• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ამერიკული არდადეგები

×
ავტორის გვერდი ედუარდ ლიმონოვი 06 იანვარი, 2016 4575

მთარგმნელები: გიორგი ფირცხალაიშვილი, ნორიკ ბადოიანი

 

როგორც ჩანს, იცხოვრო ისე, რომ არავის აწყენინო, შეუძლებელია. თავის დროზე არც ისე ცოტაადამიანს ვაწყენინე. უკვე ვაწყენინე რამდენიმე პროტოტიპს, პიროვნებებს, რომლებიც ჩემი წიგნების გმირების პროტოტიპებად გამოვიყენე, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სინამდვილეში სულაც არ არიან ისეთები, როგორებადაც  გამოვიყვანე. ერთნი სიკვდილს მპირდებიან, მეორენი - სასამართლოში ჩივილს. უფრო ლმობიერი პროტოტიპები კი უბრალოდ მწერლის ცემით იმუქრებიან.

კიდევ, უამრავი ქალი გავანაწყენე. ამცხოვრებაშიერთმა ქალმა ძალიან მაწყენინა და რამდენიმემ არც ისე სერიოზულად. სამაგიეროდ მე ქალების მთელ ბატალიონს ვაწყენინე. და ალბათ, კიდევ ამდენივეს წყენინება მომიწევს.

დღეს კალიფორნიის პატარა ქალაქიდან წერილი მივიღე - მშრალი პასუხი ჩემს საახალწლო ბარათზე. ათობით აკურატულ, მაგრამ ბრაზიან სტრიქონს შორის, იყო შემდეგიც:„კატრინმა შემატყობინა,იმიტომ არ მწერდი,რომ ჩემთვის „ცრუ იმედები“ არ მოგეცა.  არ იდარდო, შენ მიმართ არანაირი იმედები არ გამაჩნია, და წარმოიდგინე, ამ დღეებში ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ, უფრო ბედნიერი, ვიდრე წლების განმავლობაში“.

„ჰეი-ჰეი, მოეშვი, თუ შეიძლება, - გავიფიქრე მე. -მოეშვი. რა დაგიშავე? გაგქურდე? ბედნიერი ხარ, არა, მიხარია. მე კი სამწუხაროდ ჯერ კიდევ უბედური ვარ“.

შემთხვევით კალიფორნიის პატარა ზღვისპირა ქალაქში მოვხვდი. ასევე შემთხვევით, აქამდე ორჯერ ვიყავი ამ ქალაქში - 1978 წელს რამდენიმე საათით და 1980 წელს ორი ღამე გავათენე. იქნებ, ყველაფერი დაპროგრამებულია იქ „მათთან“, სადღაც ყველაზე დიდ კომპიუტერში, სპილოს, ვეშაპისა და ჩემი გენეტიკური კოდის კონსტრუქციებთან ერთად დაპროგრამებულია ჩემი ბედისწერაც, სად და ვის შევხვდები და რომელ ქალაქში ან დედაქალაქში ჩავალ.

ლოსანჯელესის ინტერნაციონალური ლიტერატურული კონფერენციის შემდეგ, როგორც კი უკან მოვიტოვე, უნდა გამოგიტყდეთ, ერთგვარი დანანებით, სასტუმრო „ჰილტონი“, პროფესორები და ლიტერატურული „ჯგუფები“, ორ მეგობარ მწერალთან ერთად, უსაქმურობისგან,- წინ მთელი ზაფხული იყო, ფული კი მქონდა,- მივემგზავრებოდი ავტომობილით ჩრდილოეთისკენ. 

მაისის საოცარი დილა იყო, მზიან კალიფორნიაში მზე აცხუნებდა, მანქანის ღია ფანჯრიდან ველური ქარი გვიქროდა, რომელიც მყარ ჯარისკაცულ ქოჩორს მიშლიდა და ცხოვრებაც მაგრად მიდიოდა.  აი, მაშინ მოვწიე სიგარეტის უკანასკნელი ღერი  და ნამწვი ფანჯარაში მოვისროლე, რისი გაკეთებაც გამომშრალ კალიფორნიაში თავისი ხშირი ხანძრებით, არ შეიძლება. 500 დოლარია ჯარიმა. მოწევას სიცოცხლის ჭარბი შეგრძნების გამო შევეშვი. ბედნიერების სიჭარბისგან მაისის ამ დღეს. და დღემდე არ ვეწევი.

სადღაც შვიდი საათის შემდეგ ამ ქალაქში აღმოვჩნდით. უკვე ბნელოდა, რადგან გზად ერთი-ორი საათით გერმანულ რესტორანში  შევჩერდით სასადილოდ. რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც ჰაივეი ნომერ ხუთიდან გადავუხვიეთ, მოხვევისას ჩვენი ფარების სხივმა სიბნელიდან გამოგლიჯა ვიღაცის სახლის მწვანე ღობესთან შიშისგან გაქვავებული ირმების არც ისე დიდი, გრაციოზული ჯოგი.

ორიდან ერთ-ერთი მწერალი უკვე ნახევარი წელია, რაც ამ ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ ჩვენთვის ყველასთვის მის ვიწრო ბინაში გაჩერება, რომელსაც ის ქირაობდა, აშკარად უხერხული იქნებოდა - იატაკზე ძილი მოგვიწევდა, ამიტომ დავლიეთ ორი კათხა ლუდი, კვლავ მანქანაში ჩავლაგდით და გავემგზავრეთ მის ერთ-ერთ ნაცნობთან, რათა ღამე გაგვეთია.

ყველა ეს განთავსება და გადაადგილება შენთვის მოსაწყენი იქნება, მკითხველო, ალბათ ასჯერ მაინც წაგიკითხავს, კალიფორნიაში მანქანებით როგორ გადაადგილდებიან მწერლები და მათი გმირები. ამიტომ შენთვის მსურდა წარმომედგინა  მხოლოდ ძირითადი - მომხდარის ექსტრაქტი, ის რის გამოც ქაღალდი საწერ მანქანაში შევაცურე. კერძოდ კი, ჩემი შეხვედრა ჯულისთან, 26 წლის შვედურ-გერმანული წარმოშობის ამერიკელ გოგოსთან. ამ შეხვედრის შედეგად ორი თვით დავრჩი ქალაქში და შევიძინე გამოცდილება, რომელიც აქამდე არ გამაჩნდა, კერძოდ კი, არაჩვეულებრივად  „წესიერ“, წარმოუდგენლად დადებით და გაწონასწორებულ და ასევე რელიგიურ (მის აპარტამენტებში სამი (!!!) ბიბლია დავითვალე) ქალთან თანაცხოვრების გამოცდილება. ამ გამოცდილების მიღების შემდეგ, ცოტათი უფრო სევდიანი გავხდი.

ტანადი, უბრალო, მაგრამ ლამაზი სახით, ქერა, როგორც ჩვენ რუსები ვამბობთ - წელამდე თმებით, ის სიბნელიდან მომევლინა, პირდაპირ სიმწვანიდან, და ასეთი საზაფხულო ყვავილებიანი კაბით, კაბა-სარაფანში მკვლავების გარეშე, შემოვათრიე ის ჩემ ცხოვრებაში, ხოლო როდესაც მომბეზრდა, ივლისის მიწურულის ერთ საკმარისად ცივ დილას ჩემი ცხოვრებიდან მოვისროლე. და მე მივდიოდი ადგილობრივი პატარა აეროდრომის მობეტონებულ მოედანზე, ის კი კარებში იდგა და  ჰაეროვანი კოცნებით მაცილებდა. მას დაბნეული სახე ჰქონდა.

ჩვენ, ადამიანებად წოდებულ ცოცხალ არსებებს, ყველაფერი დროებითი გვაქვს. და მხოლოდ დროებითობის ხარისხი განასხვავებს ერთ კავშირს მეორისაგან, შეხვედრას და შეხვედრას. ზოგიერთი სახე დიდ ხანს რჩება ჩვენს ცხოვრებაში, ზოგიერთი კი მხოლოდ დროებით - ერთი ღამით, კვირით, წელიწადით. ზოგიერთი სახის გაშვება არ გვსურს, ზოგიერთისგან კი შვებით ვთავისუფლდებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უკან მოხედვისას, მე ვხედავ, მე უეცრად ვხვდები, რომ ცხოვრება - ეს ძალიან მოსაწყენი ბიზნესია.

მის ცხოვრებაში უეცრად ღამით,  ჩემი დიდი გადასარევი ევროპული ჩემოდნით, საბეჭდი მანქანით და ხელნაწერებით სავსე ჩანთით შევიჭერი.  დასაძინებლად მის ლივინგრუმში დივანზე მოვეწყვე, ისე რომ დიდად ნებართვა არც მითხოვია და იქ მარტოს მეძინა ექვსი ღამე. ზუსტად 6 ღამე დამჭირდა, იმისთვის, რომ 1981 წელს ლუთერანის სათნოება დამერღვია და მეშვიდე ღამეს გადავბარგებულიყავი მის საძინებელში. ჩვენს დროში, მკითხველო, ექვსი ღამეა საჭირო იმისთვის, რომ ძალიან პატიოსანი ქალის ფეხებს შორის განლაგებული ციხესიმაგრე აიღო. არ ვიცი, ბევრია თუ ცოტა?

არასდროს წარმომედგინა თავი კაზანოვად,  გოგონა, რომელსაც გამუდმებით თავს ვაბეზრებდი, მომწონდა. იმის თქმა, რომ შეგნებულად მოვატყუე, თავი მოვაჩვენე შეყვარებულად, ტყუილი იქნებოდა. შეერთებულ შტატებში, პარიზში გატარებული მძიმე ზამთრის და რამდენიმე დეპრესიის შემდეგ ჩავედი, მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ უახლოეს დროში ცხოვრების მუდმივ მეგზურს ვიპოვიდი. ჯული - მასწავლებელი, მხოლოდ ახლა (თებერვალში) რომ გამოექცა ალკოჰოლიკს, რომელთან ერთადაც ორი წელი იცხოვრა და ეხმარებოდა მას,  სავსებით უხდებოდა ამ როლს. ივლისის ბოლოს ჩემთვის კვლავ ნათელი იყო, რომის ცხოვრების თანამგზავრად შემეფერობადა, ისე როგორც არცერთი სხვა ქალი. უბრალოდ მე არ შევეფერებოდი.

ექვსი დღე სამაგალითოდ ვიქცეოდი . „სამაგალითოდ“ - არაა შესაფერისი სიტყვა. მე ვიყავი მამაკაცი ოცნებიდან, ფეთქებადად მხიარული, გონებამახვილი და უბრალო. დაჟინებით მოვითხოვდი, რომ ყოველ ლანჩზე ახალ რესტორანში  წავსულიყავით სალანჩაოდ. სასადილოდაც რესტორნებში მივდიოდით და თუმცა ჯული დროგამოშვებით მორცხვად მიმითითებდა, რომ ზედმეტად ბევრ ფულს ვხარჯავ, მე, ენერგიული, ხმაურიანი დენდი, გარუჯული, თეთრ პიჯაკსა და თეთრ ტუფლებში, - „პარიზელი ტიპი“, როგორც გამოთქვამდნენ ძველი რუსი მწერლები, ნელა, მაგრამ დანამდვილებით ექვსი დღე და ღამე ვსანსლავდი მკაცრი პროტესტანტის ნებას.

სახიფათო მწერალი, ამორალური მოუსვენარი ტიპი ევროპიდან, პარიზული ტროტუარების ჭირი უეცრად მობრუნდა, დატრიალდა საკუთარი თავის ირგვლივ და მეზობლის ბიჭად გადაიქცა, რომელთან ერთადაც კიბის საფეხურებთან მჯდომარენი სვამენ ლუდს, ან გადაილაპარაკებენ კარგად შეკრეჭილ ბუჩქებს იქიდან, ორ კალიფორნიულ და ვისკონსურ სახლებს რომ ყოფს. ვცდილობდი, ვყოფილიყავი უბრალო და გასაგები.

როცა ჩვენი ერთობლივი ცხოვრების მესამე დღეს, მან სნიკერსის თასმების შეკვრისას, გამომიცხადა, რომ სირბილს აპირებს, მე იმწამსვე სიხარულით მოვემზადე, რათა ერთად გვერბინა, თუმცა ცხოვრებაში არასდროს მირბენია და აპრილში პარიზში მარჯვენა ფეხის სისხლძარღვების ოპერაცია გადავიტანე, ხოლო მარცხენა ფეხის მუხლისთავი დღემდე მიყანყალებს. მასთან  ერთად მხნედ და ენერგიულად გავირბინე რამდენიმე მილი ულამაზეს ბილიკზე ოკეანის სანაპიროს გასწრივ, მაგრამ გარბენის შემდეგ უეცრად აღმოჩნდა, რომ ის ჩვეულებრივ ბევრად ნელა დარბოდა, ვიდრე ჩემთან ერთად.

როდესაც ოფლში ამოწურულებმა დავასრულეთ სირბილი, შხამისფერ-ყვითლად შეღებილ წყლის ავზთან, შევხედე რა ჩემი ახალი მეგობრის იერს, მივხვდი, რომ წარმოუდგენლად სწორი ნაბიჯი გადავდგი. ჩემმა აქციებმა უცებ რამდენიმე პუნქტით აიწია. პარიზელი მწერალი აღმოჩნდა არა განებივრებული პედერასტი, არამედ ნამდვილი მამაკაცი. ჯულიმ მოულოდნელად დაიჭირა ჩემი ხელი და მეგობრულად მოუჭირა მას. ასე, ხელებჩაკიდებულნი მივდიოდით სახლისკენ. მძიმედ ვსუნთქავდით და მხიარულად ვსაუბრობდით. გზაზე დიუნებსა და ფიჭვებს შორის ვგრძნობდი მის მზერას, რომელიც ალერსიან პატივისცემას გამოხატავდა. და გაკვირვებას.

პირველად ჩემს ცხოვრებაში მთელი ზაფხულისთვის საკმარისი ფული მქონდა. გამომცემლობა „ალბან-მიშელს“ პარიზში მივყიდე ჩემი „უიღბლოს დღიური“ და შემეძლო საკუთარი თავისთვის ნება მიმეცა კვირაში 1000 ფრანკი დამეხარჯა. წარმოუდგენელი მიღწევაა მწერლობაში ახლახან შეჭრილი ინტერნაციონალური თრაბლმეიქერისთვის. ბიუროკრატისთვის, რომელიც მშვიდად იღებს 100 000 დოლარს წელიწადში,გაუგებარი იქნებოდა ჩემი იმდროინდელი ამაღლებული განწყობა. 

მე-5 დღეს ჩემ მეგობარ მწერალთან და მის ცოლთან ერთად, ჩემთვის ბინის მოსაძებნად გავემგზავრეთ. გადავწყვიტე დავრჩენილიყავი ასეთ მშვიდ, პენსიაზე გასული სამხედროებითა და ბიზნესმენებით, ანდა მათი ქვრივებით, ფიჭვებით, ღვიებით, ნადირობისთვის აკრძალული სელაპებით ოკეანეში, ირმებით ქუჩაში, უზარმაზარი ყვავილებიანი ფაშფაშა მექსიკური ბუჩქნარებით, რაღაც ნახევრად ციყვების, ნახევრად თრიის მსგავსი ჯიშის ცხოველებით და სოროებით გადათხრილი მთელი სანაპიროთი სავსე ქალაქში.  მსურდა დავრჩენილიყავი და გარკვეული დროით აქ მეცხოვრა. დღისით მევლო ოკეანესთან, გავწოლილიყავი კლდეებზე ან სხვათა ბავშვობის იმიტირებით, ნაპრალებიდან კიბორჩხალები გამომეჩიჩქნა. 

გაირკვა, რომ ბინა, რომელშიც უნდა მეცხოვრა, სახურავის ქვეშ  მდებარეობდა და ბუნებრივია, იქ ძალიან ცხელოდა, მიუხედავად პატრონის მტკიცებისა, რომ ყოფილ მდგმურს დაავიწყდა გათბობის ბატარეის გამორთვა. გარდა ამისა, პატრონს სურდა სექიურითი - ფული ორი თვით ადრე, დამატებით თანხა რაღაცისთვის, რასაც სავარაუდოდ გავაფუჭებდი მის სახლში. მის მიერ შემოთავაზებული თანხები არ მაწყობდა, ისევე როგორც სახურავის ქვეშ ტემპერატურა. ამხანაგებთან ერთად ღვინო დავლიე, რის შემდეგაც, მეგობრული სპორტული წყვილიგაემართა ჩოგბურთის სათამაშოდ, მე კი, ოკეანის პირას ხეტიალის შემდეგ, დავბრუნდი დროებით თავშესაფარში.

ჩემი მასწავლებელი,  ჯერ კიდევ სკოლაში იყო, ამიტომ უსაქმურობის გამო სიფრთხილით ჩავუღრმავდი მის ერთ-ერთ ბიბლიას. ბიბლიური პერსონაჟებიდან, ბუნებრივია, ყველაზე მეტად მრუშები მაინტერესებდა და სრული სერიოზულობით დავიწყე მარიამ მაგდალინელის ისტორიის შესწავლა. ჯულიმ ბიბლიის კითხვის პროცესში  შემომისწრო. და მგონი, ამით მეორე უზუსტესი დარტყმა მივაყენე მის სათნოებას. მან დაინახა, რომ  მთლად უიმედო არ ვარ და შესაძლოა,  ჩემი სულის ხსნა ჯერ კიდევ არ არის გვიან. რა შეიძლება იყოს ამაზე კეთილშობილური - გადაარჩინო ვინმეს სული. განსაკუთრებით ისეთი მძიმე, როგორიც ჩემია. მეორე დღეს ჯულიმ  ჩემი ჯვრის ძეწკვი შეაკეთა და ხუთი წლის განმავლობაში  ჩემოდნით უაზროდ ნატარები, ის კვლავ გაჩნდა ჩემს მკერდზე.

დამავიწყდა მეთქვა, რა თქმა უნდა,  სექსი მის სახლში გატარებულ პირველივე ღამეს შევთავაზე. ის მაშინ დაფრთხა. ხოლო მე მივხვდი და არ დამიჟინებია. ჯული მიხვდა, რომ მივხვდი და როგორც ჩანს, იმის გამო რომ იმ პერიოდში მარტოსული იყო,  რაღაც დარცხვენილად ჩაიბურტყუნა, რომ არც ისე კარგად, საერთოდ არ მიცნობს, მაგრამ მაინც დამიტოვა მამაკაცს იმედი. და როგორც ვხვდები, თავისთვისაც დაიტოვა. „ვინ უწყის, - სავარაუდოდ, გაიფიქრა მან, - იქნებ ეს პიროვნება არ აღმოჩნდეს ისეთი ცუდი, როგორც მეუბნებოდნენ“. მაშინ კი მოვუბოდიშე,  რა თქმა უნდა, ბოროტმა ადამიანებმა და ცხოვრებამ მასწავლა ასეთი ცუდი ჩვევები - ვუთხარი მე, გოგოებს უმალვე  საწოლისკენ მოვუხმო, საერთოდ კი კარგი ვარ.

ექვსი დღის განმავლობაში,ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, თავდაყირა ვიდექი. ჩემი ყოველი მოქმედება, ჩემ მიერ ნათქვამი ყოველი ფრაზა იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩემი კეთილშობილი ბინის პატრონის გული დამეპყრო და მის სხეულს დავუფლებოდი.

ყოველ დღე ვსვამდი. ვსვამდი დილიდანვე, მაგრამ მაისში კალიფორნიის ჯანსაღ მიწაზე,  ყველაფერს რასაც ვსვამდი, ორგანიზმი სიცოცხლის უმშვენიერეს აღგზნებულ გრძნობად და სექსუალურ სურვილად გარდაქმნიდა. მძიმედ-ნაცრისფერი პარიზის, მისი წვრილტუჩება ქალების, პირქუში მუზეუმების შემდეგ ვამჩნევდი, თითქმის შინაურ პატარა ყვითელ ბულდოზერს, რომლის დახმარებითაც ადგილობრივები თხრიდნენ საცხოვრებლებს გარდაცვლილებისთვის. „გახსოვდეს სიკვდილი, ლიმონოვ, და იცხოვრე დროის ფლანგვის გარეშე, - ღაღადებდა ბულდოზერი. ადგილობრივი გაზეთის ნეკროლოგებით თუ ვიმსჯელებთ,  ბულდოზერი არც ისე ხშირად და განსაკუთრებული სევდის გარეშე მუშაობდა. ამ ქალაქში მიცვალებულთა საშუალო ასაკი (დავითვალე) 86 წელი იყო. ჩვეულებრივ, ბულდოზერზე კაშკაშა მოზრდილი პეპლები ისხდნენ...

მეექვსე დღეს უეცრად კაეშანი შემომაწვა. კანონზომიერი მოვლენაა. სამი კვირაა უკვე ვსვამდი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, დროა, დამდგარიყო ალკოჰოლური დეპრესია. ვიცოდი რა და ვუფრთხოდი ამას -  იყო დროები, როცა ასეთი დეპრესიისას რამდენიმე დღე ცრემლად ვიღვრებოდი - უკვე ღამისკენ  ჯული ოკეანისპირა ძვირადღირებულ რესტორანში წავათრიე, რაც გნებავთ, ოღონდ  დეპრესიის რიტმი დავაგდო, როგორღაც ფეხი მოვიცვალო, ვიარო სხვა ტემპით, რათა ხიდი ასეულის ფეხქვეშ არ ჩაინგრეს. „ერთმანეთს ფეხს არ ვუწყობთ, - განვუცხადე ჩემს თავს. - ვნახოთ, რა გამოვა“.

ჯულიმ შავი, უმკლავებო კაბა ჩაიცვა, მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი და თმები კეფაზე დამტვერილი შინიონით მიიმაგრა. მაგრად გამოიყურებოდა; ღმერთმანი, როგორც კინომსახიობი, შეიძლება, როგორც ინგრიდ ბერგმანი ახალგაზრდობაში. იყო მასში რაღაც პროვინციალური - მაგალითად, მისი მუქი, მკაცრი „მასწავლებლური“ პიჯაკი, რომელიც კაბის ზემოდან მოიცვა - მაისის კალიფორნიული ღამეები ამ ადგილას საკმაოდ ცივია - და    სახის ზედმეტად მოკრძალებული გამომეტყველება, მაგრამ შეიძლება, მოიშორო პიჯაკი და შეიცვალო სახის გამომეტყველება.

ის  ამ რესტორანში საუკეთესო იყო. არ ვიცი, ვიყავი თუარა მე ყველაზე კარგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ცივილიზებული რომ ვიყავი, უდავოა. როდესაც ბარში ვისხედით, მე ორმაგი „ჯეი ენდ ბი“-ის ჭიქით ხელში, ის მარტინით,  თავს ვგრძნობდი, როგორც ჯეიმს დინი, ხოლო როდესაც  დაგვსვეს ფანჯარასთან, რომელიც გაჰყურებდა მუქ, სავსე მთვარით განათებულ ოკეანეს, თავი უფრო ასაკოვნად - ჰემფრი ბოგარტად ვიგრძენი. მთელი ეს საღამო და შემდეგ ღამე და მომდევნო დილა შეიცავდა უდავო კინემატოგრაფიულობის ელფერს, და მთელი ეს დრო ისე ვუყურებდი ჩემს თავს და ჯულის, როგორც რომანტიული კინემატოგრაფის პერსონაჟებს. 

კინემატოგრაფის ყველა ატრიბუტი აშკარა იყო.  ფონი, რა თქმა უნდა, ეკავა ოკეანეს, სწორ და გლუვ, მთვარის შუქით განათებული ღამის ყველაზე მაღალი ხარისხის მაისის  ოკეანეს. მაყურებლებთან ახლოს გამოწეული იყო მაგიდა ქათქათა გადასაფარებლით და ვარდით ბროლის მაღალ ბოკალში. ესიყო არა ქალაქის რაღაც ჩამომხარი ვარდი, არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჯანმრთელი ვარდი, შეიძლება სხვა ვარდებთან ერთად, მხოლოდ რამდენიმე საათის წინ დაკრიფა თავის ბაღში ერთ-ერთმა ოფიციანტმა, ანდა ყველაზე ახოვანმა მენეჯერმა. ისინი ამის გამკეთებლები იყვნენ, რესტორნის პერსონალი თავიდანვე  სერიოზული და საკუთარი რესტორნულისაქმისადმი ერთგული მეჩვენა. მე და ჯული მაგიდის ორივე მხარეს პროფილით ზღვისკენ ვისხედით, ორთავეძალიან სერიოზული, მაგრამ ბუნებრივი.

მკითხველო, მე მასევდიანებს, რომ კაცებს და ქალებს არ შეუძლიათ ცხოვრების მომენტებით ტკბობა,მომენტის მთელი სიხარულისსისავსითა და მშვენიერებით შთანთქვა.

იმ საღამოს ის ისივე მჭირდებოდა, როგორც მე მას და ამას არაფერი საერთო არ ჰქონია ჩვენს მომავალთან და იმასთანაც კი, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ალბათ, მკვლელთან, რომელმაც ეს-ესაა საიქიოში გაისტუმრა ათეულობით ქალი და ბავშვი და ახლახან გამოიცვალა და მიიღო შხაპი, შეიძლება ასევე ბედნიერად და მშვენივრად იჯდე კალიფორნიის დროით ათ საათზე ქალაქის ყველაზე ძვირ რესტორანში და სვამდე შამპანურს, რომელსაც იმ წამსვე გისხამენ, იღებენ ბოთლს გვერდით სპეციალურად მდგარი ვერცხლისფერყინულიანი თასიდან, როგორც კი ბოკალს ტუჩთან მიიტან. ჰოო, შესაძლებელია მკვლელთან ერთადაც, თუ საღამოს დეტალები მჭიდროდ ეკვრის ერთი მეორეს და კუბები სურათში თავსდებიან.

ფრანგული შამპანური შევუკვეთე, რათა ყველაფერი უნაკლო ყოფილიყო, თუ ყოველივე ასე ლამაზად, კინემატოგრაფიულად ეწყობა, მაშინ რატომ არ უნდა წაუთამაშო ცოტათი ვარდსა და ოკეანეს. ვსაუბრობდით კი ჩვენ რაიმე განსაკუთრებულზე? ო, დიახ. მან, მორცხვად მომცინარმა, გამომიცხადა, რომ ის იქნება ძალიან ძალიან მთვრალი ამ შამპანურისა და მარტინის შემდეგ, რომელიც  უკვე დალია, შამპანური მას ყოველთვის ათრობს.

ჯულის ჩემი უხეში ბავშვობისა და იმის შესახებ მოვუყევი, თუ რამდენად ბევრ არაყს ვსვამდი.  ვტრაბახობდი, მაგრამ ორივე ვხვდებოდით, რომ სწორედ ასე უნდა ვლაპარაკობდე, რომ ასეთიაჩემი როლი - მწერლის, რომელიც ქვედა ფენებიდან და ხალხის წიაღიდან ამაღლდა.  ვხვდებოდი, რომ იყო მწერალი ქვედა ფენებიდან, ისეთივე ვულგარულია, როგორც იყო მწერალი ზედა ფენებიდან, მაგრამ რისი გაკეთება შემეძლო, ჟურნალისტები და გამომცემლები, და მკითხველებიც კი დაჟინებით მოითხოვენ, რომ მწერალს ჰქონდეს ბიოგრაფია. რაც შემეხება მე, ვამჯობინებდი არ მქონოდა ოფიციალური ბიოგრაფია ან ისინი ნახევარი დუჟინი ყოფილიყო ასარჩევად, ფაქტები ყოველთვის შეიძლება სხვადასხვაგვარად წარმოაჩინო, და ამიტომ ექვსივე ერთად უფრო დამაჯერებლი იქნება, ვიდრე ერთი.

ჯული გაგებითა და თანაგრძნობით მისმენდა, მაგრამ უეცრად შემაწყვეტინა, რათა ეთქვა, რომ ამ საღამოსთვის ძალიან მადლიერია. რაზეც სრულიად გულწრფელად ვუპასუხე, რომ მეც მადლიერი ვარ მისი. როგორც აქამდე ვამბობდი, რესტორნებში ყოველ საღამოს დავდიოდით. მაგრამ არასდროს ყოფილა ასეთი კინემატოგრაფიული, ასეთი ნათელი, ასეთი მკაფიო, ასეთი „საკაიფო“. იქნებ ამას ჩემმა ნერვულობამ შეუწყო ხელი, ჩემმა ნამდვილმა შიშმა ალკოჰოლური დეპრესიისა, რომელიც მემუქრებოდა, მაგრამ უეცრად,  ნათლად და მაღალპროფესიულად ვთამაშობდით ცხოვრების მონაკვეთს, და ამავდროულად ვხვდებოდით, როგორი არაჩვეულებრივად ნიჭიერები ვართ ახლა, და გვიხაროდა.

მერე  სხვადასხვა სასიამოვნო წვრილმანი იყო:  ლიმონის ნაჭრები ბადეებზე, მორთმეული, რათა საიმონ-სტეიკზე დაგვეწურა. რატომღაც ჩემს ბადეში გახვეულ ლიმონს სიამოვნებით ჩავასე ჩანგალი. იქნებ, სიამოვნება იქედან გამოედინებოდა, რომ ვიცოდი, როგორ მოვპყრობოდი ლიმონს საუკეთესო ხერხით. პარიზული სკოლა და ხამანწკების სანსვლა გარკვეული რაოდენობის კარგად აღზრდილ ქალებთან ერთად, ჩემთვის სასარგებლო აღმოჩნდა.

ფრანგული შამპანურის შემდეგ ფრანგულ კონიაკს ვსვამდი. ჯული ჩემ წინ იჯდა, მაღალი, ოდნავ სასაცილო, მხიარულად აციმციმებდა თვალებს და მორცხვად, გოგონასავით იღიმოდა, მიამბობდა თავისი მამისა და ალკოჰოლიკი ქმრის შესახებ, რომელიც მამამისს ჰგავდა. ყველაფერი რაც მის ცხოვრებაში სევდიანი იყო, ახლა სასაცილო გვეჩვენებოდა.

ერთი კინოეპიზოდიდან მეორეში გადასვლისას, სხვისი ბოკალიდან და სხვის მაგიდაზე, ამოვიღე თეთრი ტიტა,  და არა ვარდი, და პიჯაკის ღილკილოზე მივამაგრე. ჯერ კიდევ კიბეებზე გადავეხვიეთ ერთმანეთს და ჩახუტებულები, ულაპარაკოდ წავედით ცარიელ პირსზე, სადაც დღისით კარგ ამინდში ნაპირს ადგება სასეირნო კატერი. მოასფალტებული  და ასფალტის ზემოდან მთვარით განათებული პირსი  უკაცრიელი იყო და ჩვენი რესტორნიდან, რომელიც თუმცა ოფიციალურად დაიკეტა, ვალსის ხმები მოისმოდა. ისე, რომ  სიტყვაც არ გვითქვამს, ერთმანეთს ხელები გავუწოდეთ და ცეკვა დავიწყეთ...

ო, ადამიანს არც დიდი არჩევანი აქვს, ამიტომ ჩვენ შეგვეძლო მსუბუქად სევდიანი და მშვენიერი ვალსის იგნორირება ან ცეკვა. და აი, დავიწყეთ ცეკვა და იმის შეგრძნებისგან, რომ თითქოსდა ეკრანზე ვცეკვავდით, არა მხოლოდ არ ვკარგავდი ამისგან სიამოვნების არცერთ მისხალს, არამედ ეს სიამოვნება გაიზარდა კიდეც. როგორც კი ცეკვას მოვრჩით, იქვე, პირსზე კოცნადავიწყეთ. რატომღაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი ტიტა მახსენდებოდა.

შემდეგ ცივი მანქანით სახლისკენ გავემგზავრეთ  და გზად კვლავ უაკცრიელ, სრულებით დაუსახლებელ ოკეანის ნაპირას, წყლის ხმაურის თანხლებით, - ტალღები კლდეებს ეხეთქებოდნენ- ჩვენ ისევ ვკოცნაობდით, როგორც ამერიკელი თინეიჯერები. რამდენიმე კვირის შემდეგ, კვლავაც ამერიკელი თინეიჯერების მიბაძვით,  ჩემი მეგობარი მანქანაში გავჟიმე, მაგრამ არა ახლა.

თუმცა სახლში, ჩვეულ ვითარებაში დაბრუნებულები, კვლავ დავსერიოზულდით. იმისთვის, რომ საღამოს ეთერული მთვრალი განწყობა შეგვენარჩუნებინა, სწრაფად მომაგონდა დალევის აუცილებლობა და მოვამზადე ორივესთვის ორი უმაგრესი და უმწარესი რომის პუნში. აივანზე დალევის შემდეგ, კვლავ ისეთსავე, მაგრამ ოდნავ გადანაცვლებული მთვარისა და ციკადების სიმღერის ფონზე, მე უეცრად მზრუნველად განვუცხადე, რომ მისი ძილის დროა.

ბუნებრივია, ეს პროვოკაცია იყო.  არ მსურდა ჯულის შეჩერება, მთელი სიჩქარით რომ მიქროდა იქ, სადაც ჩვეულებრივი ქალი პირველივე საღამოს მიდის. მაგრამ ზედმეტი თამაშის რისკითაც კი, უარს ვერ ვეტყოდი ჩემს თავს მისი წვალების, მცირე შურისძიების სიამოვნებაზე და მივეცი შესაძლებლობა, თავად გამომძვრალიყო სიტუაციიდან. ნაზად ვაკოცე და ვუთხარი, რომ უკვე ღამის ორი საათია და ის როგორც ყოველთვის, ხვალ დილის შვიდ საათზეა ასადგომი და ვერ  მოასწრებს გამოძინებას.

 ჩემი მეგობარი დაიბნა, როდესაც დაინახა რომ მე, თავაზიანი და წესიერი, ვიღებ ბალიშებს დივანიდან, რომელზეც მძინავს, ისე თითქოს უეცრად სრულიად სხვა ურთიერთობებში გადავერთე. ის თავის საძინებელში წავიდა, იფუსფუსა იქ ხუთი წუთის განმავლობაში, როგორც ჩანს, საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ ასეთ მიუწვდომლად,ზედმეტად მიუვალად წარმომიდგა და უძლურია მუსიკითა და სიამოვნებით სავსე  რომანტიკული სამყაროს შემდეგ, იცხოვროს ნორმალურ სამყაროში, მოკრძალებით მობრუნდა ლივინგრუმში და მითხრა:

 - ედვარდ, შენ აქ აღარ უნდა გეძინოს, ჩემ გვერდით უნდა იწვე!

 და ჩვენ კვლავ დავბრუნდით უჩვეულო სამყაროში, რომელიც ჩემი მზაკვრული ჩანაფიქრის გამო მხოლოდ ათი წუთით დავტოვეთ.ნთავხედმა საკუთარ თავს იმის უფლებაც მივეცი, მისთვის მეკითხა, დარწმუნებულია თუ არა, რომ შეცდომას არ უშვებს?

პროფესიონალმა, მაშინვე აღმოვაჩინე მისი ყველა ნაკლი.  არ ვამტკიცებ, რომ მე უნაკლო ვარ, შესაძლოა, ამ მონეტში ის  ჩემს მცირერიცხოვან ნაკლოვანებებს ითვლიდა, მაგრამ არა მგონია. ჯული გრძნობიერად განუვითარებელი აღმოჩნდა, შეიძლება მისი ლუთერანული აღზრდა ან საყვარლების არასაკმარისი რაოდენობა ამჟღავნებდა საკუთარ თავს. მისი მოძრაობების უმეტესობა უწესრიგო იყო და არა დამორჩილებული ვნების უმკაცრეს დისციპლინას. უფრო უხეშად რომ ვთქვა, სექსის ნამდვილმა პროფესიონალმა ყოველთვის იცის, სად და რისთვისაა მიმართული მისი ყოველი მოძრაობა. ვთქვათ, მე ვიცი რატომ გამოვიღე ასო მისგან და ზემოდან დავადე მის მუტელს, მე მსურს შევიგრძნო მთელი მისი მუტელი ზემოდან და არა შიგნიდან და სრულებითაც არ სჭირდება მას, ჩემს პარტნიორს, შეშინებულმა შეათრიოს ჩემი ყლე უკან, მე მას მალევე ჩემითაც დავაბრუნებ. მას ეშინოდა, თუ  უეცრად ფრთხილად ვუყოფდი თითს  მეორე ხვრელში, რათა მეგრძნო, რომ მე - ცხოველი, ვტყნავ მეორე ცხოველს, სავარაუდოდ ძალიან ბინძურს, ამიტომაც თითი უკანალშია (ბინძური); საბოლოო მიზანი კი - უფრო ძლიერად აღგზნებაა. ის მთელი დღეები არ მელაპარაკებოდა, როცა  შევეცადე თითის ნაცვლად იქ ჩემი ასო შემედო. როგორც აღმოჩნდა, მისი სამივე ბიბლიის თანახმად ეს ცოდვაა. მე არ მითქვამს მისთვის, რომ ზოგიერთი ქალი სპეციალურად მთხოვდა ამ ცოდვის ჩადენას, შემოვიფარგლე შენიშვნით, რომ ყველაფერი რაც ხდება ქალსა და კაცს შორის, რომელთაც უყვართ ერთმანეთი, არ შეიძლება იყოს ცოდვა.

ვაი, რომ მომიწია შემოვსაზღვრულიყავი ძველმოდური ენთუზიაზმით ახალი ქალის დაუფლების შესახებ. ენთუზიაზმი შემდეგ დილამდე მეყო, და ჯულიმ უღალატა ღირსებასა და ვალდებულებას,  დარეკა რა დილით სკოლაში და უთხრა, რომ ავად არის. იცრუა ჩემი ენთუზიაზმის ზემოქმედების ქვეშ და ამას ძალიან განიცდიდა. ჩიტები გალობდნენ, ის ბედნიერად იწვა ჩემს მკლავებში და მე ჩუმად ვფიქრობდი, ვეფერებოდი მის დიდ მშვიდ შვედურ ძუძუებს, რომ აი, მეც, დაღლილ მგზავრს მყავს ნამდვილი, დიდი, ძლიერი და ერთგული მეგობარი და არა ნევრასთენული პარიზული ან ნიუორკული არსება. „არაუშავს, რომ ზოგიერთ ადგილში მისი მოტყვნა არ შეიძლება“, - ვფიქრობდი მე, არც ისე ცინიკურად, არამედ უბრალოდ ვითვინიერებდი თავს და ხანგრძლივ მოგზაურობებში გარყვნილ ჩემს ბუნებას. ბოლო-ბოლო მისგან მსურდა, რომ ის ჩემი შეყვარებული გამხდარიყო და არა საყვარელი. ჯული მორცხვად გამომიტყდა, რომ ყოველთვის ოცნებობდა მამაკაცთან ერთად მთელი ღამე გაეთენებინა, და რომ ეს მისი პირველი სრულად უძილო ღამეა. და კიდევ, მან მორცხვად დაამატა, რომ ჩემთან ერთად პირველად იგრძნო თავი არა გოგოდ, არა დედად (დედა ის იყო ალკოჰოლიკისთვის), არამედ ქალად... შექებით შთაგონებულმა, მას კიდევ ერთი და დიდი ალბათობით სამახსოვრო დღე ვაჩუქე საწოლში.

და ჩვენდავიწყეთ ცხოვრება.

არა, მე არ „ვაცდუნებდი“ მას, როგორც  ეს ახლა ეჩვენება, ყველა ჩემი პროფესიული შენიშვნა სულაც არ ერწყმოდა მისგან მიღებულ გარკვეული სახის სიამოვნებას. არ ვგულისხმობ სექსუალურ სიამოვნებას, არა. თუმცა უკვე ორი კვირის შემდეგ ჩემი სექსუალური კმაყოფილება ვალდებულებად გადაიქცა, რომელსაც არც ისე ხალისით, მაგრამ მის ნაცნობთან (მან თვითონ მიმიყვანა მასთან მანქანით), ბებერ, გრძელთმიან ჰიპისთან ნაყიდი წარმოუდგენლად მაგარი მარიხუანის საშუალებით ვასრულებდი. აღმოჩნდა რომ ჯულის ცხოვრებაში არასდროს გაუსინჯავს მარიხუანა! რომ არ ვიცნობდე, ვერაფრით დავიჯერებდი, რომ კალიფორნიელი გოგო ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ შეხებია ტუჩებით ჯოინთს. ჩემ გამო ის ყოველ საღამოს ეხებოდა მას და ერთხელ დილით გამომიტყდა, რომ გასულ ღამეს მას მოეჩვენა, თითქოს მისი კბენა მინდოდა. ჩემ გამო სხვა მსხვერპლზეც წავიდა, არ ვიცი რა უთხრა მას მისმა ბიბლიამ, ნებას რთავდა თუარა, მაგრამ ყოველ ღამით ხანგრძლივად წოვდა ჩემს ასოს.

სიამოვნებაზე საუბრისას მე დანარჩენს ვგულისხმობ, იმას, რომ ყოველდღე, მისი სამსახურის შემდეგ, ზაფხულის ულამაზეს ოკეანესთან დავრბოდით.  რომ ხანდახან საშინელ შავ, თასმებით ერთმანეთში გადახლართულ ბათინკებს იცვამდა, თეთრი წინდებითა და გრძელი კაბით, რომელიც მიწამდე სწვდებოდა და  თავის გრძელ და სქელ თმას მსხვილად იწნავდა. და ძილისა და სექსუალური აქტის წინ ბიბლიას კითხულობდა. მსგავსი ქცევა ჩემთვის ახალი და სახალისო იყო და ოდნავადაც არ მაღიზიანებდა. ერთი სიტყვით - „კიჩი“.

კვირაში ერთხელ ჯულისთან ერთად მისი ცისფერი ავტომობილით  საყიდლებისთვის მეგობრულად მივემგზავრებოდით სუპერმარკეტში და ვტვირთავდით მანქანას ლუდის ყუთებით, ღვინის გალონებით და სხვადასხვა სახის ხორცის ფუნტებით. ათობით ფუნტით!ის შესანიშნავი მზარეული იყო და უყვარდა კიდეც მზარეულობა. რა თქმა უნდა, მის ყოფილთან, შარიან ალკოჰოლიკთან შედარებით, ერთად ყოფნის ბოლო თვეებში ის სცემდა, ჩემი ხალისიანი სიმთვრალე მას მოსწონდა კიდეც. ჯული მალე მიეჩვია იმას, რომ ღვინის ბოთლის გარეშე მაგიდას არ ვუჯდებოდი, რომ ეს სასიამოვნოა და არა ცუდი.

ორი კვირის შემდეგ, უთესლო მარიხუანის ხელოვნურ აღგზნებაზე გადასვლასთან ერთად  მივხვდი, რომ სამსახურის გარეშე აქ გამოვყლევდები. უდავოა, რომ კალიფორნიული ქალაქი მშვენიერია, მაგრამ იმ დროს, როცა ჯული სკოლაში იყო, უსაქმოდ ვიყავი. მთელი დღე ოკეანის პირას წოლა და მზის ქვეშ გარუჯვა ჩემთვის მოსაბეზრებელი გახდა. თინეიჯერი გოგონები, რომელთა შებმასაც  ადგილობრივ პატარა პლაჟზევცდილობდი, დამფრთხალნი თავს მარიდებდნენ. ჩემი ტყავი კი მაგ დროისთვის მაინც ხის ქერქის ფერი იყო, ამიტომ  გადავწყვიტე მუშაობა და დავიწყე შემოდგომაზე პარიზში დაწერილი ახალი რომანის გათეთრება. თავშენახულმა მწერალმა პირველი ვარიანტი თან ჩამოიტანა...

დილის 8 საათისთვის ჩემი მოწესრიგებული გოგონა ჯდებოდა თავის ცისფერ ავტომობილში, მე კი მომღიმარი და გარუჯული, განიერ ტილოს შარვალსა და მაისურში, ჯულის მიერ მოკლედ შეკრეჭილი თმებით, ის ყოველ კვირას დიდი ოსტატობით მკრეჭდა, აივნიდან ვუქნევდი ხელს. ის ტრიალდებოდა ფანჯრების ქვეშ და მიეშურებოდა მეზობელ ქალაქში სამასწავლებლოდ. მოვისმენდი რა უკანასკნელ სიახლეებს და რამდენჯერმე გამოვლანძღავდი  რეიგანსა დაომისკენ მის მარჯვე წამქეზებლებს, ყველა ამ ახმახ სამხედრო ბიჭუნას - ჰეიგებსა და ვაინბერგერებს, ვუჯდებოდი საბეჭდ მანქანას.

თორმეტ საათზე ჩემი გოგონა სახლში ბრუნდებოდა. კარშივე უღიმოდა უეცრად თავს დამტყდარ მწერალს, ახლოს მოდიოდა საკოცნელად, იკეთებდა წინსაფარს და უკვე 15 წუთის შემდეგ მზად ჰქონდა ჩემთვის და თავისთვის რომელიღაც უცნაური, მისი გამოგონილი ლანჩი, შვედური და მექსიკური სამზარეულოს ნაზავი... ბედნიერად ვუყურებდით ერთმანეთს და ვცვლიდით შთაბეჭდილებებს ჩვენი სამსახურის შესახებ, ის მიამბობდა რა მოხდა სკოლაში, მე კი ვუყვებოდი რამდენი გვერდი გადავწერე და რა ახალი დეტალი შევიტანე წიგნში ან ამოვაგდე ძველი. პირველ ხანებში ლანჩის დროს წატყნაურებასაც ვასწრებდით, მისი შესვენება ორი საათი გრძელდებოდა, მოგვიანებით ამოვძირკვე მოუხერხებელი ჩვეულება. დღედაღამ ღია აივნის კარიდან შემოდიოდა მშვენიერი, ჯანსაღი კალიფორნიული სიმწვანის, ოკეანის, მაისის, შემდეგ ივნისის და ივლისის სურნელება... იდილია.

2-ის ნახევარზე ჯული კვლავ სამასწავლებლოდ მიდიოდა, ჯდებოდა ავტომობილში, მე კი ავიღებდი ხელში ორიოდ ვაშლს, წიგნსა და შეუცვლელ იაფფასიან ვულვორტულ რვეულს, დღიურად რომ ვიყენებდი, მივდიოდი, ბებრებით სავსე მშვიდი მოტელების, სასაფლაოსა და მისი ყვითელი ბულდოზერუნას, გოლფის მინდვრების, სადაც ჭაღარა ლედი და ჯენტლმენები ბურთებს უმიზნებდნენ თავიანთ გოლფის ჯოხებს, სამხედრო საზღვაო რეკრუტის ცენტრის გავლით, რომელსაც ქარში უჭახჭახებდა ამერიკული დროშა, გავდიოდი ოკეანის  კლდოვან და ველურ ნაპირთან და მოვკალათდებოდი წყლისგან ორ ნაბიჯში ჩემს მაისურზე წარწერით "US Army" და ჯულის დახეულ ლურჯ ჯინსებზე, რომლის რეკვიზირებაც მოვახდინე. მარილიანი მკვრივი ლურჯი ოკეანე, მზე... ასეთი არდადეგები 1974 წლის ზაფხულის შემდეგ არ მქონია, როდესაც ვცხოვრობდი კავკასიაში და ყირიმში. როცა მომწყინდებოდა კითხვა და გარუჯვა, ვიცვამდი ბოტასებს და დავხეტიალობდი ქვებში, ნაპრალებიდან ვარდისფერმარწუხიანი კიბორჩხალების გამოტყუებას ვცდილობდი, ხოლო როცა გამოვიტყუებდი, ღმერთმანი, არ ვიცოდი რა მომეხერხებინა მათთვის და ვუშვებდი. როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი, ზღვის ამ უწყინარ ბინადრებს  ვასახიჩრებდი და ვკლავდი და შემდეგ ოდნავადაც არ ვნანობდი.

ერთხელაც ქვიშიან სრუტესთან გავლა მომიწია, სადაც ნახევრად ან სრულად შეჭმული ასობით დიდი სკუმბრიისგვამი აღმოვაჩინე. მათ შორის ჭარბად  დაბორიალობდნენ მყრალი ბინძური თოლიები და დროდადრო საუკეთესო ნაჭრებს გლეჯდნენ. სკუმბრიის ნაწლავებსა და შიგნეულობას არც კი ეკარებოდნენ. ბუნებაში ყველაფერი წყნარად იყო და ოკეანეში სკუმბრიების სასაკლაო გულს არავის სტკენდაისე, როგორც ადამიანური სასაკლაოები სტკენენ გულს ადამიანებს.  სიმართლეა ისიც, რომ თოლიები არ კლავდნენ ერთმანეთს, არამედ მშვიდად სანსლავდნენ სკუმბრიას, რომელიც, როგორც ჩანს, ხელის ერთი მოსმით მოკლა ოკეანემ, გამორიყა რა უბედო, დაბნეული სკუმბრიების გუნდი ქვებისკენ, ამ აყროლებულ სასაფლაო-პლაჟზე.

სხვა დროს ვიწრო, მაგრამ ორმხრივი გზის პირას, ჩნდებოდა ერთი ან რამდენიმე ავტომობილი და სრულად დამსკდარი მოხუცები ან ჭაღარა, მაგრამ მაგარი მიდჯლ-ამერიკელი პენსიონერები იდგნენ და იყურებოდნენ მარად ცივ, დიდებულ ოკეანეში და შესაძლოა, ცდილობდნენ, რაღაც გაეგოთ, რისი გაგებაც ვერ შეძლეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მათი შვილიშვილები და შვილთაშვილები დარბოდნენ აქვე და სხვადასხვა ფერის ბოტასებით სრესდნენ აფრიკიდან შემოტანილ ცხიმიან და ჯიუტ მცენარე „აის-პლანტს“,ამით ახალი სიცოცხლის დემონსტრირებას ახდენდნენ, რომელიც ჰპირდებოდა, ყოფილიყო ასეთივე უაზრო.  ანდა თაფლობის თვის ან თაფლობის კვირის გასატარებლად ლოს-ანჯელესიდან ჩამოსული მექსიკელი შეყვარებულების წყვილი, ერთმანეთს მიკრული რომ ისხდნენ დატრანზისტორს აყურადებდნენ.

კარგი იყო. მაგრამ ამ მზეზე და სინათლეზე, ამ კლდეებზე, ამ წყლებზე, ამ ჰოტოლებში და პროვინციულ სამხრეთულ რესტორნებში უნდა გემოქმედა, მე კი არ შემეძლო. მოქმედება. უეჭველია, ქალაქი იქნებოდა შესანიშნავი სასცენო მოედანი კარგი სამოქალაქო ომისთვის, ოკეანის პირა დახვრეტებისთვის, წარმოუდგენლად ლამაზი, ბოროტი და სისხლისმელი ქალის შესაყვარებლად.რაზმების გადაადგილებისთვის, უკანასკნელი ხომალდების ნისლში შეხვედრებისთვის, ყველაფერ იმისთვის, რაც შეადგენს ცხოვრების შუაგულს ან დასასრულს ნორმალურად განვითარებადი რევოლუციონერი რომანტიკოსი მწერლისთვის. ეს კი არ იყო. არ იყო თინეიჯერ გოგოსთან რომანიც კი, ნებადაურთველი ტყნაური მდედრობითი სქესის არასრულწლოვან ადამიანთან. იყო ნებადართული ყოფითი იდილია სქესობრივად სავსებით მომწიფებულ 26 წლის ქალთან, ნეტავ ვინმეს შეეშალა მაინც ჩვენთვის ხელი, ჩვენ კი არავინ გვიშლიდა.

ოკეანიდან სახლში მაისურით და ჯინსებით მარადისობა მომქონდა, ჯიბეებით მომქონდა დამდნარი მარადისობა, სევდიანი მარადისობა, დალექილი სრულებით არამარადიულ, მაგრამ შემზარაობამდე დროებით არსებაზე. ჩემში შეწოვილი მარადისობა მღელვარებას იუწყებოდა. ოკეანიდან ყოველ დღე მღელვარების ახალი მარაგით ვბრუნდებოდი, მოძალებით ვიმშვიდებდი თავს, რომ ჩემი ზამთრის ოცნება ახდა, რომ ვცხოვრობ ძალიან კარგ გოგოსთან ერთად და ვარწმუნებდი თავს, რომ ბედნიერი ვარ.

ჩვენ - მე და ჩემი შვედი სპეტაკი, გარუჯული და ჯანმრთელი არსებები ვიყავით. ჯული შხაპის მიღებისას თავს დიდი და უხეში ჯაგრისით იბანდა. მე ვიცინოდი და აღვნიშნავდი, რომ ჯაგრისით, როგორც წესი ცხენებს ბანენ. ჯული იმორცხვებდა, მაგრამ შემდეგ დღესაც ჯიუტად ჯაგრისით ბანაობდა. შხაპის შემდეგ თავზე  თეთრ პირსახოცს წაიკრავდა, ჩემი ქალი მოზრდილი და ლამაზი, გრძელი დიდი ფეხებით იდგა სარკესთან და ელექტროსაშრობით იშრობდა მუტელს და თმებს მის ირგვლივ, „მიკრობების საწინააღმდეგოდ“. ჩვენ ვცდილობდით და და ვიბანდით იმდენად ხშირად, რომ ვერ ვახერხებდი ჩემი მაისურის ერთზე მეტჯერ ჩაცმას, ჯული ეგრევე ბინძური თეთრეულის გროვაში გადაუძახებდა.

ოფლის სუნზე ვოცნებობდი, მაგრამ ერთადერთი აკრძალული სუნი, რომლის შემოტანაც მოვახერხე ჩვენს ლუთერანულ ტაძარში, მარიხუანას სუნი იყო. ჩვენ ვსადილობდით ლივინგრუმის ფართოდ გაღებულ დიდ ფანჯარასთან, ორივეს გვქონდა ხელსახოცი, ჩვენი საკვები გამოირჩეოდა რთული მრავალფეროვნებით და ძალიან მადისაღმძვრელი სუნი ასდიოდა. ივნისის და ივლისის ფოტოებზე, თავში ავარდნილი მამაკაცის სქელი სიფათი მაქვს, მბრძანებლურად რომ იკრავს მკერდზე მწიფე ალისფერ ყვავილს - ჯულის.

შაბათ-კვირას ენთუზიაზმით მივემართებოდით ჩვენს მეგობრებთან - სპორტულ მწერალთან და მის ცოლთან ერთად, ან მთებში - მდინარეში საბანაოდ, იქ სუფთა წყალში კალმახებიც ბინადრობდნენ, ხოლო ბილიკების გასწვრივ წითლად მოჩანდა ველური მარწყვი, ანდა მივემგზავრებოდით სხვა საოცარადგილებში - ნაკრძალები, ნავსაყუდლები და ტბები, სადაც ბუნებაში ვსანსლავდით საჭმელს და გალონებით ვსვამდით კალიფორნიულ ღვინოს.

ბედნიერება ჩემთან ერთად ერთ მაგიდასთან იჯდა ყოველ დღე, გვერდით მიშრიალებდა კაბებით, ამზადება არომატულ კვერებს და ყავას, მიყურებდა თვალებში, ატარებდა ცისფერ მანქანას საჭესთან დაბადებული ამერიკელი გოგონას ოსტატობით, ღამით ბედნიერება სრულად მფარავდა თმებით, დიდხანს და მოსაწყენად წოვდა ჩემს ასოს, ბედნიერებას ასეთი მოზრდილი გოგოსთვის გაუგებარი უხმაურობით ეძინა.

მე და ის ერთმანეთს  დავპირდით, რომ ვიქნებოდით ლამაზი წყვილი, ნებისმიერ ფართს დავამშვენებდით, ან პიკნიკს, ან კალიფორნიულ უნივერსიტეტულ საზოგადოებასაც კი - რუსი თაფ-მწერლით[1] და მისი ამერიკელი ცოლით. ყველას თავისი ღირსება აქვს. ის უბრალოა, მაგრამ ჯანმრთელი, ფიზიკურად და მორალურად ძლიერი, სავსეა ცხოვრებისთვის ეგზომ საჭირო საღი აზრით. ის, თუმცა ბოროტია და დეკადენტი, მაგრამ ნიჭიერია, გაფუჭებული მსოფლიოს დედაქალაქებში, მაგრამ შიგთავსი ჯანმრთელიაქვს და არა დამპალი. მის სიავეს ის მისი ერთგულებითა და სიქველეებით აწონასწორებს. კარგი „ოლდ-ფეშენი“ - ძველმოდური გოგონა ჯული, ასეთის პოვნა ჩვენს დროში რთულია. შეიძლება ჩვენ  რუს-შვედი შვილები გვყოლოდა, ქერათმიანი ბიჭუნები და გოგონები, ხუთი ან ექვსი ერთეული, მისი ძუძუები ათამდე ბავშვსაც გამოკვებდა.

ჩვენი ურთიერთობების დაისი მაშინ დაიწყო, როდესაც ერთხელ მასთან ერთად მასონურ პიკნიკზე წავედი. იქ ასეულობით ჩვეულებრივ დედაკაცსა და მამაკაცს შორის, ორკესტრის და შემწვარი სტეიკების კვამლიანი ნელსურნელებისა და ცისტერნებიდან მომდინარე დაუსრულებელი ლუდის თანხლებით. და კვლავ მზე, დაუნდობელი კალიფორნიული მზე ჩვენს თავზე, ტონობით მზე, უეცრად სერიოზულად თავი ადამიანური საზოგადოების, ამერიკელი ბიძების, დეიდების და თინეიჯერების ნაწილად  ვიგრძენი... ვეცეკვებოდი კიდეც ჯულის, მან  მასონური კეპი თვალებზე ჩამოიფხატა და მორცხვად ხარხარებდა, თითქოს ეშინოდა, რომ მის სიცილს არ მოვიწონებდი.

 აი, სწორედ ამ დროს მივხვდი რომ ნაძირალა ვარ. დედამოტყნული ნაძირალა. გამოუსწორებელი ნაბიჭვარი, რადგან ის ასე მორიდებულად იცინის. და რომ სიყვარულის არავითარი გასხივოსნებები, ნამდვილი, როგორც მე მეჩვენებოდა, რომელიც მეწვეოდა, როდესაც რომელიმე რესტორანში ვისხედით (ვთქვათ „მსუქანი კატა“),- ნამდვილად მიყვარდა ის,  პირისპირ მჯდარი, და საკუთარ ბავშვობაზე მოსაუბრე, - ვერ შეცვლიან ჩემს უკვე ჩამოყალიბებულ მოღალატე ბუნებას, ჩემს მეზღვაურის ფსიქოლოგიას, რომელსაც ყველა პორტში ყავს ქალი, არავითარი გასხივოსნებები არ გამამართლებენ და არც მამართლებენ. სიყვარულის წამიერი გაელვებები. მას სურდა მუდმივი ცეცხლი.

სახლში პიკნიკის მერე, მას შემდეგ რაცჩემთან ერთად დალია ვისკი და ისევ ვისკი და დათვრა, მომიწყო მცირე სკანდალი. მას დაზუსტებით არაფერი უთქვამს, მაგრამ  სურდა, ცოდნოდა,წინ რა გველოდა. მან საკმაოდ თვალნათლივ მიმანიშნა, რომ მე მას ვიყენებ, ვატარებ ზაფხულს ქალთან, რომელსაც შემოდგომაზე მივატოვებ, რომ ჩემთვის მოსახერხებელია წიგნის აქ გადაწერა, მაგრამ როგორც კი გადავწერ, გავუჩინარდები.

ჯული შორს იდგა ჭეშმარიტებისგან და ამავდროულად ახლოს.  სიმთვრალისგან დამანჭულმა მითხრა: „მე ვიცი, ედვარდ, შენ გიყვარს კახპები, მე შენს გემოვნებაში არ ვჯდები“. მე არ მიკითავს მისთვის, მის გემოვნებაში ვარ თუარა, როგორც ჩანს, იგულისხმებოდა, რომ ვარ. მან არ იცოდა, რომ ისევე დაუცველი ვარ ამ სამყაროში, როგორც თვითონ. მე ჩამოვედი, რათა პატიოსნად მეპოვა კარგი ქალი, რადგან დავიღალე სხვადასხვა ასაკის, ინტერნაციონალური ნევრასთენიკების გამუდმებული ცვლით, დავიღალე, ჩემთან შეხვედრამდე დანგრეული ცხოვრებებით, მე  ჯული მსურდა. აი, ჯული  ჩემთან იყო,  ჩემი დედამოტყნული უსარგებლო ძალის კიდევ ერთი მტკიცებულება, მომინდა - ავიღე, მაგრამ უეცრად, ივლისის შუა რიცხვებში გავაცნობიერე - რომ კარგი გოგო არ მჭირდება.

ო, ღმერთო, ამ აღმოჩენამდე არაერთხელ მივსულვარ, მაგრამ ყოველ ჯერზე კვლავ მავიწყდებოდა ჩემი ოცნების ჩაფლავება. ეს უკვე ლონდონში აღმოვაჩინე, ინგლისელი მსახიობი ქალის პატარა ბინაში, ნიუ-იორკში - შავგრემანი ბრაზილიელი ქალბატონის სხვენში... ჰოო, ეს არაერთხელ აღმომიჩენია, მაგრამ, ვაი, რომ მაშინვე ვივიწყებდი.

არ ვიტყოდი, რომ  ჯულისთან ჩემი თამაში, უსამართლო იყო. უბრალოდ  თამაშის საკუთარი წესები მქონდა, მას - თავისი. საკუთარი წესებიდან გამომდინარე, მართალი ვიყავი. ჩემი წესები მეუბნებოდნენ, რომ ორნი შეიძლება შეხვდენენ ერთი დღით, ორით, ერთი თვით და ესეც ბედნიერებაა, სიამოვნება, სიხარული... სჯობს თვე, ვიდრე არაფერი, სჯობს დღეს, ვიდრე არასდროს...  ჯულისთან ერთად სამუდამოდ ან თუნდაც ერთი წლით ცხოვრება, ჩემთვის მოსაწყენი იქნება, მე ამას მივხვდი. მაგრამ მისთვის ამის თქმა არ შემეძლო. ვისურვებდი, მაგრამ არ შემეძლო. ის ვერ გაიგებდა.ამიტომ დამნაშავე იყო, რომ მისი მოტყუება დავიწყე.

 ყოველთვის ახალი, ახალი, ახალი მჭირდება... მე ვიკვებები სიახლით. ამასთან ერთად (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია!) ჩემი სექსუალური იდეალი - გოგონაა, წარსულში მეგობარი, ახლა შვილი (ოდნავ ჰომოსექსუალური, უმკერდო გადახრით), უკიდურეს შემთხვევაში უმცროსი და. არა დედა, არა მფარველი, არა, არც ურჩხული - ძველშუმერული ეპოსის დედა, არც ქალღმერთი დემეტრა, - ანდროგინი!

ჯული კი გარკვეული დროის შემდეგ გადაიქცა ძველშუმერულ დედად...

და ამიტომ ახლა პარიზის ცივ აპარტამენტებში ვზივარ, მარტო, და ახლახან დამირეკა 35 წლის ქალმა, აბსოლუტურად დანგრეული ცხოვრებით და შემატყობინა, რომ გუშინ ღამით ძალიან ვაწყენინე მას, რომ ეგოისტი და ავი პიროვნება ვარ. „მაპატიე, - ვუთხარი მე, - მაპატიე.“

 

წიგნი კი მაშინ  ბოლომდე გადავწერე, არამზადა, და, როგორც კი გადავწერე, ლოს-ანჯელესში გავფრინდი, ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი მოვიგონე. მოწყენილი ვარ, რამეთუ მიყვარს ჯული და მიყვარს ყველა. და კვლავ სიამოვნებით ჩავიდოდი იმ კალიფორნიულ ქალაქში,  ვიცხოვრებდი იქ ერთ ან ორ კვირას,  ვიძინებდი ჩემს ჯულისთან ჩახუტებული, და იმავე რესტორანში წასული, შამპანურის შემდეგ ვიცეკვებდი ღამის ოკეანის წინ. რატომ არ შეიძლება? - მწარედ ვფიქრობ. ჩვენ მაინც მოვკვდებით, ხოლო პატარა ყვითელ ბულდოზერთან არავითარი ბრალი არ მიგვიძღვის.

 

 

[1]Tough (ინგლ) - მაგარი, მკაცრი

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული