• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

არსებობენ ისინი, ვისაც ხელის გასვრა უყვართ

×
ავტორის გვერდი გარი სნაიდერი 01 იანვარი, 2015 2254

მთარგმნელი: დალილა გოგია

 

ცნობილმა ამერიკელმა პოეტმა და მწერალმა, ესეისტმა და მთარგმნელმა გერი სნაიდერმა (1930წ.)  შემოქმედებითი გზა გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიწყო. ის ბიტთაობისა და სან-ფრანცისკოს რენესანსის თვალსაჩინო წარმომადგენელია, თუმცა მისი შემოქმედება მხოლოდ ამ მიმართულებებით არ შემოფარგლულა. სნაიდერი ადრეულ ასაკში გაიტაცა აღმოსავლურმა კულტურამ,  მათ შორის, ბუდიზმმა, კერძოდ ძენ-ბუსიზმმა. მან ალენ გინსერგსა და ჯეკ კერუაკსაც ახლოს გააცნო ძენ-ბუდიზმი, რამაც  დიდი გავლენა მოახდინა მათ შემოქმედებაზე. 

1956 წელს მან ამერიკის პირველი ძენ ინსტიტუტის სტიპენდია მოიპოვა და შემდგომი თორმეტი წელი დროდადრო აშრამში, ძენის შესაწავლასა და მედიტაციაში გააატარა. ასევე, მოგზაურობს ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში, თურქეთში. ის იაპონელ ბერებთან ერთად ცხოვრობს და მათთან ერთად მედიტირებს.  ამ პერიოდში  ის ურბანული ამერიკის გავლენისგან გათავისუფლებას ახერხებს.

 ამერიკაში დაბრუნების შემდეგ მან სახლი მდინარე იუბას სანაპიროზე სიერა ნევადას მთებში აიშენა და იქ დასახლდა.

დიდია აღმოსავლეთის გავლენა გერი სნაიდერის პოეზიაზე. ფორმა, გამომსახველობა, თემა - ყველაფერი ამაზე მიანიშნებს. თუმცა, სნაიდერი მხოლოდ აღმოსავლეთით არაა გატაცებული. მან შეისწავლა ამერიკელი ინდიელებისა და სხვადასხვა ე.წ. „პრიმიტიული“ კულტურების  მითები,  და მათი გავლენით, ის პოეტს ხედავს, როგორც შამანს, რომელიც შუამავლად გვევლინება მიწიდან ამოხეთქილ პოეზიას, საგალობლებსა და სამყაროს შორის.

გერი სნაიდერი ამასთანავე, ინტერესდება ბუნებით, ეკოლოგიით და ამასთან დაკავშირებული პრობლემებით. სწორედ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება 1974 წელს პულიცერის პრიზით დაჯილდოებული მისი კრებული „კუს კუნძული“.

ეპიკურ პოემაზე, „უსასრულო მთები და მდინარეები“ გერი სნაიდერი ორმოცი წელი მუშაობდა. მასში ასახულია ძენ ბუდიზმი, ადგილობრივი ამერიკელების მითოლოგია და ადამიანის კავშირი ბუნებასთან. 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თემებისა, სნაიდერის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულს. რობინისადმი მიძღვნილი ლექსები ამ თემაზე დაწერილი ლექსების ნაწილია. 

გერი სნაიდერს  უამრავი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული. 2003 წელს სნაიდერი ამერიკელი პოეტების აკადემიის თავმჯდომარედ აირჩიეს. არის კალიფორნია-დევისის უნივერსიტეტის პროფესორი. ის ითვლება  ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოეტად თანამედროვე ამერიკულ პოეზიაში.

მას ნათარგმნი აქვს ჩინური და იაპონური ლიტერატურა,

როგორც კენეტ რექსფორტი აღნიშნავს: „სნაიდერი ახალ ეთიკას, ახალ ესთეტიკას და ცხოვრების ახალ სტილს გვთავაზობს. მან შეისწავლა სხვადასხვა ხალხების პოეზია, და შექმნა სტილი, რომლითაც ნებისმიერ სათქმელს იტყვის.“

 

არსებობენ ისინი, ვისაც ხელის გასვრა უყვართ

 

არსებობენ ისინი, ვისაც ხელის გასვრა უყვართ

და ყველაფრის მოგვარება.

ისინი სვამენ ყავას განთიადისას,

და ლუდს სამსახურის შემდეგ.

ისინი კი,  ხელს რომ არ ისვრიან,

უბრალოდ  ყველაფერს აღმერთებენ,

საუზმეზე რძეს მიირთმევენ

და ღამით წვენს.

არსებობენ ისინიც, ვინც ხელსაც ისვრის და სუფთაც რჩება,

ისინი ჩაის სვამენ.

 

 

 

 

ბებრუხანა  ბუნება

 

ბებრუხანა  ბუნებას

ბუნებრივად აქვს

სადღაც შეჩურთული

ძვლებით სავსე  ჩანთა

ძვლებით სავსე მთელი ოთახი!

ტყეში კი  თმისა და ხრტილების 

გასაწეწი ნაფოტები,

მელიის თმააკრული კურკლი, კბილის ანაბეჭდებით.

ნეხვის გროვა, ყორღანი,

ძვლის ფანტელები ნაკადულის პირას.

კრუტუნა კატა, ჯერ თაგვის თავს რომ

ატკაცუნებს და კუდამდე შეექცევა.

საყვარელი მოხუცი ქალი

მთვარის შუქზე შეშას

წყნარად რომ აგროვებს.

... ნუ იზაფრები,

ახლა ის შენთვის წვნიანს აცხელებს.

 

 

 

 

შევედი ბარში სახელად მავერიკი*

 

ნიუ მექსიკოში, ფარმინგტონში,

ბარში შევედი სახელად „მავერიკი“

და ორი ორმაგი ბურბონი გადავკარი,

მერე ბურგონი ლუდით გავამაგრე,

გრძელი თმა კეპის ქვეშ ავიკეცე,

(საყურე მანქანაში მოვიხსენი)

ორი კოვბოი გვერდით, ბილიარდს

            აგრიალებდა,

მიმტანმა გვკითხა საიდან ხართ?

ქანთრი-ვესტერნის პატარა ბენდმა დაკვრა დაიწყო.

„მუსკოკიში მარიხუანას არ ვეწევით“

მომდევნო სიმღერაზე ერთი წყვილი აცეკვდა.

ცეკვავდნენ, როგორც სკოლის მოსწავლეები

ორმოცდაათიანებში.

 გამახსენდა მუშაობა  ტყეში 

და არიგონაში  მადრასის ბარები.

თმაგაკრეჭილი მხიარულება  და  სიტლანქე-

ამერიკა - შენი სიბრიყვე.

ლამის ისევ შეგიყვარე.

ბარიდან გამოვედით -   გზატკეცილზე,

                        ბებერი, პირქუში ვარსკვლავების ქვეშ -

ფრიალო კლდის ჩრდილში

                        ისევ საკუთარ თავს დავუბრუნდი,

და  ნამდვილ საქმეს,

                        იმას, რაც მე უნდა ვაკეთო.

 

* Maverick (ინგლ.) მაწანწალა

 

 

 

 

რობინს

ისევ ვერ მოგიხელთე -

შემოდგომაზე, როცა მთიდან ჩამოვედი,

სან ფრანცისკოდან წასული დამხვდი,

ახლა კი, მე ისევ ჩრდილოეთში ვბრუნდები,

                        შენ კი სამხრეთში.

ოკეანესთან კოცონს ვუზივარ,

ეს უკვე მერამდენედ,

გზას გავუდექი;

                        იგივე ჩანთა მკიდია ზურგზე.

წვიმა დეკაზე კაკუნით დადის

ღრუბელი ზღვიდან ქვიშის დიუნებს მოყვება

და კუზიან ფიჭვებამდე აღწევს.

 

იმ წლებზე ვფიქრობ, რაც ერთად არ ვართ.

ერთი კვირის წინ ისევ გინატრე  -

როცა ბოსტნეულს ვყიდულობდი

თან წასაღებად. 

 

 

ოთხი ლექსი რობინს

 

1.         ღამე სიუსლოუს ტყეში

ველური ვარდის ქვეშ დავწექი

მთელი ღამე ყვავილები ზედ მეყრებოდა

მუყაოს ქვეშაგებში ვკანკალებდი

გასათბობად ფეხებზე ჩანთა ამოვიცვი

ხელები კი ჯიბეში ღრმად ჩავიყავი.

ვერ დავიძინე.

თვალწინ დამიდგა -  ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები

დიდ თბილ საწოლში ერთად ვიწექით

მაშინ ყველაზე პატარა საყვარლები

ცხრამეტი წლისანი ერთმანეთს დავშორდით

ყველა ჩვენი მეგობარი უკვე დაქორწინდა

შენ აღმოსავლეთში ბავშვებს ასწავლი

მე კი მომწონს ასე ცხოვრება

მწვანე მთები თვალუწვდენელი ლურჯი სანაპირო

მაგრამ ზოგჯერ ღია ცის ქვეშ ძილი

იმ დროს მახსენებს, როცა შენ მყავდი.

 

2.         გაზაფხულის ღამე შოკოკუ-ჯიში

 

რვა წლის წინ ასეთივე მაისი იდგა

ღამით ორეგონის ხეხილის ბაღში

აყვავებული ალუბლების ქვეშ დავსეირნობდით.

 

ყველაფერი, რაც მაშინ მსურდა,

დავიწყებას მიეცა უკვე, შენს გარდა.

ახლაც ღამეა

ძველი დედაქალაქის ბაღში

ვგრძნობ იუგაოს აჩრდილის თრთოლვას

ჩითის კაბის ქვეშ  შენი გრილი სხეულის

სიშიშვლე მახსოვს.

 

 

 

 

 

3.       შემოდგომის დილა შოკოკუ-ჯიში

 

წუხელ ცაზე პლეადებს შევცქეროდი,

მთვარის შუქზე ჩემი სუნთქვა ორთქლივით ჩანდა,

მწარე მოგონებები ყელში ისე

მომებჯინა, ლამის დამახრჩო.

შემოდგომის ხშირი ვერსკვლავების ქვეშ

საძილე ტომარა  პარმაღზე

პატარა ფარდაგზე გავშალე.

სიზმარში გნახე

(მესამეჯერ ცხრა წლის მანძილზე)

უცხო, გულგრილი, ყველაფრისთვის პასუხს მთხოვდი.

გავიღვიძე დარცხვენილმა და გაბრაზებულმა:

გულის უმიზნო ბრძოლები.

თითქმის ინათა. ვენერა და იუპიტერი.

პირველად ვნახე

ორივე ერთად.

 

 

4.       დეკემბერი Yase -ში

 

მახსოვს, როგორ თქვი, იმ ოქტომბერს,

მაღალ გამხმარ ბალახებში, ხეხილის ბაღთან,

მაშინ, როცა თავისუფლება აირჩიე,

„სხვა დროს, ოდესმე, ალბათ ასე, ათი წლის შემდეგ.“

კოლეჯის მერე სულ ერთხელ

გნახე. უცნაური მეჩვენე მაშინ.

მე შეპყრობილი ვიყავი მომავლის გეგმით.

აი, გავიდა ათი წელი კი არა,

მეტიც: მთელი ეს დრო, მე ყოველთვის ვიცოდი

                         სად ხარ -

ალბათ უნდა მოვსულიყავი

იმ  იმედით, რომ შენს სიყვარულს

დავიბრუნებდი.

ისევ მარტო ხარ.

 

მაგრამ არც ვცადე.

ვიფიქრე,  მარტო უნდა ვყოფილიყავი. და

მარტო დავრჩი.

მხოლოდ სიზმრებში, როგორც ამ დილით,

ჩვენი ბავშვობის საბედისწერო სიყვარული

უბრუნდება ჩემს ტვინს და სხეულს.

 

ის ყველაფერი, რასაც  სხვები ეძებდნენ,

გვქონდა,

მათთვის ოცნება, ჩემთვის და შენთვის, ცხრამეტი წლის ასაკში მორჩა.

 

ასე მგონია, ბერიკაცი ვარ, უკვე

თითქოს ბევრი სიცოცხლე გამოვიარე,

და ახლა ალბათ ვერასოდეს ვეღარ მივხვდები

სულელი ვარ თუ

ჩემი კარმა მოითხოვს ასე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული