• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

"შარლი ებდო" ფემინიზმის და სეკულარიზმის სადარაჯოზე

×
ავტორის გვერდი შარლი ებდო 09 იანვარი, 2018 3713
თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
 
 
ნამდვილი მუცლის მოშლა

 

საშინელ 2015 წელს ერთი კარგი რამ მოხდა: ჰიგიენურ საფენებსა და ტამპონებზე დღგ 5,5%-მდე შემცირდა. აქამდე, ფუფუნების საგნებივით, ისინი 20%-ით იბეგრებოდა. ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ასამბლეა, თავიდან, დაუპირისპირდნენ მათ გადალაგებას პირველადი აუცილებლობის საგნების სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნახევარს მენსტრუაცია ნებით არ აურჩევია. ქალებმა ასამბლეასთან მანიფესტაცია მოაწყვეს, წითლად დალაქული შარვალი გამოფინეს, დეპუტატებს საცვლებიც კი გაუგზავნეს და მიაღწიეს იმას, რომ მათი ყოველთვიური სისხლდენა "ფუა გრას" ტარიფით აღარ დაბეგრილიყო. სხვათაშორის, ჰიგიენური საფენები ლტოლვილთა ოჯახების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას შეადგენს, ისევე, როგორც შამპუნი, ბავშვის საფენები და ზეწრები; და არა, კარგად შენიშნეთ, საპონი ან ტუალეტის ქაღალდი. ჩვენს მდიდარ ქვეყანაში, ტუალეტის ქაღალდი და საპონი ისევე უფასოდ რიგდება საზოგადოებრივ საპირფარეშოებში, როგორც ხელსახოცები სწრაფ სასადილოებში. მაშ რატომ არა - ტამპონები? "მაკდოს" ხელსახოცით ან ტუალეტის ქაღალდით მენსტრუალური ნაკადის ამოტუმბვა ბუნებრივ მოვლენას ზედმიწევნით ტექნიკურ ქმედებად აქცევს.

ვინაიდან შობაა, საშვილოსნოს თემით გავაგრძელოთ და მუცლის მოშლის ბუნებრივ მოვლენაზე ვილაპარაკოთ. ყოველი მეოთხე ორსულობა მუცლის მოშლით სრულდება: ეს, ადრე თუ გვიან, ყოველ მეორე ქალს მოსდის. მუცლის მოშლა ძალიან არასასიამოვნო რამეა. მე ამ სამწუხარო და ბანალური მოვლენის ფიზიკურ ასპექტებზე გავამახვილებ ყურადღებას. ღამეა და უცებ, საწოლი სისხლით გისველდება. დგები და... ეცემი - უკვე იმდენი სიხლი დაკარგე. ან - სამსახურში ხარ და მუცლის ქვედა ნაწილში თითქოს დაშნის დაცემას გრძნობ. ღვრი და ღვრი... და ამჩნევ რაღაცას, მყარს და ძალიან საგნობრივს: ეს ჩანასახია. მიდიხარ სასწრაფოში, მაგრამ უკან გაბრუნებენ, რადგან "სასიცოცხლო საფრთხე არ გემუქრება; სხვებს კი სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება". უკეთეს შემთხვევაში, გაძლევენ დოლიპრანს, რომელიც საშვილოსნოს ტკივილებისთვის არაეფექტურია. მათ მხოლოდ იბუპროფენი ამსუბუქებს, თუმცა ვინაიდან იგი ჭინთვების შეწყვეტის რისკს შეიცავს, ექიმები ამჯობინებენ, "ბუნება თავის ნებაზე მიუშვან".

ვგიჟდები ამ კონცეფციაზე! მუცლის მოშლის ბუნებრივი ტკივილი ზოგჯერ ისეთივე ძლიერია, როგორც მშობიარობისას. თანაც ეს ხდება ბავშვის დაბადების მოლოდინის და, რა თქმა უნდა, პერიდურალური გაყუჩების გარეშე. ვაგინიდან კი, სისხლის გარდა, დიდი მუქი წითელი ლეკერტები მოგდის: ხბოს ღვიძლი გეგონება. ყოველ მეორე მამაკაცს რომ მსგავსი რამ მოსდიოდეს, ჩვენი ქვეყნის ყველა საავადმყოფოში იქნებოდა სპეციალიზებული მომსახურება, გამაყუჩებლებითა და საწოლებით აღჭურვილი.

ბევრმა არ იცის, რომ საფრანგეთში პერიდურალურის გამოყენებას სიმონ ვეიმ შეუწყო ხელი, მოიპოვა რა, 1994 წელს, ჯანდაზღვევისგან მისი 100%-ით ანაზღაურება. იმავე სიმონ ვეიმ მოახდინა აბორტის ლეგალიზება. დღეს კი ვალერი რაბომ, ფინანსების რეფერანტმა, მენსტრუაციაზე გადასახადის შემცირებას მიაღწია.

მეტი ქალია საჭირო ჩვენს პოლიტიკურ ასამბლეაში!

 

მარი დარიესეკი

"შარლი ებდო" n°1223, 30 დეკემბერი 2015

 

 

გამოხატვის წმიდათაწმიდა თავისუფლება

 

დიდხანს მეგონა, რომ ყველაზე უარესი რამ, რაც პრესის მხატვარს შეიძლებოდა დამართოდა, დაპატიმრება იყო. ასე მოუვიდათ დომიეს და ფილიპონს[1] ბებერი ჭკუამხიარული ლუი-ფილიპის მეფობის დროს. ამგვარად, ახალგაზრდა კარიკატურისტებს - შარბს, ლიუზს და მე არანაირი საფრთხე გვემუქრებოდა, როცა 90-ანი წლების სატირულ გაზეთებს სხვადასხვა ესკიზს ვთავაზობდით, რადგან თავს ჩვენი ხელოვნების მფარველი ანგელოზი დაგვციმციმებდა: გამოხატვის წმიდათაწმიდა თავისუფლება.

გვსურდა, კარიკატურებზე გვეცინა და სხვებიც გვეცინებინა. თუმცა წლების შემდეგ, რაც ყველა ეს ცნობილი პერსონაჟი სასაცილო მდგომარეობაში ვხატეთ და ვხატეთ, ერთი კითხვა გაგვიჩნდა: გაშარჟება, დახატვა - რას ემსახურება ეს სინამდვილეში?     ბოლოსდაბოლოს, კარიკატურა კარიკატურაა და სხვა არაფერი; რაღაც ნაჯღაბნი, რომლის მიზანია, გაართოს და თან დააფიქროს. გაცინება და დაფიქრება: აი, იდეალური კარიკატურა! ეს არის მკითხველის გაოცების ხელოვნება ორიგინალური ხედვითა და გვერდზე გადადგმული ნაბიჯით, რაც უჩვეულო კუთხით აჩვენებს მოვლენებს, უმრავლესობის ხედვისგან განსხვავებულად. მესტისმეტობა და სიჭარბე, რასაც ხშირად საყვედურობენ "შარლი ებდოს" კარიკატურისტებს, სინამდვილეში, მხოლოდ უცხო გზებით სიარულის გაბედული მეთოდია.

იქნებ სწორედ ამას ვერ ეგუებოდნენ 7 იანვრის მკვლელები? მათ ხომ, რეალურად, არასდროს არაფერი გაუბედავთ. ისინი ხომ საკუთარი ნებით გამოიკეტნენ რელიგიის კომფორტში, სადაც ყველა კითხვაზე პასუხის არსებობა ფიქრისა და ეჭვისგან ათავისუფლებს. ეჭვი ყოველი რელიგიის დაუძინებელი მტერია. როცა გაზეთის რედაქციაში მისი წევრების მოსაკლავად შესვლას აპირებ, ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს.

 "შარლის" კარიკატურისტები და სტატიების ავტორები კი თავიანთ დროს ეჭვში ატარებენ. ეჭვი შეაქვთ ყველაფერში და განსაკუთრებით საკუთარ თავში, საკუთარ ნიჭში, საკუთარ შთაგონებაში. ეს მათ, ზოგჯერ, აუტანლებს ხდის. ვოლინსკი კითხვას სვამდა 2011-ში, რედაქციაში ხანძრის შემდეგ: "მეტისმეტი ხომ არ მოგვივიდა?". მხოლოდ პატიოსან კაცს შეუძლია მსგავსი შეკითხვის დასმა. არასდროს - მკვლელს. ვოლინსკის გააჩნდა საკუთარი ეჭვების გამოთქმის სიმამაცე. მან საკუთარი სიმყიფის გამოხატვა ხელოვნებად აქცია. აი, რატომ არასდროს გახდება კარიკატურისტი მკვლელი. აი, რატომ არის უსინდისობა კარიკატურისტის ე.წ. "პროვოკაციების" და მკვლელების სისასტიკის ერთ სასწორზე მოთავსება, იმის ხაზგასმით, რომ "კარიკატურისტებმა თავიანთი დასაკლავი დანა თავად გამოჩხრიკეს".

ეჭვის შეტანისთვის სხვებია საჭირო, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ალბათ, რა მოსაწყენ სამყაროში ცხოვრობდნენ 7 იანვრის მკვლელები... ერთფეროვან სამყაროში, სადაც ყოველ თავს, რომელიც სხვებისაზე მაღალია, ჭრიან; სადაც ყოველ ხმას, რომელიც სხვებისას არ ეწყობა, ახშობენ. წარმოიდგინეთ, მსგავსი ტვინებისთვის, წინასწარმეტყველზე კარიკატურების დახატვის იდეა! ბედშავი არსებები, რომლებმაც სხვების სიცოცხლე ხელყვეს ტყუილად გაფლანგული საკუთარის დასავიწყებლად...

გამხნევებისა და მხარდაჭერის ნიაღვრის მიუხედავად, უფლებას ვიტოვებთ, ვიკითხოთ, ვის აქვს, სინამდვილეში, ამ ბრძოლის წარმოების სიმამაცე? გულწრფელად, ვის ექნება მკრეხელობისთვის ბრძოლისა და რელიგიური პირების გამოწვევის სურვილი, თუ მას ამისთვის 10 პოლიციელი უნდა იცავდეს 24 საათის განმავლობაში? არავის! "შარლის" ყველამ დაუჭირა მხარი, "მიდით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!"-ო, მაგრამ რამდენი მათგანი გაბედავდა მკრეხელური კარიკატურის დახატვას და გამოქვეყნებას? ძალიან ცოტა. ბრბო მხარს უჭერს "შარლის", როგორც ხარს არენაზე. ვინ იცის, ერთ დღეს, ბანდერილიებისგან არაქათგაცლილი "შარლი" იქნებ მოკვდეს კიდეც ბრბოს აღტაცებული ტაშის ფონზე.

პარიზის თავდასხმები, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდებს შორის ურთიერთობის თანამედროვე კონცეფციის წინააღმდეგაა მიმართული, იდეების მრავალფეროვნებისა და თავად ადამიანების წინააღმდეგ. რელიგიები, საუკუნეების მანძილზე, ძალმომრეობით უპირისპირდებოდნენ ამ ღირებულებებს. თანამედროვე ეპოქამ, თითქოს, ჭკუაზე მოიყვანა ეს რეტროგრადები და დააოკა მათი სურვილი ადამიანთა გონებაზე ჰეგემონიისა. ეს თავდასხმები კი გვაუწყებს, რომ კიდევ დროა საჭირო, რომ თითოეულმა რელიგიამ ერთხელ და სამუდამოდ დაუშვას  დემოკრატიული გარემო, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.

 

ლორან სურისო

"შარლი ებდო" n°1179, 25 თებერვალი 2015

 

[1]ონორე დომიე (1808-1879) და შარლ ფილიპონი (1800-1862) – გამოჩენილი ფრანგი კარიკატურისტები და ჟურნალისტები.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული