Legbook





პროზა

Legbook




იღბლიანი არ ვარ. არც არასდროს ვყოფილვარ. ამას წინათ სახურავიდან ჩამოვვარდი და ფეხი მოვიტეხე. ხომ შეიძლებოდა მარტო წვივში მომეტეხა? არა! ორგან მომტყდა და თაბაშირი ყვერებამდე დამადეს. ჩემს სანახავად მეგობრები მოვიდნენ. ბევრი დავლიე, გავითიშე და დამეძინა. რომ გამეღვიძა მარტო ვიყავი. თაბაშირი კი წარწერებით აეჭრელებინათ: შენ იყავი კარგად და ჩემი დედაც მოვტყან. ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ, შენი შვილების თვალებში მნახეო, ბექა კრიმინალი არ არისო და სმაილიკები ოხრად. მგონი ფეისბუქი რომ გავაუქმე, ცუკერბერგის წყევლამ მიწია.
 
სუდნო არასოდეს მიხმარია მანამდე, ამიტომ რა გასაკვირია, რომ პირველივე ჯერზე ამომიხტა სარეკლამო ბანერივით, მართალია წამიერად, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა წარწერიანი თაბაშირით ზეწარი დამესვარა. რას წარმოვიდგენდი ნაჯღაბნები თურმე თაბაშირის ქვეშაც იმალებოდა. როგორ მოახერხეს? ან რა წერია? 
 
ცუდი წინათგრძნობა მქონდა, ყოველ შემთხვევაში კარგს არაფერს ველოდი. მინდოდა წერილის შინაარსი და ავტორის ვინაობა გამეგო. პირველ რიგში ტელეფონით ფოტოს გადაღება ვცადე, მაგრამ რათქმაუნდა არაფერი გამოჩნდა. სინათლე არ ეყო და მოწითალო წერტილებიანი, გაუგებარი სურათი შემრჩა. მერე ჩემს ცოლს სარკე მოვატანინე. ვთხოვე ფეხის აწევაში დამხმარებოდა. სანამ შემეხებოდა ღრიალი დავიწყე. ტკივილი არაფერ შუაში იყო. უბრალოდ წარმოვიდგინე როგორ მეტკინებოდა და თავი ვეღარ შევიკავე. უცნაურია ადამიანის გონება. ყვირილისგან შეშინებულმა ჩემმა ცოლმა სარკე მომიგდო და ოთახიდან გავარდა, მე ამის ნერვები არ მაქვს და შენ რაც გინდა ის ქენიო. მარტო რას ვიზამდი?! ვიფიქრე, ბევრ გამაყუჩებელს დავლევ და მერე ვცდი-მეთქი. მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შემეპარა, ამდენმა წამალმა ნაღვლის ბუშტზე არ დამარტყას-მეთქი. ბავშვობაში ეგრე დავლიე ბებიაჩემის წნევის დამწევი წამლები და კინაღამ გავიპარე.
 
კალიგრაფიის ავტორებთან მისადაგებაც გამიჭირდა, რადგან უსწორმასწორო რელიეფის და მარკერის მსხვილი წვერის გამო, ყველა წარწერა ერთმანეთს ჰგავდა. წამოდგომაც ვცადე, ვიფიქრე ფეხზე დავდგები და ჩემი ცოლი წამიკითხავს-მეთქი. მაგრამ როგორც კი წამოვჯექი, მივხვდი, რომ ჩემი მცდელობა კატასტროფით დამთავრდებოდა. თაბაშირიან ფეხს ვერ ვიმორჩილებდი და დიდი ალბათობა იყო, საწოლიდან გადმომვარდნოდა და ზედ დავცემოდი. ამ ფიქრებში ჩამეძინა.
 
ჩემმა ცოლმა გამაღვიძა. ვიღაც კაცია, შენი ნახვა უნდაო. ვინ ვიღაც კაცი-მეთქი? არ ვიცი, პირველად ვხედავო. კარგი შემოიყვანე-მეთქი. ჩემი გასაჭირიც მეყოფა. კაცმა არ იცის რამდენი დღე და ღამე უნდა ვეგდო საკუთარ განავალში და ეხლა ეს უცნობი ტიპი გამეჩითა. მელოტი, ორმოცს გადაცილებული, არაბუნებრივი გარეგნობის კაცი იყო. ხელი ზიზღით ჩამომართვა და შემდეგ შარვალზე შეიწმინდა. ჩემი რექტორიც ეგეთი პედანტი სირი იყო და სიცოცხლეც ეგრე სირულად დაამთავრა. პირველ კურსელების მიღების დროს ალბათ ბევრ ადამიანს ჩამოართვა ხელი, მერე თავის კაბინეტში გაიქცა და სპირტიანი ბამბით დაიწყო ხელების წმენდა. პირში გაჩრილი სიგარეტიდან ნამწვი ჩამოუვარდა და ბამბაზე დაეცა. აალებული ცეცხლი ხელებზეც გადაედო და პანიკაში ჩავარდნილმა ინსტიქტურად წამოდგომა სცადა, რა დროსაც მასტიკით მოპრიალებულ იატაკზე ფეხი აუსრიალდა და კეფა მაგიდას ჩამოარტყა. გვამი ოთხი დღის შემდეგ იპოვეს. აყროლებულ სუნს გაყვნენ, რომელმაც რექტორის ოთახამდე მიიყვანა. არ დადიოდა სამსახურში და მანამდე მაგიტომაც არ მოვიკითხეთო. ეჭვი მაქვს ეს ტიპიც ეგრე დაამთავრებს სიცოცხლეს. - როგორ ხართ? - სასხვათაშორისოდ მკითხა.
არც ისე კარგად. - გულწრფელად ვუპასუხე.
ხო, გეტყობა. - არანაირი თანაგძნობა.
უკაცრავად?! - გავღიზიანდი.
არა, ეს ისე. დაივიწყეთ. - მიხვდა რომ მის მიმართ არ ვიყავი კეთილად განწყობილი. ან რატომ უნდა ვყოფილიყავი? მოდის ჩემს სახლში, უცერემონიოდ იწყებს დიალოგს და ჩემს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. 
ბოდიში მაგრამ, ვინ ბრძანდებით? - მაინტერესებს ვინ ჩემი ყლეა. 
აქ ფანჯარა იღება? - თითქოს არც გაეგოს ჩემი კითხვა.
კი, ორი. - ამაყად ვუპასუხე.
რა ორი? - გაკვირვებულმა მკითხა.
ფანჯარა. - სიტყვას ხაზი გავუსვი.
აჰ. შესანიშნავია. შეიძლება გავაღო?
რატომ?
ჩახუთული ჰაერია და არც ისე კარგი სუნი დგას. -  სათქმელს პირდაპირ მეუბნება. არანაირი უხერხულობის გრძნობა.
მეტყვით თუ არა ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ? - საქმეზე გადავედი. თვითონ კი ფანჯარა გამოაღო.
გეტყობათ რა ცნობის მოყვარეც ხართ. - სირივით ჩაიღიმა და საწოლის კიდეში ჩამოჯდა. 
მაპატიეთ, ფეხზე დიდხანს დგომა მიჭირს - თავი გაიმართლა. 
არ მიკვირს. - სწრაფად მოვუჭერი.
ფეხი როგორ მოიტეხე? 
თქვენს სტუმრობასთან ამას რაიმე კავშირი აქვს? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
ვცდილობ სიტუაციაში გაგარკვიოთ და ჩემი სტუმრობის მიზეზამდე, ლოგიკური გზით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგიყვანოთ.
რაებს ბოდიალობ? - ავენთე.
მესმის თვქენი უხეშობის, მაგრამ იქნებ  მშვიდად ვისაუბროთ?
მისმინე ჯიგარო, შეურაცხყოფა პირველმა შენ მომაყენე. მეორე  მოხვედი ჩემს სახლში და ჭკუას მარიგებ. თავი ვინ გგონია? - კარგად ვუთხარი.
ფეხი როგორ მოიტეხე? - კითხვა გამიმეორა.
სახურავიდან ჩაამოვვარდი. 
თუ გადმოგაგდეს? - ეს რა ჯანდაბაა? მემგონი ეს ტიპი მეღადავება.
არა რა გადმომაგდეს, გადმოვვარდი. - ჩემი პასუხის სიმართლეში ეჭვი შემეპარა. იქნებ მართლა გადმომაგდეს? მაგრამ ვის უნდა გადმოვედგე, ან რა მიზეზით? აშკარაა ამ ტიპმა რაღაც იცის.
სახურავზე რას აკეთებდი?
ჰმმ… არ მახსოვს. - გულწფელად ვუპასუხე. რაღაც ხდება. რატო არ მახსოვს?
ესე იგი, შეიძლება ისიც არ გახსოვდეს გადმოვვარდი თუ გადმოგაგდეს, მართალი ვარ?
არ ვიცი, შეიძლება. გამაგებინე რა ხდება და საერთოდ ვინ ხარ?
ესე იგი არავინ გინახავს, არ იცი სახურავზე რას აკეთებდი და საერთოდ იქამდე როგორ მიხვედი? - დააზუსტა.
ხო, აზრზე არ ვარ და იქნებ შენ გამარკვიო, რადგან აშკარაა რაღაც იცი.
მისმინე მეგობარო, შენი ფეხი მჭირდება. - მოლბა.
რა?
შენი ფეხი, უფრო სწორად შენი თაბაშირი მჭირდება.
რა, რა თაბაშირი, სულ გამოსირდი?
შენი თაბაშირი, უფრო სწორად რაც თაბაშირსა და შენს ფეხს შორის არის.
ვერ ვხდბი რაზე ლაპარაკობ.
მალე გაიგებ. - მითხრა და კოსტუმის ჯიბიდან ჩაქუჩი ამოაძვრინა.
ეეე, მოიცა, შენ რა, შენ რაა ჩემს მოკვლას აპირებ? - შემზარავი ჩაქუჩის დანახვაზე, კინაღამ ჩავისვარე.
რა? აა, არა რა მოკვლას, ხო გითხარი, შენი ფეხი, კი არადა შენი თაბაშირი მჭირდება-მეთქი.
შენ თქვი, რომ რაც თაბაშირსა და ჩემს ფეხს შორის არის ის გჭირდება.
ხო, მართალი ხარ. მადლობა გარკვევისთვის. დავიწყოთ?
მოციადე, რაზე ლაპარაკობ და საერთოდ აქ რა ხდება, ვინ ჩემი ყლე ხარ? - ავყვირდი. 
კარგი ხო, ნუ პანიკობ. უბრალოდ დავამტვრევ ამ თაბაშირს, ავიღებ შენს ფეხს და წავალ. პირობას გაძლევ მეორედ ვეღარ მიხილავს შენი თვალები.
ფეხს კი არ აიღებ, არამედ რაც ფეხს და თაბაშირს შორის არის და მეორე რა სირულად მელაპარაკები, რა საჭიროა?
სირულად შენ მელაპარაკები და თუ გინდა მეორე ფეხიც არ მოგამტვრიო, ჩაიჯვი და მაცადე საქმის გაკეთება.
მიშველეთ! - ყვირილი დავიწყე. - პოლიციაში დარეკეთ ვინმემ!
ნუ ყვირი თორე პირში წინდებს ჩაგიტენი. თან აზრიც არ აქვს, რადგან შენი ცოლი აბაზანაში დავაბი. ვიცი, ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ წინდახედულობა გამოვიჩინე და აი, მართალიც აღმოვჩნდი.
რა? შე ყლეო შენ! რა უქენი ჩემს ცოლს. მიშველეთ! - ყვირილი გავაგრძელე. ამ სირმა კიდე წინდები პირში მართლა ჩამტენა.
ხო გაგაფრთხილე? - კმაყოფილმა გამიღიმა.
მმმ… მმმ… მმმ… - დედა შევაგინე.
რა, რამე მითხარი? - გაიცინა.
მმმ… მმმ… მმმ… მმმ…
ღია ფანჯარასთან მივიდა, გარეთ გაიხედა, დარწმუნდა, რომ ჩემი ყვირილი არავის გაუგია. შემდეგ დაკეტა, ფარდა გადაწია და კვლავ საწოლის კიდეში ჩამოჯდა. კისერი გაივარჯიშა, ხელები გაატკაცუნა და შემზარავი ჩაქუჩი პირდაპირ წვერით თაბაშირს დაარტყა. საშინელმა ტკივილმა მთელს სხეულში დამიარა. მან კი მტვრევა განაგრძო. სიმწრისგან ცრემლები მომდიოდა. ვერ ვხვდებოდი ამ შარში როგორ აღმოვჩნდი. ან რატო არ მახსოვდა არაფერი. მხოლოდ ის მითხრეს, რომ მესამე სართულიდან გადმოვვარდი და ფეხი მოვიტეხე. მთვრალი რომ არ ვყოფილიყავი, შეიძლება კისერი მომეტეხა და იქვე დამემთავრებინა სიცოცხლე. სახურავზე რას ვაკეთებდი არ ვიცი, არც რაზბორკაზე წავსულვარ, არც კატას გავკიდებივარ, არც ჟოლობი გაჭედილა. ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია რადგან არც ერთი საქმე ჩემი მოწოდება არაა. 
 
თაბაშირს აქეთ-იქით ატრიალებდა. შიდა მხარეს ამოწმებდა. ხან წამოაპირქვავებდა და ბერტყავდა, თითქოს რამე უნდა გადმოაგდოსო. 
 
თავიდან ბოლომდე შეამოწმა და გაბრაზებულმა იქვე დააგდო. შემდეგ ჩემს დასიებულ ფეხთან მოვარდა და ლოგინის ჩხრეკა დაიწყო. ვერაფერი იპოვა. აშკარად იმედგაცრუებული იყო. ოთახში ანერვიულებული დადიოდა. მერე ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა. აქ არაფერი არ არისო. დარწმუნებული ხართ რომ სწორ მისამართზე გამომიშვითო? ამას კი წამოვიღებ, მაგრამ იმ ღამეს კიდე ვიღაც ტიპსაც დაადეს თაბაშირი და იმას ხო არ ჩააყოლესო. კარგი, კარგი მისამართი გამომიგზავნეთო. ტელეფონი გათიშა. მერე მე შემომხედა და ერთხანს ასე მიყურა. თაბაშირი ამოიღლიავა, ბოდიში მეგობაროო და ოთახიდან გასვლა დააპირა.
 
მმმ… მმმ… - გამოვეხმაურე. გაჩერდა და შემომხედა. - მმმ… მმმ… - ეტყობა ძალიან საცოდავად გამოვიყურებოდი. 
რა არის? 
მმმ… მმმ…
აჰ, მართალი ხარ, როგორ მიპასუხებ როცა წინდები გაქვს პირში. - მომიახლოვდა. - იცოდე ყვირილის გარეშე. მოგხსნი ამ სირობას, შენს ცოლსაც გავუშვებ და აქედან ავორთქლდები, როგორც გითხარი, ვერასდროს ვეღარ მნახავ. შენც ნურავის მოუყვები ამ ამბავს. არ გაირთულო ისედაც რთული ცხოვრება. შევთანხმდით?
მმმ… - თავი დავუქნიე.
კარგი. - წინდები ამომაცალა, მაგრამ იქვე ჰაერში გააჩერა ხელი, ეტყობოდა ბოლომდე არ მენდობოდა, მაგრამ რომ ამოვისუნთქე და ნერწყვი გადავყლაპე, მიხვდა ყვირილს არ ვაპირებდი. ხვდებოდა, რომ ეგეთი იდიოტიც არ ვიყავი.
აბა გისმენ, რაღაცის თქმას აპირებდი - უკვე კართან იდგა და გასვლას აპირებდა.
ერთი თხოვნა შემისრულე - ძლივს ამოვილუღლუღე.
გამოუშვი. - ხალისით დამთანხმდა.
და მითხარი რა წერია თაბაშირის ქვედა მხარეს?
გაკვირვებულმა შემომხედა. როგორც ჩანს შეკითხვა ვერ გაიგო. კითხვის გამეორებას ვაპირებდი, მაგრამ ვეღარ მოვასწორი,რადგან სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.