ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

თავისუფალი ვარდნა

ლესლი ბრემი
21.06.2015

   


თარგმანი: დალილა გოგია

 

ლესლი ბრემი 1963 წლის 23 იანვარს დაიბადა. ის არის ავტორი 14 პიესისა, რომლებიც ამერიკის სხვადასხვა თეატრებში დაიდგა.  „Lovers Leapt -თავისუფალი ვარდნა“ წარმოადგენს პიესას, რომელიც შეგვახსენებს, რომ როდესაც ადამიანი იღუპება, სხვა ბევრ მნიშვნელოვან დანაკარგებს შორის, დაკარგული პოტენციალი ყველაზე დიდი დანაკარგია.

ლესლი ბრემმა ეს პიესა 11 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებს მიუძღვნა. წყვილი ხელიხელჩაკიდებული ხტება მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ოთხმოცდამესამე სართულიდან. ვარდნის დროს ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო მათ ცხოვრებაში, რომ არა ეს საზარელი ტერაქტი.

პირველად Lovers Leapt წარმოდგენილი იყო 2001 წელს, ნიუ-იორკში, ფრეზენტ კომპანის მიერ, თეატორიუმში, რომელიც წარმოადგენს  საშემსრულებლო ხელოვნების უდიდეს ცენტრს.

2011 წლის 11 სექტემბერს ეს სპექტაკლი კოლორადო სფრინგის სახვითი ხელოვნების ცენტრში ითამაშეს.

ლესლი ბრემს მიღებული აქვს  სტენლის თეატრალური პრემია, პოლ თ. ნოლანის პრემია, უილიამსის ბიბლიოთეკის ლიტერატურული პრემია. ლესლი ბრემი არის აგრეთვე პოეტიც. მისი ნაწარმოებები ქვეყნდება ამერიკის სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში.

[მთარგმნელისგან]

 

 

 

ლესლი ბრემი

 

Lovers Leapt

თავისუფალი ვარდნა

 

 

 

 

შელი ფიში - ოცდაათს გადაცილებული. მისთვის აუცილებელია, რომ  უთხრან „ეს“

 

ჯეფ ფანკი - ოცდაათს გადაცილებული. ეშინია, რომ თქვას „ეს“

 

 

დრო

სამშაბათი. დილა. 2001 წლის 11 სექტემბერი.

 

ადგილი

ცათამბჯენის კიდე. 83-ე სართული. თავისუფალი ვარდნა.

 

 

*** ავტორის შენიშვნა: თავისუფალი ვარდნისა და ფანტაზიაში ყოფნის პერიოდებში აუცილებელია ნაჩვენები იყოს მკვეთრი ფიზიკური განსხვავება.

 

 

 

 

დეკორაცია: ცარიელი სცენა.

 

დასაწყისი: მხოლოდ ჯეფი და შელი ნათდებიან. ისინი დგანან ცათამბჯენის ზედა სართულის კიდეზე. მათი თმა და ტანსაცმელი ფრიალებს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ორივე კორპორატიულ ბიზნეს კოსტუმშია. შელის არც ერთი, ხოლო ჯეფს კი მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი აცვია.  ორივეს სახე და ტანისამოსი ნაწილობრივ დამწვარია. შელის  თვალები ამოვარდნილი აქვს და სისხლი სდის.

 

სცენა მთლიანად ნათდება: შელი და ჯეფი ერთმანეთს  ეხუტებიან. სახეზე აქვთ საბურველი, როგორც  რენე მაგრიტის ტილოზე „საყვარლები.“ ერთმანეთს მხურვალედ კოცნიან, შემდეგ საბურველს იხსნიან. ერთმანეთს  ცილდებიან და ერთმანეთს ხელს კიდებენ.

 

 

ჯეფი

 

გტკივა?

შელი

ცოტათი... ჰო, მტკივა.

 

(წინ იყურებიან და ჰაერში აბიჯებენ. სინათლე ქრება)

 

რამდენიმე წამში სცენა ნათდება. ორი სხვადასხვა სინათლე შელისა და ჯეფის სხეულებზე ნელ-ნელა ადის. შუქები ჩერდება მათ ტორსებსა და სახეებზე. ხელები ჩაკიდებული აქვთ. განათება და ხმები უნდა მიანიშნებდეს, რომ ისინი დიდი სიმაღლიდან ვარდებიან. მათი თმა და ტანსაცმელი ფრიალებს სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ზემოდან ცვივა საოფისე ნივთები)

 

შელი

 

მოიცადე!

 

ჯეფი

„მოიცადესთვის“ უკვე ძალიან გვიანია

 

შელი

ვიცი, მაგრამ...

 

ჯეფი

 

არავითარი მაგრამ...

 

შელი

 

მართალი ხარ, ჩვენ ხომ შევთანხმდით.

 

ჯეფი

 

რა სიცხეა...

 

შელი

 

ვიხრჩობი... ვეღარ ვსუნთქავ.

 

ჯეფი

 

სხვა რა გზა გვაქვს?

 

შელი

 

სწორად ვიქცევით?

 

ჯეფი

 

ეს კვამლი და  სიცხე...

 

 

 

 

 

შელი (ფიქრობს, პაუზა)

 

მგონი გაგვიმართლა.

 

ჯეფი

 

ასეა, გაგვიმართლა.

 

შელი

 

ჩვენ მარტო არ ვართ.

 

ჯეფი

 

ჩვენ უფრო გაგვიმართლა, ვიდრე დანარჩენებს.

 

შელი

 

მადლობა ღმერთს, ჩემთან ხარ.

 

ჯეფი

 

რა იღბლიანები ვყოფილვართ.

 

შელი

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ყველასთვის ერთია?

 

 

 

ჯეფი (არც თუ ისე დარწმუნებით)

 

 

სწორად ვიქცევით.

 

(გადადიან ფანტაზიაში)

 

შელი

 

როცა პირველად დაგინახე...

 

ჯეფი

 

მე მანამდე შეგამჩნიე.

 

შელი

 

ვგრძნობდი, რომ მამჩნევდი.

 

ჯეფი

 

ფაქსს აგზავნიდი.

 

შელი

 

აი, ის მიზიდულობა ვიგრძენი.

 

ჯეფი

 

მთელს სხეულში

 

შელი

 

სადღაც აი, აქ, შიგნით.

 

ჯეფი

 

მეც ეგ ვიგრძენი.

 

შელი

 

როდის?

 

ჯეფი

 

როგორც კი დაგინახე

 

შელი

 

თითქმის „ერთი ნახვით შეყვარება“ იყო?

 

ჯეფი

 

მინდოდა  ახლოს მოვსულიყავი შენთან.

 

შელი

 

ნეტავ მოსულიყავი.

 

ჯეფი

 

ვაპირებდი

 

შელი

 

როგორ მინდოდა!

 

ჯეფი  (ფიქრობს, პაუზა)

 

ფიქრობდი ჩემზე?

 

შელი

 

ვფიქრობდი. ხშირად.

 

ჯეფი

 

ჩემთვის არასდროს არაფერი გითქვამს.

 

შელი

 

ჰო... იცი...

 

ჯეფი

 

შეგეძლო მეილი მოგეწერა.

 

შელი

 

მეშინოდა

 

ჯეფი

 

ჩემს მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოგიხატავს.

 

შელი

 

ხალხი, კაცები, შიშს მგვრის.

.

 

ჯეფი (იხსენებს)

 

ის ყავისფერ-სტაფილოსფერი შოტლანდიური ქვედაბოლო

 

შელი

 

ვიცოდი, მოგეწონებოდა.

 

ჯეფი

 

მინდოდა მეთქვა, რომ მომეწონა

 

შელი

 

მითხარი კიდეც, ოღონდ სხვაგვარად.

 

ჯეფი

 

მაინც... უნდა მეთქვა.

 

შელი

 

იმედი მქონდა, რომ შეამჩნევდი

 

ჯეფი

 

შევამჩნიე

 

შელი

 

მივხვდი, რომ შეამჩნიე

 

ჯეფი

 

და მაინც,  ჩვენ არასოდეს...

 

შელი

 

გვიცდია ურთიერთობა?

 

ჯეფი

 

მე ძალიან მინდოდა, მართლა.

 

(უბრუნდებიან თავისუფალ ვარდნას)

 

შელი

 

 

 

ალბათ რა საშინლად გამოვიყურები.

 

ჯეფი

 

სულაც არა.

შელი

 

შემომხედე!

 

ჯეფი

 

ლამაზი ხარ.

 

შელი

 

მართლა?

 

ჯეფი

 

მართლა.

 

(აყოვნებს)

 

თვალები... გტკივა?

 

შელი

 

ოდნავ უფრო მეტად.

 

ჯეფი

 

შეიძლება, „ვერ დანახვა“ ახლა უკეთესიცაა?

 

შელი

 

ფანჯარა ფეთქდება. შუშა...

 

ჯეფი

 

მე ტუალეტში ვარ.

 

შელი

 

სუზენი... ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ.

 

ჯეფი

 

მთელი შენობა აქეთ- იქით ქანაობს.

 

შელი

 

ისეთი შეშინებულია.

 

ჯეფი

 

მთელი ჩემი დეპარტამენტი... ამოიწვა.

 

შელი

 

მერე შუშა...

 

ჯეფი

 

ვიდრე მე ვფსამდი.

 

შელი

 

პირდაპირ მისკენ წამოვიდა და შუაზე გადაჭრა.

 

(პაუზა)

 

მართლა ფიქრობ, რომ ლამაზი ვარ?

 

ჯეფი

 

ჰო, ასე ვფიქრობ.

 

შელი

 

მართლა?

 

ჯეფი

 

აზრი არ შემიცვლია.

 

შელი

 

გმადლობ, მე... გმადლობ.

 

ჯეფი

 

ხალხი გაიგებს, არა?

 

შელი

 

რა მნიშვნელობა აქვს?

 

ჯეფი

 

ჩემი ოჯახი დაინტერესდება, „ როგორ“

 

შელი

 

ყველა გაიგებს.

 

(გადადიან ფანტაზიაში)

 

ჯეფი

 

ხედავ,  რა დიდი და ცისფერი ცაა დღეს.

 

შელი (უცებ)

 

ახლა ჩვენი სიყვარული წარმოვიდგინე.

 

ჯეფი

 

ბატონო?

 

შელი

 

წარმოვიდგინე, როგორ ვესიყვარულებით ერთმანეთს.

 

ჯეფი

 

მე მესიყვარულები?

 

შელი

 

მუზეუმში

 

ჯეფი

 

მუზეუმში?

 

შელი

 

თვლი, რომ ეს გარყვნილებაა?

 

ჯეფი

 

არა!... სად,  მომაში თუ მეტროპოლიტანში?

 

შელი

 

მეტროპოლიტანში

 

ჯეფი

 

როგორ მიყვარს ის ბაღი, თავისი ქანდაკებებით.

 

შელი

 

გინდა მოგიყვე?

 

ჯეფი

 

მმ... ჰო, მინდა.

 

ჯეფი

 

შენც მოყევი ჩემთან ერთად.

 

ჯეფი

 

კარგი... მაგრამ შენ დაიწყე.

 

შელი (მაცდურად)

 

ზემოთ, უკანა მხარეს

 

ჯეფი

 

მეორე სართულზე?

 

შელი

 

ბოლოში, მესოპოტამიის უკან...

 

ჯეფი

 

იქ ერთი ადგილია.

 

შელი

 

კაციშვილი არ ჭაჭანებს.

 

(ჩერდება)

ჯეფი

 

თავს სულელურად ვგრძნობ.

 

შელი

 

თვალები... გთხოვ...

 

(სასიყვარულო სცენის დროს ხელებით

და თითებით სასიყვარულო ცეკვას ასრულებენ)

 

ჯეფი

 

ნიშა ვიპოვეთ

 

შელი

 

დამსხვრეული ექსპონატებით სავსე ყუთები.

 

ჯეფი

 

ეს ადრე არასოდეს გამიკეთებია.

 

შელი

 

კაბას ვიწევ...

 

ჯეფი

 

შეიძლება ვინმე მოვიდეს.

 

შელი

 

თეძოებს ვიშიშვლებ

ჯეფი

 

ვაუ! ფანტასტიურად გამოიყურები.

 

შელი

 

მაბრუნებ...

 

ჯეფი

 

შენი ანარეკლი მინაზე.

 

შელი

 

 

ვიხრები

 

ჯეფი

 

ვნების ამღძვრელი, გასაგიჟებელი...

 

შელი

 

მოდი,  მოდი...

 

ჯეფი

 

ახლა რა უნდა გავაკეთო?

 

შელი

 

ვერ ხვდები?

 

ჯეფი

 

და... აქ? სერიოზულად ამბობ?

 

შელი

 

ძალიან ბევრს ნუ ფიქრობ.

 

ჯეფი

 

სარისკოა.

 

შელი

 

სიცოცხლე რისკია.

 

ჯეფი

 

და ჩვენ მივდივართ ამ რისკზე.

 

შელი

 

შემოდი ჩემში.

 

ჯეფი

 

შენში ვარ.

 

შელი

აბსოლუტური თანხვედრა.

 

ჯეფი

 

ერთ რიტმში ვმოძრაობთ.

 

შელი

 

მავსებ...

 

ჯეფი

 

ერთმანეთს შევერიეთ.

 

შელი

 

ამისთვის ვართ დაბადებულები.

ჯეფი

 

მოიცადე, ფეხის ხმა მესმის.

 

შელი

 

უკვე ძალიან გვიანია.

 

ჯეფი

 

შეიძლება აქაც შემოვიდნენ.

 

შელი

 

გაათავე...

 

ჯეფი

 

თავზე დაგვადგებიან.

 

ჯეფი

 

გაათავე...

 

შელი

 

დაგვიჭერენ შუა...

 

შელი (თრთის)

 

ო, ღმერთო...

 

ჯეფი

 

ჯერ შენ, მერე მე...

 

შელი

 

შშშშ...   შშშ... შშშ...

 

 

ჯეფი (გრძელი პაუზა)

 

 

ტანსაცმელს ვისწორებთ.

 

შელი

 

გავბრუვდი.

 

ჯეფი

 

მიესალმე ამ გულუბრყვილო მცველს.

 

შელი

 

სადღაც დავფარფატებ.

 

ჯეფი

 

არასოდეს დამავიწყდება

 

(უბრუნდებიან თავისუფალ ვარდნას. წამით სიჩუმე)

 

შელი

 

მოიცადე! ჯერ არ დამისრულებია.

 

(ბრუნდებიან ფანტაზიაში)

 

ჯეფი

 

ახლა რა ხდება?

 

შელი

 

მერე.

 

ჯეფი

 

რა მოხდა მერე?

 

შელი

 

დენდურის ტაძარში.

 

ჯეფი

 

შადრევანში ხურდა ფულს ვყრით?

 

შელი (კანკალებს)

 

ვაიმე, მუხლები, ფეხები...

 

ჯეფი

 

ძალიან მაგარი იყო... მაპატიე.

 

შელი

 

არა უშავს. მართლა მაგარი იყო.

 

(შელი, ნაზად, უფრო ახლოს მიდის ჯეფთან. ჯეფი ინსტიქტურად გვერდზე იწევს)

 

ჯეფი

 

 როგორ მომშივდა.

 

შელი

 

მეც. მაგრამ ჯერ... ვთქვათ...

 

ჯეფი

 

არაა საჭირო.

 

შელი

 

ჩვენ გვინდა „ამის“ თქმა.

 

ჯეფი (ცდილობს ყურადღება გადაიტანოს)

 

ოთხმოცდამეერთეზე ვვახშმობთ.

 

შელი

 

თავი შენს მხარზე მიდევს. ზოგჯერ რაღაცეები წამომცდება ხოლმე... მართლა კი არ წამომცდება ხოლმე, წინასწარ დავგეგმე ამის თქმა.  რაღაცნაირად, იქვე, სპონტანურად  დავგეგმე. თავი შენს მხარზე მიდევს, მკლავზე გეფერები, და შენც, როგორც საერთოდ კაცებმა იციან, ინსტიქტურად მყვები. რადგან ეს ერთმნიშვნელოვნად მამაკაცური ჟესტია, თავს საოცრად დაცულად ვგრძნობ და ვიცი, რომ შენ ამას ხვდები  და მეც, ამიტომ, უფრო მეტად მეუფლება უსაფრთხოების განცდა. და მაინც, ვერ გამიგია, ასე  რატომ მიჭირს წარმოვთქვა: „რომ იცოდე, რა ძლიერ მიყვარხარ“

 

(დაზაფრული)

ჯეფი

 

გეყოფა... ეს უკვე მეტისმეტია.

 

შელი

 

მიყვარხარ, მართლა.

 

ჯეფი

 

კარგი, კი, მაგრამ...

 

შელი

 „კარგი, კი, მაგრამ...“?

 

(ვარდება)

ჯეფი

 

ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ...

 

შელი

 

მე ვთქვი, რომ მიყვარხარ.

 

ჯეფი

 

ცოტა მოულოდნელი იყო

 

შელი

 

ხუმრობ?

 

ჯეფი

 

შეიძლება მზად არ ვარ?

 

შელი

 

ვეღარ მოვიცდით.

 

ჯეფი

 

საკუთარ სიყვარულზე არ უნდა იყვირო.

 

შელი

 

სწორედაც რომ უნდა იყვირო, რომ გიყვარს. 

 

ჯეფი

 

სიყვარულში ნელ-ნელა უნდა შეხვიდე.

 

შელი

 

არ გიყვარვარ?

 

ჯეფი

 

მე ეს არ მითქვამს

 

შელი

 

ისეთი საზიზღარი ვარ, რომ ჩემი შეყვარება შეუძლებელია?

 

ჯეფი

 

ეგ არც მიფიქრია.

 

შელი

 

მე ხომ  შელი ფიში ვარ, საზიზღარი კიბორჩხალა.

 

ჯეფი

 

მოკეტე, შელი ფიშ....შენ რა, ხუმრობ?

 

შელი

 

მითხრი, რომ გიყვარვარ.

 

ჯეფი

 

მოდი, ნუ გავაფუჭებთ ყველაფერს.

 

შელი

 

თუნდაც ეს ტყუილი იყოს.

 

ჯეფი

 

ფრთხილად უნდა იყო.

 

შელი

 

ფრთხილად? ახლა?

 

ჯეფი

 

აჩქარება არასოდეს არ ღირს.

 

შელი

 

მხოლოდ მე არა...  ჩვენ...

 

ჯეფი

 

დრო ვერ კურნავს გატეხილ გულებს. ყველა მახსოვს. ნათლად, თითოეული უმნიშვნელო წვრილმანიც კი მახსოვს, ყველა ტკივილი, ის მუშტიც, რომელშიც სიყვარულმა ჩემი გული მოიმწყვდია. ის მუშტი ახლაც მიჭერს გულზე და არ მიშვებს, მთელი ძალით მებღაუჭება და სუნთქვას მიკრავს. მუზეუმიდან იწყება და საბოლოოდ, ეს  „სიყვარული“ ყველა ზღვარს გადადის. 

 

 

შელი

 

ახლა ეს არ არის  მეტისმეტი?

 

ჯეფი

 

უსაფრთხოდ უნდა ითამაშო, ეს ოქროს წესია.

 

შელი

 

დაგინახე როგორ ეფლირტავებოდი...

 

ჯეფი

 

ხომ შემეძლო შენთან ახლოს მოვსულიყავი.

 

შელი

 

გოგოებს ადმინისტრაციდან.

 

ჯეფი

 

შეგვეძლო პაემანი გვქონოდა.

 

შელი

 

იცინოდი, ხუმრობდი, იწვევდი...

 

ჯეფი

 

მეორე ფეხსაცმელიც მძვრება.

 

შელი

 

ჩემთან ახლოსაც არ მოსულხარ.

 

ჯეფი

 

ფრთხილად, პატარავ.

 

შელი

 

უბრალოდ თქვი, რომ გიყვარვარ.

 

ჯეფი

 

ქალებს ყოველთვის მიკრული უნდა ჰქონდეთ  გამაფრთხილებელი ნიშნები.

 

შელი

 

არ იტყვი? ჯეფ...

 

(ჯეფი დუმს)

 

კარგი,  კარგი, მაშინ...

 

ჯეფი

 

„კარგი,კარგი, მაშინ“ რას ნიშნავს?

 

შელი

 

ნუ იტყვი.

 

ჯეფი

 

აი, უკვე გეწყინა.

 

შელი (ნაწყენი)

 

სულაც არა.

 

ჯეფი

 

ერთი პაემანი უდრის ერთ ძუკნა შეყვარებულს.

 

შელი

 

არ მწყენია, სულაც არა.

 

ჯეფი

 

წარმოიდგინე 6 თვის შემდეგ.

 

შელი

 

ვერაფერი ვერ გაიგე!

 

(ხელი ეშვებათ ერთმანეთზე,  სხვადასხვა მხარეს მიფრინავენ, კარგავენ ერთმანეთს.)

 

ოღონდ ეს არა!

 

ჯეფი

 

დამიცადე!

 

შელი

 

ეს არა...

 

ჯეფი/შელი (ერთად)

 

იქით რატომ მიდიხარ!

 

შელი

 

ჯეფ...

 

ჯეფი

 

დამელოდე. სად ხარ?

 

შელი

 

აქ.

 

ჯეფი

 

ვერ გხედავ.

 

შელი

 

სად ხარ?

 

ჯეფი

 

მე შენ მიყვარხარ.

 

შელი

 

რა თქვი?

 

ჯეფი

 

ვთქვი, რომ...

 

შელი

 

რა? რა თქვი?

 

ჯეფი

 

მე ვთქვი, რომ...

 

შელი

 

რა?

 

(შელი მიწაზე ეცემა. ბრახუნთან ერთად მისი სინათლე ქრება)

 

ჯეფი

 

შენ ისევ...

 

(ჯეფი მიწაზე ეცემა. ბრახუნთან ერთად მისი სინათლე ქრება)

 

(პაუზა. ორი სინათლე მიდის ორ ადგილას. ჯეფი და შელი ნელ-ნელა დგებიან. ერთმანეთს უღიმიან. მათ ზემოთ ჩნდება სინათლე. ერთმანეთს ხელს კიდებენ. მათი სულები იწყებს ზეასვლას)

 

 

სინათლე თანდათან იკლებს

დასასრული (არის კი ეს დასასრული?)