და ტომეკისგან, როცა მესამე წავა. და როცა გვიან ღამე მაინც გადავწყვიტე სახლში მისვლა, მივხვდი, რომ ვოცნებობდი ტომეკი წასული დამხვედროდა, უგზოუკვლოდ გამქრალი. ნეტა წასულიყო და არც მისაღებში დაეტოვებინა მისამართი, არც სარკის ქვეშ.

მაგრამ ტომეკი მძინარე დამხვდა, მაცივარი კიდევ არ ხმაურობდა იმ მომეტში. ანუ თავისი ხმაურის 20-30 წუთი შესრულებული ჰქონდა და ტომეკიც ახალი ჩაძინებული იქნებოდა. ჩემი და ტომეკის ძილი  ხო იმ მაცივრის ხამურის რიტმზე იყო მიბმული.

ტომეკის საწოლი ფანჯრიდან მარცხნივ იდგა, ამიტომ მეტი შუქი ეცემოდა ხოლმე, ვიდრე ჩრდილი. ზუსტად მახსოვს, იმ დღეს სახე კარგად დავინახე და ვეცადე დამემახსოვრებინა, მაგრამ ახლა მხოლოდ კონტურების და ზოგადი ხატის აღდგენა შემიძლია. ასეთი რომ ჩნდება ჩემს თავში, მხოლოდ იმას ვხედავ, რომ მშვიდია.

ამის მერე ვეღარაფერს ვიხსენებ, საგამოცდო მასალის გარდა, თითქოს სიზმარში ვცხოვრობდი, სემესტრის დამთავრებას ველოდი. დამთავრდა თუ არა, სახლში წამოვედი. ტომეკი იქ დარჩა, ასე თქვა, გადავწყვიტე, სწავლა აქ გავაგრძელოო.

                                                                                ***

იმდენი დრო გავიდა, იქნებ ბუნებრივია, რომ რაღაცეები არ მახსოვს. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ღირს დარეკვა იმ საერთო საცხოვრებელში, ჩემი და ტომეკის ოთახში. რომ გამოვდიოდი, გავარკვიე, თუ იქ ტელეფონს ისევ დააყენებენ, თურმე იგივე ნომერი იქნება, რაც ადრე იყო.  არც ვიცი რატომ, წამოსვლის წინ ვიკითხე, ადრე რა ნომერი იყო. და ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ უნდა დავრეკო, იქნებ უნდა ვიკითხო, იქნებ ტომეკი რომ გადავიდა, სადმე დატოვა თავისი მისამართი, ან იქნებ შემორჩა და ისევ იქ არის, იქნებ კარგი სამსახური ვერ იშოვა და ისევ  სტუდენტურ საცხოვრებელში დამატებითი თანხის საფასურად ოთახს ქირაობს და ვინ იცის ტელეფონიც დააყენა, იქნებ მარკერების ხმარება დაიწყო, იქნებ ტურისტებს დაუმეგობრდა, იქნებ იმანაც მიაწერა სადმე მაცივარზე თავისი სახელი. და იქნებ მოეყოლა მესამის შესახებ, იმ ქალაქის შესახებ, ხმაურიანი სტუდენტების შესახებ. რომ მენახა, იქნებ მეცნო და ყველაფერი გამხსენებოდა.

სულ მინდა დავრეკო, მაგრამ ვერ ვბედავ. მეშინია, რომ ვინმემ ჩემი ხმა რომელიმე ნერვიულ ხმას არ მიამსგავსოს, ისეთს ვიღაც დაკარგულ ტომეკს რომ ეძებს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული