ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

ღმერთისგან მივიწყებული

ზუმრუდ იაღმური
29.04.2015

   


თარგმანი აზერბაიჯანულიდან: ნელი მამედოვი 

ბოლოს და ბოლოს მოამთავრა საფლავის თხრა და წამოიმართა. ორი დღე შეუსვენლად თხრიდა. ხელები წელზე შემოიყარა და ღრმად ამოისუნთქა, დაღლილობისაგან მთელი სხეული სტკიოდა. მიხვდა,რომ ორმოდან ამოსვლას ვერ შესძლებდა, ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე ჩამოიწყო. რამდენიმე ხანს გაუნძრევლად იჯდა.ზემოთ ცხელოდა , ახლად გათხრილ სამარეში კი საკმაოდ გრილოდა, მიწის სინესტე სიამოვნებდა. თავი ნელი–ნელ ასწია და ცას შეხედა. დღევანდელი დღის დასასრულით მოღლილი მზის ჩასვენების სამზერლად თვალები მოჭუტა. თავბრუ დაესხა და თვალები მოაცილა ჩამავალ მზეს. დაღლილობას ჯერ კიდევ გრძნობდა , ძვლებში სტეხდა., მაგრამ ცარიელ სამარეში ჯდომა თუ ამდენ სიმშვიდეს მოუტანდა , წინათი ვერც წარმოიდგენდა. სამარისა და სიკვდილის შიში გაახსენდა და მწარედ ჩაეღიმა. ორმოში არსებულ სიმშვიდეს დანებდა და თავით ნესტიან მიწას მიეყუდა. ფართოდ, სიზუსტით გათხრილი ორმოს კედლებს თვალი შეავლო და უსწორო ადგილებს ხელი გადაუსვა , თითქოს ეფერებოდა. უნდოდა გარშემო ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო, მიმოიხედა და ოღრო–ჩოღროდ გათხრილები ხელებით მოასწორა.
დაღლილიყო. სამარეში გამეფებულ სიმშვიდეს მიენდო და თვალები დახუჭა.
დიდი სასაფლაოა, წინათ სოფელში ხალხი რომ ბევრი იყო, მკვდარიც ბევრი ჰყავდა სოფელს, ახლა ხალხი ცოტააა და რა თქმა უნდა, მკვდრებიც ცოტაა... ცოლი ერთი წლის წინ დამარხა, მთლად მარტო დარჩა. თავიდან მარტოობას ძალიან სწუხდა, შემდეგ ნელი–ნელ მიეჩვია. ისე მიეჩვია სიჩუმეს ,რომ შემდეგ წვიმისა და ქარის ხმაურსაც კი ვერ იტანდა. ბოლო დროს წუთისოფლის ყველაზე ჩუმი ხმაც კი ღლიდა, და აუტანელი ხდებოდა.
მართალია მარტოდ მარტო დარჩა, მაგრამ სიკვდილი დაივიწყა, გახსენება არ უნდოდა. დილით დგებოდა და ღამე იძინებდა. დღეთა ერთფეროვნებისაგან დაიღალა. შემდეგ გაზაფხული დადგა, ფრინველები დაბრუნდნენ, ბუდე აიშენეს, მისი ცოლის საფლავთან ახლოს მდგარ ხეზე გვრიტებმა ბუდე გაიკეთეს და ბარტყები გამოჩეკეს, მაგრამ ცოლი და არც სხვა ვინმე ახლობელი არ დაბრუნებულა... იცოდა,რომ წასული არავინ არ მობრუნდებოდა და იმედგადაწურული გზებს არც გასქეროდა. ნელი–ნელ ჩამოშლილი სახლის კედლები შეარემონტა.
შემდეგ სახლმაც მოღალა.
სექტემბერი იდგა, ჯერ კიდევ ცხელოდა, მაგრამ ჩიტებმა თბილი ქვეყნებისკენ იწყეს ფრენა.მათი ხმაც მიწყდა. კაცი მობეზრებულ დღეებს წამოეგო, ზოგჯერ მთელი დღე არ დგებოდა საწოლიდან, ზოგჯერ კი დიდი ხნის გამხმარ ხეებს სხლავდა და უფრო ხშირად აკითხავდა ცოლის საფლავს, ისე სუფთად უვლიდა,რომ გასაკეთებელიც არაფერი დარჩენილიყო. მაგრამ მის სიმარტოვეს საშველი არ ადგა.
კაცს ხან სიჩუმე უნდოდა, ხანაც მიჩვეული სიწყნარე ეზიზღებოდა, ხმაური, კაცის სუნთქვა ენატრებოდა, ხმის გასაგონად ეზოში გადიოდა და ძაღლების ყეფას მიაყურადებდა.„ იქ სადაც ხალხი არ არის, არც ნაგავია, და თუ ნაგავი არაა უპატრონო ძაღლებსაც ვერ ნახავ...„ უაზროდ ფიქრობდა და თვითონვე არ მოსწონდა თავისი ნააზრევი. ძაღლების ხმა ჟრიამულ, ხმაურიან ცხოვრებას ახსენებდა. უნდოდა რაღაც გაეხსენებინა, მაგრამ ამისთვისაც ზოგჯერ საათობით ფიქრობდა,რომ მეხსიერებაში წარსული ამოტივტივებულიყო. ვერაფერს იხსენებდა. თითქოსდა საერთოდ არ ეცხოვრა, ვერაფერი ვერ გაეხსენებინა. თითქოსდა მთელი ცხოვრება მარტო ემუშავა, დილით გასულიყო და საღამოს დაბრუნებლიყო, ეჭამა და დაეძინა. კაცი დღეებით ეწვალებოდა რაიმე მნიშვნელოვანის გახსენებას , შემდეგ მიხვდა,რომ გასახსენებელი არაფერი ჰქონდა და გახსენების მცდელობასაც თავი მიანება. რით განსხვავდებოდა მისი წარსული დღევანდელისაგან? უბრალოდ, მაშინ მუშაობდა, რომ ცოლ–შვილი გამოეკვება. განსხვავება კი იმაში იყო,რომ მაშინ ხმა იყო. ბავშვების ხმაური, ცოლის ხმა,რომელიც ყოველთვის ჩიოდა, რომ მასთან თანაცხოვრების პერიოდში ერთი ბედნიერი დღე ვერ ნახა... 
ერთ დროს მობეზრებული ცხოვრების დასაბრუნებლად რას არ მისცემდა. დაღლილ–დაქანცული ყოველთვის ფიქრობდა, რომ ამ ყოფის შესამსუბუქებლად სამყაროს მეორე ბოლოში ჩავალო, ახლა კი პირიქით იყო. მაგრამ კარგად იცოდა, რომ როგორც მაშინ ვერ მოახერხა, ახლაც ვერაფერს გახდებოდა, წარსულს ვერ დაიბრუნებდა.
ცხოვრებისა ეშინოდა, თითქოსდა ბუმბერაზ მთას შერკინებოდა, თითქოსდა მთა ზედ აწვებოდა და ნელი–ნელ სრესდა... თვალები გაახილა, მზე იწურებოდა, სიცივე იგრძნო. სამარე რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ათბობდა, ახლა ყინულივით ცივი იყო და ყოველი მხრიდან ყინავდა. ორმოდან ამოვიდა, სოფლისაკენ შებრუნდა, არავინ არ ჩანდა, გულზე კვლავ ნაღველი მოაწვა, იცოდა, რომ აქ დარჩენას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ნელი ნაბიჯებით სახლისაკენ გასწია.
სახლში შევიდა თუ არა საწოლზე წამოწვა, ჭამა არ უნდოდა. დედის სიტყვები გაახსენდა: «თალები დახუჭე, რომ სიზმრის ანგელოზი გესტუმროს და შორს ზღაპრებში წაგიყვანოს». პატარა რომ იყო და ძილი არ უნდოდა, დედის სიტყვებისა კი სჯეროდა და თალებს ხუჭავდა, რომ ანგელოზს უცხო ადგილებში წაეყვანა, იქ სადაც არასდროს არ ყოფილიყო. მისთვის ასეთი ადგილი ცა იყო, ანგელოზის ფრთებზე ჩამომჯდარი ცაზე ფრენა... ეგონა, რომ ანგელოზებს ფრთები აქვთ. წლები გავიდა გაიზარდა, დაკაცდა მაგრამ ანგელოზებმა ის შორს უცხო ადგილებში არ წაიყვანეს. ამიტომ გაებუტა დედასაც და ანგელოზებსაც. შემდეგ დედას შეურიგდა, მიხვდა, რომ დედას მისი ამ სამყაროდან მოწყვეტა და ანგელოზებისათვის მიბარება სურდა, რომ მას არასოდეს არაფერი ვნებოდა, ანგელოზების კალთაში ეცხოვრა და ის ანგელოზი კი, რომელიც მას მუდმივად მფარველობდა თითონ დედა იყო...
დედა, ბავშვების მფარველი ანგელოზია, გაიფიქრა და იმ იმედით, რომ ამაღამ დედა ესტუმრებოდა და წაიყვანდა ჯიუტად დახუჭა თვალები. დიდი ხანია დედის ანგელოზობის შესახებ არ უფიქრია. ცხოვრება ყოველთვის თავის სიმწარეს ან და სიხარულს რომ აგემებდა, ფიქრობდა, რომ ყველაფერი რაც წუთისოფელში ხდება რეალური არაა, ტყუილია. ყველაფერი საოცნებო სურვილია და კაცის რეალური ყოფის უდიდეს რეალობას კი მისი ოცნება და ნეტა წარმოადგენს... ჰოდა ,მასაც ოცნებებს ჩაბღაუჭებულს დედასთან წასვლა სურდა.
დილით გაღვიძებისას გაიფიქრა,რომ დედამ კვლავ ვერ წაიყვანა, არ მოფრინდა და ანგელოზივით ფრთებზე არ შეისვა.
შუადღეს გადაცილებული იყო. კვლავ სასაფლაოს მიაშურა. ცარიელ სამარეს მიადგა და გაჩერდა. ორმოს მისჩერებოდა. რაღაც გაიფიქრა და ორმოში ჩავიდა, გაწვა. აქედან ცა სულ სხვანაირად მოსჩანდა თუ მას ეჩვენებოდა ასე, არაფერი იცოდა,მაგრამ იმავე ჯიუტი ნატვრით,რომ ანგელოზი მოფრინდება და ცაში წაიყვანს თვალები ცას მოავლო და დახუჭა...
მზე ჩადიოდა. სიბნელე ნელი–ნელ ერეოდა სინათლეს. ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ.
ორმოში იწვა. ცა და გარშემო ყველაფერი სიბნელეს მოეცვა. თვალები გაახილა და ცაზე ვარსკვლავებს მიაჩერდა. უცბად შეშინდა, მაგრამ არ განძრეულა.
ღამის წყვდიადში შენიშნა,რომ თავს რაღაცა წამოსდგომოდა. წასაყვანად მოსული ანგელოზი ეგონა, არ განძრეულა, მაგრამ შიშით თმები ყალყზე დაუდგა და სუნთქვაც გაუძნელდა და სხეული დაეძაბა, ძარღვები დაეჭიმა და ვეღარაფერს ვეღარ ფიქრობდა.
ვერ გარკვეულიყო მომკვდარიყო, თუ ორმოში ჩასძინებოდა. ფეხის თითების განძრევას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. მის თავს წამომდგარი არსების ხვნეშის ხმაზე მიხვდა რომ ანგელოზი არ იყო და შიშის კანკალმა აიტანა.
ცხოველის ფშვინვაზე მიხვდა,რომ გიენა იყო. უცბად გაიფიქრა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი გიენას საკვებად იქცეოდა და საშინლად შეეშინდა. უმოძრაოდ დარჩენილმა ცხოველის მოძრაობაზე ყურადღება გაამახვილა. არა, შეუძლებელი იყო, რომ მისი, ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის სხეული გიენას დაეგლიჯა და ეჭამა.. რომ მოკვდეს, ეს სხვა საქმეა, შემდეგ რას უზამენ, სად მოისვრიან და ვინ და რა დაღეჭავს მის ხორცს ეს უკვე ღმერთის საქმეა. „მაგრამ ჯერ უნდა მოვკვდეს,რომ გიენას საკვებ ლუკმად იქცეს.. ახლა რას ამოთხრის გიენა, ჯერ ხომ გვამად არ ვქცეულვარ... ამ ორმოს თხრა რომ გადავწყვიტე, ძალიან ცუდად ვიყავი, დაქანცული. ვფიქრობდი: გავთხრი, ჩავწვები და სულსაც მივაბარებ-მეთქი. მაგრამ ეს გიენა გამოჩნდა, დამგლიჯავს და რა თქმა უნდა მეტკინება კიდეც“. გიენას მიერ დაჯიჯგვნაზე ფიქრმა კიდევ უფრო შეაშინა და წამოიყვირა. მკვდრების უმოძრაობას მიჩვეული გიენა კაცის ყვირილზე განზე გახტა და სამარეს მოსცილდა.
ღონემიხდილი ჯერ კიდევ იწვა. წამოდგომა მოინდომა მაგრამ ვერ შეძლო. თავიც კი ვერ წამოსწია,თვალები კვლავ დახუჭა.
დილით მზის სხივებმა გამოაღვიძეს. თვალები ოდნავ გაახილა. ცოლის საფლავზე ამოსულ ხეზე ბეღურები ისხდნენ და უწყინრად ჭიკჭიკებდნენ. «ბეღურად ყოფნა ადვილი საქმეა, სადაც მოხვდება ჩამოსკუპდება და ჭიკჭიკებს. საქმეც ზუსტად ამაშია, რაც მოესურვებათ იმას აკეთებენ, მაგრამ მე კი წუთისოფელს წამოვედე და შემოვრჩი...» კვლავ წამოდგომა მოინდომა, მაგრამ უშედეგოდ, სხეული დამძიმებოდა, თითქოსდა ზედ ლოდები დაეწყოთ და ცოცხალი დაემარხათ. თავსაც კი ვერ ანძრევდა, მიხვდა, რომ მთელი სხეული გაშეშებოდა და არავითარი წამოდგომის მცდელობა ვეღარ წამოაყენებდა. დაიღალა.
თვალის ქუთუთოებს კვლავ ამოძრავებდა და მზის ჩასვლის თანამონაწილე გახდა. კვლავ სიბნელე ჩამოწვა.
მზე ამოვიდა. სინათლეზე სანახევროდ ასწია ქუთუთოები და ცას შეხედა. შემდეგ კვლავ ჩამოწვა სიბნელე...
ძალიან მოშივდა. არ იცოდა მალი–მალ გონს კარგავდა თუ ეძინებოდა. არავინ, არც ანგელოზი და არც დედა არ აკითხავდა, არავის არ უნდოდა მისი წაყვანა.
აღარ ახსოვდა რამდენი ხანი იყო რაც ასეთ მდგომარეობაში იწვა სამარეში... ამ დილით მზეს ვეღარ შეხედა, თვალი, ოდნავადაც კი ვერ გაახილა.
გიენას გაგდებით მგონი სიკვდილიც შეაშინა და გააგდო. მზის ჩასვლა იგრძნო, გაიფიქრა, იქნებ ღმერთმა დამივიწყაო. შემდეგ განაფიქრი თვითონვე დაიჯერა და თითქოსდა ღმერთისთვის თავის შეხსენება გადაწყვიტაო, რაც ძალ–ღონე ჰქონდა, წამოიყვირებას შეეცადა. ხმა არ ამოსვლია. ენა პირში ქვასავით გამაგრებოდა ..
ხვნეშით ჩასუნთქული სამარის ჰაერი მკერდში დაგუბებოდა. კაცს ხმა არ ამოსდიოდა მაგრამ სიკვდილის მოლოდინით დატანჯულმა მხოლოდ თავის გასაგონად „ღმერთო–ო–ო„ დაიყვირა.
სიკვდილი არ ჩანდა.