ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

პატრიარქის კლონი

ლაშა მილორავა
07.02.2016

   


ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2019 წელი

 

სანქტუმის ოთახში სრული სიჩუმეა. ახალი კლონი ოცი წუთის წინ გამოვიღეთ აპარატიდან. ილია II SW89 მესამე წარმატებული კლონია ბოლო ოცი წლის განმავლობაში. არ ვიცი, რატო ვწერ ამ ყველაფერზე. ეს ტექსტი ჩემ გარდა კიდევ ვინმეს რომ ჩაუვარდეს ხელში, ეგრევე ,,პანდორაში’’ გადამიყვანენ და ოცდახუთ ნაწილად დამჭრიან. პანდორა მიწის ქვეშ, ყველაფრისგან მოშორებით ააშენეს. თითქოს, საკმარისად დამთრგუნველი არაა ის, რომ წინასწარ იცი, შენგან მხოლოდ ხორცის ნაფლეთები დარჩება - ამ ყველაფერს კი ჩაბნელებული კორიდორი და სინესტე ემატება. ის კორიდორი ალბათ ყველაზე დიდი კორიდორია, რაც კი ოდესმე გაუკეთებიათ. მხოლოდ ერთხელ მომიწია პანდორაში გავლა. ერთი თვის წინ კლონირების დეპარტამენტის უფროსის თანაშემწეს, ლელას, შემთხვევით თავის თექვსმეტი წლის გოგოსთან წამოსცდა ჩვენი საქმიანობის შესახებ და პირადად მე მომიწია ორივე მათგანის, თვალახვეულის და ბორკილდადებულის, ამ უსასრულოდ გრძელ კორიდორში გატარება. ნარჩენები გაასუფთავეს და საჭირო ნაწილები სპეციალურად მომავალი კლონისთვის შექმნილ რეზერვში შეინახეს. ახლა კი SW89-ს ვუყურებ და ვცდილობ წარმოვიდგინო, მისი სხეულის რომელ ნაწილში გაუშვეს ლელას და თიკუნას ნარჩენები. პატრიარქის კლონი თვალებდახუჭული დგას ფორმალდეჰიდით სავსე მინის კაფსულაში. საბოლოო ტესტირებაც და ალბათ ხვალ, SW89 დღის შუქს იხილავს.

ორგანიზაციას, რომელშიც ვმუშაობ, ,,უკანასკნელი სურვილი’’ ქვია. სამწუხაროა, ამხელა რესურსი მხოლოდ ერთი ტიპის კლონებზე რომ იხარჯება, მაგრამ, რას გააწყობ, პირადად ჩემი აზრი ყველას ფეხებზე კიდია. სიმართლე რომ ითქვას, ხმამაღლა ამის შესახებ არც არასდროს მილაპარაკია. ჩვენთან ზედმეტ კითხვებს არ სვამენ. ყოველწლიურად საპატრიარქო ნახევარ მილიარდ დოლარს რიცხავს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ დაწყებული ექსპერიმენტის გახანგრძლივებაში და შესაბამისად მიწევს ენას კბილი დავაჭირო, დავალებული საქმე გავაკეთო და სახლში მომლოდინე პირველი ხარისხის ინვალიდ შვილსა და უმუშევარ მეუღლეს, პროდუქტებითა და წამლებით სავსე პარკები მივუტანო. არა, არ ვწუწუნებ. უბრალოდ, მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთი დღე არ გასულა, გულში რაღაც ხინჯი არ მეგრძნოს.

პირველი კლონი 2001 წელს დამზადდა, როცა ილია II გარდაიცვალა. ამის შესახებ, ბუნებრივია, არავინ იცის, ჩვენ გარდა. 2001 წელს, გაზაფხულზე, პატრიარქმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, თუმცა საუკეთესო ექიმების ხუთსაათიანმა თავდაუზოგავმა მუშაობამ უშედეგედოდ ჩაირა. დილის ორ საათზე, კათალიკოს პატრიარქი ოფიციალურად მოკვდა. ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ქაოსსა და აურზაურს გამოიწვევდა, ხოლო მასობრივი პანიკის თავიდან ასაცილებლად კლონი ილია II BD234 დატესტვის გარეშე ამუშავდა. რა თქმა უნდა საპატრიარქომ იცოდა ქვეყნის მთავარი რელიგიური პირის ავადმყოფობის შესახებ და ზომები წინასწარ მიიღო. ორგანიზაცია ჯერ კიდევ 1999 წელს შეიქმნა. კლონი წარმოუდგენლად მოკლე დროში დამზადდა, თუმცა, როგორც დრომ გვაჩვენა, ორიგინალზე არანაკლებ მუშა და რეალისტური გამოდგა. ყველა ექიმი, ვინც პატრიარქის სიკვდილი საკუთარი თვალით იხილა, იმ ღამითვე გადაიყვანეს ქუთაისში, საღორიის ტყეში და დახვრიტეს, ხოლო გვამები დაწვეს. ხალხი, რასაკვირველია, ვერაფერს მიხვდა.

BD234 მაინც პირველი, ექსპერიმენტალური ნიმუში იყო და რა თქმა უნდა ჰქონდა რაღაც ხარვეზები. ორიგინალისგან განსხვავებით, გონებრივი მაჩვენებლები ოცი პროცენტით შეეზღუდა, ცოტა ხანში კი კუნთების დეფორმაცია დაეწყო, რამაც საგრძნობლად შეამცირა მისი ქმედითუნარიანობის მაჩვენებელი. კლონი წელში მოიხარა და კოჭლობა დაიწყო. მაგრამ, ამ ყველაფერს მხოლოდ ,,უკანასკნელი სურვილის’’ სამუშაო ჯგუფი აკვირდებოდა მეცნიერულად, დანარჩენი ხალხისთვის, ანუ, ქვეყნის მოსახლეობისთვის, კლონის ეს დარღვევები პატრიარქის დაბერების თანმდევი ბუნებრივი პროცესი იყო.

მეორე კლონზე მუშაობა 2002 წელს დაიწყო, რათა პირველის საბოლოოდ მოშლის შემდეგ, ამჯერად უკვე დატესტილი მოდელი ყოფილიყო მზად. მისი დახვეწა ოფიციალურად 2012 წელს მორჩა, როცა ქვეყანაში კარზე მომდგარი არჩევნების პანდემია მძვინვარებდა. ამჯერად კლონი თითქმის იდეალური გამოდგა. სწორედ ამიტომ, ილია II Futuristic W71 უწოდეს და ფორმალდეჰიდის კაფსულაში მოათავსეს. BD234 ჯერჯერობით ისევ განაგრძობდა ფუნქციონირებას და თითქოს საბოლოო განადგურებისკენ დიდად არ მიიჩქაროდა. მისი ტვინი ნელ-ნელა კვდომას იწყებდა და უკვე ბოლო წლებში სინოდის წევრების მიერ ნაკარნახევ ინფორმაციას ვეღარ ხარშავდა, რაც ეპისტოლეებში სრული აბსურდის ლაპარაკში იჩენდა თავს. თუმცა, ხალხმა ესეც ვერ შეამჩნია. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეპისტოლეს დროს, თუ არ ვცდები, აღდგომას, 2015 წელს, უეცრად BD234-ს ცალი ბაყვი მოძვრა. თუმცა, მისი გადამალვა ადვილად მოხერხდა სიტყვით გამოსვლის დამთავრების შემდეგ. ეს იყო უტყუარი საბუთი იმის, რომ კლონი ცოტა ხანში საბოლოოდ დაიშლებოდა. ასეც მოხდა. 2016 წლის მარტში BD234-ი საკუთარ საწოლში გამდნარი იპოვეს. დაშლილი კლონი პატრიარქის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა აღმოაჩინა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა კლონის არსებობის შესახებ და ნანახმა იმდენად აურია თავგზა, იმ წამსვე ბუდიდან ,,მაკაროვის’’ ტიპის რევოლვერი ამოიღო და კლონის ნარჩენებს საკუთარი ტვინის ნამცეცებიც შემატა. ბუნებრივია, ორივე გვამი უახლოესი ერთი საათის განმავლობაში გააქრეს. მეორე დილით კი სინათლის შუქი უკვე ილია II Futuristic W71-მა იხილა.

საპატრიარქოს მოთხოვნით კლონს ახალი ფუნქცია დაემატა - ,,BlackJack Master’’, რისი მეშვეობითაც პატრიარქს ბლექჯეკის თამაში ლამის მსოფლიოში ყველაზე კარგად შეეძლო. ამ ფუნქციის მეშვეობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი სინოდის წევრები, პატრიარქს ყოველდღიურ ტანისამოსში აწყობდნენ და კაზინოებში დაჰყავდათ, რითიც არნახულ ფულს აკეთებდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა 2020 წლიდან 1 მილიარდი დოლარით უნდა გაზრდილიყო, თუმცა,  ორი თვის წინ უბედური შემთხვევა მოხდა. ლას ვეგასში მორიგი ვიზიტის დროს, ილია II Futuristic W71-ს არნახული სიჩქარით მოძრავი ,,ლამბორგინი’’ დაეჯახა და შუაზე გახლიჩა. ავტომობილი ადგილიდან მიიმალა, მისი ვინაობის დადგენა კი ვერა და ვერ მოხერხდა. ახალი კლონი ჯერ კიდევ ტესტირების პროცესში იმყოფებოდა და მისი ამუშავება ყველანაირი სტანდარტის დარღვევით მოგვიწევდა, რაც ნამდვილად არ იყო საუკეთესო ვარიანტი. ასე რომ საპატრიარქოს მოუწია ხალხისთვის ილია II-ს ავადმყოფობის და ფრანკფურტში მკურნალობის ორ თვიანი კურსის შესახებ განეცხადებინა. დრო მოვიგეთ.

ახლა კი ჩემ წინ ახალი კლონი, SW89 დგას. უფრო სწორად, ფორმალდეჰიდში ტივტივებს და პირველი ნაბიჯის გადადგმას ელის.

 

 

 

პარასკევი, 23 ივნისი, 2019 წელი

 

-         მგონი, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, არა? - უფრო თავისთვის კითხულობს სოლომონი.

-         პულსი ნორმალურია, წნევაც. - პასუხს სცემს ირინა.

-         შეგვიძლია ფორმალდეჰიდიდან ამოვიღოთ. - ვამბობ.

-         მაინც, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ყველაფერი. ნამდვილად არ მინდა სამებაში უცებ რამე მოძვრეს.

-         კუნთოვანი ფენა ნორმაშია, ნერვული სისტემაც. ყველა მაჩვენებელი წესრიგშია.

-         კარგი, ჩართეთ გამწოვი.

 

ღილაკს თითს ვაჭერ და ფორმალდეჰიდი ნელ-ნელა კლებას იწყებს. ცოტა ხანში კაფსულაში მხოლოდ ილია II-ს შიშველი ფიგურა რჩება.

 

-         ამოიღეთ, - ბრძანებას გასცემს სოლომონი.

 

ნუგზარი რობოტში ჯდება და უზარმაზარი მექანიკური ხელებით, რომელიც სილიკონის რბილი ფენებით ბოლოვდება, კლონს ჰაერში წევს. SW89-ს თმებიდან წვეთები სდის და იტაკზე კვალს ტოვებს. ნუგზარი სხეულს სპეციალურ მაგიდაზე აწვენს. ამ ყველაფერს სინოდის რამდენიმე წევრი აკვირდება. მათი სახელებს სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ. ნანა და ელეონორა პირსახოცებითა და სამოსით ხელში შემოდიან და კლონის გამოწყობას იწყებენ. თვალებდახუჭული, მკვდარს ჰგავს. არადა რამდენიმე წუთში ყველაზე ცოცხალი და ყველაზე ,,ახალი’’ ადამიანი იქნება ამ ოთახში. გოგოები თავის საქმეს რჩებიან. სოლომონი სინოდის წევრებისკენ იხედება და სრულიად უემოციო სახით ეკითხება:

-         ავამუშაოთ?

ისინიც თავს უქნევენ.

-         გია, ადრენალინის ინიექცია გაუკეთე.

გია მორჩილად მიდის კლონთან და ვენაში ნემსით ადრენალინი შეყავს. ზუსტად ათ წამში კლონი ხველებით დგება მაგიდიდან და ოთახში მყოფებს გაოცებული სახით გვიყურებს.

-         სად ვარ? - გვეკითხება.

-         დანარჩენს ჩვენ მივხედავთ, - ამბობს სინოდის წევრებიდან ერთ-ერთ, პატრიარქს ხელკავს უკეთებს და ოთახიდან გაყავს.

კართან მისული SW89 ჩერდება და ერთხელ კიდევ გამოგვხედავს. არ ვიცი, მომეჩვენა თუ არა, მაგრამ თვალები თითქოს ცრემლებით ქონდა სავსე.

,,მობეზრდა ამდენი ინკარნაცია’’, ვფიქრობ ჩემთვის და გულში ისევ ხინჯს ვგრძნობ.

ღამით, სანამ სახლში წავიდოდი, ლაბორატორიაში შუქი ჩავაქრე და ერთ ღერს მოვუკიდე. მშვენივრად ვიცი, რომ შიგნით მოწევა კატეგორიულად აკრძალულია, მაგრამ ახლა აქ მაინც არავინაა, გამწოვი კი დილით კვამლის ნაკვალევსაც არ დატოვებს. ისევ SW89-ის თვალები წარმომიდგა. ნეტა, მართლა ტიროდა? უეცრად, მეც ტირილი მომინდა. თავის შეკავება არც მიცდია, ემოციებს ავყევი და როცა ლოყაზე ცხარე ცრემლის პირველი ფენა ვიგრძენი, გადავწყვიტე აქ არასდროს დავბრუნებულიყავი. აღარასდროს მენახა კიდევ ერთი, ზუსტად წინას იდენტური პატრიარქი, რომელსაც ერთადერთი უფლებაც კი წაართვეს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო - სიკვდილის. და აწი მოუწევს იცხოვროს სამუდამოდ, როცა უკვე აღარც სინოდის ახლანდელი წევრები იარსებენ და აღარც ჩვენი ორგანიზაციის. ყველანი წავალთ და სხვები ჩაგვანაცვლებენ.

ის კი უცვლელი დარჩება.

აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე.