• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ათვლის წერტილი

×
ავტორის გვერდი გიორგი შონია 19 იანვარი, 2012 4736

“და მათ სწორად უნდა გაგვიგონ.

   ჩვენ გვჭირდება მცირეოდენი ბედნიერება.“

                                                                                               ჯონ ეშბერი - „სიყვარულის  პოემა“                                                                            

 

 

I

მე ვწერ ქალაქზე

და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე,

რომლებიც ყოველდღიურად დადიან სამსახურში,

ჭამენ, შიგადაშიგ აქვთ სექსი, კითხულობენ იაფფასიან გაზეთებს, 

ყოველ საღამოს უყურებენ საინფორმაციო გამოშვებას,

რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არის ძალიან მოსაწყენი

და უიმედო ინფორმაციებით სავსე.

 

და მე ვწერდი უიმედოთა ქალაქზე,

სადაც ადამიანები ეძებდნენ იმედს

და ეძებდბნენ საკუთარ თავებს

და, რა თქმა უნდა, ეძებდნენ სიყვარულს, რომელიც არ ჩანდა,

არც სინათლე ჩანდა გვირაბის ბოლოს

და არც დასაქმების პერსპექტივა,

და ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი ადგილი სამყაროში.

 

და იყო ქალაქში დიდი დეპრესია,

(რომელსაც ვერანაირად ავუვლით გვერდს)

და ბედნიერების ფლუიდების ნაკლებობა  დაღლილ სხეულებში,

რაც დამთრგუნველად მოქმედებდა მოსაბეზრებელ ყოველდღიურობაზე,

და ხდიდა აუტანელს

და რისი ატანაც შეუძლებელი იყო, იმაზე ვწერდი.

 

მე არაფერი შემიძლია,

შენც არაფერი შეგიძლია,

მათზე ლაპარაკიც ზედმეტია...

ეს გამორიცხავს ჩვენი ბენდიერების შესაძლებლობებს

და სამწუხაროდ, არ გამორიცხავს  თვითმკვლელობების შესაძლებლობებს...

 

 

„ო, დედა, თქვენი შვილი მშვენიერად ავადმყოფია!"

მე არ შემიძლია, ეს ავირიდო,

როგორც სიკვდილი

და გაზრდილი გადასახადები,

მაგრამ შემიძლია გავითავისო

და თვითანალიზის შემდეგ დავასკვნა,

რომ ქარები არასოდეს შეწყვეტენ ნაძვების კენწეროებზე სევდიან სიმღერებს,

მე კი - მათ მოსმენას,

რომ ორმოებიდან ამოსვლა მხოლოდ შემზადებაა

უფრო დიდი ორმოებისთვის,

ხოლო დიდი ორმოები - უფსკრულებისთვის

და ა.შ.

 

ყოველი სიტყვა გადარჩენის შესაძლებლობაა,

მთავარია, მოიხელთო საჭირო დროს, საჭირო ფორმით.

 

 

II

ვინც ეძებს,

ის ყოველთვის კარგავს,

ხოლო ვინც არ ეძებს,

ის ვერასოდეს დაკარგავს იმას,

რისი პოვნაც გადარჩენისთვის აუცილებელია.

 

მე კი მოურიდებლად ვკარგავ ყველაფერს.

ვკარგავ იმის იმედით,

რომ ვინმე იპოვის და მომიტანს,

ბალიშის ქვეშ ამომიდებს

ყველა არახდენილ სურვილს,

ყველა გამოუყენებელ შესაძლებლობას,

ყველაფერ იმას, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ ტუჩებს ვერ მოწყდა

და ძალა არ ეყოთ სიტყვებად გარდაქმნაში.

 

მე ვეძებ - მაშასადამე ვარსებობ,

ვარსებობ - მაშასადამე ვეძებ.

და ყველაფერს, რასაც მივაგნებ,

გავითავისებ...

და იმ დღეებისთვის შევინახავ,

მარტო რომ ვიქნები,

ან როცა შენ არ იქნები ჩემ გვერდით,

როცა მე არ ვიქნები ჩემ გვერდით,

როცა ისინი არ იქნებიან ჩემ გვერდით,

როცა არავინ იქნება ჩემ გვერდით...

და როცა სულ არავინ იქნება ჩემ გვერდით,

მე დავწერ რამდენიმე ლექსს.

 

პოეზია ეს უპირატესობაა,

რომელსაც ვფლობ გარესამყაროსთან ყოველდღიურ ბრძოლაში.

ის ჩემი ორმხრივი ბილეთია სიცოცხლიდან სიკვდილისკენ

მიმავალ მატარებელზე

და, ალბათ, ცოტა უფრო მეტიც.

 

როცა დაბნეულად მიყურებ, მგონია,

ამოწმებ, რამდენად ძლიერია ჩემი სიყვარული

და რამდენად შორს შემიძლია ვზიდო შენი დაღლილი სხეული,

რომელიც ეჭვებითა და იმედებით არის დანაღმული.

 

მე ვლაპარაკობ ტკივილზე,

იმედგაცრუებებზე,

სიჩუმეზე,

საიდანაც ისევ ტკვივილი და სიტყვები ჩნდებიან.

 

 

 

 

III

ეს ქალაქი დიდი კუბოა,

სადაც მხოლოდ მკვდრები ცოცხლობენ,

ცოცხლები კი დიდი ხანია კვდებიან.

 

მელაპარაკე, დუმილი ჩამოწვა ჩვენ შორის

და უხერხული პაუზები ნემსებივით გვჩხვლეტენ.

ჩვენ საკუთარი სხეულების გარდა არაფერი გაგვაჩნია,

რომლებიც დაიღალნენ

და ვეღარ იკვლევენ გზას.

გზას, რომელიც სადღაც მიდის

და გზა, რომელიც სადღაც აუცილებლად უნდა წავიდეს,

და გზა, რომელიც აუცილებლად სადღაც წავა

და ჩვენ გავყვებით.

 

ტკივილი, რომელიც ვერ გკლავს,

აუცილებლად გაგაძლიერებს.

სიტყვები, რომლებსაც ვერ ამბობ,

საჭირო დროს ამოხეთქავს შენგან, რომ სააშკარაოზე გამოიტანოს

წლობით დაგროვილი იმედგაცურება და უკმაყოფილება, სურვილები და იმედები.
 

მე კი ჩუმად ვარ

და ჩემს დროს მეძებარი ძაღლივით ველოდები,

ველოდები, ველოდები, ველოდები...

და ლოდინში საკუთარ თავს ზედმიწევნით ვსწავლობ.

თითოეულ დეტალს ვუკირკიტებ,

ჩასაფრებულის პოზიციიდან ვუყურებ,

ახალგაზრდა კომკავშირელის მონდომებით ვფილტრავ.

მინდა, საუკეთესო დარჩეს.

სხვა ყველაფერს მოგონებების არქივში მშვიდად ვათავსებ.

ვზომავ, ვზომავ, ვზომავ და გაჭრას არ ვჩქარობ.

სად მეჩქარება, ყველა გზა ჩემშია,

ყველა ჩემი შესაძლო მნიშვნელობა ჩემშია.

 

დიდი რაოდენობით ეჭვი შემაქვს

და მცირე რაოდენობით თვითრწმენა გამომაქვს,

მაგრამ ყაბულსა ვარ.

მინდა, ყველაფერი ვიცოდე ჩემზე

და როცა ყველაფერი მეცოდინება ჩემზე,

მეცოდინება ყველაფერი.

 

მე არ  ვარ ის, ვინც იცის გზები ცაში

მე ვარ ის , ვინც იცის გზები საკუთარ თავში

და ამის გამო ფიქრი ჩემი სახელია.

 

 

არაპოლიტკორექტული ეპისტოლე

 

მე ვაანალიზებ ჩემს უმოქმედობას,

უფრო სწორად, მოქმედებების უშედეგობას

და სიტუაციის რაციონალურად გააზრების შემდეგ

ვასკვნი, რომ გადარჩენის გზები ბუნდოვანია,

მომავლის პერსპექტივები - უიმედო

და ყოველდღიურობისგან დაღლილი სხეული,

რომელიც მზადაა სტრატოსფეროს გასარღვევად.

 

გამოსავალი ერთია, -

რუტინიდან უნდა ამოვძვრეთ

და ამოვათრიოთ ჩვენი საშინლად დაღლილი სხეულები

და რაც შეიძლება ხმამაღლა ვიყვიროთ,

რომ ცოცხლები ვართ.

 

მე ყოველთვის ვგრძნობდი რუტინის არსებობას

და იმასაც, რომ მისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია.

მე კი, ყველაფერთან ერთად, შესაძლებლობების გამოყენებაც ვერ ვისწავლე.

არადა, ისეთი დროა, უმცირესი შესაძლებლობაც უნდა გამოიყენო,

რათა იგრძნო არა ბედნიერება,

(ბედნიერება მიუღწეველია, როგორც დემოკრატია)

არამედ, უბრალოდ მცირე კმაყოფილება -

ბედნიერების ჩინური ალტერნატივა.

 

მე არ ვწერ ლექსებს, მართლა აღარ ვწერ.

მომბეზრდა ყოფნა საკუთარ თავში.

ქუჩის კუთხეში მათხოვრობს ბავშვი.

ნეტავ, სად არიან ლურჯი ანგელოზები ?!

 

სასაცილოა, რიტორიკული კითხვების საუკუნე

რიტორიკული პასუხების საუკუნემ შეცვალა.

ახლა ყველა მოძველბიჭო მღვდელს შეუძლია,

გიპასუხოთ ნებისმიერ ეგზისტენციალური პრობლემებით გაჯერებულ

კითხვებზე.

 

რატომ ჭარბობს ჩემს ლექსებში „მე“?!

იქნებ, საკუთარი თავით შეპყრობილი ვარ,

ანუ პოსტმოდერნისტი ღმერთი,

რომელიც ტკივილიდან იბადება და ირონიის ცივ კედლებში გადადის

საცხოვრებლად.

რას იტყოდა ამაზე ბაბუა ფროიდი?

რას იტყოდა ამაზე ბაბუა იუნგი?

რას იტყვის ამაზე პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხშრად ვერაფერს ამბობს?

დედაჩემი კი ამბობს, რომ ეკლესიაში უნდა ვიარო

და სამსახური დავიწყო

და, ყველაფერთან ერთად, მომავალზეც ვიფიქრო.

 

 

მე კი მომბეზრა ზამთარი და პოლიტკორექტულობის ნიბისმიერი გამოვლინება.

და, მართლაც, სად დაფრენენ ლურჯი  ანგელოზები?!

 

ილუსტრაცია: კონრად ფელიქსმიულერი

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული