• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ვან გოგი, საზოგადოების მიერ წაქეზებული თვითმკვლელობა

×
ავტორის გვერდი ანტონენ არტო 02 იანვარი, 2016 3398
მთარგმნელი: შოთა თხელიძე
 
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვან გოგის ფსიქიკურ ჯანმრთელობის შესახებ, რომელმაც მისი ამ სამყაროში არსებობისას, სადაც ჩვენც ვართ, გარდა მარცხენა ყურის მოკვეთისა, ცალი ხელიც გამიზნულად დაიწვა.
 
თუმცა უფრო გულდასაწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ თანამედროვე ცხოვრება ახერხებს და საკუთარ თავში იტევს გახრწნილების ძველ ატმოსფეროს, ანარქიას, უწესრიგობას, ბოდვას, უზნეობას, ქრონიკულ სიგიჟეს, ბურჟუაზიულ ინერციას, ფსიქიკურ ანომალიას, წინასწარგანზრახულ გაიძვერობას, შემაძრწუნებელ ფარისევლობას, ყველაფერი განსხვავებულის ბინძურ სიძულვილს, და მოთხოვნას ისეთი წესრიგის დამყარებაზე, რომელიც პრიმიტიულ უსამარათლობაზე - ორგანიზებულ ბოროტმოქმედებაზეა დაფუძნებული. ყველაფერი ცუდისკენ მიდის, რადგან დღეს ავადმყოფ ცნობიერს არსებითად აღარ სურს მისსავე სნეულებიდან მობრუნება. და ამგვარად უზნეო საზოგადოებამ გამოიგონა ფსიქიატრია, მასზე ძლიერი, ნათელი გონებებისგან თავდასაცავად, რომელთა გამოკვეთილი ინტუიციური ძალა მისთვის შემაშფოთებელია.
 
არა, ვან გოგი არ იყო გიჟი, მისი ნამუშევრები იყო ბერძნული ჩირაღდნები, ატომური ბომბები; ვის განსაკუთრებულ ხედვასაც, განსხვავებით იმ დროინდელი სხვა ავტორებისა, შეეძლო სერიოზული თავის ტკვილი გამოეწვია, როგორც მეორე იმპერიის მედროვე კონფორმისტი ბურჟუაზიისთვის, ასევე ტიერსის, გამბეტას, ფელიქს-ფორისა და ნაპოლეონ III-ის პოლიციის ჯაშუშებისთვის. ვან გოგის შემოქმედება თავს ესხმის არა იმდენად ჩვეულებათა მიმართ, არამედ ინსტიტუციების მიმართ გამოვლენილ კონფორმიზმს. ინსტიტუტები სოციალურ დონეზე ანგრევს; და სამკურნალო მეცნიერება, ვან გოგის სიგიჟის დამტკიცებით, მისსავე უვარგისობას და უპასუხისმგებლო გვამობაზე მიუთითებს. ფსიქიატრია, რომელიც ვან გოგის ნამუშევართა სიცხადემ გამოიწვია, სხვა არაფერია თუ არა თავად შეშლილ და დევნილ გორილათა სადარაჯო, რომელთაც მხოლოდ სასაცილო ტერმინოლოგიაღა დარჩენიათ, ადამიანთა აუტანელი კათარზისისა და სულის ხუთვის შესამსუბუქებლად.
 
ვან გოგი, ყველა ცოდვისგან თავისუფალი, იმ სიგიჟისგანაც თავისუფალი იყო, რომელსაც ცოდვა იწვევს. მე არ მჯერა კათოლიკური ცოდვის, მაგრამ მჯერა ეროტიკული დანაშაულის. და ზუსტად მსოფლიოს გენიები და ნამდვილი შეშლილები არიან ამ დანაშაულისგან უმანკონი. და თუ კი ისინი არ არიან უმანკონი, იმიტომ რომ ისინი ნამდვილი შეშლილები არ არიან.
 
და რა არის ნამდვილი შეშლილობა? ეს არის ადამიანი, რომელმაც სიგიჟე, როგორც მას სოციუმი აფასებს, ძვირადღირებულ ადამიანური ღირსების უმაღლეს იდეას ამჯობინა. მისსავე სამყოფელში, საზოგადეობამ მოახერხა და ჩაახშო ყველაფერი ის, რისგან გარიდება ან თავის დაცვა სურდა, რადგან უარი განაცხადა საკუთარი საზიზღარი უზნეობების თანამზრახველობაზე. შეშლილი არის ადამიანი, რომლის მოსმენაც საზოგადოებას არ სურს და მისგან აუტანელი სიმართლეების გაგების პრევენციას გამიზნულად ახდენს. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებისთვის შეშლილის იზლოაცია არ არის ერთადერთი იარაღი, სოციალურ კოლექტიურობას აქვს სხვა საშუალებებიც, რითაც შეუძლია დაიმორჩილოს ის გონებები, რომელთა ჩაახშობაც სურს. გარდა პატარა ქალაქების გრძნეული ექიმების გავლენებისა, არსებობს მსოფლიო მასშტაბით გავცრცელებული მთელი რიგი შელოცვებისა, რომელსაც დრო და დრო იყენებენ შეწუხებული ცნობიერების სახელით. ასეთი მიდგომებით, ომის, რევოლუციისა და სოციალური ძვრების დროს უნივერსალური ცნობიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და მის განსჯაზე გადადიან. ამდაგვარ განსჯას შესაძლოა კონკრეტული სენსაციური ინდივიდების მიმართაცმიმართონ. ასეთი ერთპიროვანი აფეთქებები იყო ბოდლერის, ედგარ პოს, ჟერარ დე ნერვალის, ნიცშეს, კირკეგორის, ჰოლდერლინის და კოლერიჯის შემთხვევაში და მათთან იყო კიდევ ერთი - ვან გოგი.
ნათელი, ჯანსაღი გონების მქონე ადამიანთა მცირე ნაწილი, რომელთაც ამ ქვეყნად ბრძოლა უწევს, დღისა და ღამის გარკვეულ საათებში საკუთარ თავს, მეხსიერებაში ამოტივტივებული ნამდვილი კოშმარების სიღრმიდან უყურებს, სადაც საზოგადოება მისი ჯადოსნური მომხიბვლელობის საცეცებით ავიწროებს მას და მის ჩაყლაპვას ცდილობს. საზოგადო სიბილწესთან შედარებით, სექსთან ერთი მხრივ და მასობრივ ან ფსიქიკურ რიტუალთან მეორე მხრივ, ღამით, ქუდით თავზე და თორმეტი სანთლით ხელში გარეთ გასვლა კონკრეტული პეიზაჟის დასახატად სიგიჟეს სულაც არ წარმოადგენს. ხოლო დამწვარი ხელი, ეს სუფთა და უბრალო ჰეროიზმია. ყურის მოჭრა კი პირადპირი ლოგიკა იყო. ვიმეორებ: მსოფლიო რომელიც ყოველდღე და ღამე მზარდი რაოდენობით ჭამს საჭმელად უვარგისს, რათა შეეწყოს მის ავადმყოფ რწმენას იძულებულია, სანამ ამ ავადმყოფი რწმენით ვინმე დაინტერესებულა, ჩაკეტოს და კლიტე დაადოს მას.
 
* * *
მჯერა, გოგენი ფიქრობდა, რომ მხატვარს სიმბოლოები და მითები უნდა ეძებნა და ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრებიდან ამ მითებში გადაეტანა, მაშინ როცა ვან გოგი ამ მითების რეალურ ცხოვრებაში ხორცშესხმას ცდილობდა. რეალობა გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერი ამბავი, მითი, ღვთაება თუ სუპერ-რეალობა. რეალობის ინტერპრეტირების უნარის ქონა, ეს უკვე გენიაა, რაც ვან გოგამდე არცერთ მხატვარს არ შეძლებია.
 
ვან გოგმა მიაღწია ფერების იმ სცენას, სადაც ფიქრი თავისით უკან, უწესრიგობაში მიედინება.
 
ყველა ძლიერი პერსონის მახასიათებელია რეალობიდან ერთი ნაბიჯით მიღმა ყოფნა, საიდანაც მათი ავადმყოფი ცნობიერებით ნათლად აღწერენ რომ არაფერია შემთხვევითი, რომ ყველაფერი ბოროტი რაც ხდება ცნობიერის, წინასწარგანზრახული, მახვილი, ბოროტი ნების ბრალია: მოსაზრება რომელსაც ფსიქიატრები არასდროს ეთანხმებიან, ხოლო გენიებს ყოველთვის ამის სწამთ.
 
ჯერ არავის არასდროს დაუწერია, დაუხატავს, გამოუქანდაკებია, აუშენებია ან გამოუგონებია, გარდა იმ მიზნით რომ ჯოჯოხეთიდან თავი დაეღწია.
 
მე გეტყვით, ვან გოგი იყო მხატვარი, რადგან მან ხელახლა შექმნა ბუნება, რადგან მან თავისი ოფლით დააასველა ის, რადგან იგი ამგვარ ტილოთა ხროვაში გამოვლინდა; საოცარი ფერები, ელემენტთა საუკუნოვანი ჭიდილი, ნიშანთა საშინელი წნეხი, ზოლები, მძიმეები და ხელის მოსმები, რის შემდეგადაც ბუნებრივი გამოსახულება იქმნებოდა.
 
და რამდენი იდაყვის მოძრაობა, რადმენი შოკი მისი თვალისთვის, რამდენი დაკვირვებული მზერა საგნების წინ, რამდენი სინათლის დინება, რომლებიც ქმნიდნენ რელობას, იყო საჭირო იმიასთვის, რომ ის ბარიერი დაძლეულიყო, რასაც ტილოზე შეკუმშული რეალობის გამოსახვა ჰქვია?
 
ვან გოგის ნახატებში არ არსებობს არანაირი მოჩვენებები, ხედვები ან ჰალუცინაციები. იქ არის პაპანაქება სიმართლე - მზე შუადღის ორ საათზე. მაგრამ იქვეა ნამუშევრის შობამდელი ტანჯვაც.
 
იქ არის სუფთა, გაშიშვლებული ბუნება, რომელიც თავისით ინიღბება, როცა მასთან მიახლოვებას ვცდილობთ.
მე მახსოვს მისი შესრულებული პურის ყანა; რამდენიმე, მკრთალად მონიშნული ყაყაჩოს თავები წინა პლანზე; რთულად და დაძაბულად მაგრამ ამავე დროს ვნებიანად დასმული წერტილები და მოსმული ხელი.
 
* * *
ვან გოგი იყო ყველა მხატვართა შორის ჭეშმარიტი მხატვარი, რადგან მხოლოდ იგი არ შეეცადა მხატვრობაზე აღმატებულიყო; მხოლოდ მხატვრობა იყო მისი გამოხატვის გამოკვეთილი საშუალება და მისი შესაძლებლობების მკაფიო ლიმიტი. მაგრამ მეორე მხრივ, მხოლოდ მან გადაამეტა მხატვრობას, როგორც ბუნების წარმოდგენის პასიურ საშუალებას, რათა ბუნების სილამაზისთვის მორევის ჩამთრევი ძალა მიენიჭებინა.
 
არაფერი გარდა მხატვრობისა - არანაირი ფილოსოფია, მისტიციზმი, რიტუალი, ფსიქურგია თუ ლიტურგია, არანაირი კავშირი ლიტერატურასა თუ პოეზიასთან: ეს მბრწყინავი ოქროსფერი მზესუმზირები ასე შეიქმნა.
 
ყველა ფსიქიატრზე უკეთ, ვან გოგმა მისი სიგიჟე თავადვე ასე აღწერა: „მე გავარღვიე, მე კვლავ დავკარგე, მე გამოვცადე, მე გავუშვი, მე გავიხსენი, ჩემი მკვდარი ცხოვრება არც არაფერს მალავს; სიცარიელეს ჯერ არავისთვის მიუყენებია ზიანი და ის ძალა, რომელიც მისკენ მაბრუნებს ეს მტანჯველი არ ყოფნის განცდაა, რომელიც ხანდახან ჩამივლის და ნათლად ვხედავ როგორ ჩამითრევს ხოლმე; და მე ვიცი რა არის სიცარიელე და შემიძლია გითრხათ რა არის მასში.“
 
ვან გოგი მართალი იყო. ადამიანს შეუძლია იცხოვროს უსასრულო სივრცეში და მისგან სიამოვნება მიიღოს. დედამიწასა თუ ვარსკვლავებში საკმარისზე მეტი სივრცეა, რომელიც ათასობით გენიით უნდა გაჯერდეს. და თუკი ვან გოგმა ვერ შეძლო მისი სურვლის დაკმაყოფილება მხოლოდ იმიტომ რომ საზოგადოებამ პირდაპირ და გამიზნულად აკრძალა იგი.
 
 
 
* * *
აღარავინაა მარტო სიკვდილში. მაგრამ სუიციდის შემთხვევაში ბოროტ ადამიანთა არმიაა საჭირო, რათა სხეული თვითგაუფასურებული ბუნების საწინააღმდეგო ამ ჟესტის ჩადენისკენ წააქეზო.
 
არ შეიძება მაშინვე დაუპირისპირდე იმ შეშლილობას თუ მგრძნობელობის უნარს, რომელიც ნატანჯ ვან გოგს გააჩნდა.
შინაგანი წინააღმდეგობების გამო ადამიანს შეიძლება შეშლილის თვისებები გააჩნდეს, რომელიც ადრე თუ გვიან მოკლავს მას, მაგრამ ამისთვის არ ღირს მისი გიჟად გამოცხადება და შერაცხვა.
 
და მსგავს შემთხვევებში, როცა მეუბნებიან „ბატონო არტო, თქვენ ბოდავთ,“ აღარ ვაპირებ მოვითმინო დანაშაულის ჩადენის გარეშე.
 
ამას ხშირად ეუბნებოდნენ ვან გოგს.
 
და მხოლოდ ამიტომ მოხდა, რომ სისხლიანი ყულფი რომელმაც მოკლა იგი, თავისით დაიხვა მისსავე ყელზე.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული