• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლოგინი

×
ავტორის გვერდი ოთარ ჯირკვალიშვილი 05 იანვარი, 2017 3526
რა სევდიანი გარეგნობა აქვს, უფალო, ლოგინს.
ის არის ქვეყნის დემოგრაფიული საყრდენი და 
ბალანსის წყარო. 
ვერ ჩაანაცვლებ
კარადით, 
კომოდით,
სკამით, 
მაგიდით,
გამათბობლით, 
მაცივრით,
ტახტით;
წარმოიდგინეთ, ჰამაკსა და ავტომობილსაც არ შესწევს ამის ძალა!
აი, თუ გნებავთ, დავაკვირდეთ ეს რა რწევაა, 
მე მგონი, უფრო ბავშვს აძინებენ,
სექსისას არ ჰგავს.
სიკვდილის დროს და ჩახუტებისას სტატიკურია
(არადა, როგორ მიისწრაფვის
მომაკვდავი უძრაობისკენ!),
სიცოცხლისას და ნეტარებისას - დინამიური.
ლოგინი ძილის შეუცვლელი ატრიბუტია და,
აქედან, კაცობრიობის ფსიქიკური კონტროლის მექანიზმი,
უმაგისოდ შევიშლებოდით!
სიზმარში ვეღარ ავიხდენდით
ცხადში გაცრუებულ სურვილებს,
(წარმოიდგინე, სიზმრის ნახვა
როგორი მოუხერხებელი გახდებოდა...),
გაუცხოება, გაუცხოება, თვითმკვლელობამდე
მიმყვანი გაუცხოება!..
ლოგინი საკუთარ თავში ყოფნის ერთადერთი საშუალებაა - 
ისე მკაფიოდ ასაზრდოებს გულს და გონებას
ციხეებშიც შეიტანეს დამნაშავისთვის
სინდისის გასაღვიძებლად,
რადგან უწყიან ალიონზე, გაღვიძებისას,
ადამიანი წმინდად გრძნობს თავს და
ეჯავრება ის სიბინძურე, რაც წარსულს ახლდა!
ლოგინში ერთდროულად განისვენებს
სიმშვიდე და მოუსვენრობა,
აქ ხდება შერწყმა დღისა და ღამის
(სულის და მატერიის ერთიანობის ილუზორული წამი!),
აქ ხდება ფიქრი სიყვარულზე, ვინმეს შებმაზე
ან გულუბრყვილო ოცნებები „იმასთან“ სექსზე.
აქ ხდება ფიქრი მკვლელობაზე, თვითმკვლელობაზე,
დანაშაულის ჩადენაზე, მის შედეგებზე!
აქ არ არსებობს აფექტები, უგუნურება, წინდაუხედაობა და ა. შ.
აქ მხოლოდ აზროვნებენ, რამეს გეგმავენ,
როგორც ბალზაკის „წითელ სასტუმროშია“ და 
ამიტომაც აქ ჩადენილი დანაშაული
ძალზე მძიმეა - უპატიებელი თავისი არსით!
აქ გათამაშებული სიკეთე კი უდიდესი ეგოიზმია,
რადგან მხოლოდ ძილში ხდება და მხოლოდ შენთვის.
ეს ერთადერთი ადგილია სადაც ჩვენ ჩვენ ვართ, -
ვიცინით, ვტირით, გვიხარია თუ ვნერვიულობთ!..
ჩვენთვის ვართ თბილად თავზე საბანგადაფარებული,
ჩამალული ბნელ განზრახვებში და
ველოდებით მეორე დღის გათენებას ლოგინთან ერთად, 
რომელთან ურთიერთობაც მხოლოდ ცალხმრივი 
შეიძლება იყოს, რადგან ის ვერ გრძნობს
სითბოს,
სიცივეს,
(ვერ ხვდება მასზე მიმდინარე ფიქრებს, განზრახვებს, 
სიზმრებს და მათში ნანახ დიდ აღმოჩენებს,
კაცობრიობის დაღუპვა რომ განაპირობეს...)
მოძრაობას თუ უძრაობას...
თავის თავში ჩაკეტილი სტიქია -
საბანგადახდილი (მარტო ადამიანისთვის), თეთრი ბალიშით,
მუდმივად სხეულის მომლოდინე, თბილის თუ ცივის - 
მხოლოდ სხეულთან ურთიერთობაში საზრისის მქონე;
კაცობრიობის დემოგრაფიული საყრდენი და
ბალანსის წყარო,
სადაც ცნაურდება სიკვდილ-სიცოცხლის
მარადიული მისტერია.
მისი ერთადერთი ცოდნაა სიყვარულნიღაბაფარებულმა
ზუსტად განსაზღვროს, რა რამდენია საჭირო...
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული