დროებით უმუშევარი





პოეზია

დროებით უმუშევარი




მე ვწერ ამ ლექსს მთელი თაობის სახელით,

ვინც მიიღო უმაღლესი განათლება,

ვინც იყო გამორჩეული ან არც თუ ისე გამორჩეული სტუდენტი,

ვისაც საკუთარი პრინციპების დაცვისთვის უკან არასდროს დაუხევია,

ვისაც არასოდეს დაუსხამს წყალი საზოგადოებრივი სტატუსის მოსაპოვებელ წისქვილზე,

ვინც გრანდიოზული მომავლის იმედით

უყურებდა ხვალინდელ დღეს.

 

მთელი თაობა, რომელსაც აღარ სჯერა საარჩევნო დაპირებების.

პოლიტიკოსებმა ამოწურეს ყოველგვარი სოციალური კაპიტალი.

ისინი გვპირდებიან გაზრდილ ხელფასებს,

პენსიებს და უამრავ სამუშაო ადგილს.

მე კი უკანასკნელ ძალას ვიკრებ, ვიაზრებ სიტუაციის აბსურდულობას

და  ვიწყებ მორიგი ლექსის წერას.

 

მე ვუყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჩემ ზემოთ,

მორალურად მდგრად პრინციპებს ჩემში,

მოსაბეზრებელ წინასაარჩევნო ვიდეორგოლებსა

და სპეტაკსახიანი პოლიტიკოსების უზარმაზარ ბილბორდებს

ქალაქის ცენტრალურ უბნებში.

ეს უკვე იყო, თან ძალიან ბევრჯერ,

მოსაბეზრებული დეჟავიუ, რომელიც იმედის უკანასკნელ

უმწეო ფესვებს კლავს ჩვენში.

 

სახელმწიფო არ არის დაინტერესებული შენი ბედით,

ხელისუფლება არასოდეს გამოგიწვდის დახმარების ხელს,

კერძო კომპანიები კი აუტანელ სამუშაო გრაფიკს

და მონურ ანაზღაურებას გვთავაზობენ.

ჩვენ არ გვიცავს „შრომის კოდექსი“,

ბაზარი  კი ვერაფერს არეგულირებს.

ჩვენ წლობით ვიმყოფებით ჩაკეტილ წრეში, რომლისგან გაღწევა შეუძლებელია.

ჩვენ ნონკონფორმისტი სუპერგმირი გვჭირდება -

სპაიდერმენი,

ან, თუნდაც, ტაილერ დერდენი,

რომელიც მთელ საბანკო სისტემას და საკრედიტო ისტორიას გაანადგურებს.

 

შენ მარტო ხარ,

შენ ვერ იხდი გადასახადებს, მაშასადამე არ არსებობ.

შენ არ შეგიძლია, წვლილი შეიტანო ქვეყნის აღმშენებლობაში.

შენ არავინ გამოგიწვდის დახამრების ხელს.

შენი გადარჩენისთვის არ ილოცებს პატრიარქი,

შენ ცივი ზამთარი და მორიგი სიკვდილი გელოდება

თებერვლის ნაცრისფერ დილას, გარეუბნის ავტობუსების რიგით გაჩერებაზე.

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.