ტრიპტიქული ზმანება





პოეზია

ტრიპტიქული ზმანება




(ეძღვნება მას, ვინც გამოკრთა ჩაჟამულ ცაზე,

და მას მერე ჩემთან ერთად მიაპობს მუქ, ჩარაზულ ღრუბლებს.)

 

მას ჩაეძინა ღრმად, გამოეღვიძა მსუბუქი რწევით,

აღმოაჩინა, გზას გასდგომოდა,

 სომნაბულიზმის ნისლით მოცული.

ვაგონში იდგა მსუსხავი სიბნელე,

მატარებელი შეჩერდა ჭახანით უმალვე.

 

შეიხსნა კარი, გაუაზრებლად გამოაბიჯა გარეთ,

რაც იქ იხილა, სცილდება გონებით დაწესებულ საზღვრებს:

დრო იყო ღამე, უმთვარო, ცივი,

კონტურები კი ჩანდა მხოლოდ სახლების,

შუქი არ კრთოდა არცერთ სარკმელში.

ქალაქი კუშტად აღმართულიყო,

ვით მონუმენტებით მოვარაყებული სასაფლაო.

 

ნანახით შემკრთალი გაქცევას ეწადა,

ვაგონის კარი კი მსწრაფლ ჩაირაზა.

გაუყვა გზას, უცნობს და გაუვალს,

მარტოობისგან თავის სახსნელად.

 

შენობებს შორის გზას რომ გაუდგა,

ცას ახედა და მკრთალი შუქი შენიშნა,

არაფრით ჰგავდა ლამპიონების ნათებას,

თავად ცა ასხივებდა სუსტ ციალს.

 

ვიწრო შუკების და ასვეტილი შენობების მიღმა,

სადღაც ნაგებობების შუა წელის ზემოთ,

ეფინებოდა რბილი და მინაბული ნათელი ცისა,

ქალაქის გადარჩენის წადილის და იმედის ჩასახვის ნიშნად.

 

წიინ მიიწევდა და მოშორებით, გზატკეცილთან,

ერთი შუშაბანდი გაარჩია ძლივსძლივად,

შიგნიდან სინათლის შუქი გარეთ აღწევდა,

ეს კი გოგონას ცუდად ენიშნა.

მზაკვრულ ხაფანგს წააგავდა ეს უფრო,

ვიდრე გაღუნღულებულ სინეკურას.

 

ფეხს აუჩქარა და გაბედა შიგნით შეჭრა,

რადგან გრძნობდა, რომ იქ რაღაც ელოდა,

ცუდი თუ კარგი ამის გარჩევას არც კი ცდილობდა.

ზღურბლს გადააბიჯა და სითბო სახეში ეცა,

მის წინ წვეულება შეუპოვრად ჩქეფდა,

მისი ნაცნობნი და მეგობარნი,

არხეინად და მოხდენილად დალასლასებდნენ,

ერთმანეთს საუბარს უბამდნენ, არშიყობდნენ,

მსუბუქი ფლირტით ეგზალტირებულნი,

ორგიის სუნს ირგვლივ აფრქვენდნენ.

 

უფრო სიღრმეში, ბართან მჯდარი,

თავისი საქმრო უკნიდან იცნო,

მისი ქურთუკი როცა დალანდა.

მიუახლოვდა ნელა,

მხარზე შეპარვით ხელი შეახო,

მის მოძრაობაში ისარკებოდა კრთომა,

შიშნარევი მოლოდინი და ავი წინათგრძნობა.

 

მან გამოხედა და ამ მზერამ შეძრა გოგონა,

მის სახეზე რომ ის წაიკითხა,

რაც აქამომდე არ აღბეჭდილა,

რაღაც ახალი, სრულიად ახალი,

ორი დეკადის თანაცხოვრების შემდეგ,

ძვირფასი ადამიანის უცხო გამომეტყველება იხელთა.

ეულმა წამმა ყველაფერი ამოაპირქვავა,

მათი კავშირი,

გრძნობები,

განვლილი გზა.

 

რეტდასხმული განეშორა გულისწორს,

მოათვალიერა გარემო,

ყველა მხარიდან ჩურჩული მოესმა,

თითქოს მის წინააღმდეგ ყველას პირი შეეკრა.

შეძრწუნებული და ამღვრეული გავარდა კარში

და შეერია უგულო ქალაქის დასერილ ძარღვებს,

თავბრუსხვევით იკვლევდა გზას,

როცა გამაყრუებლად საყვირების ხმა გაისმა.

გუგუნმა აიკლო არემარე,

თითქოს ანგელზოთა დასი განრისხდა

და გამაფრთხილებელ სიგნალს გზავნიდა.

ასევე სხარტად დადუმდა გარემო,

როგორც აიმღვრა,

და ქუჩის კიდიდან,

სადაც გზა ცას ერწყმოდა,

აზვირთებული ნისლის ტალღები ძალას იკრეფდა.

მოედინება ნისლი, როგორც მხუთავი კვამლი,

გოგონა უკან დახევას იწყებს ხოხვა-ბობღვით,

დასუსტებული, გამოფიტული,

გონებას კარგავს და ფარ-ხმალს ყრის,

მოცოცავს ნისლი,

შეპარვით, მალულად,

საცეცეებით სრესს გოგონას.

 

ამ დროს ფხიზლდება იგი სიზმრიდან

თავის ოთახში ამოყოფს თავს,

სუნთქვისშემკრავი ჩამომდგარიყო სიბნელე,

და უფრო მძიმედ მოქუფრულიყო,

ვიდრე ჩვეულად.

საკუთარ ლოგინს დახედა

და თავისი ორეული ხელთ შერჩა,

პანიკით მოცულს მისი გაღვიძება ეწადა,

ცდილობდა ყვირილს,

მაგრამ მის ბაგეს ბგერები არ სწყდება.

მოულოდნელად იგრძნო,

იგრძნო, რომ ოთახში ვიღაც იყო,

დასწრებითობა სხეულით იყნოსა,

უცხო, უფორმო, უმატერიო დასწრებითობა,

ცრემლები ახრჩობდა,

ტანში ცრიდა,

აქედან თავის დაღწევას

და სხეულში დაბრუნებას ნატრობდა.

 

ხანი გამოხდა ბრძოლაში

და კიდევ ერთხელ გამოეღვიძა,

კვლავ თავის ოთახში, წყვდიადში აღმოჩნდა,

სადღაც შორიდან თოთო ბავშვის ტირილი აღწევდა,

წამოიწია, დახედა მუცელს,

ნაწლავებსა და სხვა ორგანოებს შორის,

გამოფატრული ნაყოფი იხილა.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.