• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

ადამიანის დაზიანება კიტანოს ფილმებსა და ტელეშოუებში

×
ავტორის გვერდი ლევან ბერიაშვილი 06 მარტი, 2018 2458
1986-90 წლებში იაპონიის ტელეეთერში სპორტული - გასართობი შოუ ‘‘ტაკეშის ციხესიმაგრე’’ გადიოდა. მოგვიანებით, ამ ფორმატის ტელეგადაცემები მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა. 1990 წელში საფრანგეთში ‘‘ფორტი ბოიარდი’’ დაიწყო. 2001-2006 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ‘‘შიშის ფაქტორი’’ გადიოდა, 2003-07 წლებში კი ინგლისურად გადაკეთებულ ტაკეში კიტანოს საავტორო პროექტს ‘‘MXC’’’-ის სახელწოდებით აჩვენებდნენ.
 
‘‘ტაკეშის ციხესიმაგრისგან’’ განსხვავებით, ‘‘ფორტი ბოიარდი’’ და ‘‘შიშის ფაქტორი’’ ნამდვილი შეჯიბრის ხასიათს ატარებდა.
 
1986 წელში ‘‘ტაკეშის ციხესიმაგრე’’ სრულიად ახალი ხილი იყო ტელესივრცეში. გადაცემის ავტორი და წამყვანი - ტაკეში კიტანო, შოუს მონაწილეებს ციხესიმაგრეში მასპინძლობდა და გუნდებს სხვადასხვა სახის სპორტულ-გასართობ გამოცდას უწყობდა. ტელემაყურებლისთვის მთავარი თავშესაქცევი შოუს მონაწილეების წარუმატებელი მცდელობები იყო. დავალებების შესრულებისას მონაწილეები ხშირად მტკივნეულად ეცემოდნენ, წყალში ვარდებოდნენ, ან ტალახში იგანგლებოდნენ. ტელემაყურებელს უსუსური ადამიანების დაცემა, ტალახში ღორივით გორაობა და მოუხელთებელი მოძრაობები ართობდა. ამ შოუს სხვა შინაარსი უბრალოდ არ გააჩნდა და თან ყველამ კარგად იცოდა, ტალახში ამოსვრილი მონაწილეები მხოლოდ მსახიობები იყვნენ, რომლებიც სინამდვილეში არავითარი პრიზისთვის არ იბრძოდნენ.   
 
ტელემაყურებლების მისაზიდად ‘‘ტაკეშის ციხესიმაგრეს’’ არ ქონდა არავითარი ინტრიგა, იმის გარდა, ვინ უფრო კარგად ამოყირავდებოდა და მაგრად დაეცემოდა, ვის უფრო ეტკინებოდა.
 
1993 წელს კიტანომ მეოთხე მხატვრული ფილმი ‘‘სონატინა’’ გადაიღო. სცენარის და მონტაჟის ავტორიც თვითონ იყო. მძაფრსიუჟეტიანი ფილმი დაპირისპირებულ იაკუძას კლანებზე მოგვითხრობს. ერთ-ერთი კრიმინალური კლანის ბოსები მათივე ბანდის მეთაურს და მეომრებს სტრატეგიულ წერტილში გაგზავნიან. ზღვის პირას მივლინებაში გაშვებული, ხოცვა-ჟლეტით დაღლილი იაკუძას წევრები გასართობ თამაშებს დაიწყებენ, რაც თანდათან მათთვის ნამდვილ გატაცებად გადაიქცევა.  
 
ტაკეში კიტანოს გასართობ ტელეშოუში შემუშავებული მაყურებლის მონუსხვის ხერხი - სხეულის დაზიანებასა და ტკივილზე სიცილი, უკვე მხატვრულ ფილმ ‘‘სონატინაში’’ განვითარდა. ამჯერად, ტელემაყურებელს ადამიანების ჩამოვარდნა, ძირს გაშხლართვა და ტალახში ამოგანგვლა კი არა, უკვე სასტიკი ხოცვა-ჟლეტა და ამის პარალელურად მკვლელების სახალისო თამაშები ართობდა.
 
‘‘სონატინას’’ კიდევ ოთხი მხატვრული ფილმი მოჰყვა. რიგით მესამე - ‘‘ჰანა-ბი’’, იგივე ‘‘ფოიერვერკი’’, კიტანოს ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევა. 1997 წელში, ვენეციის კინოფესტივალზე ფილმმა უმაღლესი პრემია ოქროს ლომი მიიღო. ‘‘ფოიერვერკი’’ კიტანოს შემოქმედებითი მიმართულების რადიკალური ცვლილება არ ყოფილა, მაგრამ ფილმში წინ წამოწეულმა სენტიმენტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ‘‘ჰანა-ბი’’ კინოკრიტიკოსების შეფასებით, ტაკეშის თხრობის მანერის, მისი ხელოვნებასთან დამოკიდებულების და ტრაგიკული ამბის იდეალური სინთეზი აღმოჩნდა.
 
იაპონიაში დაარსებული კინოკომპანია ‘‘ოფის კიტანოს’’ მფლობელი, აკვიატებული იდეებით გამსჭვალული კინორეჟისორი, თვითონ წერს სცენარებს, ვიდეომასალას ამონტაჟებს, კამერასთან მუშაობს და ზოგჯერ, საკუთარი ფილმების მხატვარიც არის. აკვიატებული აქვს ზღვის სანაპიროს ხედი და თითქმის ყველა ფილმში იმეორებს. წლების განმავლობაში, ერთსა და იმავე მსახიობების და ოპერატორების გუნდთან ერთად მუშაობს.
 
მის ნამუშევრებში გამოხატული ჭარბი აგრესია იაპონიის ტრადიციებთან მჭიდროდ არის კავშირში. კიტანოს ბუშიდო – მეომრის გზა იტაცებს, რომლის მკაცრი კოდექსი ითვალისწინებდა როგორც სხეულის თვითდაზიანებებს, ისე სხვის დაზიანებასაც.
 
ის ხანდახან, ნატურალისტურად გვაჩვენებს, როგორ თხრის მთავარი გმირი ვიღაცას თვალს, ან სტომატოლოგის ინსტრუმენტით პირის ღრუდან კბილებს როგორ გლეჯს, მაგრამ ამავდროულად კრიმინალს ებრძვის, ვინმეს ამაღლებულად ეტრფის და თან ყველაფერს თამაშის ელფერი დაკრავს.
 
კიტანოს ნამუშევრებში: აგრესიის გამოხატვა, გასართობი თამაში და სიყვარულიც კი ადამიანის სხეულის შესაძლებლობებზე გადის.
 
ადამიანის დაზიანების ‘‘მშვენიერი’’ მხარეები კიტანომ ყველაზე მკაფიოდ 2004 წელს შექმნილ არტჰაუსში ‘‘თოჯინები’’ გვაჩვენა. ერთ-ერთ გამოცემაში ფილმს ‘‘ვიზუალურად ულამაზესი, ემოციურად სასტიკი’’ უწოდეს.
 
მთავარი პერსონაჟი - მაცუმოტო სწორედ მაშინ გრძნობს თავს ყველაზე ლაღად, როცა მისი ყოფილი შეყვარებული თვითმკვლელობის მცდელობის დროს თავის ტვინის ტრავმას მიიღებს და გონება დაუქვეითდება.
 
‘‘თოჯინების’’ ჯადოსნურ ეფექტს ამ ფილმის სიუჟეტი კი არა, თვითონ ფილმი - მედია ქმნის. როცა ‘‘თოჯინები’’ პირველად ვნახე, ჩემთვის საინტერესო ფაქტი იყო, რომ ძალიან მსიამოვნებდა გონებადაქვეითებული ადამიანის სიარულის ყურება, ისე როგორც თვითონ მთავარ პერსონაჟს - მაცუმოტოს სიამოვნებს თოჯინასავით გამობმული, გონებადაქვეითებული შეყვარებულის წინ და უკან ტარება.
 
ძნელია განსაზღვრა, კიტანოს ნამუშევრები თამაშ-თამაშით მონაყოლი ამბებია, თუ ამბები ვიღაცეების თამაშზე. კიტანოს მუშაობის მანერა და ხელოვნებისადმი დამოკიდებულება იმდენად თვითმყოფადია, რომ 2005-07 წლებში ტაკეშიმ
 
ორი ფილმი: ‘‘კინორეჟისორის დიდება’’ და ‘‘ტაკეშის’’, საკუთარ კარიერას მიუძღვნა. ეს იყო ორი სატირული ნამუშევარი, რომელშიც რეჟისორი საკუთარ მოღვაწეობაზე ირონიულად გვიყვება და თავის გადამღებ ჯგუფს ერთგვარ კლანადაც კი წარმოგვიჩენს. 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული