პიგმალიონი





პროზა

პიგმალიონი




მთარგმნელი დალილა გოგია

 

რაც თავის პირველ ცოლში მოსწონდა,  იმიტირების ნიჭი იყო. წვეულების შემდეგ, - არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ მართავდნენ, თუ სტუმრად იყვნენ მიწვეულნი, - ქალი მისთვის აცოცხლებდა იმ საღამოს, სახეებსა თუ ხმებს:  პატარა, საყვარელ პირს სასაცილოდ მოწრუპავდა, დაიმახინჯებდა და ერთი თვალისმომჭრელი წამით მათ ნაცნობებ-მეგობრებს აბრუნებდა. ჰო... მე რომ მათლა - ასე არ ლაპარაკობს გვენი?- მე რომ მათლა მაინტერესებდეს კონსევაცია...„ და ისიც, მისი ქმარი, იცინოდა და იცინოდა, იმის მიუხედავადაც კი, რომ გვენი მაშინ მისი საიდუმლო საყვარელი იყო და ერთ დღესაც, მისი მეორე ცოლი გახდა. რაც თავის მეორე ცოლში მოსწონდა, ლოგინში მისი სიცხოველე იყო, ხოლო რაც თავის პირველ ცოლში არ მოსწონდა, იყო ის, რომ ქალი ყოველ ღამე ზურგის დაფხანას სთხოვდა, და შემდეგ, მისი მშრომელი ხელების ქვეშ იძინებდა. 

 

ახალი ქორწინების პირველ წლებში, როდესაც წვეულებიდან ბრუნდებოდნენ, ის გაუცნობიერებლად ელოდებოდა, როდის დაიწყებდა გვენი ხალხის გამოჯავრებას, ანუ იმ საღამოს შეჯამებას. ზოგჯერ  ქალს თავად მიანიშნებდა კიდეც, აი, როგორც იმ საღამოს:

 

ჩვენი მასპინძლის ძმა როგორ მოგეწონა?“

მგონი, საკმაოდ სასიამოვნო ადამიანია, - მარტივად უპასუხა გვენმა. ასეთ დროს, თუ ქალური ინტუიცია კარნახობდა, რომ მისგან მეტს ელიან, შესაძლოა დაემატებინა კიდეც - „უწყინარი, მგონი, ზედმეტად წესიერიც კი.“ შემდეგ, როცა შეკითხვის ავტორს მდუმარე მოლოდინს შეატყობდა, ის თავისი ბავშვური, გულისგანმგმირავი თლიფინით ამოთქვამდა: მათლა რა გაიტერესებს?“

 

ოჰ, არაფერი, არაფერი, უბრალოდ, ის ტიპი მარგარეტმა ამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო და გადაირია მისი პომპეზურობითა და  უტვინობით. სულ ჩიბუხს ეწეოდა და ყველა წინადადების ბოლოს ეკითხებოდა: გაიგეთ?“

 

მე კი მგონია, რომ საოცრად სასიამოვნო კაცია, - ცივად თქვა გვენმა და ზურგი შეაქცია; როდესაც თავისი ვერცლისფერი, ტანზე შემოტმასნილი საღამოს კაბა წელს ქვემოთ ჩამოიცურა, მიუბრუნდა და გამომწვევად უთხრა: ძალიან ბევრი ხერხი იცის გადასახადების შესამცირებლად, ძალიან ბევრი.“

 

ეჭვი არ მეპარება.“  ირონიის თავი აღარ ჰქონდა პიგმალიონს,  დამუნჯებული უყურებდა მისკენ შეტევაზე გადმოსულ სრულიად შიშველ მეუღლეს, პირდაპირ მათი ცოლ-ქმრული საწოლისკენ რომ უბიძგებდა. 

უკვე ძალიან გვიანია!“ - გააფრთხილა ქალი.

მოიცა, რა,“ - უპასუხა მან და სინათლე ჩააქრო.

 

პირველად გვენმა მარგარეტის ქმარი, ედი განასახიერა. ოთხივე მათთვის მოულოდნელად შეხვდა ერთმანეთს ვეშაპების გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო საღამოზე, რომლის მოსაწვევებიც განურჩევლად ყველას გაუგზავნეს.ოოოჰ, ჰო ჰო მოგვიანებით ბზუოდა ქალი საძინებელში.ესე იგი, თქვენ ხართ ჩემი კეთილშობილი წინამორბედი!“ მერე სასწრაფოდ განუმარტა: „კეთილშობილი არა, ტრაკი, საშინლად სძულხარ, გაგიჟდა.“

ვითომ?“ - უპასუხა მან, მე კი მგონია, რომ საოცრად სასიამოვნო კაცია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანი,როცა უეცრად უხერხულ სიტუაციაში გადაეყრები.“

დამიჯერე, მათლა გააგიჟე.“ - ქალმა გულჩვილი ედის იმიტაცია გააგრძელა და ერთი თვალისმომჭრელი წამით მამაკაცის ნაძალადევი კეთილგანწყობა, ცოტა არ იყოს,  უსიცოცხლო და ზანტი გამომეტყველება გვენის სახის პატარა, მრგვალ ფორმებს გადაეფარა. არაფერი უხერხული არ არის, ჰო, ჰო,“ განაგრძო ახლა უკვე ფრთაშესხმულმა ქალმა, და მითხარით, მეგობარო, თქვენი ალიმენტი ბავშვსთავის დროზე რატომ აღარ მოსდის?“

კაცი კი იცინოდა და იცინოდა. აღფრთოვანებული იყო,  თავის ცოლში ახლა უკვე ზუსტად იმას ხედავდა,რასაც ის ნამდვილ ქალურობას უწოდებდა: ეს იყო ქალის პლასტიური, ცოცხალი მგრძნობელობა მის გარშემო მყოფი  ადამიანების მიმართ;  როგორც იქნა, შთაბეჭდილებებმა  ამოხეთქა და საერთოდაც, ქალურმა ბუნებამ თავისი გაიტანა. თუ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს ქალი არ აუხსნიდა,  კაცს არ შეეძლო მათი შეცნობა, და ეს თავზარს სცემდა. 

 

ამის შემდეგ, როცა წვეულებიდან ბრუნდებოდნენ, და კაცი ეკითხებოდა, ამა და ამ ადამიანზე რას ფიქრობო,  გვენი საცვლების ამარა ისე დადგებოდა, თითქოს სცენაზე გამოდისო. ჩვენ... ჯანდაბა, ჩემო ძვირფასო,“ უცებ გამოაცხადებდა, და პაროდიას იწყებდა.პორტუგალია რომ არა, ევროპაში ქვეყანა მათლა არ დარჩებოდა.“

 

კარგი რა,“ აპროტესტებდა კაცი, თან ნეტარებით ივსებოდა, როცა ქალს მის თვალწინ  წარმტაცი ნაკვთები უმახინჯდებოდა, თანდათან სახეზე საზარელი, სნობური გამომეტყველება ედებოდა და რაღაცით ცხენს ემსგავსებოდა.

 

როგორ აკეთებს, იცი?“ - ეკითხებოდა გვენი, ახლა უკვე პროფესიული აღტკინებით, - აი, ყბას ასე ატრიალებს, თითქოს აქეთ-იქით აგორებსო, და თან ისე, რომ კბილებს ერთმანეთს არ აშორებს.“

მაგარია, მივხვდი!“ - ტაშს უკრავდა კაცი.

 

რა თქმა უნდა, მიხდებოდი,“ ხმას იცვლიდა ქალი. აქ ადრე საბერძნეთი იყო, ახლა კი ის საზიზღარი არაბები ცხოვრობენ. „

ზუსტია, ზუსტი.“ აქეზებდა კაცი, და სიცილისგან სახე სტკიოდა, გულიანად იცინოდა, და თანაც ამაყად. ქალი მისთვის სრულყოფილებად იქცა.

 

ერთხელ, მორიგი წარმოდგენის შემდეგ, ლოგინში ქალმა შენიშნა: ძალიან გვიანია.“

 

არ გინდა, ზურგი დაგფხანო?

 

მმმმმმ. მათლა მშვენიერი იქნებოდა.“ და როცა კაცის მარცხენა ხელი გლუვ, თბილ, დამყოლ ზედაპირზე შრომობდა, მისი ცოლი, ანუ მასში ის პაწაწინა რამ, რაც მთლიანად მის ცოლს წარმოადგენდა,- ჩაიძირა სადღაც, სადაც კაცი ვერ მიწვდებოდა, ქალს ჩაეძინა. და ასე მიჰყვებოდა ღამე ღამეს. 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.