რეპორტაჟები





პოეზია

რეპორტაჟები




რეპორტაჟები

 

მე ვწერდი ლექსებს ღმერთზე,

ტელევიზორში კი მაინც პოლიტიკურ რეპორტაჟებს

გადმოსცემდნენ. ის ძველი ტელევიზორებიც აღარ არსებობს,

შუიდან რომ იწყებოდა განათება და ნელ-ნელა

კუთხეებისკენ რომ მიდიოდა.

ჰოდა პირდაპირ, განათებისთანავე გვიწევს

პოლიტიკური რეპორტაჟების ყურება...

მე კი...

მე კი ვწერდი ლექსებს ღმერთზე,

ტელევიზორში მაინც პოლიტიკური რეპორტაჟები იყო.

 

 

 

 

 

წყლის გამტარი ჭრილები

 

ღამის ჯაზი და მსგავსი სისულელეები

ახლა უკვე დაგვიანებულად მეჩვენება,

მე მხოლოდ ქუჩის ნაპირებში,

წყლის გამტარი ჭრილების ხმა მესმის.

ზოგჯერ ასე სადისტურად და

დაუნდობლად რომ ექცევიან მანქანებს

და მათ მძღოლებს. მცირედი შეცდომა, არასწორ

დროს გაკეთებული მანევრი და

რომელიმე საბურავი ჭრილში ვარდება.

ასეც უნდა ყოფილიყო.

და მერე რა?

ამ მარტივმა მექანიზმმა, რთული მექანიზმი

დააშინა. ჰო, ჩაგეცინა.

რაღაც გაგახსენდა და ალბათ ამიტომ.

ჯანდაბას, შეგიძლია ყველაფერი დაივიწყო და

მხოლოდ ამ ჭრილებს გაყვე, ნაგვით სავსეს

და ნაგავსაც, რომ ასე მარტივად მიათრევს

და თავისი მცირე ტალღებით

აქეთ-იქით ახეთქებს.

ჩამწყდარი სპირალები ისევ უნათებენ გზას

და წყლის ლივლივი ახსენებს მათ,

რომ ცოცხლები არიან,

რომ კიდევ მილიონი მანქანის საბურავს

იმსხვერპლებენ და მაინც

უნდა განაგრძოს ასე მიკრო მდინარესავით დინება,

ვერცერთ მანქანას ვერ დაღუპავს,

მაგრამ ყველას შეაშინებს.

ესეც კმარა.

ახლა, მთელი სამყარო ციფრულია.

 

 

 

 

უცხო

 

ყველანაირი ტექნიკური საკითხი დაცულია,

ახლა უკვე მზად ვარ

წერა დავიწყო, ნაცნობი შრიფტი და

ორი კლავიშის ერთმანეთთან მართებულობა

ნიშნავს, რომ

მშობლიურ ენაზე წერისათვის მხოლოდ

ხელების სისწრაფე და

შავზე თეთრით გაწყობილ კლავიშებზე თითების

ზემოქმედებაღა მაკლია.

რა სიმარტივეა.

აქ ღმერთო ჩემოს ვიტყოდი,

მაგრამ გადავიფიქრე,

ასეთი სიმარტივისთვის ღმერთის

სახელი ხსენება ცოტა არ იყოს მეუხერხულება,

მითუმეტეს რომ...

ბოლო პერიოდია სახლიდან არ გავსულვარ,

ასე უფრო შორიდან

ვუყურებ ჩემს როლს სამყაროში.

მოგეხსენებათ რაც აკლია სამყაროს და ადამიანებს იმას

თავისივე ძალებით აინაზღაურებენ.

გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ,

მალევე ჩემი ადგილი შეავსო ორივე მათგანმა.

მე კიდე მერსოზე ვღელავ

და ვფიქრობ, მოკვეთეს თუ არა თავი

იმისთვის რაც ჩაიდინა, თუმცა სხვა კუთხით

გაასამართლეს.

ავტორის ფანტაზიაა, ვიცი!

მაგრამ ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდი და

არც აღსარების სურვილი მიჩნდება.

უკვე ვთქვი ბოლო პერიოდია სახლში ვარ მეთქი

და ძალიან გამიტაცა იმ საკითხებმა,

რაც ადრე საერთოდ არ მაინტერესებდა.

მაგალითად ფიზიკამ და

სადენებმა, რომლებიც კედლებშია ჩატანებული,

კიდევ ფიდიას ფოგი მახსენდება

და სტვენის ხმაზე ანთებული ნათურები.

ჯანდაბა,

ნუთუ ამხელა ზემოქმედება მოახდინა ჩემზე მერსოს ამბავმა,

მე კი თავი მისნაირი მეგონა,

მეგონა მეც ისევე ნიჰილისტურად მივიღებდი

ამ პატარა რომანს,

როგორც თავად მიიღო სასიკვდილო განაჩენი,

მაგრამ მოკლეს იგი?

ვერ გეტყვით.

გილიოტინა სიმარტივეა.

თუმცა ეს უკვე ითქვა.

 

 

პარალელი

 

მკვლელობა

პოლ ვალერისა და ვიქტორ ჰიუგოს

პროსპექტის გადაკვეთაზე.

ქუჩაში მიმავალი

ტრიუმფალურ თაღამდე ვერ მივიდა.

ასეც ხდება,

სად შეიძლება მოკვდე? ჩვენთან წიწამურთან

კვდებიან ხოლმე ხშირად.

ახლა ვიღაც უცხო ტურისტი

ჰიუგოს და ვალერის გადაკვეთაზე მოკვდა.

აქ ხელის ჩაქნევა არ უშველის.

მკვლელობას

მხოლოდ მეძავები

შეესწრნენ.

ჯანდაბამდე გზა გვქონია,

ვალერი, ჰიუგო, ნოტრ დამი, ტრიუმფალური თაღი,

ხსნა კი მხოლოდ

მეძავებშია.

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.