• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მე უნდა დამეწერა სიყვარულზე

×
ავტორის გვერდი შონ აბრამი 07 მარტი, 2018 2434

*  *  *

 

მე უნდა დამეწერა სიყვარულზე.

ამისთვის მთელი დღე ვემზადებოდი.

სახლში მოსული შევხედე ჩემს თავს

და არაფერი არ გამაჩნდა,

არც სიყვარული,

არც სიძულვილი,

არც ბოროტება,

არც სიკეთე,

არც თვალები,

არც ყურები,

არც გული,

არც ტვინი,

არც ხელები...

მე დავიწყე ფიქრი

და მალევე მივხვდი.

მე არაფერზე უნდა დამეწერა.

მე არაფრად გადავიქეცი,

რომელის მუცელშიც იზრდებიან

ახალი სიტყვები და აზრები,

რომლებიც არაფერს მოიცავენ,

საკუთარი ეგოისტური მისწრაფებების გარდა.

შემდეგ გავაღე ფანჯრები და შევისუნთქე,

ოდნავ მომლაშო, გაყინული სველი ჰაერი,

და დავიანახე ჩემს ეზოში დადგმულ ლექსზე,

როგორ დამჯდარიყვნენ

ყვავები და ჩხაოდნენ წვიმაში.

რა უნდა მეთქვა ?

ნუ ჩხავიხართ სიყვარულის ლექსზე თქო ?

ისინი მიპასუხებდნენ,

რომ მე აღარასდროს შემიყვარდება დიდი სიყვარულით

და ეს ლექსიც,

უკვე ვადაგასულია,

უკვე გრძნობებ დაკარგულია...

მე ვერაფრით ვეღარ დავწერდი სიყვარულზე,

მოვწიე ერთი სიგარეტის ღერიც,

და კვამლში საკუთარი უძლურება გავახვიე.

გავშალე ლოგინი,

ზეწრად დავაფინე მწუხარება

და მასზე დავწექი,

სხვა რა დამრჩენოდა რა.

 

 

დედამოტყნული დღეები

 

დედამოტყნული დღეები ჭარბობს.
ხანდახან ვფიქრობ,
რომ არა ყოველდღიური სამსახური,
დამეწყებოდა შიზოფრენია.
მე ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ვარ,
ვერ დავდგები ნახატებისა და ლექსებივის წინაშე,
ვერ გავუსწორებ მათ თვალს,
და ვერ შევჭამ, ვერ დავღეჭავ, ვერ გადავყლაპავ.
მაგრამ ხშირად მიფიქრია პირიქით.
გამოვკეტილიყავი საკუთარ თავში
და ყოველ წამს მეცხოვრა იმით, რაც მსიამოვნებს.

დედამოტყნული დღეები ჭარბობს,
დღეს მამაჩემის საფლავის ქვის ასარჩევად ვიყავით.
მე ვერ შევესწარი მის სიკვდილს,
თუმცა ყოველ დღე მიტრიალებს ის კადრები,
თუ როგორ მოხდა ეს.
დარწმუნებული ვარ ერთი ერთში ემთხვევა,
დარწმუნებული ვარ მეც იქ ვიყავი და არა გზაში.

დედამოტყნული დღეები ჭარბობს,
აღარაფერი აღარ მახარებს,
თვალებზე იფარებს ჩემი ძაღლი თათებს,
და მე ვწევარ საკუთარ თავში.

 

 

 

ტანჯვის კიბე

 

როცა კი ამოვდივარ
სადარბაზოს კიბეებზე,
სულ ის სცენა მახსენდება,
როგორ მხვდება ჩემი ძმა
მოაჯირზე გადმოყუდებული,
როგორ მიყვირის,
მამა აღარ გვყავს,
მამა აღარ არის,
შემდეგ როგორ ვხედავ,
კორიდორში გაწოლილ მამაჩემს,
როგორ ვბრუნდები უკან და მინებს ვამსხვრევ.

როცა კი ამოვდივარ 
სადარბაზოს კიბეებზე,
ყოველთვის იგივე განცდა მაქვს,
რაც მაშინ,
ყოველთვის სისხლში ამოსვრილი ვარ
და მთელი სხეული მითრთის.

ეს ყველაზე რთული თორმეტი საფეხურია,
ყველაზე დიდი ტკივილით ასასვლელი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული