ანგაჟირებული შანსონი





პოეზია

ანგაჟირებული შანსონი




[თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე]

 

შესავალი მთარგმნელისგან

ანგაჟირებული შანსონის პირველი მაგალითები უთუოდ ფრანგული რევოლუციის პერიოდით თარიღდება, როცა ხალხთან ერთად, სიმღერაც ამბოხდა და მონარქიაზე გამარჯვების გამოხატვის საშუალებად იქცა. მანამდე, შანსონის ხელოვნება ძირითადად აპოლიტიკური იყო. რევოლუციის პერიოდის მომღერლებმა კი ღიად დაიწყეს პოლიტიკური იდეების გაჟღერება და მას შემდეგ, საფრანგეთში, მეამბოხე სიმღერა არ შეწყვეტილა. მან გამოიარა ნაპოლეონ I-ის რეჟიმი, პარიზის კომუნა თუ მსოფლიო ომები... და იგი, არა მხოლოდ გადაურჩა ამ ქარიშხლებს, არამედ კიდევ უფრო აღორძინდა. ამას მოწმობს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, როცა შანსონი გამოკვეთილ ჟანრად იქცა და როცა მომღერლები, ამავდროულად, ავტორ-კომპოზიტორებად მოგვევლინნენ. მათი სიმღერები მეტწილად სწორედ ტექსტების ანგაჟირებულობით გამოირჩევა. 68 წლის ფენომენმა კი კი ფრანგულ პოლიტიკურ სიმღერას ახალი განზომილება შესძინა. მან იგი შეგნებულად გამომწვევი გახადა და ახალგაზრდული ამბოხის ლოკომოტივად აქცია.

ანგაჟირებული მომღერლებისა თუ ჯგუფების სრულად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მათ შორის, კონვენციებსა და მორალს, ყველაზე მწვავედ, უთუოდ შემდეგი სახელები დაუპირისპირდნენ: თავდაპირველად – შარლ ტრენე, ჟორჟ ბრასენსი, ლეო ფერე, ივ მონტანი, ბორის ვიანი, ედიტ პიაფი, ჟან ფერა, ჟაკ ბრელი, სერჟ გენსბური (თუნდაც "მარსელიეზას" რეგი ვერსიის გამო)... მოგვიანებით კი - რენო, ალენ სუშონი, ნუარ დეზირი, ზებდა, მანო ნეგრა, ტეტ რედი, ტრიო... თუ პირველნი ფრანგული კლასიკური ლიტერატურის პირდაპირი მემკვიდრეები არიან, მეორენი შედარებით პოპულარული ენით კმაყოფილდებიან. ეს მათ ხელს არ უშლით, ერთ ჟანრს წარმოადგენდნენ. მართალია, მსგავსი მუსიკალურ-ტექსტობრივი მრავალფეროვნების ფონზე, ანგაჟირებული შანსონის ზუსტი განსაზღვრება რთულად მოსააზრებელია, თუმცა ამ ჟანრის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უთუოდ პოლიტიკურობაა, ფართო გაგებით. იგი აკრიტიკებს ან იცავს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს. იგი ხშირად სცდება პოლიტკორექტურობის ფარგლებს, რაც ტაბუთა მსხვრევის აუცილებელი პირობაა. მისი თემატიკა მრავალფეროვანია. იგი ამხელს რასიზმს, პოლიციურ ძალადობას, სოციალურ უთანასწორობას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, მილიტარიზმს, რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას... ერთი სიტყვით, წვლილი შეაქვს დემოკრატიის განვითარებაში.

შანსონის აქ მოყვანილი ორივე ნიმუში ანგაჟირებულია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთთან ნახევარ საუკუნეზე მეტი აშორებს.

 ბორის ვიანი არაჩვეულებრივად გრძნობდა პოლიტიკური შანსონის მნიშვნელობას. სიმღერა მას მოქალაქეობრივი პროტესტის უკეთ გამოთქმაში ეხმარებოდა. იგი თავისი ეპოქის იმ იშვიათ ავტორთაგანია, ვისაც ცენზურა შეეხო ანტიმილიტარისტული შემოქმედებისთვის. მან რამდენიმე შანსონი მიუძღვნა ზოგადად მილიტარიზმის გაშარჟებას. "ბიზნესი" ამის ერთ-ერთი ილუსტრაციაა.

ბოლო დროის ანგაჟირებული შანსონი ძირითადად სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებზეა ორიენტირებული. ჯგუფი "ტრიო" სცენაზე პირველად სწორედ ეკოლოგიური თემატიკით გამოჩნდა. თუმცა მოგვიანებით, მისი პოლიტიკური პოზიცია, ისევე, როგორც მუსიკალური სტილი, გამრავალფეროვანდა. სიმღერა "მებაღე" შედის ჯგუფის პირველ ალბომში, "მამაგუბიდა" (1998), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდული ალბომია საფრანგეთში.

 

ბიზნესი

 

(ბორის ვიანი)

 

წინათ ვყიდდი იებს,

ლამაზს, ნაირნაირს,

ვაფასებდი იაფს,

ვერ გავყიდე მაინც!

მაკრატლებიც ვცადე,

სარკე-სავარცხლებიც

და ნაკრებიც დავდე

დახლზე სამართებლის.

ტვირთსაც დავათრევდი

დაღმართების ჩავლით

და სკამ-სავარძლებიც

მიტენია ჩალით.

შევეწირე, ლამის,

მიუღწეველ მიზნებს...

მაგრამ ბოლოს, ნამდვილს

მივაგენი ბიზნესს!

 

პარიზის ქუჩებში ვაქროლებ "კადილაკს",

მსახურებს დიდი ხელფასს ვაძლევ,

ყოველი ჟანდარმი ჩემი ძმაკაცია,

ცხოვრების მოვედი აზრზე:

ქვემეხებს ვყიდი!

მაქვს ყველა ფერის,

პატარა, დიდი,

მოკლე თუ გრძელი...

მყიდველი ბევრი ჰყავს ამ ძვირფას ინსტრუმენტს.

- ბავშვს უარს ნუ ეტყვით, თუ ქვემეხს ისურვებს!

- იყიდეთ ქვემეხი!

 

დაიკავეთ რიგი,

სადაც ლულა ელავს!

მისი ჭურვით, ირგვლივ

გადავბუგავთ ყველას.

ნაცარტუტად ვაქცევთ

შენობას თუ ქუჩას,

გამოჩნდება საქმე,

დასაქმდება მუშა.

ოჯახს შექმნის ტკბილად,

ეყოლება ბავშვი,

სახელმწიფოს მიმართ

არ დარჩება ვალში -

წამოჩიტულს, მყისვე

ომში გაისტუმრებს.

ბიჭიც, სიმღერ-სიმღერ,

შეაკვდება ჭურვებს!

 

ქვემეხზე იმდენი მივიღე დაკვეთა,

წითელზე, თეთრზე თუ შავზე,

რომ მესაფლავეებს აეწყოთ საქმე და

თავად კი აღმოვჩნდი მშრალზე -

ყველა კლიენტი

ჭურვს შეეხეთქა

და დავრჩი კენტად

ჩემს ქვემეხებთან...

და თავი მგონია კოშმარულ სიზმრებში...

ხალხს ვეძებ! ხელიდან მეცლება ბიზნესი!

- იაფად ქვემეხი!

 

მებაღე

 

(ჯგუფი "ტრიო")

 

გავიფიქრე, რა მოხდება,

ჩვენს მმართველებს ეყოთ ნება

და დაუშვან დაბოლება?

 

ბიუჯეტიც შეივსება

და ქეშებსაც გვეღირსება

პლანის მშვიდად შეკეთება!

 

მოსაწევზე რომ დავფიქრდი,

ერთ უეჭველ რამეს მივხვდი,

რომ ბალახში დიდ ფულს ვიხდი

 

და ამ მაყუთს იმათ ვაძლევ,

ვინც, საწყალი ხალხის ხარჯზე,

გორავს ოქრო-ბრილიანტზე!

 

ჰოდა, ბინგო! მე მაქვს გამოსავალი:

მიმოვფანტოთ ბაღში თესლი მრავალი,

გავახაროთ ათასობით ძირი და

ხალხს ავუხსნათ, რომ მოწევა ძვირია!

 

მინდა, მქონდეს პლანი ხარისხიანი,

არ მაკრავდნენ ნარკომანის იარლიყს

და გულის არ ამივარდეს ფრიალი,

გამაჩერებს როცა პოლიციელი!

 

ჰოდა, ბინგო! მე მაქვს გამოსავალი:

მიმოვფანტოთ ბაღში თესლი მრავალი!

მარტ-ოქტომბრის სეზონია მთავარი!

იმედია, ძირებს არ მომპარავენ...

 

გავიფიქრე, რომ ეს ფარსი

აწყობთ ქვეყნის პირველკაცებს,

რადგან ეს მათ ჯიბეს ავსებს!

 

ნამდვილ მიზეზს არ გვიხსნიან

და იმის თქმას არ იშლიან,

რომ "მოწევა საშიშია!".

 

გავიგე, რომ პლანის გამო,

შეიძლება, დამაკავონ!

მას კი, ფული ვისაც მიაქვს

 

სახლში, გაურკვეველ გზებით,

ალბათ, სწორედ ამ მიზეზით

არ სურს ლეგალიზაცია!


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.