ღმერთიორისამი





პროზა

ღმერთიორისამი




რელიგიური გრძნობების ამაყი მფლობელები ამ ტექსტს ნუ წაიკითხავთ, რადგან ის ზემოთხსენებული გრძნობების შემბღალავ პასაჟებს შეიცავს. 
 
ჩვენს ქალაქში ეკლესიები სოკოებივით მომრავლდა. გავცქერი მათ და წარმოვიდგენ, რომ გუმბათებს შორის თოკია გაჭიმული, რომელზეც მსუქანი მღვდელი მიაბიჯებს. ხელში ჯვარი უჭირავს და ცდილობს წონასწორობა დაიცვას, მაგრამ წონასწორობისთვის ხომ სწორი ჯოხია საჭირო. მღვდელი წონასწორობას ვერ იცავს, ანაფორა პარაშუტივით ეშლება, მაგრამ ღიპის სიმძიმე ძლევს, ეცემა პარლამენტის შენობას და იქ ყველა დეპუტატი იღუპება. მეორე მღვდელი კანცელარიის შენობას ეცემა და იქაც ვერავინ გადარჩება, გარდა დამლაგებლებისა. გახარებული დამლაგებლები კონსტიტუციას ცვლიან. ამის მერე თოკზე ქრისტე მიაბიჯებს. ჯვარი ისე მოუგდია ზურგზე, როგორც ჰიპსტერ ბიჭუნას ხაკისფერი მძიმე ზურგჩანთა. იესოს რელიგიურგრძნობებმოჭარბებულის მიერ გამოსროლილი ქვა ხვდება, თავს ვეღარ იკავებს და ბინძურ მდინარეში ვარდება. მოქმედება მდინარეში ინაცვლებს. ახლა უკვე თვალებიც შემიძლია დავხუჭო. იესოს ჯვარი ღუზასავით ითრევს ფსკერისკენ. ის ჯვარზეა მიბმული. უცბად საიდანღაც ჩნდება ვეშაპი, რომელიც პირდაპირ ჯვართან მიცურავს და სამ წრეს დაარტყამს მას. ვეშაპს კარი აქვს, როგორც ძველ, საბჭოთა დროინდელ დაჟანგულ მაცივარს. კარს ვიღაცის ხელი აღებს და დანით იმ თოკს გადაჭრის, რომელიც იესოს მძიმე ჯვართან აკავშირებს. გათავისუფლებული იესოც ვეშაპის მუცელში შეცურავს. იქ ჯოჯოხეთური სიცხეა. ისმის მაჰალია ჯექსონის ხმა, რომელსაც იონა თავის ხრინწიან ხმას უერთებს.
 
იესო - აქ რას აკეთებ?
 
იონა - არ იცი?
 
იესო - საიდან უნდა ვიცოდე?
 
იონა - სამი დღეა აქ ვარ. ეს არაფერს გეუბნება?
 
იესო - არა.
 
იონა - სამი დღე საფლავში მე ვიყავი, ხომ?
 
იესო - საფლავში რა მინდოდა?
 
იონა - მაგას კითხულობდა მამაშენიც.
 
იესო - მამაჩემს იცნობ?
 
იონა - დიახ.  
 
იესო - და ხომ არ იცი რატომ შემატოვა იმ უღმერთო რომაელებს?
 
იონა - არჩევანი შენ თვითონ გააკეთე.
 
იესო - მერე როდის აქეთაა მამაჩემი ვინმეს არჩევანს პატივს სცემდა?
 
იონა - პატივს არ ვიცი, მაგრამ შენ კი უნდა ეცემე ბავშვობაში. ეგრე არ გატუტუცდებოდი მერე.
 
იესო - სად მიცურავ?
 
იონა - ნინევიაში.
 
იესო - რატომ?
 
იონა - მტრების ქალაქია.
 
იესო - მითუმეტეს. იქ რა დაგრჩენია?
 
იონა - სინანული უნდა ვიქადაგო.
 
იესო - იქადაგო თორე ძაძები არ შეიმოსონ და მარხვად არ დადგნენ.
 
იონა - მაგასაც ვნახავთ.
 
იესო - მამაჩემს თუ არ ევასება ეგ ქალაქი გაუქანოს და ხიოს ცეცხლის წვიმა ან ატომური ბომბი, რასაც მისი კურთხევით გამოიგონებენ მეოცე საუკუნეში. 
 
იონა - ეზარება.
 
იესო - მამაჩემთან საქმეს ნუ დაიჭერ, მე მითქვამს.
 
იონა - ადგება და მომიტყნავს პატრონს!
 
იესო - ვინ არის შენი პატრონი?
 
იონა - მამაშენი.
 
იესო - ჰა? 
 
ვეშაპი- ეგ სირი მესამე დღეა ჩემ მუცელში ზის და მტკივა ეს დედა მოტყნული, თავიდან მეთქი ბრმა ნაწლავი და თურმე იონაა. შენ ვინღა ხარ ვაფშე?
 
იონა- სხვათაშორის ამ ტიპს ბრმების მკურნალობა შეუძლია.
 
ვეშაპი - ბრმა ნაწლავსაც აუხელ თვალს?
 
იესო - ეგ უნდა ამოიჭრა შე ყლეთევზო.
 
ვეშაპი - მართლა?
 
იონა - წინ იყურე! ბერმუდის სამკუთხეში არ მოხვდე.
 
იესო - ბერმუდს იცნობ?
 
ვეშაპი - არა, მაგრამ მალევიჩს ვიცნობ. 
 
იონა - მაგის კვადრატიც მაგარი ყლეობაა ისე. მომშივდა.
 
იესო - გინდა ჩემი ხორცი და სისხლი?
 
იონა - ნწუ, ვეგანი გავხდი.
 
იესო - როდის აქეთ?
 
იონა - მას მერე რაც ვეშაპით ვმგზავრობ.
 
იესო - თესლი წყალქვეშატრანსპორტია ისე, ძმაო. ნინევიაში დროზე მივალთ?
 
იონა - შენც წამოხვალ?
 
იესო - აბა, აქ ხომ არ დავრჩები.
 
ვეშაპი - თუ არ მოგწონს, წადი და წყალზე გაიარე.
 
იესო - როცა არავინ გიყურებს, სასწაულების კეთების მუღამს კარგავ. დავიძინებ და ნინევიაში გამაღვიძე.
 
იონა - ოკ.
 
ვეშაპი - აუ, შენღა მაკლდი რა!
 
იონა -ნუ წუწუნებ რა, ტიტანიკ!
 
ვეშაპი პირს აღებს და უშვებს კბილებიან თევზს, რომელიც იონას საკბნად დასდევს. იესო კი ვეშაპის გულის ქვეშ მოკალათდება და იძინებს. მალევე ვეშაპი ნინევიის ნაპირებს მიადგება. იესო და იონა ხმელეთზე გადავლენ თუ არა, მათ გვერდით ეცემა ისარი, რომელზეც სასტუმრო „ნოეს კიდობნის“ რეკლამა მიუბამთ. ვეშაპს ემშვიდობებიან და გზას გაუდგებიან.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.