შერეული ქორწინება და სხვა ლექსები





პოეზია

შერეული ქორწინება და სხვა ლექსები




ნატაშა ტრეთევეი

2012 წლის ივნისში ნატაშა ტრეთევეი ამერიკის შეერთებული შტატების პოეტ-ლაურეატად დაინიშნა. ის მრავალი ლიტერატურული პრიზისა თუ პრემიის მფლობელია. 2007 წელს მას პულიცარის პრიზი გადასცეს პოეტური კრებულისთვის  Native Guard, სადაც შეერთებული შტატების სამხრეთში ცხოვრების თავის პერსონალურ გამოცდილებასა და ამ მხარის ისტორიაზე გვიამბობს. Mississippi Native Guards იყო სამხედრო ლეგიონი, რომელიც ძირითადად შავკანიანი მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული და დიდი წვლილი შეიტანა სამოქალაქო ომში, თუმცა მათი დამსახურება  უსამართლოდ იქნა მივიწყებული. 

ნატაშა ტრეთევეი 1966 წლის 26 აპრილს, მისისიპის შტატში, გალფორტში დაიბადა.  ფერადკანიანი გვენდოლინ ენ თურნბუისა და კანადელი ემიგრანტის, თეთრკანიანი ერიკ ტრეთევეის ოჯახში. იმ დროს მისისიპიში ჯერ კიდევ აკრძალული იყო შერეული ქორწინებები.  პოეტზე ბავშვობაში დიდი გავლენა მოახდინა შეერთებული შტატების სამხრეთში არსებულმა ჯერ კიდევ მძლავრმა რასისტულმა განწყობამ, რის გამოც უჭირდა საკუთარი თავის იდენტიფიკაცია. როგორც ის აღნიშნავს, იმ დროს სხვადასხვა რასის მშობლების შვილებს კანონი არ ცნობდა, და იმჟამინდელი კანონების მიხედვით მისმა მშობლებმა ორჯერ დაარღვიეს შტატის კანონი - როცა დაქორწინდნენ და როცა შვილი ეყოლათ.

ნატაშა ტრეთევეის პოეტ-ლაურეტად დანიშვნის ცერემონიალზე აკადემიკოსმა ჯეიმს ბილინგტონმა აღნიშნა, რომ პოეტი თავის პოეზიაში „ოსტატურად აზავებს თავის პირად ისტორიას ქვეყნის ისტორიასთან“.   

 

მთარგმნელი დალილა გოგია

------------------------------------------------

ამბავი

 

ამ ამბავს ყოველ წელს ვყვებით.

როგორ ვიხედებოდით ფარდებჩამოფარებული ფანჯრებიდან,

თუმცა რეალურად არაფერი ხდებოდა გარეთ,

დამწვარი ბალახი ისევ ამწვანდა.  

 

ფარდებჩამოფარებული ფანჯრებიდან ჩვენი მზერა მიდიოდა

ნაძვის ხესავით დადგმულ ჯვართან,

დამწვარი ბალახი ისევ ამწვანდა. მერე

ვაბნელებდით ოთახებს და ვანთებდით ნავთის ლამფებს.

 

ნაძვის ხესავით დადგმულ ჯვართან

იკრიბებოდნენ ანგელოზივით თეთრი კაცები, მოსასხამებში,

ჩვენ ვაბნელებდით ოთახებს და ვანთებდით ნავთის ლამფებს,

პატრუქი ცახცახებდა

 

თითქოს ანგელოზები შეიკრიბნენო - თეთრი კაცები მოსასხამებში

როცა თავიანთ საქმეს მორჩებოდნენ, წყნარად მიდიოდნენ. არავინ მოდიოდა,

პატრუქი მთელი ღამე ცახცახებდა,

დილისთვის ყველა ალი ქრებოდა.

 

როცა თავის საქმეს მორჩებოდნენ, წყნარად მიდიოდნენ. არავინ მოდიოდა,

რეალურად არაფერი ხდებოდა,

დილისთვის ყველა ალი ქრებოდა.

ამ ამბავს ყოველ წელს ვყვებით.

 

 

შერეული ქორწინება

 

1965-ში ჩემმა მშობლებმა ორი კანონი დაარღვიეს მისისიპიში,

მერე ოჰაიოში წავიდნენ, დაქორწინდნენ და დაბრუნდნენ მისისიპიში.

 

მათ მდინარე გადაკვეთეს და ჩავიდნენ ცინცინატში, ქალაქში, რომლის სახელიც

იმავე ასოზე იწყება, რომელზეც ცოდვა, მის“ კი უარყოფითი ნაწილაკია მისისიპიში.

 

ერთი წლის შემდეგ ისინი კანადაში გადავიდნენ, იმავე გზას გაჰყვნენ, რასაც

მონები, მატარებელი ჭრიდა მოჭიქულ ზამთარს, როცა დატოვა მისისიპი.
 

ფოლკნერის  ჯო ქრისთმასი* ზამთარში დაიბადა, იესოსავით და იმ დღის

სახელი დაარქვეს, როცა თავშესაფარში დატოვეს. მისი რასა უცნობია მისისიპიში.

 

მამაჩემი კითხულობდა ომი და მშვიდობას როდესაც სახელი დამარქვა.

1966-ში აღდგომაზე დავიბადე, მისისიპიში.

 

33 წლის რომ შევსრულდი, მამამ მითხრა: იესოს ასაკში ხარ, ანუ იმავე ასაკში,

როცა ის მოკვდა. გაზაფხული იდგა, გორაკები ამწვანდა მისისიპიში.

 

მე მეტი ვიცი, ვიდრე ჯო ქრისთმასმა იცოდა. ნატაშა რუსული სახელია,

მაგრამ მე არ ვარ რუსი. ნატაშა შობაზე დაბადებულს ნიშნავს, იქაც კი, მისისიპიში.

 

* ქრისთმასი ( Christmas) ქართულად ქრისტეშობას ნიშნავს

 

 

მითი

 

თითქოს  ნაპრალში თუ ბზარში გასხლტი,

მე ძილსა და ღვიძილს შორის გზას ვიკვლევ

 

ერებოსი,* რაშიც დაგმალე, ისევ ცდილობს

არ გამოგიშვას. შენ ხვალაც მკვდარი იქნები,

მაგრამ ახლა, სიზმრებში, ცოცხლობ, და მე ვცდილობ

 

დილამდე მიგიყვანო, ძილისგან დამძიმებული ვწრიალებ,

თვალებს ვახელ, ვხედავ, რომ არ მომყვები.

ისევ და ისევ, აი, ასე, მუდმივად მტოვებ.

 

ისევ და ისევ, აი, ასე, მუდმივად მტოვებ:

თვალებს ვახელ, ვხედავ, რომ არ მომყვები,

დილამდე მიგიყვანო, ძილისგან დამძიმებული ვწრიალებ,

 

მაგრამ შენ ახლა, სიზმრებში ცოცხლობ. მე ვცდილობ ვიმარჯვო

და არ გაგიშვა. ხვალ ისევ მკვდარი იქნები.

ერებოსი, რაშიც დაგმალე, - ისევ ცდილობს -

 

მე ძილსა და ღვიძილს შორის გზას ვიკვლევ,

ეს იმას ჰგავს, თითქოს ნაპრალში თუ ბზარში გასხლტი,

მე მეძინა, როცა შენ კვდებოდი.

 

 


 

*ერებოსი

 

"სიბნელე"
ბერძნულ მითოლოგიაში: მარადიული მიწისქვეშა სიბნელე, ამ სიბნელის სამეფო; ჰადესში მიმავალ სულებს ე.-ში უნდა გაევლოთ.

 

 

 

განგება

 

ბოლოს მხოლოდ კადრები რჩება: რამდენიმე საათია დარჩენილი

კამელიამდე, 1969 წელი – თავშეყრა ქარიშხლის

დროს, პალმები ქარში

იხრებიან,

ფოთლები უკან მიფრინავენ,

 

ქალის თმასავით. და მერე:

დაცარიელებული ეზოები,

გამორიყული ნავები, ჭაობი იმ ადგილებში,

 

სადაც ადრე საფლავები იყო. მახსენდება,

 

მთელი ღამე როგორ ვწრიალებდით ჩვენს პატარა სახლში,

როგორ დავდიოდით ოთახებში,

და ვცლიდით წვიმით სავსე ქვაბებს.

 

მეორე დღეს გვეჩვენებოდა, რომ ძირგამოცლილი

სახლი დატბორილ ეზოში ტივტივებდა.

 

არავითარი საძირკველი, ჩვენს ქვემოთ არაფერი იყო,

რაც მიწას მიგვამაგრებდა.

წყალში კი ჩვენი გამოსახულება

კანკალებდა

და მაშინვე ქრებოდა, 

როგორც კი ხელის შესახებად დავიხრებოდი. 

 

დროისა და სივრცის თეორიები

 

შეგიძლია აქედან მიხვიდე იქ,

თუმცა, ეს სახლში წასვლას არ ნიშნავს.

 

სადაც კი წახვალ, მოხვდები სადღაც,

სადაც მანამდე არასოდეს ყოფილხარ. სცადე:

 

მისისიპის 49-ე ქუჩას სამხრეთისკენ გაუყევი,

ყოველ მილში ჩარიგებული მაჩვენებლები შენი ცხოვრების

 

ყოველ შემდეგ წუთს აღრიცხავენ. მიყევი მათ

ბუნებრივ დასასრულამდე - ჩიხამდე -

 

სანაპიროზე, გალფპორტის ნავსადგურში, სადაც 

კიბორჩხალების საჭერი ნავის ანძები

საწვიმრად გამზადებულ ცას აგვირისტებენ.  გადაჭერი

ხელოვნური პლაჟი - მანგროს ჭაობში

ჩაყრილი 26 მილი ქვიშა - ანუ  დამარხული

წარსული. მოიტანე მხოლოდ

 

ის, რაც თან უნდა წაიღო - ხსოვნის წიგნი,

მასში შემთხვევით სუფთად დარჩენილი გვერდები. ნავსადგურში,

სადაც კუნძულებამდე მიმავალ ნავში  ჩაჯდები,

ვიღაც ფოტოს გადაგიღებს,

და ფოტოგრაფი, ვინც არ უნდა იყოს ის,

შენს დაბრუნებას დაელოდება.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.