ამნეზია





პროზა

ამნეზია




ამნეზია


1

მე მაღვიძარამ გააღვიძა. გარეთ ჯერ ისევ ბნელა. ქალი, რომელიც ამბობს, რომ მეს ცოლია, საწოლში წევს. მაღვიძარას ხმაზე თავს სწევს და ძილ-ბურანში ამბობს - გამორთე. მე საწოლიდან დგება და მოწესრიგებას იწყებს. ყველაფერს ავტომატურად აკეთებს, ტანსაცმელს იცვამს, იხეხავს კბილებს, სვამს ყავას, ისევ კბილებს იხეხავს, იღებს მანქანის გასაღებს და ბინიდან გადის.
მე უკვე ქუჩაშია, მოსწონს დილის ჰაერი. მანქანის ელექტრონულ გასაღებს ხელს აჭერს და სადღაც, ქუჩის სიღრმეში, მისი მანქანა ელექტრონულ ტალღებს ფარების ანთებით პასუხობს. მე მანქანისკენ მიდის, საჭესთან ჯდება, მანქანას ქოქავს და შეშდება.
მეს არ ახსოვს, სად უნდა წავიდეს...
მეს აღარაფერი ახსოვს თავისი წარსულიდან...
მე ავტოამტური მოძრაობები და რეფლექსებია მხოლოდ.
მე ზის და ფიქრობს, რომ საკუთარ თავზე ისევ მესამე პირში ფიქრობს. ამ დროს ქალი, რომელიც ამბობს, რომ მეს ცოლია, ქუჩაში ხალათის ამარა გამორბის, შეშინებული სახე აქვს - ის მეზე ნერვიულობს, იმიტომ, რომ მეს არ ახსოვს და ეტყობა, მეს რაღაც ისეთი არ ახსოვს, რისი გახსენებაც მისთვის საშიშია. შეიძლება ზოგადად წარსულია საშიში რამე, მაგრამ მე ფიქრობს, რომ უწარსულობა უფრო საშიშია, თუ არ იცი, ვინ იყავი, ძნელია გაიგო, ვინ ხარ, და თუ არ იცი ვინ ხარ, ძალიან ძნელია იცხოვრო.
ქალმა მანქანასთან მოირბინა. შემაშინეო, უთხრა, მითხრა ან თქვა - მესამე პირიდან პირველში ვერ გადმოვდივარ, არადა, ექიმმა დამავალა, მას რომ არ ეთხოვა, არც ვეცდებოდი მესამე პირი საკუთარი თავისგან აშორებს მეს, მაშორებს მეს და შორიდან კი უფრო ადვილია უყურო ადამიანს, რომელიც არ გახსოვს და რომელსაც არ ახსოვს.
ქალმა თქვა, სახლში წავიდეთ, ჩაის გაგიკეთებო. რატომ ჩაირთო ეგ მაღვიძარა საერთოდო? არ ვიცი-მეთქი, ვპასუხობ. ხელს მკიდებს მკლავში და სახლში მივყავარ.
სახლი კარგია, და ეს ქალიც ამბობს, რომ ჯერ ჩემი გარეთ გასვლა არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, მარტო არ უნდა გავიდე. მას ექიმის სჯერა, ექიმს კი მეცნიერების, და აი, მეცნიერებას კი ჩემზე პასუხები არა აქვს. შენს ანალიზებს გერმანიაში გავგზავნითო. ქვეყანა ყოფილა ეგეთი, უკეთესი, ვიდრე ჩვენი.
ჩაი მოაქვს და გვერდით მიჯდება, ფიქრობს, რომ უნდა გამამხნევოს, ვფიქრობ, რომ თავი უნდა დამანებოს. თავს კალთაში მიდებს და მეუბნება, რომ ჩვენ ადრე ხშირად და ხმამაღლა ვჩხუბობდით. რატომ-მეთქი, ვეკითხები, ურთიერთობის სამი წლის კრიზისი დაგვეწყოო, მპასუხობს. ვეუბნები, რომ არ ვიცი, ეგ რას ნიშნავს, მიხსნის, რომ ყველა ურთიერთობაში რამდენიმე კრიზისია და პირველი სამი წლის თავზე იწყება, რომელიღაც წიგნში ამოუკითხავს. შენი აზრით, გაგახსენდება ოდესმე წარსულიო? არ ვიცი, ღირს კი რომ გამახსენდეს-მეთქი? რაღაცები ღირს, რაღაცები არც ღირსო, მაგალითად-მეთქი? მაგალითად, არ ღირს გაიხსენო ჩვენს თავზე მცხოვრები მეზობელი და კარგი იქნება, თუ გაგახსენდება, სად მაქვს გულის ფორმის ხალიო. ვერ ვიხსენებ. დგება, მუხლზე ხელს მარტყამს, უნდა მოვემზადო და სამსახურში წავიდეო.
მიდის.
მე კი ტელევიზორის ამარა ვრჩები. დივანზე წოლის რამდენიმე ისეთი პოზა ვისწავლე, რომ სხეულის არც ერთი ნაწილი არ მიბუჟდება, თუგინდ მთელი დღე ვიწვე ტელევიზორთან. ეს ტელევიზორი კარგი რამეა, გარე სამყაროსთან მხოლოდ ის და ჩვენი სახლის ფანჯრები მაკავშირებს. ფანჯრებიდან კი იმდენი რამე არ ჩანს, რაც ამ ეკრანიდან. ჩვენი ბინის ერთი ფანჯარა იტალიურ ეზოს გადაჰყურებს, მეორე კი ქუჩას, რომლის სიღრმეშიც ტაქსისტების ბირჟაა, დიდი არჩევანი არ მაქვს, ამიტომ ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებებს და კულინარიულ გადაცემებს ვუყურებ ხოლმე.
არ ვიცი, ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობთ თუ ტელევიზორში აშუქებენ მარტო ნეგატიურ ამბებს. ფანჯრიდან რაც ჩანს, არ უნდა იყოს მაინცდამაინც ცუდი. კულინარიული გადაცემაც ძალიან კეთილ კაცს მიჰყავს, მაგრამ ეს კაცი არაფერს ახალს არ ამბობს - რეცეპტების გარდა, რეცეპტი კი, მგონი, შეუძლებელია ნეგატიური იყოს. ახალი რეცეპტების გარდა ქვეყანაში ყველა სხვა სიახლე ნეგატიურია. ან გვატყუებენ... ტყუილი კი მეეჭვება, პოზიტიური მოვლენა იყოს. გამოდის, რომ ნეგატიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ალბათ ამიტომ ამიკრძალა ექიმმა ერთი-ორი კვირა სახლიდან გასვლა. მგონი, მეც უნდა ავუკრძალო საკუთარ თავს საინფორმაციო გამოშვებების ყურება და მხოლოდ კულინარიულ გადაცემებზე გადავიდე. კულინარიული გადაცემების მიხედვით კი საჭმლის კეთება ძალიან ძნელია, მაგალითად, გუშინ გავარკვიე, რომ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სპეციფიკური სუნელი არ იშოვება... აქაც მატყუებენ...    

2

ნელ-ნელა რაღაცები მახსენდება, წარსული პროექციები თავს მატკივებს და ცუდ ხასიათზე მაყენებს. ბოლომდე ვერც ერთ სურათს ვერ ვხედავ და ეგ მიშლის ნერვებს. ძირითადად ფრაგმენტები და გაურკვეველი ციფრები მახსენდება, მაგალითად, ახლა ტვინში 1837 მიტრიალებს. არ ვიცი, რა არის ეს, წელი, საათი თუ რამე კოორდინატი. ამ პროექციებიდან მხოლოდ ერთი სურათი აღვადგინე თავიდან ბოლომდე და ჩემს ცოლს მოვუყევი:

ოთხი წლის ვარ, დედაჩემი და ბებიაჩემი სამზარეულოში არიან, ლაპარაკობენ, თუ რამდენი პური უნდა მოიტანონ და რამდენი კუპონი დაუჯდებათ, მე ამ კუპონებს  ვიღებ და სახლიდან ჩუმად გავდივარ. გასტრონომი ვიცი, სადაცაა, ცოტა შორია, მაგრამ არა უშავს. სწრაფად ვიზამ, ჩემები ვერც კი შეამჩნევენ, სახლიდან  რომ გავედი. გასტრონომამდე უცებ მივირბინე, ორ პურს ვყიდულობ, გამყიდველს ჩემთვის გარბუშკას ვაჭრევინებ და მრგვალ პურს ჭიპს ვაძრობ. ქუჩაზე მოვბლაყუნებ, პირი თბილი პურით მაქვს გამოტენილი. უკანა გზაზე ჩამონგრეული კედელი მხვდება, კედელზე უზარმაზარი წარწერაა - ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება. არ ვიცი, ვინაა ამ წინადადების ავტორი, მაგრამ ძალიან მომწონს. ნიკოლოზ ბარათაშვილიო, მეუბნება ჩემი ცოლი. პროექციები ისევ იწყება:
გადაბდღვრიალებულ დარბაზი, ისევ ოთხი წლის ვარ, ჩემ ირგვლივ უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალები და მამაკაცები დადიან, დღესდღეობით ასე აღარავინ იცვამს, ეტყობა, წინა ან წინის წინა საუკუნეში ვარ. დარბაზში თავმოყრილ ხალხი ნერვიულად სცემს ბოლთას, ვიღაცას ელოდებიან, მათზე უფრო ბრწყინვალეს და უცნაურს. მე ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ვხვდები, რომ რაღაც არასწორი ხდება აქ, იმდენად არასწორი, რომ თუ ვინმემ არ გამოასწორა ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი რაღაც შეიძლება მოხდეს. ზურგს უკან ნაბისჯების ხმა მესმის, ახალგაზრდა ბიჭი მიახლოვდება, კოჭლობით მოდის, ქართული ტრადიციული ტანსაცმელი აცვია და სახეზე ფერი არ ადევს. გარშემომყოფებს ზიზღით უყურებს და მეუბნება, ამათ შეხედე ერთიო, ესენი უნდა იდგნენ აქ და სხვები უნდა იყვნენ ციმბირში და იმის იქითო? ვეკითხები, რა ხდება-მეთქი. ყველანაირი პატივი აგვეყრება დღეს საღამოსო. რატომ-მეთქი? მკვლელს და მტერს რომ ტაშ-ფანდურით ვხვდებით, მაგიტომო. იასეს რომ ის შეცდომა არ დაეშვა, ახლა ვინ იცისო... მაგრამ არა უშავს, ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთებაო? ამ დროს დარბაზში პანიკა შემოდის თავის ფეხით, მოდისო, ამბობს, არა, ყვირის, უფრო სწორად, ხავის - მოდის! დარბაზი შეშდება, პანიკა ისადგურებს, მაგრამ არავინ იმჩნევს, ყველა ერთად და ერთ წამზე ისუნთქავს ჰაერს და დარბაზს საღი აზრისგან აცარიელებს; აცარიელებს და ტოვებს იმდენად ცარიელს, რომ დრო ჩერდება და ამ უძრაობაში, უჰაერობაში, ამ ყალბ ღიმილში, გაწელილ მოლოდინში, მოლოდინის პანიკაში და შიშში კარი იხსნება, დღის შუქი თვალს მჭრის და ცოტა ხანი ვეღარაფერს ვხედავ. შემდეგ ისევ გადაკაშკაშებული სურათებია, მთელი დარბაზი კარში შემოსული კაცის წინ იჩოქებს. ზოგი ხელებს უკოცნის, ზოგი - ფეხებს, ზოგი - ულვაშებს. შემოსულს ეტყობა, რომ მაინცდამაინც არ მოსწონს აქ ყოფნა, მაგრამ პირველივე ჭიქა ღვინო სახეზე ღიმილად აჩნდება, შემდეგ მეორეს სვამს, მესამეს. მეხუთე ჭიქაზე რუსეთის სადღეგრძელოს სვამს, რუსეთში საქართველოსაც ვგულისხმობო, ამბობს. მეათე ჭიქის მერე ქალებისკენ გაურბის თვალი, სამი ამოარჩია და ერთი ამოიჩემა - დარბაზში ყველაზე ლამაზი და მორცხვთვალებიანი გოგო, რომელიც მზერას მხოლოდ იატაკს უსწორებდა და ალბათ ნახჭევანში გადახვეწილ თავის სიყვარულზე ფიქრობდა. იმპერატორი დაიღალა და დასვენება და ქართველების ბოლო წვეთი თავმოყვარეობის გათელვა თავის საძინებელში მოინდომა, მომგვარეთო, თქვა. თქვა ძალიან ხმადაბლა, მაგრამ ისეთი ხმით, რომ მთელ დარბაზს ძარღვებში სისხლი გაეყინა და შუბლზე ისეთი რაღაც გაუწყდათ, რომელსაც ვეღარ აღადგენ... მეფის საძინებლისკენ მიმავალი მაიკო ორბელიანის თითოეული ნაბიჯზე იმხელა რაღაც იმსხვრეოდა, რომლის ნაწილებიც საუკუნეებში გაიფანტება და ვეღარავინ ვეღარასდროს აღადგენს; თუ სადმე საქართველო მოკვდა, მოკვდა ამ ღამით და მოკვდა იმ ხალხის ხელით, რომლებსაც არ უომიათ, არ აჯანყებულან, არ დამარცხებულან და არ განადგურებულან; რომლებმაც მონობა მიიღეს და ქვეყანა მედლებში, მიწის ნაგლეჯებსა და ტიტულებში გაცვალეს. ისევ ის კოჭლი ბიჭი ამომიდგა გვერდით, ადამიანის გარდა ყველაფერს ჰგავდა, ძლივს გასაგონი ხმით მითხრა -  მთელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცოტა, მაგრამ ყველაზე მწარე სისხლი ამ ღამეს დაიღვრებაო... კიდევ გჯერა, რომ ცუდად არ ჩაივლის ეს ყველაფერი-მეთქი?

3

კარგი, ოღონდ ჩვენს ქუჩაზე რომ ტაქსისტები დგანან, იქ ჩაჯექი და მთელი გზა ხმა არ გასცე, თორემ დაგიწყებენ უაზრობების მოყოლას, მოგეშლება მერე ნერვები და მთელი ღამე უნდა იბუზღუნოო. ხმას არ ამოვიღებ-მეთქი, დავპირდი და გამეცინა. რა გაცინებსო? დღეს მოვისმინე ზუსტად ასეთი დიალოგი ეზოში, ხუთი-ექვსი წლის ბავშვი ეხვეწებოდა დედამისს, ქუჩაში ვითამაშებო და იმან უთხრა, ჩვენს ქუჩას არ მოშორდე და უცხოებს არ დაელაპარაკოო. ჰოდა, მაშინ ჩემი ისტერიკები ნუ გიკვირს, იმ ბავშვს, დამიჯერე, შენზე მეტი ცუდი ადამიანი ჰყავს ნანახი ცხოვრებაშიო. მისამართი გამიმეორეო. გავუმეორე. ხუთ ლარზე მეტი არ მისცე, იცოდეო.  არ მივცემ-მეთქი.
მეხსიერების დაკარგვის მერე პირველად გავდივარ მარტო ქუჩაში. ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ. არ მეშინია და არც ვნერვიულობ. ჩემს ცოლს უნდა გავუარო სამსახურში. რაღაც პრობლემა აქვს და არ უშვებენ. არადა, საღამოს უნდა გაგვესეირნა. მე სახლში ჯდომა მომბეზრდა და იმდენი ხანი ვეწუწუნე, სანამ გარეთ გამოსვლის უფლება არ მომცა. ტელევიზორმა გადამრია უკვე, საინფორმაციო გამოშვებებში საშინელ ამბებს ჰყვებიან. დღეს დილით აჭარაში მუსულმანებს ახალ აშენებულ მედრესეზე ღორის თავი აუჭედეს, ეს მედრესე არ ვიცი, რა არის, მაგრამ ის ვიცი, რომ მასზე ღორის თავის აჭედებით რელიგიურ შუღლი ღვივდება და ეგ არა მგონია, სწორი იყოს. მაგრამ თვითონ ამ ფაქტზე დიდი პრობლემა ის არის არის, რომ ღორის თავის ამჭედებლები თავიანთ შეცდომას და დანაშაულს ვერ იაზრებენ და არ იზიარებენ; მგონი, ტვინი არ ჰყოფნით მაგდენი, რომ თავიანთ საქციელში დანაშაული დაინახონ, იმიტომ, რომ ტელევიზორში ვიღაც სულელი ქალი აჩვენეს, რომელიც თვითკმაყოფილი სახით და ცინიკური ტონით ჰყვებოდა მომხდარზე და ალაგ-ალაგ ეღიმებოდა. გულისამრევი ადამიანი იყო.
ტაქსისტს მისამართი ვუთხარი და თანხაზე შევუთანხმდი. მაღალი, მხარბეჭიანი კაცია, ჭაღარა, კეთილი ულვაში აქვს. უკანა სალონში რომ ჩავჯექი, გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, საერთოდაც, მთელი გზა არ ამოუღია ხმა. სამაგიეროდ მისი რაცია თუ რაღაც არ ჩერდებოდა, სხვადასხვა მისამართი, სიხშირეების შხრიალი და სხვა მძღოლების უშნო ხუმრობები ისმოდა. ჩემმა მძღოლმაც გამოიყენა ერთხელ, რაღაც მისამართი გამოაცხადეს, რომელიც, ეტყობა, იმ ადგილთან იყო ახლოს, სადაც მე მივდიოდი. ათ წუთში ვიქნები მაგ მისამართზეო, თქვა და იქიდან გოგონას ხმამ უპასუხა, - კარგი, ას შვიდი, გადადით მისამართზეო.  მეუცნაურა, რატომ მიმართა ნომრით და არა სახელით, ეს ას შვიდიც რამეს ხომ არ ნიშნავს-მეთქი, არა, უბრალოდ, ჩემი მანქანის ნომერიაო, მძღოლმა მიპასუხა. ახლა გასაგებია.
ხიდზე გადავდიოდით, როდესაც ჩვენ წინ საშინელი ავარია მოხდა. მიკროავტობუსი საპირისპირო ხაზში გადმოვიდა და ზუსტად ჩვენ წინ მიმავალ მსუბუქ მანქანას დაეჯახა. ამ შეჯახებას ისეთი საშინელი ხმა მოჰყვა, რომ ძვლებში ტკივილმა გამირბინა. მანქანა თითქოს კისერში გადატყდა, დაბზრიალდა და წამის მეასედით შიგნით მჯდომი პატარა ბავშვი დავინახე. საშინელი სიჩქარით მიეჯახა ხიდის მოაჯირს და მდინარეში გადავარდა. საერთოდ არ ვიცოდი, მდინარე თუ გვქონდა. უცნაური მდინარეა, ყავისფერია, არა, რაღაც უფრო საშინელი რაღაცის ფერია, მაგრამ რა დროს მაგაზე ფიქრია? ჩემმა მძღოლმა ძლივძლივობით შეაჩერა მანქანა. მე პანიკაში ვიყავი, ბავშვის სახე არ ამომდიოდა თავიდან. ას შვიდმა გადმომხედა და რომ ნახა, უვნებელი ვიყავი, სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან, მოაჯირისკენ გაიქცა, ფეხსაცმელი გაიხადა და მოაჯირზე შეხტა. ვიღაცები უყვიროდნენ, არ გინდა, არ გინდა, პოლიცია მოდის უკვეო, მაგრამ ას შვიდმა არაფერი უთხრა, ღრმად ჩაისუნთქა და მდინარეში გადაეშვა. თვალებს არ ვუჯერებდი, რამდენიმე წუთი ადგილიდან არ ვიძვროდი, გაოგნებული მანქანის სალონს ვიყავი მიკრული, გარედან ხალხის ყვირილის და ტირილის ხმა შემოდიოდა. ბავშვის სახე ისევ თვალწინ მედგა. მიკროავტობუსის მძღოლი, რომლის გამოც ავარია მოხდა, ხიდზე შუა გზაში მუხლებზე დამხობილი იდგა და ხაოდა, კისრიდან სიკვდილი ამოსდიოდა. როგორც იქნა, გონება მოვიკრიბე და მანქანიდან გადმოვედი. სანამ ხიდის მოაჯირამდე მივედი, ხალხის ბედნიერი შეძახილები გავიგე, მოაჯირთან მივირბინე და ას შვიდი დავინახე, რომელსაც პატარა გოგონა მდინარიდან ამოჰყავდა. ხალხმა ტაში დაუკრა, ერთიანობის განცდა შეიქმნა, ყველა ჩემს მძღოლს ამხნევებდა, მან გოგონა მდინარეში შეჭრილ ბეტონზე ჩამოსვა და ისევ ჩაყვინთა. ხიდზე შეკრებილი ხალხი გოგონასკენ დაიძრა. ის შიშისგან ხმას ვერ იღებდა, ჩუმად იჯდა და კანკალებდა. ას შვიდი დიდხანს არ ჩანდა, მთელი გულით მინდოდა ამოეყვინთა, მან ხომ გოგონა გადაარჩინა, მამის გადარჩენაც შეეძლო. რამდენიმე წამში ტალახიან წყალში მისი სხეული გამოჩნდა. გოგონას უკვე ხალხი შემოხვეოდა, ჩემმა მძღოლმა მამაც მიიყვანა ნაპირისკენ, მაჯისცემა შეუმოწმა და, რომ დარწმუნდა, ორივე, მამაც და შვილიც კარგად იყვნენ, ხიდისკენ დაიძრა. ყველანი გაოგნებული და რაღაცნაირი მოწიწებით ვუყურებდით. ას შვიდი მანქანას მოუახლოვდა და თავით მანიშნა, ჩაჯექიო. თვითონ მოაჯირისკენ წავიდა, ფეხსაცმელი ჩაიცვა, სვიტრი გაიხადა, გაწურა და მანქანაში ჩაჯდა. რაცია აიღო და თითქოს არაფერი მომხდარაო, ისე სასხვათაშორისოდ თქვა, ცენტრი, ავთო ვარ და მისამართზე ვეღარ გადავალო. ცენტრმა წუწუნი დაიწყო, მაგრამ ას შვიდი ავთო მას აღარ უსმენდა. ბოდიში მომიხადა, დაგაგვიანეთო. მე გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებდი.
გმირია, გმირი, რომლის გვარიც კი არ ვიცით-მეთქი. სახლში რომ მივალთ, შენი რომელიმე რეცეპტით ნამცხვარი გამოუცხვეო, შემომთავაზა. შენი აზრით, ნორმალური იქნება ეგ-მეთქი? რატომაც არაო? რატომაც არა-მეთქი. გავუღიმე. ის ცოტა ხანი კოპებშეკრული მოდიოდა, დავაკვირდი, კოპებს მაშინ კრავს, როდესაც რაღაცაზე სერიოზულად ან რაღაც სერიოზულზე ფიქრობს, ძალიან სასაცილო და ბავშვურია ამ დროს და საერთოდაც, ფანტასტიკური ადამიანია. ეტყობა, წინა ცხოვრებაში არც მე ვიყავი ცუდი კაცი, რახან ასეთი ქალი გამომყვა ცოლად. შემომხედა და მითხრა, არ მეგონა, ჩვენს დროში ვინმე მსგავს რამეს თუ ჩაიდენდაო. მიხარია, პირველივე დღეს ეგეთ ადამიანს რომ შეხვდი. მეშინოდა, რომ გამოხვიდოდი, რამე საშინელებას ნახავდი და ხასიათს გაგიფუჭებდა, შენ კიდევ ნამდვილ გმირს შეხვდიო. მოიცა, ტყუილი გმირებიც არსებობენ-მეთქი? რამდენიც გინდაო. გამიღიმა, მეც მინდა შენსავით ვიყო, ყველაფერი მაკვირვებდეს და ამავდროულად მაშფოთებდესო. შფოთი არ შეიძლება, ხშირი შფოთიანობა სტრესს იწვევს და სტრესი კიდევ ნაოჭებს აჩენს-მეთქი. ხვალიდან ტელევიზორის ყურების საათებს შეგიმცირებ, უკვე ძალიან ბევრ სისულელეს უყურებო. გამეცინა. არ ვიცი, ადრე როგორი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ ცოლად რომ მომყვებოდი, ალბათ ვერც წარმოიდგენდი, რომ ოდესმე ჩემი ბავშვივით გაზრდა მოგიწევდა-მეთქი. არა უშავს, უფრო აუტანელი და უზნეოც მახსოვხარ, ადრინდელთან შედარებით ახლა ნამდვილი ანგელოზი ხარო. ჩავფიქრდი. ხომ შეიძლება ას შვიდი ავთო ადამიანი კი არა, ანგელოზი ყოფილიყო-მეთქი, ვკითხე. ახლა უკვე ატრაკებო. ისიც გეყოფა, ნამდვილ გმირს რომ შეხვდი და ანგელოზებს თავი დაანებეო.
ქალაქის ისტორიულ ნაწილში ვიყავით. ვერაფრით მოვიფიქრე, სად უნდა წამომეყვანე ექსკურსიაზე. მარტო ეს ადგილი გამახსენდა, აქ ყველაზე მეტი ტურისტი დადის. თან, რა ვიცი, ყველანი კმაყოფილები არიან და, იმედია, შენც მოგეწონებაო. მანქანებით გადაჭედილ ქუჩებს და ხმაურს თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი მომეწონა. ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ ამ უბანში ერთ ჩაყოლებაზე, ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდ დგასო, ტოლერანტულ ქვეყანაში ცხოვრობ, გილოცავო. ეგ რას ნიშნავს-მეთქი. პირდაპირი მნიშვნელობა არ ვიცი, ჩემი სიტყვებით რომ გითხრა, ისეთ დამოკიდებულებას, სადაც სხვადასხვანაირ ხალხს ერთად და მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიაო. არა მგონია, მედრესეზე აჭედებული ღორის თავი მშვიდობის სიმბოლო იყოს-მეთქი. შენც ნახეო? იცი რა არის, ამათ ჰგონიათ, რომ ქართველობა მაინცდამაინც მართლმადიდებლობას ნიშნავს, და შენ კიდევ ერთი სოფლის მაგალითზე ნუ განსჯი ყველასო. უცნაური ხალხი ვართ, გვგონია, რომ ყველა რაღაცით გვებრძვის, ყველანაირი სიახლე გვაშინებს, იმიტომ, რომ ჩვენს თავში არ ვართ მყარი ტიპები და გვგონია, რომ ამ სიახლეებით ქართველობას დავკარგავთო. შეიძლება მართალი ხარ-მეთქი. მე მგონია, რომ თუ ერთ ჩაყოლებაზე მდგარი მეჩეთი, ეკლესია და სინაგოგა ქართველობაა, ღორის თავის აკვრით ჩვენ თვითონვე ვკარგავთ მაგ ქართველობას და სულ არ გვჭირდება ვინმე, რომ მოგვპაროს ან წაგვართვას-მეთქი. ან საერთოდ, რას ნიშნავს ქართველობას გვართმევენ-მეთქი. ჰო, ცოტა სასაცილოდ ჟღერსო, გეგონება, ეს ქართველობა საფულეა ან ტელეფონიო.
ტურისტებით სავსე ქუჩებში მივსეირნობდით და ყველაფერი ძალიან კარგად იყო, იმდენად კარგადაც კი, რომ ჩემმა ცოლმა გამაჩერა და ტუჩებში მაკოცა. იმ ყველაფრის მერე პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს, სიამოვნებისგან, პირდაპირი მნიშვნელობით, გამაჟრჟოლა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ წამართმევს. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ისაა, რომ ვერაფრით გავიხსენე, სად აქვს გულის ფორმის ხალი.

4    

ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს - ძალიან, ძალიან, ძალიან დიდხანს იცვამს. არაფერი მოსწონს, არაფერი მიხდებაო, ამბობს, ტანსაცმელს პირდაპირ იატაკზე ყრის, წუწუნით იწყებს და ჩხუბით ამთავრებს, ოთახიდან ოთახში დარბის და ბიუსტჰალტერის გამომგონებელს აგინებს. ამ დროს ძალიან უხეშია და ვცდილობ, თავი ავარიდო ხოლმე, არ მინდა, მეც შემოველანძღო. ამიტომ ჩემთვის სავარძელში ვზივარ და ხმას არ ვიღებ. ჩუმად ვუთვალთვალებ. ვცდილობ, მის სხეულზე გულის ფორმის ხალი ვიპოვო, მაგრამ ისე სწრაფად იცვლის ტანსაცმელს, რომ ვერ ვახერხებ. თავს ვანებებ და გვერდით ოთახში გამოვდივარ. ხომ არ ნერვიულობო, მომაძახა. ცოტათი-მეთქი. მეგობრებთან მივდივართ შეხვედრაზე. არც ერთს აღარ ვიცნობ, ამიტომ ბუნებრივია, რომ ვნერვიულობ. ჩემი ცოლი მეუბნება, რომ ყველანი ძალიან კარგები და მხიარულები არიან და ყველა ისევ ისე შეგიყვარდება, როგორც ადრეო. ვნახოთ-მეთქი. ონკანიდან წყალს ვისხამდი, როდესაც წელს ზემოთ შიშველი დამადგა თავზე. გაკვირვებული და ცოტათი განერვიულებული მიყურებდა, მეც გაკვირვებული და მოჯადოებული ვუყურებდი, არასდროს მინახავს შიშველი, ვერც წარმომედგინა, რომ ადამიანის რომელიმე ორგანო შეიძლება ისეთი ლამაზი ყოფილიყო, როგორიც მისი მკერდი. ფიქრებიდან მისმა აღელვებულმა ხმამ გამომაფხიზლა. მე გიყვარვარო? მეკითხებოდა. ეს კითხვა უფრო მოულოდნელი იყო ჩემთვის თუ მისი შიშველი მკერდის დანახვა, არ ვიცი, არც ის ვიცი, რა უნდა მეპასუხა. სიყვარულისთვის ჩემი ცნობიერება ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ფაქტია, რომ მის მიმართ სერიოზული სიმპათიები მაქვს და, ჰო, ალბათ მიყვარს კიდეც. არა, რა ალბათ, მართლა ძალიან მიყვარს. მასზე კარგ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ. ლამაზი, ჭკვიანი და მხიარულია, თან ფანტასტიკური მკერდი აქვს და კიდევ სადღაც სხეულზე გულის ფორმის ხალი აქვს, ასე რომ - არ ვიცი, ადრე როგორ მიყვარდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე ამის გაცნობიერება შემიძლია-მეთქი. რაღაცებს ნელ-ნელა ვხვდები და რაღაცები, მაგალითად, შენდამი სიყვარული, ისეთი რამეა, რომ მთელ ძარღვებში მაქვს ობობას ქსელებივით-მეთქი; შეიძლება შენზე ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, ისიც საკმარისია და ჩემი ცოლი რომ არ იყო, დიდი სიამოვნებით აგიხსნიდი სიყვარულს-მეთქი. ცოლსაც შეიძლება სიყვარული აუხსნა და ასეთი სიტყვები რომ ადრე გეთქვა, აღარასდროს აღარ ვიჩხუბებდითო. ცრემლები წამოუვიდა, მგონი სიხარულისგან, ჩემკენ წამოვიდა და მაკოცა. მგონი, რაღაც ძალიან სწორად ვქენი, იმდენად სწორად, რომ ჩემნაირი შეზღუდული ადამიანის მხრიდან შეიძლება გმირობადაც კი ჩაითვალოს. მეც ჩავეხუტე, ჩემს მკერდზე მის გულისცემას და მისი ტანის სიმკვრივეს ვგრძნობდი, უცებ სახეზე საშინელმა სიცხემ დამიარა და წელს ქვემოთ სერიოზული აღგზნება ვიგრძენი, კიდევ კარგი, მალე წავიდა გამოსაცვლელად, თორემ ამ ყველაფერს შეამჩნევდა და ძალიან შემრცხვებოდა.
ღვინის მაღაზიაში ვართ, ჩვენი მეგობრებისთვის ღვინოს ვყიდულობთ. დახლებს შორის სასაცილო კაცის ფიგურის ბოცა შევამჩნიე, ულვაშიანი ტიპია და სამხედრო ფორმა აცვია. აი, ეს წავუღოთ-მეთქი, ჩემს ცოლს ვეუბნები. კაცუნა მხარზე მოვისვი და ჩემს ცოლს დავანახვე. მან გაკვირვებულმა შემომხედა. ეს სტალინიაო? მაღაზიის გამყიდველს ჰკითხა. გამყიდველმა, კი, ეგ არის და, თუ შეიძლება, ფრთხილად დადეთ, არ გატეხოთ, არ ხართ თქვენ მაგის მყიდველები და ტურისტები კიდევ გიჟდებიან ეგეთ რაღაცებზეო. რუსებიო? ჩემმა ცოლმა ჰკითხა. ძირითადად კი, რუსებიო. მენეჯერი თუ არის მაღაზიის, დაუძახეთო. გამყიდველმა მენეჯერი მოიყვანა. ჩემი ცოლი გაცოფებული ჩანდა, მე კი ამ ღვინის ბოცას ვუყურებდი, ისევ წლები მიტრიალებდა ტვინში. 1937. წინა პროექციიდან ზუსტად ერთ საუკუნეში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვნად ცუდი მოხდა, ეს კაცი სტალინია თუ ვიღაც საშინლად მეცნობოდა? ჩემმა ცოლმა მენეჯერს ჰკითხა, ეს რა არისო. სტალინიაო, მენეჯერმა უპასუხა. მერე აქ რა უნდაო? ვყიდით, რა უნდა უნდოდესო. რას ყიდით, თქვენ სულ დაკარგეთ ჭკუა, ამ კაცმა ათასობით უდანაშაულო ადამიანი დახოცა და რას ყიდით, თქვენ ხომ არ გადაირიეთ, სტალინი ბრენდი არ არის, სტალინი მკვლელია და ახლავე მოაშორეთ აქედანო. სტალინია მკვლელიო? მენეჯერმა შეიცხადა, სტალინი უდიდესი ქართველი იყოო. ჩემმა ცოლმა წონასწორობა დაკარგა, გაცოფდა და ყვირილი დაიწყო - სტალინის ქართველობა... მე კი ისევ სტალინის ბოცას ვუყურებდი, საიდანღაც მეცნობა ეს ულვაშიანი ნაბიჭვარი. გამახსენდა - ლეიტენანტ კამიანოვის საკანში შემოსვლა გარდაუვალ ცემას ნიშნავს. ან მე მომხვდება, ან ამ კაცს, არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ ვიცი, რომ პოეტია. ღამე თავის ამბებს მიყვებოდა, რამდენიმეჯერ დაუჭერიათ უკვე, მაგრამ ახლა უკვე აღარ გამომიშვებენო, ამბობდა. ყველა და ყველაფერი უარვყავი, რასაც ვაკეთებდი, ყველა ლექსი წავშალე, რომელსაც სისხლით ვწერდი, საბჭოთა მიწასაც დავუკოცნე ფესვები, მაგრამ ამათ თუ ამოგიჩემეს და ამოგირჩიეს, ვერ გადარჩებიო. კამიანოვი საკანში შემოვიდა, ერთი-ორი მოგვცხო და დასაკითხად წაგვიყვანა. მე რა შუაში ვარ, არ ვიცი, ეტყობა, მისი წამებით ჩემი გატეხა უნდათ, ვერ ვიტყვი, რომ ამათ ჩემი ცალკე წამება ეზარებათ, ეზარებათ კი არა, წამებაა ამათთვის ღმერთი და ჩვენს სხეულზე ლოცულობენ კიდეც. თითო ალილუია კიდევ ერთი დატეხილი ძვალია, მაგრამ ძვლებს ვინ ჩივის, მარტო სხეულით რომ გტეხდნენ, კიდევ აიტანდი კაცი, არ გატყდებოდი, ამათ ჯინაზე არ გატყდებოდი და შეაკვდებოდი, მაგრამ სხეულთან ერთად სულს გინაკუწებენ, ისეთ რაღაცებს გეუბნებიან, ისეთ ხერხებს იგონებენ, რომ აქეთ შეეხვეწები ყველაფრის აღიარებას, ყველაფერს იტყვი, მუმბაიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრასაც კი დაიბრალებ, ოღონდ მოგკლან. არა, თუ უნდათ, ნურც მოგკლავენ, ოღონდ მორალურად ნუღარ გაწამებენ და ჯანდაბას, კიდევ ორი დღე გირტყან გადაბმულად და მთელი თავიანთი ბიბლია ჩაიკითხონ შენს სხეულზე. ბოლოს და ბოლოს, ხომ მოკვდები და ხომ დაისვენებ და იმას ხომ მაინც იზამ, რომ შენი სისხლი ექნებათ ჩამოსარეცხი პერანგებიდან, ოდნავ მაინც ხომ შეწუხდებიან შენ გამო. მიხვედრით ვერაფერს მიხვდებიან, მაგრამ შეწუხდნენ მაინც ეს ძაღლისშვილები.
გამომძიებლის ხმა იმ დანასავითაა, რომელიც კისერზე გაქვს მობჯენილი. პოეტისგან მისი თანამზრახველების სიას ითხოვენ. პოეტი ამბობს, რომ არ ჰყავს თანამზრახველები და საერთოდ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. გამომძიებელი პოეტს სახეში ურტყამს, ურტყამს და კვლავ ეკითხება, თუ რა კავშირი ჰქონდა ლიტვის ელჩთან. პოეტი ეუბნება, რომ ლიტვის ელჩს რუსთაველის ლიტვურად გადათარგმნა შესთავაზა. გამომძიებელს პასუხი არ მოსწონს. მაგიდიდან ფურცლის ნაგლეჯს იღებს და პოეტს უკითხავს: ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია, სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან, შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის. ესე იგი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი ხარ? ეკითხება გამომძიებელი, ვიყავიო, პასუხობს პოეტი, პირველი დაკითხვის მერე გონება გამინათდაო. გამომძიებელი ისევ ურტყამს, ოღონდ ერთს და ორს აღარ, ურტყამს იქამდე, სანამ არ გაითიშება. მერე პოეტის ნაგვემ სხეულს და მე საკნისკენ მიგვათრევენ.
მეტჯერ აღარ გავუყვანივართ ერთად. ის  ორ დღეში ერთხელ გაჰყავდათ, სანამ აღიარებითი ჩვენება არ დააწერინეს. გამიკვირდა მისგან, რომ აღიარა, მან კი შემომხედა და შეშლილივით გამიცინა. რა გაცინებს-მეთქი. გამტეხეს, როგორც იქნაო, ვაღიარე, ვინ იყო ანტისაბჭოთა შეთქმულების ლიდერიო. ვინ დაუსახელე-მეთქი. გიორგი სააკაძეო, სიცილით მითხრა, პირიდან სისხლი სდიოდა და კბილები ჰქონდა დამტვრეული. მისი ისტერიკული სიცილი მეც გადამედო, სადღაც ნესტიან ჯოჯოხეთში ორი კაცი ვიცინოდით და ვხალისობდით იმაზე, რომ რუსი სალდათები ნოსტეში გიორგი სააკაძის საძებნელად გაემართნენ.
ჯერ პოეტი დახვრიტეს.
მეც მომაკითხავენ მალე.
...ჩემმა ცოლმა წონასწორობა დაკარგა, გაცოფდა და ყვირილი დაიწყო. სტალინის ქართველობა მოვტყან მეო. მეც-მეთქი. უკნიდან გავძახე. მაღაზიის მენეჯერი პატრულის გამოძახებით დაგვემუქრა, ამიტომ ჩვენს მეგობრებთან ხელცარიელად ასვლამ მოგვიწია. მთელი საღამო სტალინზე ვლაპარაკობდით. ჩემი ცოლი აღშფოთებული იყო, ჩემი მეგობრებიც გაბრაზებულები ჩანდნენ. კარგი მეგობრები მყოლია, მხიარულება ვერ მოვასწარით, მაგრამ როგორც მივხვდი, სწორად აზროვნებენ და მგონი ყველას ვუყვარვარ. ერთ-ერთი, ვისთანაც სტუმრად ვართ, ქუჩის მხატვარი ყოფილა, ყველაზე მეტად ის მომეწონა, ძალიან ლამაზ რაღაცებს ხატავს კედლებზე. მაგათ დედას ვუტირებ, აგერ შენ და აგერ მეო. ჩემმა ცოლმა ჩვენი წასვლის დროაო. ძალიან მინდოდა დარჩენა, მეგობრებიც აგვყვნენ და დიდი წუწუნისა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ დამტოვა, ოღონდ არ დაალევინოთო, დაიბარა, ტაქსიში ჩასვით და სახლში გამოუშვით, ძალიან არ დააგვიანოს, თორემ არ ვიცი, რას გიზამთო.
თავიდან ასე ბავშვივით რომ მექცეოდა, ვბრაზდებოდი, ახლა კიდევ, მგონი, მომწონს კიდეც, გარდა იმისა, რომ მის გარეშე, პირდაპირი მნიშვნელობით, დავიკარგებოდი ამ ცხოვრებაში. მორალურადაც ძალიან მეხმარება, რაღაცებს მასწავლის და თითქმის ყველა ჩემს კითხვაზე აქვს პასუხი. ჩემი ცოლი წავიდა, ჩვენ კი საუბარი გავაგრძელეთ. ჩემი მეგობრები სვამდნენ და მხიარულობდნენ, ჩემთვის დალევა არ შეიძლება, მაგრამ მგონი სიმთვრალეს მეც ვგრძნობდი ცოტათი, ამდენი მხიარულებისა და ხმაურისგან ტვინი აღგზნებული მქონდა. ნელ-ნელა გვაკლდებოდა ხალხი, ბოლოს მარტო მე და ჩემი მასპინძელი მეგობარი დავრჩით. გინდა მაგათ ყოფა ვუტიროთო? ვის-მეთქი, ვკითხე. აი, მაგ მაღაზიის მეპატრონეებსო. როგორ-მეთქი. ფანჯრები სტენსილით ავუჭრელოთო, სტენსილი არ ვიცი, რა არის-მეთქი. ა, ჰო, ჰო, დამავიწყდა, ბოდიში, სტენსილი, როგორ გითხრა, კედლის პროტესტია, რა. ფანჯრებზეც შეიძლება გაკეთება-მეთქი? კი, კაცო, რა მნიშვნელობა აქვსო. გავაკეთოთო? რა ვიცი, რატომაც არა-მეთქი. გაუხარდა. ნოუთბუქი მოიტანა, რა დავწეროთო? ჩემი ცოლის ფრაზა გამახსენდა, სტალინი ბრენდი არ არის, სტალინი მკვლელია-მეთქი. აუ, რა კარგი ბიჭი ხარო. რამდენიმე წამი ნოუთბუქში იჯახირა და მერე ოთახში კვნესის და წუწუნის საშინელი ხმა გაისმა. შემეშინდა. ნუ გეშინია, პრინტერიაო. ეგ რა არის-მეთქი? რა არის და აი, აქ ვიზუალურად გავაკეთე, როგორი წარწერაც იქნება, პრინტერს გადავუგზავნე და ახლა ფურცელზე ვბეჭდავო. ატრაკებ-მეთქი. გადაიხარხარა, ნეტავ შენს ადგილას მე ვიყოო. ყველა მაგას რატომ მეუბნებით-მეთქი? აბა, კაცი რომ პრინტერით აღფრთოვანდები, როგორ არ უნდა შემშურდეს შენიო? ჩემი ცოლი არ რეკავდა. ეტყობა, ჩაეძინა. ფურცელი შედარებით მსხვილ მუყაოზე დავაკარით და ასოების გამოჭრა დავიწყეთ. ძალიან ლამაზი წარწერა გამოვიდა. ღამის ხუთ საათზე გავედით ღვინის მაღაზიის ქუჩაზე. ჩემმა მეგობარმა მითხრა, მე დავიჭერ და შენ პულვერიზატორით შეასხიო. კარგი-მეთქი. ძალიან მომწონდა, რასაც ვაკეთებდით, შესანიშნავი დასჯა იქნებოდა მათთვის, მაგრამ ერთი რამე გამოგვრჩა _ წარწერა ინგლისურადაც უნდა გაგვეკეთებინა, ტურისტები როგორ მიხვდებიან, აქ რა წერია, ეგონებათ, რომ სტალინი მოგვწონს მთელ ერს და სირცხვილია, რას იფიქრებს ის ხალხი-მეთქი. მართალი ხარ, მაგრამ რას ვიზამთ, ხვალ ან ზეგ ინგლისურადაც მივარტყათ, ესენი ამის ჩამომრეცხავები ერთი-ორი კვირა მაინც არ არიანო. კარგი-მეთქი. პირველი ორი მაღაზია უპრობლემოდ დავსაჯეთ, მაგრამ მესამე მაღაზიის გაფერადებისას პატრულის მანქანა გამოჩნდა, შეგვამჩნია და ჩვენკენ გამოემართა. ჩემმა მეგობარმა დამიყვირა, მე მარჯვნივ გავიქცევი, შენ კიდევ ამ აღმართს აუყევი, მერე მარჯვნივ გამოუხვიე და ქუჩების გადაკვეთაზე შეგხვდებიო. მოიცა, რატომ უნდა გავიქცეთ-მეთქი, ვაპირებდი მეკითხა, მაგრამ ის უკვე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. პოლიციელები მანქანიდან გადმოხტნენ და ჩემკენ გამოემართნენ, თავიდან ვიფიქრე, მეც გავიქცევი-მეთქი, თან ერთ-ერთი პოლიციელი ცოტა ჩასუქებული კაცი იყო და ვერაფრით დამეწეოდა, მაგრამ გაქცევის შემეშინდა, ან საერთოდ რატომ უნდა გავქცეულიყავი, არაფერი დამიშავებია.
თურმე დავაშავე. სანამ პოლიციელებს განყოფილებაში მივყავდი, განმიმარტეს, რომელი მუხლის რა ნაწილი დავაშავე. მე კი, ჩემი მხრივ, ვუხსნიდი, რომ არაფერი მახსოვს ამ ცხოვრებაში, შესაბამისად, არც კანონმდებლობა-მეთქი და, ჩემი მხრიდან ეს კანონის დარღვევა კი არა, გაუგებარი სიტუაციის შექმნა უფრო იყო. მსუქანამ თავში წამომითაქა, ახლა გაიხსენე ყველაფერიო? ვერა-მეთქი, ვაპირებდი თქმას, მაგრამ აღარ გავრისკე, ეჭვი მაქვს, კიდევ წამომითაქებდა. განყოფილებაში მიმიყვანეს, სანამ ერთ-ერთი პოლიციელი ჩემ მაგივრად აღიარებით ჩვენებას წერდა, მე იქაურობის დათვალიერება მოვასწარი. ვიღაც ახლგაზრდა ბიჭი ჰყავდათ დაჭერილი, იხვეწებოდა, მომაფსმევინეთო, პატრული კი ეუბნებოდა, ნარკოლოგიურისთვის ცოტა მოგვიფსი და მერე თუ გინდა სახლში წადი საერთოდო. ნარკოლოგიურისთვის არ მოვფსამ, მე ჩემი უფლებები მაქვსო. ჰოდა, შენი უფლებაა, რომ ჩაიფსა, მაგრამ არ გირჩევ, მაგის გამო მოგხვდებაო, უთხრა პოლიციელმა. რა ხალხი ხართ თქვენ საერთოდო, ბიჭი თავისთვის ბუზღუნებდა. ჩემმა პატრულმა დამიძახა,  ჩვენებაზე ხელი მომაწერინა და ტელეფონზე დარეკვის უფლება მომცა. ჩემს ცოლს დავურეკე და ჩემი `გმირობის~ შესახებ მოვუყევი. უბრალოდ, არ იცი, რას გიზამ, მანდ რომ მოვალო. ბოდიში-მეთქი. მოვალ ცოტა ხანში, არ ინერვიულოო. მაქვს რამე სანერვიულო-მეთქი? რა ვიცი, ციხეში შენ ხარ და მე მეკითხებიო? ციხე არ არის, წინასწარი დაკავების იზოლატორია-მეთქი. ნერვებს მიშლი, თავი დამანებე, გამოვდივარო. საერთო საკანში შემაგდეს.

5

სამზარეულოში ვსხედვართ და ვსაუზმობთ. არ მელაპარაკება, მე კი სულელივით ვუღიმი. ცოტა ხანი არ მამჩნევს, ბოლოს ნერვები ეშლება და გაბრაზებული მეუბნება, იდიოტი ხარ, რის დამტკიცებას ცდილობდი, ძალიან მაინტერესებსო. ჩემს ქართველობას ვიბრუნებდი-მეთქი. გაეცინა, ვინ წაგართვა რომო? ქართველობა ჩვენით დავკარგეთო. პრობლემა ისაა, რომ მთელ ერს ჩემსავით ამნეზია ჭირს, წარსულს ვერ იაზრებს და თავის შეცდომებს ვერ ხვდება-მეთქი; ჰოდა, როდესაც წარსულს ივიწყებ და ვერ იაზრებ, ზუსტად მაშინ კარგავ-მეთქი ქართველობას. შემომხედა და მშვიდად მითხრა, ჩვენ იცი, როდის დავკარგეთ ყველაფერიო? როდესაც საკუთარი წარსული დავივიწყეთ, ვერაფერი ვისწავლეთ მისგან და ტვინში მხოლოდ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაჭიმული რუკა ჩავიბეჭდეთ; მაშინ დავკარგეთ, როდესაც ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირში ჩარჩენილი კეთილდღეობა პირველივე უშუქობაზე გავიხსენეთ; ჰო, და კიდევ მაშინ დავკარგეთ, როდესაც აფხაზეთიდან დევნილებს გამხმარ პურში ერთი კილო ოქრო გავუცვალეთ. ქართველობას ყოველდღე ვკარგავთ, როდესაც მედრესეზე ღორის თავს ვაჭედებთ და ყოველდღე ვამტკიცებთ, როდესაც ას შვიდი ავთო მტკვარში ხტება სხვების გადასარჩენადო. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ ასეთი ადამიანები მართლა ძალიან ცოტანი არიან და ქართველობის დაცვა მართლა უწარსულო და ბრიყვ ხალხს უწევს. შენ არ გგულისხმობ, რა თქმა უნდაო.
სამსახურში უნდა წავიდე და შენი წყალობით აუცილებლად ჩამეძინება მუშაობის დროსო. წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა. მე კი ჩაფიქრებული ვიჯექი და ამ ჩემს უწარსულობაზე ვფიქრობდი. ცოდო ხარ ადამიანი წარსულის გარეშე, არ იცი, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ და ისიც კი არ იცი, ცდები თუ არა; ერთი კონკრეტული მოცემულობა ხარ და ყოველდღე საკუთარი თავის გამართლება და დამტკიცება გჭირდება. წარსული მნიშვნელოვანი რამეა, მაგრამ თუ გახსოვს და ვერ სწავლობ, სჯობს, არ გქონდეს და ცდილობდე, ცდილობდე გაიხსენო. გაიხსენო ყველაზე მთავარი, ჩემ შემთხვევაში; სად აქვს ცოლს გულის ფორმის ხალი. მე საკუთარ წარსულზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ადრე ჩემს ცოლთან ვჩხუბობდი, რომ ვკარგავდი და შეცდომებს ვუშვებდი და, თუ ვერ ვისწავლე, როგორ უნდა გამოვასწორო ეს ყველაფერი და თუ მთელი ჩემი ისტორია არ მეხმარება ამაში, მაშინ მე უკვე დავიკარგე, ისიც დავკარგე და უკვე ვეღარავინ ვერაფერს მომპარავს, იმიტომ, რომ არაფერი მაქვს მოსაპარი.
საძინებელში შევდივარ. სარკესთან დგას ნახევრად შიშველი. მისი მხრები ცახცახებს. ხელში ვიყვან და თვალებში ვუყურებ. თვალებში წარსულია, რომელიდანაც მხოლოდ ის ვიცი, თუ სად აქვს მას გულის ფორმის ხალი. მისი წარსული ჩემი საწოლია, ლოგინზე ვაწვენ მოგონებებს და ძალიან ფრთხილად ვხდი. ვნება სუნთქვას უკრავს, ჩემი ყოველი შეხება მის ტანზე ტალღებს იწვევს და ის იკლაკნება. სიამოვნება მე მაჯებს მიმტვრევს. მის მკვრივ სხეულზე ვპოულობ გულის ფორმის ხალს და ვკოცნი, ჩემს წარსულს ვკოცნი, რომელიც არ მახსოვს და რომელსაც ვსწავლობ.


© პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ  "ლიტერატურულ პალიტრაში"
 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.