• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ფოკუსი ქუდით და სხვა მოთხრობები

×
ავტორის გვერდი ეტგარ კერეტი 04 მარტი, 2015 2810

მთარგმნელი: დალილა გოგია

=================================

 

ფოკუსი ქუდით

 

შოუს ბოლოს კურდღელს ქუდიდან ვაძვრენ. ყოველთვის ასე ვაკეთებ, რადგან ბავშვები გიჟდებიან ცხოველებზე. ყოველ შემთხვევაში, ბავშვობაში მე ვგიჟდებოდი. სულ ბოლოს კურდღელს ჩამოვატარებ ხოლმე. ყველა ბავშვს შეუძლია მოეფეროს და რამე აჭამოს. ამით შოუს მხირულ ნოტაზე ვასრულებ. ესაა, რასაც ოდესღაც ვაკეთებდი. აი, დღევანდელ ბავშვებთან კი, უკაცრავად! რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთული ხდება მათი აღფრთოვანება. და მაინც, კურდღელს ბოლოსთვის ვიტოვებ ხოლმე. ეს ნომერი ყველაზე მეტად მიყვარს, უფრო სწორედ,  ყველაზე მეტად მიყვარდა. როცა ხელი ქუდისკენ მიმაქვს, მაყურებელს თვალს არ ვაცილებ. ხელს ქუდში ღრმად და დიდხანს ვაფათურებ, მანამდე, სანამ კაზამის ყურებს არ ვიგრძნობ.

 

და შემდეგ „კაზამ, კაზამ!“ და აი, ისიც! ბავშვებს იმედს არასოდეს უცრუებს, ყოველთვის აოცებს და არა მარტო ბავშვებს, მეც. ყოველ ჯერზე, როცა ქუდში ხელით ამ სასაცილო ყურებს ვეხები, თავს ჯადოქრად ვგრძნობ. და თუმცა კარგად ვიცი, ეს ფოკუსები როგორ კეთდება, ფარული უჯრა მაგიდაში და ასეთი რამეები, მაინც, რაღაც წმინდა წყლის ჯადოსნობას გავს.  

 

იმ შაბათს, გარეუბანში,  როგორც ყოველთვის, ეს ფოკუსი ბოლოსთვის შემოვინახე. იმ დაბადების დღეზე ბავშვები ყურადღებასაც კი არ მაქცევდნენ. ზოგიერთები ზურგით ისხდნენ და საკაბელოზე შვარცნეგერის ფილმს უყურებდნენ. იუბილარი არც კი შემოსულა იმ ოთახში, როგორც თქვეს, ახალ ვიდეო თამაშს თამაშობდა სადღაც. ჰა, ჰა, სულ ოთხი ბავშვი თუ მიყურებდა. რაღაც განსაკუთრებით ჩახუთული დღე იყო. იმ ჯადოქრის ფორმაში ხომ სულ ოფლში ვიწურებოდი. ერთი სული მქონდა დროზე დამემთავრებინა და იქაურობას მოვშორებოდი. სამი ფოკუსი გამოვტოვე და პირდაპირ ქუდზე გადავედი. ხელი ქუდში ღრმად ჩავყავი  და თან პატარა, ფუმფულა, სათვალიან გოგოს მივაშტერდი. კაზამის ყურებზე შეხებამ  ისევ გამაოცა, ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის.

„კაზამ! კაზამ“! კიდევ ერთი წუთი იუბილარის მამიკოს ოთახში და აქედან შორს ვარ ჯიბეში 300 შეკელით!

კაზამს ყურებში ხელი წავავლე, ამოვწიე და და რაღაც თითქოს ისე არ იყო - მემსუბუქა. ჩემი ქუდი გადაფრიალდა, თვალები ისევ გოგონაზე მქონდა მიშტერებული. და - უცებ მაჯაზე სისველე ვიგრძენი და ფუმფულა გოგომ კივილი მორთო. მარჯვენა ხელში კაზამის თავი მეჭირა, გრძელი ყურებითა და ფართოდ გახელილი კურდღლის თვალებით. მხოლოდ თავი, სხვა არაფერი! და უამრავი სისხლი! ფუმფულა კი კიოდა და კიოდა! ზურგით მსხდარი ბავშვები მოტრიალდნენ და ტაში დამიკრეს. ხმაურზე იუბილარი შემოვარდა და ეს მოწყვეტილი თავი რომ დაინახა, სიხარულისგან გადარეულივით სტვენა დაიწყო. ვიგრძენი, ჩემი საუზმე როგორ ამომივიდა კისრამდე. ჩემს ჯადოსნურ ქუდში ჩავარწყიე და ის ნარწყევი გაუჩინარდა! ამან ბავშვები  სულ გადარია.

 

  იმ ღამით თვალიც კი არ მომიხუჭავს. ჩემი  ჯადოსნური მექანიზმი ათასჯერ მაინც გადავამოწმე. ვერაფერით მივხვდი, მაინც რა მოხდა. დილით ილუზიონისტების მაღაზიაში წავედი. ჩემი მონაყოლით ისინიც დაბნეულები ჩანდნენ. კურდღელი ვიყიდე.  გამყიდველი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ კუ ჯობდა. „ რაღა დროს კურდღელია, ახლა კუა მოდაში! ბავშვებს ეტყვი, რომ ნინძა ხარ და ყბები ჩამოუვარდებათ“

 

  მაინც კურდღელი ვარჩიე და მასაც კაზამი დავარქვი. სახლში რომ მივედი, ტელეფონის ავტოჩამწერზე ხუთი მესიჯი დამხვდა - ყველა დაბადების დღეზე გამოძახება იყო. ერთი ბიჭი იმასაც მოითხოვდა, რომ კურდღლის თავი მისთვის დამეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს. აი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ კაზამის თავი არ წამომიღია.

 

ჩემი შემდეგი გამოსვლა იყო ოთხშაბათს. 10 წლის ბავშვის დაბადების დღეზე ელიტარულ უბანში. მთელი შოუს განმავლობაში საშინლად დათრგუნული ვიყავი. კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი. ფოკუსი „დამა გული“ სულ ავურიე. მხოლოდ ქუდზე ვფიქრობდი. და ბოლოს, ის დროც მოვიდა. „კაზამ, კაზამ“! გამჭოლი მზერა მაყურებელზე და ხელი ქუდში. ყურებს ვერ მივაგენი, თუმცა სხეული იგივე წონის იყო. მშვიდი, რბილი, მაგრამ უცნაურია, იგივე წონის. და ისევ კივილი! კივილი, მაგრამ თან აპლოდისმენტებიც. რაც ხელში მეჭირა, კურდღელი კი არა, მკვდარი ბავშვი იყო.

 

იმ ფოკუსს ვეღარ ვაკეთებ. არადა, როგორ მიყვარდა, ახლა კი მის გახსენებაზე ხელების კანკალი მეწყება. სულ კოშმარებზე ვფიქრობ. სულ მელანდება, რომ ქუდიდან რაღაც საშინელებები უნდა ამოვქაჩო, რომ იქ შემზარავი რაღაცეები სხედან და მელიან, როდის ჩავყოფ ხელს. წუხელ მესიზმრა, ქუდში ხელი ჩავყავი და პირდაპირ  მონსტრის ყბებში კი მოვხვდი. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვბედავდი და იმ სიბნელეში ხელს როგორ ვყოფდი. ან საიდან მქონდა იმდენი ვაჟკაცობა, რომ თვალები დამეხუჭა და დამეძინა. 

 

ფოკუსებს საერთოდ აღარ ვაკეთებ, და არც მედარდება. ფული საერთოდ აღარ მაქვს, მაგრამ ამასაც არა უშავს. ყოველგვარ ჯადოსნობას ჩამოვშორდი და აღარაფერს აღარ ვაკეთებ. უბრალოდ, თველებგახელილი ვწევარ და კურდღლის თავზე და მკვდარ ბავშვზე ვფიქრობ. თითქოს ისინია ამ გამოცანის გასაღები.  თითქოს მათი საშუალებით ვიღაცას რაღაცის თქმა უნდოდა ჩემთვის, აი, რაღაც ისეთის, რომ ახლა არც თუ საუკეთესო დროა ბაჭიებისთვის, და არც ბავშვებისთვის, და რომ ახლა ჯადოქრების დრო მართლა არ არის.

 

 

 

 

ბოტასები

 

 ჰოლოკოსტის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ჩვენმა მასწავლებელმა, სარამ 57 ნომერი ავტობუსით ვოლინის მემორიალურ მუზეუმში წაგვიყვანა. იმ დღეს თავი  ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად ვიგრძენი. ჩემს კლასში ყველა ბავშვი ერაყიდანაა, ჩემი ბიძაშვილის, ერთი ბიჭის, გვარად დრუკმანისა და ჩემ გარდა. და მე ერთადერთი ვიყავი, ვისი ბაბუაც ჰოლოკოსტის მსხვერპლი იყო. მუზეუმის შენობა ძალიან ლამაზი აღმოჩნდა - კედლები ძვირფასი შავი მარმარილოთი მოპირკეთებული, მასზე კი უამრავი შავ-თეთრი სევდიანი ფოტო და ხალხის, ქვეყნების და მსხვერპლის გრძელი სია. ორ-ორად დავეწყვეთ და შენობის ირგვლივ დავიწყეთ სიარული და სურათების თვალიერება. მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, ხელით არ შევხებოდით, მაგრამ მე მაინც არ დავუჯერე. შევეხე სურათს, რომელზეც გამხდარი ფერმკრთალი კაცი, სენდვიჩით ხელში, ტიროდა. ცრემლები სახეზე ისე ჩამოსდიოდა, როგორც ქუჩას დაყვება თეთრი ზოლები.   ორიტ სალემი, ჩემი მეწყვილე გოგონა, დამემუქრა, რომ ამას მასწავლებელს ეტყოდა. მე ვუპასუხე, რომ შეეძლო ვისთვისაც უნდოდა, იმისთვის ეთქვა, თუნდაც დირექტორისთვის, სულ არ მაინტერესებდა, რომ ის კაცი ბაბუაჩემი იყო, და როცა მინდოდა, მაშინ შევეხებოდი.

 

 

    სურათების დათვალიერების მერე დიდ დარბაზში შეგვიყვანეს, და გვაჩვენეს ფილმი, სადაც პატარა ბავშვები სატვირთო მანქანაზე აყავდათ და ბოლოს გაზის კამერებში ახრჩობდნენ. ფილმის მერე მოხუცი გამხდარი კაცი ავიდა სცენზე და გვიამბო, როგორი მკვლელები და ნაძირლები იყვნენ ნაცისტები  და რომ ომის დროს  ერთი ჯარისკაცი თავადაც კი მიახრჩო შიშველი ხელებით.

  

ჯერბიმ, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, თქვა, რომ ეს მოხუცი გვატყუებდა, და რომ მსოფლიოში არ მოიძებნებოდა ჯარისკაცი, რომელსაც ეს კაცი მოერეოდა. მაგრამ მე იმ კაცს თვალებში შევხედე და დავუჯერე. მის თვალებში იმხელა რისხვა დავინახე, რომ  მასთან შედარებით მსოფლიოს ყველა პანკის ამბოხი ერთად აღებული, სულ პაწაწინა მუხტი ჩანდა.

 

 

ბოლოს, როცა ომის ამბების მოყოლა დაასრულა, გვითხრა, რომ რაც იქ მოვისმინეთ, ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო წარსულის, არამედ, რაც იმის გამოც, რაც ახლა ხდებოდა, რადგან გერმანელები ისევ ცოცხლები იყვნენ და ისევ ქონდათ საკუთარი ქვეყანა. ასევე დაამატა, რომ თავად არასოდეს დაივიწყებდა მათ ბოროტებას და იმედიც გამოთქვა, რომ არც ჩვენ დავივიწყებდით, და არასოდეს უნდა წავსულიყავით გერმანიაში, რადგან ღმერთი ამას კრძალავს. როცა მან თავის მშობლებთან ერთად გერმანიაში იმოგზაურა 50 წლის წინ, იქ ყველაფერი მართლაც მშვენიერი იყო, მაგრამ საშინლად დასრულდა.  მან თქვა, რომ ხალხს ზოგჯერ მოკლე მახსოვრობა აქვს, განსაკუთრებით ცუდ ამბებთან დაკავშირებით. მათ ურჩევნიათ დაივიწყონ. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სულ ვიფიქროთ მის მონათხრობზე,მაშინაც კი, როცა ტელევიზორს ვუყურებთ, რადგან  უმრავლესი კომპანიები, რომლებიც ტელევიზორებს აკეთებენ გერმანიაშია, და ეს ეკრანები, და ტელევიზორის ყველა სხვა, მცირე ნაწილიც კი, მკვდარი ებრაელების კანის, ხორცისა  და ძვლებისგანაა გაკეთებული.     

   

 

 როცა გარეთ გამოვდიოდით, ჯერბიმ ისევ გაიმეორა, რომ თუ ამ მოხუცმა მართლაც მიახრჩო გერმანელი, მაშინ ის თავის მაისურს შეჭამდა.  მე კი ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, რომ ჩვენი მაცივარი ისრაელშია დამზადებული, იმიტომ, რომ პრობლემების თავი არ მქონდა.

 

 

     ორი კვირის შემდეგ ჩემი მშობლები დაბრუნდნენ საზღვარგარეთიდან და ბოტასები ჩამომიტანეს. ჩემმა უფროსმა ძმამ უთხრა დედაჩემს, რომ ბოტასები მინდოდა, და მანაც საუკეთესო მიყიდა. დედამ ქაღალდის პარკი ღიმილით გამომიწოდა. დარწმუნებული იყო, აზრზე არ ვიყავი, შიგ რა იდო. მაგრამ მე მაშინვე ვიცანი ადიდასის ლოგო. ყუთი პარკიდან ამოვიღე და დედას მადლობა ჩავუბუტბუტე. ოთხკუთხედი ყუთი იყო, კუბოსავით, შიგ კი ორი თეთრი ბოტასი ეწყო, სამი ცისფერი ზოლით. გვერდზე ეწერა Adidas Rom. არც კი მჭირდებოდა შიგნით ჩახედვა, ეგრევე ვიცოდი.

„გაისინჯე, ნახე, როგორ გექნება“ მითხრა დედამ და ქაღალდი შემოაცალა. დედა მთელი ეს დრო იღიმებოდა, აზრზეც ვერ მოდიოდა, რა ხდებოდა.

 

 

„გერმანულებია, იცი?“ ამოვღერღე და ხელი ხელზე მაგრად მოვუჭირე.

„ ვიცი“ - ისევ იღიმოდა დედა - „ადიდასი მსოფლიოში ყველაზე მაგარია“

 „ბაბუაც ხომ გერმანიიდან იყო“ -  ვცადე მიმეხვედრებინა.

„არა, პოლონეთიდან“ შემისწორა დედამ. წამით მოიღუშა, მაგრამ ეგრევე გადაუარა და ფეხზე ბოტასი ამომაცვა, ზონრებს მიკრავდა. ხმა აღარ ამომიღია. რა მნიშვნელობა ქონდა. დედაჩემი აზრზე არ იყო. არასოდეს ყოფილა ვოლინის  მემორიალურ მუზეუმში. არც არავის უამბია მისთვის იმ ამბების შესახებ. მისთვის ის ბოტასები უბრალოდ ბოტასები იყო, და გერმანია კი - პოლონეთი.  

ჰოდა, ჩავიცვი ისე, რომ არაფერი მითქვამს. აზრიც არ ქონდა. ეწყინებოდა. ისევ მადლობა გადავუხადე და ვაკოცე.

„ნახე რა“, - მამა მისაღები ოთახიდან მეხუმრებოდა - „რა, არ აპირებ ახლა გარეთ გავარდე და ერთ დღეში გააძრო ძირი?“

ისევ დავიხედე ბოტასებზე და იმ მოხუცის სიტყვები გამახსენდა, რომელმაც გერმანელი ჯარისკაცი თავისი ხელით მიახრჩო. გამახსენდა, მისი სიტყვები, ყველას უნდა გვახსოვდესო. ისევ გადავუსვი ხელი ადიდასის ზოლებს და ბაბუაჩემის ფოტო გამახსენდა.

„რბილებია?“ მკითხა დედამ.

„რბილები იქნება, აბა რა“, გასძახა ჩემმა ძმამ ჩემს ნაცვლად „აქაური უბრალო ბოტასები ხო არაა, ზუსტად ისეთებია, კრუიფს რომ ეცვა“

ფეხისწვერებზე კარისკენ წავედი. ასე მივედი თავისუფლების პარკამდე.

იქ ბავშვები, ბოროჩოვის სკოლიდან, სამ გუნდად იყვნენ დაყოფილი : ჰოლანდია, არგენტინა და ბრაზილია. ჰოლანდიელებს ერთი მოთამაშე აკლდათ და დამთანხმდნენ მეც მათთან მეთამაშა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, არაბოროჩოველს არ ათამაშებენ ხოლმე.

 

როცა თამაში დაიწყო, ჯერ კიდევ მახსოვდა, რომ წვერით არ უნდა დამერტყა, ასე ბაბუას არ ვატკენდი, მაგრამ როცა თამაში გახურდა, სულ გადამავიწყდა, აი,  ზუსტად ისე, როგორც იმ კაცმა თქვა, ხალხს მოკლე მახსოვრობა აქვს და ცუდი ამბები ავიწყდებათო. გადამწყვეტი გოლიც კი გავიტანე.   როცა თამაში დამთავრდა, გამახსენდა და ფეხებზე დავიხედე. უცებ, ბოტასები ისეთი კომფორტული და გაცილებით უკეთესი მომეჩვენა, ვიდრე პირველად ყუთში ვნახე.

„უფ, რა დარტყმა იყო!“ - გავახსენე ბაბუას როცა სახლში მივდიოდი. „მეკარე ვერც კი მიხვდა მისკენ რა მიფრინავდა“

ბაბუას ხმა არ ამოუღია. მაგრამ ჩემი ნაბიჯების რიტმიდან მივხვდი, რომ ისიც ბედნიერი იყო.

 

 

 

ნეტავ დაიხოცონ

                                                               

არდადეგებზე ჩემმა მშობლებმა მთელი კვირით ბანაკში გამაგზავნეს. პირველივე წუთიდან ვერ ავიტანე. ერთადერთი, რაც მინდოდა, ტირილი იყო. სხვა ბავშვები ბედნიერად დარბოდნენ აქეთ იქით. ვერაფრით ვერ დავადგინე რატომ და ეს კიდევ უფრო მაგრად მიშლიდა ნერვებს.

მთელი დღე რაღაცეებს ვთამაშობდით და ბოლოს აუზით დავამთავრეთ. მე კრიჭა მქონდა შეკრული, ხმას არ ვიღებდი, რომ სხვა ბავშვებს ჩემს ხმაში ცრემლები არ შეენიშნათ და არ დაეცინათ.  

    ღამით, როცა სინათლე ჩააქრეს, ცოტა მოვიცადე და მერე სატელეფონო ჯიხურისკენ წავედი სასადილოს გვერდით. გარეთ წვიმდა. ფეხშველა მივრბოდი, პიჟამოთი. გრილმა ჰაერმა პირი დამაღებინა და ისეთი წივილი ამოვუშვი, რომ ჯოჯოხეთსაც კი თავზარს დავცემდი.  სახლის ნომერი ავკრიფე,  მამამ მიპასუხა.  ტელეფონისკენ რომ მოვრბოდი, იმედი მქონდა, დედა აიღებდა ყურმილს, მაგრამ ახლა, ამ წვიმასა და სიცივეში, ამ წივილში, რომელიც ამომდიოდა და ამომდიოდა და საკუთარ ხმას ვერც კი ვცნობდი, სულაც აღარ მაინტერესებდა დედა იქნებოდა თუ მამა.

ვუთხარი, ჩამოსულიყო და შინ წავეყვანე. მერე დავიწყე რასაც ქვია ტირილი. მამაჩემი გაგიჟდა. ალბათ ორჯერ მკითხა რა მოხდა. მერე დედა მალაპარაკა. ვტიროდი და ხმას ვერ ვიღებდი.

„ახლავე მოვდივართ“ თქვა დედამ. გავიგე მამამ რაღაც თქვა, და დედამ უხეშად გააწყვეტინა პოლონურად.  „გაიგე, დანდუშ, ახლავე წამოვალთ, ოთახში დაგველოდე,  გარეთ ცივა და არ გაცივდე. არ ინერვიულო, გიპოვით“

 

 ყურმილი დავკიდე და ჭიშკრისკენ გავიქეცი. ვიჯექი და ველოდებოდი. ვიცოდი, რომ საათზე მეტი დაჭირდებოდათ ჩამოსასვლელად. საათი არ მქონდა, და მეც ვეცადე როგორმე სხვაგვარად გამომეთვალა დრო. თან მციოდა, თანაც მცხელოდა.  არა და არ მოდიოდნენ. ჩემი გამოთვლებით, ასე, ორასი წელი იყო რაც ველოდებოდი. მზე უკვე ამოდიოდა, მაგრამ ჩემი მშობლები ჯერ არ ჩანდნენ. მითხრეს, რომ ჩამოვიდოდნენ, მატყუარა ნაბიჭვრები! ვნატრობდი დახოცილიყვნენ. ისევ ავტირდი. ბოლოს ერთმა ინსტრუქტორმა მნახა და მედპუნქტში მიმიყვანა. იქ რაღაც აბი მომცეს. არავის დავლაპარკებივარ.

 

  შუადღისას ერთი სათვალიანი ქალი შემოვიდა და მედდას რაღაც უჩურჩულა.  მედდამ თავი დაუქნია და ხმამაღლა, ისე, რომ მეც გამეგო, უპასუხა: „საწყალი ბავშვი, ალბათ გული უგრძნობდა“

მერე იმ სათვალიანმა კიდევ რაღაც უჩურჩულა და მედდამ ხმამაღლა თქვა „ მისის ბელა, მე განათლებული ქალი ვარ, და არა ვიღაც ბნელი სოფლელი, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეცნიერულად ვერ ახსნი“

მერე ჩემი უფროსი ძმა ელი მოვიდა. კარებში იდგა, რაღაც სულელურად და საცოდავად და ცდილობდა გაეღიმა. მედდას რაღაც უთხრა, მერე ხელი ჩამავლო და მანქანის სადგომისკენ წავედით. ჩემი ნივთების წამოსაღებად არც კი გავუგზავნივარ.

„დედა და მამა დამპირდნენ რომ ჩემს წასაყვანად მოვიდოდნენ“ ვუთხარი. თითქმის ვტიროდი.

„ვიცი, - მიპასუხა ისე, რომ ზედაც არ შემოუხედავს - ვიცი“

 

  მაგრამ არ მოვიდნენ“ უკვე ვტიროდი „ მთელი ღამე ველოდი წვიმაში, მატყუარა ნაბიჭვრები. ნეტა მოკვდნენ“

ელი უცებ მოტრიალდა და გამარტყა. ისე კი არა, ბავშვებს რომ ურტყავენ რომ მოაკეტინონ, არა, მთელი ძალით დამარტყა. ვიგრძენი, რომ მიწა მეცლებოდა, როგორ ავედი ზევით, და მერე დავეცი. შოკში ვიყავი. ელი ისეთი ძმა იყო,  რომელიც გასწავლის როგორ მისცე ზუსტი პასი, და არა ისეთი, რომელიც გირტყავს. წამოვდექი. მთელი სხეული მტკიოდა და პირში სისხლის მლაშე გემო მქონდა. არ მიტირია, მიუხედავად იმისა, რომ ყბა საშინლად მტკიოდა. უცებ ელიმ წამოიწყო :

„ფუ, ამისი„ თქვა „ჯანდაბა, არც კი ვიცი რა უნდა ვქნა“ ასფალტზე დაჯდა. ელი ტიროდა. მერე ცოტა დამშვიდდა და უკან, თელ -ავივში დავბრუნდით. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. მივედით ელისთან. ელი ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო და ვიღაცასთან ერთად ბინა ჰქონდა ნაქირავები.

„დედაშენი“ - დაიწყო - „ნუ, დედაჩვენი“ ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით.

„დედა და მამა“ ისევ დაიწყო და გაჩერდა.

ბოლოს ორივეს მოგვბეზრდა.

მშიოდა. მეორე დღე იყო, ლუკმა არ ჩამსვლოდა პირში. სამზარეულოში გავედით და ელიმ ერბოკვერცხი გამიკეთა.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული