ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

სახელმწიფო კაპიტალიზმი თანამედროვე ქართული კულტურის ჭრილში

ლევან ბერიაშვილი
01.11.2015

   


"თეატრი, ეს არის საოცრება და საზოგადოების ჯანმრთელობა’’, - თქვა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მსახიობმა ნინო კასრაძემ. თეატრის მსახიობს უფლება აქვს თქვას, თეატრი საზოგადოების ჯანმრთელობააო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ‘‘საზოგადოების გამოსაჯანმრთელებელ ადგილს’’ სისტემატურად არ სტუმრობს და შესაძლებელია, ფინანსური მდგომარეობის გამო, ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს თეატრისთვის საერთოდ არ სცხელა.

თეატრის მოღვაწეებს შეუძლიათ სხვა დანარჩენებს გამოსაჯანმრთელებელი და ჭირიანი უძახონ, მაგრამ საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ადამიანების მოსაზრება დისკურსს ვერ ჩამოაყალიბებს და რომელიმე ერთ საქმიანობას კულტურის ცენტრად ვერ გადააქცევს. დისკურსებს სოციალური ძალა, ანუ ხალხის სურვილების და აზრების საერთო მიმართულება აყალიბებს. ‘‘თეატრი, ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობა’’ – ნინო კასრაძის აზრს, ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, უსაქმური და ძველი ბიჭიც კი დაეთანხმება. თანამედროვე ქართული კულტურის ასეთ ცენტრიზაციას, ხელისუფლების მიერ თანამედროვე ხელოვნების და ხელოვანების დაფინანსების მეთოდები უწყობს ხელს.

რამდენადაც ცნობილია, 2013 წლის დეკემბრამდე ‘‘ქართუ ფონდიდან’’ ხელოვანებს, ძირითადად თეატრის მოღვაწეებს, ყოველთვიური ხელფასი ერიცხებოდათ. აღნიშნული თარიღიდან მოყოლებული, კულტურის მოღვაწეებზე ყოველთვიურ ხელფასს უკვე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გასცემს. ჯერ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, სუბიექტური შეხედეულების მიხედვით, საკუთარი ფონდიდან აფინანსებდა თეატრის მოღვაწეებს, როგორც საზოგადოების ყველაზე ღვაწლმოსილ ნაწილს, შემდეგ კი სახელმწიფო ...

ახლა ზოგადად, ხელოვნების დაფინანსების მეთოდებზე.

2013 წლის დეკემბერში, ტელეარხის ‘‘მაესტრო’’ ეთერიდან ირმა სოხაძე გვიხსნიდა, როგორ ბლოკავდნენ მას სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. მერიის კულტურის სამსახური კი პირიქით, საღამოების გამართვაში ეხმარებოდა. ‘‘კულტურის სამინისტროს კარი ჩემთვის საერთოდ დაკეტილი იყო. იმედი მაქვს ეს შეიცვლება. დღეს ეს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ რამე რეალური ჯერ არ ჩანს.’’ – თქვა მან.

60 წელს მიღწეულ ირმა სოხაძეს მიაჩნია, რომ დღესაც კი, როცა ბევრ ახალგაზრდა ქართველ მომღერალს, რეგიონებსა თუ თბილისსში, კარიერული გზის გაკაფვა უძნელდება, მაინც მისი კონცერტები უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. ის, რაც ირმა სოხაძემ უკვეე მიიღო და მიაჩნია, რომ კვლავ მისი პრივილეგია უნდა იყოს – კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის სამსახურის მიერ საღამოების

ორგანიზება - დაფინანსება, საქართველოს მოქალაქე ხელოვანების უდიდეს ნაწილს არასოდეს ღირსებია.

იმავე გადაცემის ეთერიდან მომღერალი ქეთი ფარესაშვილი გვარწმუნებდა, 2003 წლიდან, პოლიტიკოსები და მას-მედია აღარ მაპიარებდაო: ‘‘მისახელებდნენ რამდენიმე სახელს და გვარს, მათ შორის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლისაც, ვინც მბლოკავდა. ჩემი აზრით, ეს

მას-მედიის ბრალიც იყო – როგორ უნდა გამოჩნდე, როცა ჟურნალისტები არ გაპიარებენ და გადაცემაში უბრალოდ ზრდილობის გამო გპატიჟებენ. ვგრძნობდი, რომ ისე აღარ მაპიარებდნენ, როგორც 2003 წლამდე ...’’ – გვითხრა მომღერალმა.

ქეთი ფარესაშვილი ყველას პირდაპირ გვეუბნება, სახელმწიფო სტრუქტურები და დამოუკიდებელი მედია, როგორც ადრე, ახლაც ჩემი პიარით უნდა იყოს დაკავებულიო. 

ეს არის რამდენიმე დამოუკიდებელი მომღერლის მორალური მხარე, მაგრამ მათი პროტესტი უმიზნო არ ყოფილა. სრულიად საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში იყო და არის პრივილეგირებული ხელოვანების სიები. ფარესაშვილის და სოხაძის საუბრიდან გამომდინარე, ოდესღაც, გაპიარებულ ხელოვანებს შორის თვითონ ირიცხებოდნენ, შემდეგ კი ‘‘დაბლოკეს’’.

სახელმწიფო ქმნის ნიადაგს, რომ მხოლოდ გარკვეული წრის წარმომადგენლებს (ეგრე წოდებულ კულტურის მოღვაწეებს) ჰქონდეთ პრეტენზია სახელმწიფოს რესურსებზე, იქნება ეს კულტურის და ძეგლთა დაცვის საიმინისტროს, თუ ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაში, ქვეყნის შიდა ღონისძიებების დაფინანსებას და ორგანიზებას ვგულისხმობ, რაც ჩვენი კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციასთან კავშირში არ არის.

2009 წელში, პრეზიდენტის ფონდის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა. ხელოვნების სფეროში უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (NYU), არტ მენეჯმენტის სამთვიან კურსზე გზავნიდნენ. პირველი ეტაპი გადავლახე, რის შემდეგ გასაუბრება მინისტრ რურუასთან და მის მოადგილეებთან უნდა მქონოდა. გასაუბრებაზე ყველა კითხვაზე ვრცლად ვუპასუხე და კრიტერიუმებსაც ვაკმაყოფილებდი, უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნის ჩათვლით, მაგრამ საბოლოო სიაში ჩემი ადგილი მაინც არ აღმოჩნდა. ნიუ იორკში, არტ მენეჯმენტის შემსწავლელ სამთვიან კურსზე კი, 45 წელს გადაცილებული მომღერალი დავით გომართელი და ექვსი სხვა კონკურსანტი გაემგზავრა. კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და მისმა მოადგილეებმა რატომღაც მიიჩნიეს, რომ ცნობილი მომღერლის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება უფრო სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის, ვიდრე 23 წლის უცნობი ხელოვანის.

ზემოთ მოყვანილი რამდენიმე მაგალითი იმის ნიშანია, რომ საქართველოში თანამედროვე კულტურა ხალხის ცხოვრებისგან მოწყვეტილი, განყენებული სფეროა, რომელსაც ძირითადად ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ხელოვნება და ხელოვანები წარმოადგენენ.

ფრანგი ფილოსოფოსი გი დებორი კულტურის სფეროში უარყოფასა და მოხმარებაზე წერს (სპექტაკლის საზოგადოება, 1967 წ.). კულტურა, როგორც დამოუკიდებელი სფერო ‘‘საკუთარი კულტურული პრეკონცეფციებით ფუნქციონირებს და ყოველგვარ ავტონომიას უგულებელყოფს.

ეს პროცესი, ცალკეულ სფეროდ გამოყოფილი კულტურის ისტორიის მმართველი ხდება. აქედან გამომდინარე, ხელოვნების დამოუკიდებლობის გამოცხადება ხელოვნების დასასრულის დასაწყისს ნიშნავს.’’

თანამედროვე კულტურა მხოლოდ ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ხელოვნება ხდება, უფრო ზუსტად კი ხელოვნების ის პროდუქტები (კონცერტი, სპექტაკლი, გამოფენა, დაჯილდოების ცერემონიები და სხვა), რომლის გამოსაყენებლად მოსახლეობამ ფული უნდა გადაიხადოს. ხელოვნების პროდუქტის შესაქმნელად სახელმწიფო ‘‘კულტურის მოღვაწეს’’ ქირაობს. ტექნოლოგიების ეპოქაში უბიუჯეტოდ შექმნილი ხელოვნება უხარისხოა, მოსახლეობა დაფინანსებული ხელოვნების მოხმარებას ირჩევს და შედეგად სწორედ ეს უკანასკნელი კანონდება ხელოვნებად. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოში, სადაც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და ხარისხიანი ხელოვნების შესაქმნელად ძირითადი რესურსი სახელმწიფოს ბიუჯეტია.

2015 წლიდან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჩაერთო ევრო-კომისიის პროექტში ‘‘შემოქმედებითი ევროპა’’. პროგრამის ფარგლებში, ევროპული ქვეყნებიდან წარდგენილი პროექტები კონკურსის წესით ფინანსდება, თუმცა წარდგენის უფლება მხოლოდ ორგანიზაციებს აქვთ.

საერთაშორისო პროგრამებზე მიბმა, ადგილობრივი სივრცის ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ გამოიწვევს, რადგან ის არ უპირისპირდება ქვეყნის შიგნით არსებულ ავტორიტეტებს და თანამედროვე ქართული კულტურის ნახევრად-მითოსურ გაგებას. ის ვერ ჩამოაყალიბებს

კულტურას – ‘‘ცოდნის და კლასობრივ-ისტორიული საზოგადოების ცოცხალი გამოცდილების რეპრეზენტაციის მთავარ სფეროდ’’ (დე ბორი, სპექტაკლის საზოგადოება).

გარედან დაფინანსებული ცალკეული პროექტები ჯერ კიდევ არ ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოში სოხაძე-ფარესაშვილის სინდრომი შეიძლება შესუსტდეს. ეს სინდრომი და სახელმწიფოს დამოკიდებულება თანამედროვე კულტურისადმი ურთიერთკავშირშია.